პერუელი ჟურნალისტი ქართველებს: ,,შეინარჩუნეთ ის განძი, რაც ჯერ კიდევ გაგაჩნიათ”

პერუელი ჟურნალისტი ქართველებს: ,,შეინარჩუნეთ ის განძი, რაც ჯერ კიდევ გაგაჩნიათ"ცნობილი პერუელი კინოდოკუმენტალისტი რაფაელ ანტონიო გალუეს გარსია, რომელიც ,,დისქავერისთვის” ფილმს იღებდა, საქართველოში მოხვდა და თავისი შთაბეჭდილებები არ დამალა. ამის შესახებ ფეისბუქგვერდი ,,გურჯი ქართველი” წერს:

,,იქნებ ახალს არაფერს გეუბნებით, იქნებ ამგვარი აღტაცება სხვა უცხოელებისგანაც მოგისმენიათ, მაინც უნდა გითხრათ ის, რაც მომწონს. იმასაც დავძენ, თქვენი კუთვნილი განძის ფასი არ იცით, არ უფრთხილდებით იმას, რაც მარტო თქვენ გაქვთ.

აქ, თქვენთან, ყველა კუთხეში თავისებურია ქართული სუფრა, სვანეთში განსაკუთრებულად მოვიხიბლე. თითქმის ხელუხლებად აქვთ ტრადიციები შემონახული, თუმცა ცივილიზაციის გავლენა იქაც იგრძნობა და ზოგჯერ ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს გენიალურ ფერწერულ ტილოს რაღაც მიაჯღაბნა უხეირო მხატვარმა.

სვანურ სუფრასთან ერთი ბიჭი ამბობდა სადღეგრძელოს. მე მლოცავდა, არც ერთი სიტყვა არ მესმოდა, მაგრამ ვგრძნობდი ბგერების ძალას. ისინი იმ ბიჭის გულიდან მოდიოდნენ. მის თვალებში კი ვნახე ჩემი სახე, როგორიც არასდროს მინახავს სარკეში… ჩემს სამშობლოში, პერუში თითქოს სიყვარული და მეგობრობა არა მხოლოდ გრძნობის, არამედ სიტყვის მნიშვნელობითაც გაცვდა. აქ კი სიყვარული და მეგობრობა მთელი ძალით ვიგრძენი. აქ ოჯახის ძალას, მნიშვნელობას, დედის და მამის ფასს მივხვდი. დამიჯერეთ, რაც აქ ვარ, ჩემში რაღაც ხდება, თითქოს გული მთლიანად გადამისხვაფერდა. ასე მგონია, ვალდებული ვარ, რასაც მე ვგრძნობ და განვიცდი, სხვებსაც აუცილებლად უნდა გადავცე საქართველოს გარეთ.

აქ ვივიწყებ ყველაფერს, რაც ოდესმე არ მომწონდა, მტკიოდა. ასე მგონია, სამყაროც კი არ არსებობდა საქართველოში ჩამოსვლამდე. დავდივარ ზოგჯერ მარტო, წვერმოშვებული, მოხეტიალე მოგზაურივით ჩაცმული, არ მაწუხებს ჩემი გარეგნული იერი, რადგან ამერიკისგან განსხვავებით, აქ უმეტესად ისეთ ხალხს ვხვდები, ვისაც ჩემი ჩაცმულობა და იერი კი არა, ღვინოსავით და თაფლივით ტკბილი და ნატურალური სიყვარული აინტერესებს…

ერთს ხელს აუწევ, უცხო აქცენტით ეტყვი გამარჯობას, ჯერ ფარული ეჭვით შეგათვალიერებენ და თუ სამტროს ვერაფერს შეგამჩნევენ, თან გადაგყვებიან. თუმცა აქაურ ახალგაზრდებსაც უცხოური ცხოვრება უფრო ხიბლავთ, მაგრამ მერწმუნეთ, იქ, თქვენგან შორს შინაარსი აღარაფერში დევს, ყველაფერი ზედაპირულად ეფექტურია.

მიუხედავად იმისა, რომ აქაც არის შემოსული დასავლური კულტურა, ცხოვრების ამერიკული სტილი, საბედნიეროდ, ბევრს ჯერ კიდევ არ ავიწყდება, ვინ არიან, საიდან მოდიან, რისი პატრონები არიან… იმათ კი, ვინც ახლაღა გაიტაცა უცხოურმა ყოფამ, ვურჩევ, შეინარჩუნოს ის უდიდესი განძი, რაც ჯერ კიდევ გაგაჩნიათ.

აქაური მიწა თქვენი უძველესი მიწაა, აქაური ბებერი ხეების ჩრდილში თქვენი წინაპრები ისვენებდნენ; ეს ენა, ეს სიმღერა, ცეკვა, ფრესკები თქვენია, ამერიკაში კი ამ ყველაფერს იგონებენ. ერს ხელოვნურად ქმნიან, ანუ იქით მიდიან, რაც თქვენ ათასწლეულების მანძილზე შექმენით”.