გასპაჩო – ცივი სუპი, რომელიც ცხელ დღეებს გადაგატანინებთ

გასპაჩო - ცივი სუპი, რომელიც ცხელ დღეებს გადაგატანინებთზაფხული დადგა და ცივი სუპების სეზონიც მოვიდა. მათ შორის ყველაზე პოპულარულია ესპანური სამზარეულოს კერძი გასპაჩო, რომელმაც უკვე დიდი ხანია საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და ესპანეთის საზღვრებგარეთაც ხშირად გვხვდება მენიუში. მას ამზადებენ უმი ბოსტნეულისგან, უპირატესად პომიდვრისაგან, რომელსაც ხელით ან ბლენდერის საშუალებით პიურედ აქცევენ და შემდეგ ზეითუნის ზეთით, ლიმონის წვენითა და სხვადასხვა სანელებლით აზავებენ. სანელებლებში გამორჩეული ადგილი ცხარე სოუსს, ტაბასკოს, უჭირავს.

არსებობს აზრი, რომ ესპანურ სამზარეულოში უფრო მეტადაა გავრცელებული ხილის, ბოსტნეულის, მარცვლეულის, ბრინჯისა და ზღვის პროდუქტების კერძები, ანუ ემყარება ე.წ. ხმელთაშუა ზღვის დიეტის პრინციპებს. საგულისხმოა ისიც, რომ ესპანელები საკვების მოსამზადებლად ძირითადად ცხოველურ ცხიმს გამოიყენებდნენ და მხოლოდ მე-20 საუკუნის დასაწყისისათვის გადავიდნენ ზეითუნის ზეთზე, რომელიც დღეს ესპანელთა ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია.

ესპანეთში სადილი სალათებით იწყება. სალათაში გამოიყენება უმი და მოხარშული ბოსტნეული, ზღვის პროდუქტები, ლობიო, სოკო. სალათების საკმაზად საუკეთესო ვარიანტია ზეითუნის ზეთი ან ზეითუნის ზეთისა და ძმრის ნაზავი. რეცეპტურა დამოკიდებულია ქვეყნის რეგიონსა და წელიწადის დროზე.

ესპანელებს ძალიან უყვართ პომიდორი. სალათა, რომელსაც თითქმის ყველა რესტორანში ან ოჯახში შევხვდებით, გარკვეული მიქსია, სადაც ძირითადი ინგრედიენტებია პომიდორი, მწვანე სალათის ფურცლები, მოხარშული კვერცხი, სტაფილო, ხახვი, სიმინდი და სხვა უმი ბოსტნეული თინუსთან ერთად.

სალათების შემდეგ სუფრაზე მიაქვთ წვნიანი. საქვეყნოდაა ცნობილი გასპაჩო, რომელსაც თერმული დამუშავება არ სჭირდება. გასპაჩოს სამშობლო ანდალუზიაა და ტიპური ხმელთაშუა ზღვისპირა დიეტის ნაწილია. არსებობს ასევე ლამანჩის გასპაჩო, რომელსაც კავშირი არა აქვს ანდალუზიურთან – ნანადირევი ფრინველით კეთდება.

მეოცე საუკუნის დასაწყისში ესპანეთის სამხრეთით ხშირად მზადდებოდა კერძი ძმრით, შეზავებული პურით, ზეითუნის ზეთითა და ნივრით. ეს ერთ-ერთი ძირითადი კერძი გახლდათ მინდორში მომუშავე გლეხებისათვის, ამიტომაც, ხშირად გლეხებს შორის ირჩევდნენ გასპაჩეროს – ადამიანს, რომელიც მოამზადებდა გასპაჩოს.

დღესდღეობით გასპაჩო, ღარიბი მოსახლეობის მოკრძალებული კერძი, ძალიან მოდური და პოპულარულია. პირველად ეს კერძი ხის ტრადიციული ჯამებით მიართვეს სტუმრებს მადრიდში, “პალასიო დე ლა სარუალაში”, სამეფო მიღებაზე 2013 წლის ივნისში.

სხვათა შორის, გასპაჩოს მსგავს ცივ სუპს ბევრი ქართველი დიასახლისიც ამზადებს, მაგრამ არ იცის, რომ ის ესპანური გასპაჩოს “ბიძაშვილია”.

გთავაზობთ გასპაჩოს რეცეპტს:

მასალა:

პომიდორი – 1500 გ.

ხახვი – 1 თავი.

პური (თეთრი) – 150 გ.

წითელი ბულგარული წიწაკა – 2 ცალი.

ნიორი – 2 კბილი.

ზეითუნის ზეთი – 50 მლ.

კიტრი – 200 გ.

მარილი – გემოვნებით

მომზადება: პომიდორი გაჭერით და 1-2 წუთით ჩადეთ მდუღარე წყალში. შემდეგ მოაცილეთ კანი, გაასუფთავეთ და დააბლენდერეთ 1 ცალ წითელ წიწაკასა და 1 თავ ხახვთან ერთად. უნდა გამოვიდეს ერთგვაროვანი პიურე. ნიორი დაჭყლიტეთ მარილთან ერთად, დაუმატეთ ზეითუნის ზეთი და დარბილებული პურის გული, დაასხით 1 ჩაის კოვზი წყალი და ყველაფერი კარგად აურიეთ. მიღებული მასა ჩაუმატეთ დაბლენდერებულ ინგრედიენტებს. თუ სუპი სქელი გამოვა, შეიძლება გააზავოთ წყლით ან პომიდვრის წვენით.

გასპაჩო მაცივარში შედგით 1-2 საათით (კარგად უნდა გაცივდეს).

თეთრი პური დაჭერით პატარა კუბიკებად და გაააშრეთ ტაფაზე. ბულგარული წიწაკა და კიტრიც კუბიკებად დაჭერით. გასპაჩოს მირთმევის წინ ჩაყარეთ მასში დაჭრილი კიტრი, პური და წიწაკა. სულ ესაა.

მოამზადა თათია ბოჭორიძემ, სარკე