,,დედაჩემი ყოველ წელს იმ ადგილას ყვავილებს ტოვებდა“ – სულისშემძვრელი ამბავი ჯარისკაცზე, რომელიც ,,ალბათ ქართველი იყო“

,,დედაჩემი ყოველ წელს იმ ადგილას ყვავილებს ტოვებდა“ - სულისშემძვრელი ამბავი ჯარისკაცზე, რომელიც ,,ალბათ ქართველი იყო“ისტორია, რომელსაც ქართველი ემიგრანტი ფეისბუქმეგობრებს უყვება, შეუძლებელია გულგრილად წაიკითხოთ.

,,ქართველი იყო… ალბათ…

გერმანიაში მოხუცების სახლში რომ ვმუშაობდი, იქ უამრავი ისტორია მომისმენია მეორე მსოფლიო ომის და ომის მერე პერიოდის შესახებ.

ერთი ქალბატონის მონათხრობი განსაკუთრებულად ჩამრჩა გონებაში და მინდა, თქვენც გაგიზიაროთ.

ქალბატონი ფიბელკორნი ძალიან მოხუცი არ იყო, ომი რომ დამთავრდა, პატარა ყოფილა, ასე 10-11 წლისა.

ამბობდა, რომ გავიზარდე, ვეღარ გავთხოვდი, მამაკაცები აღარ იყვნენ, ერთ კაცზე 5-6 ქალი მოდიოდა და რადგანაც მე ისედაც შეუხედავი ვიყავი, არავინ მითხოვაო.

ჩამოვუჯდებოდი-ხოლმე მის სურათებით და სუვენირებით გამოჭედილ ოთახში და ვჭორაობდით ძალიან დიდხანს და დიდი სიამოვნებით…

ერთხელ მორიგი ჭორაობის დროს ომის შემდგომი პერიოდი გაიხსენა:
-ომი რომ დამთავრდა, სადღაც 10 თუ 11 წლის ვიყავი, ლუბეკი (ჩემი ქალაქი, სადაც ახლა ვცხოვრობ) მიწასთან იყო გასწორებული, ყველგან ნანგრევები და არეულობა იყო, შიმშილი, მწუხარება და ძალიან დიდი შიში მომავლის…

ყველგან ან ინგლისის ჯარი იდგა, ან საბჭოთა, რომლისაც ძალიან გვეშინოდა, ბავარიაში დატრიალებულმა ტრაგედიამ, რომ თურმე საბჭოთა ჯარი ქალებს და ბავშვებს აუპატიურებდა, შიშის ზარი დაგვცა და დედა ყოველთვის მაფრთხილებდა, ჯარისკაცებს მოვრიდებოდი.

მამაჩემი სანამ ომი დამთავრდებოდა, 1 წლით ადრე გაიწვიეს, ავადმყოფი კაცი იყო, ომის არაფერი გაეგებოდა. 2 კვირის წასული იყო, შეტყობინება რომ მივიღეთ, დაეცაო. არც გაგვკვირვებია, თოფი არასოდეს ჰქონდა ნანახი, გასროლაზე საუბარიც ხომ ზედმეტია, თან ისეთი გულჩვილი იყო, ადამიანს კი არა, ობობას ვერ დაადგამდა ფეხს.

მამაჩემის წასვლის მერე ძალიან გაგვიჭირდა, ბოლო პერიოდი ისედაც სულ ვშიმშილობდით და განსაკუთრებით ზამთარში ვიყავით ცუდად.

ომი რომ დამთავრდა და საბჭოთა არმია და ამერიკელები რომ შემოვიდნენ, ჩემს სახლთან ერთი ფერმა იყო, რომელიც ნაცისტებს ეკუთვნოდათ ადრე და ჯარის ერთი ნაწილი იქ დასახლდა.

საჭმელი რომ აღარ იყო, საბჭოთა არმია საკვებ პროდუქტებს გვირიგებდა-ხოლმე, საქონელს რომ დაკლავდნენ, ხორცი მაგათი იყო, ძვლებით ამერიკელები კვებავდნენ ძაღლებს და ჩვენ, მოსახლეობას იმას გვაძლევდნენ, რასაც ძაღლიც კი არ ჭამდა: ქონებს, ტყავს და ხანდახან ნაწლავებს.

ამ ქონებიდან დედაჩემი სუპს ხარშავდა, რომელსაც კარტოფილს და კომბოსტოს უმატებდა და ასე გაგვქონდა თავი, პური უკვე 2 წელი იყო, არ გვეჭამა.დედამ ჩვენი მეზობლის 2 ობოლი ბავშვი შემოისახლა, რომლების მამა ომში დაეცა, დედა კი ტიფმა იმსხვერპლა.

ჯარისკაცები ყოველდღე ქეიფობდნენ, იქიდან გამოსული შემწვარი ხორცის სუნი მშიერ ბავშვებს გვაგიჟებდა, ამ სახლის უკან, სადაც ისინი იყვნენ, სხვა სახლის ნანგრევები იყო და ბავშვები იქ მივუცუცქდებოდით-ხოლმე, ეს სურნელი გვიზიდავდა.

ბევრჯერ გამოსულან ჯარისკაცები და შეზარხოშებულებს ჩვენთვის ქვები დაუშენიათ, რომ გავიქცეოდით, გერმანელო ღორებოო, გვეძახდნენ.

ერთხელ ჩვენ სამნი ნანგრევებში ვთამაშობდით, როცა უცნაური სიმღერის ხმა მოგვესმა, ფერმის უკან ერთი საბჭოთა ჯარისკაცი იდგა, რომელიც სხვებს არ ჰგავდა, დიდი ულვაში ჰქონდა, მუქი, ოდნავ შევერცხლილი თმები და საოცრად თბილი გამოხედვა.

ასეთი სიმღერა არასოდეს გამეგო, ძალიან ლამაზად ღიღინებდა. მივუახლოვდით ფრთხილად ბავშვები, მან რომ დაგვინახა, სიმღერა შეწყვიტა და წამოიწია.

ბავშვებს შეეშინდათ და გაიქცნენ, მე არ გავნძრეულვარ, მან გამიღიმა და ხელი დამიქნია, აქ მოდიო, აქ უკვე დედის ნათქვამი გამახსენდა, ჯარისკაცებს არ ენდოთო და გამოვიქეცი.

რაღაც მომაძახა უცხო ენაზე, მაგრამ მე მივრბოდი უკან მოუხედავად.

ნელ-ნელა საჭმელი გაგვითავდა, მინდორში არ გვიშვებდნენ, ჯერ კომბოსტო და კარტოფილი უნდა პაკეტებად დავყოთ და მერე დაგირიგებთო.

ხორბალი ისედაც არ გვქონდა და 1 კვირა დედა მხოლოდ ვაშლს და სტაფილოს გვაჭმევდა.ღორის ქონსაც აღარ გვაძლევდნენ, გათავდაო.

ერთხელ ისევ ნანგრევებში დავძრწოდით შიმშილისაგან დასუსტებული ბავშვები, როცა ის ულვაშებიანი ჯარისკაცი გამოჩნდა.

შევამჩნიე, რომ მაისურის ქვეშ რაღაცას მალავდა, გულზე მათარა ჰქონდა ჩამოკიდებული და სწრაფი ნაბიჯით ჩვენკენ მოდიოდა.

რომ დაგვინახა, თითი პირთან მიიტანა და ჩუმადო, გვანიშნა, სხვა ბავშვები შეშინებულები გაიქცნენ, მე ვიდექი გაშეშებული და საკუთარი გულის ცემა მესმოდა.

მომიახლოვდა, კაბის კალთა მაღლა ამიწია, უბედან რაღაც მძიმე, დიდი შეკვრა ამოაძვრინა და კაბის კალთაში ჩამიცურა, მერე წყლის ჭურჭელი გულზე ჩამომკიდა, თავზე ხელი მომითათუნა და გაღიმებული სახით მანიშნა, ახლა მოუსვიო.

უკან მოუხედავად გავვარდი სახლში, პაკეტი მძიმე იყო და მე სუსტი, მაგრამ მაინც ისე მსუბუქად მივვარდი სახლში, გზა როგორ გამოვიარე, არ მახსოვს.

პაკეტები დედას დავუდე მაგიდაზე და ვუთხარი, ერთმა ჯარისკაცმა მომცა-მეთქი.

შემოვხსენით ქაღალდი და ერთ პაკეტში დიდი პური იდო, მეორეში ღორის მოზრდილი ბარკალი, მათარაში კი – რძე.

დედას ცრემლები მოადგა და დიდხანს ტიროდა. ის ხორცი და პური 1 კვირა გამოგვიზოგა, თან გაგვაფრთხილა, სადმე არ დაგვცდენოდა, სახლში საკვები რომ გვქონდა, იმდენად ვიყავით ნაცისტური რეჟიმისაგან შევიწროვებული და დაშინებული, რომ ნდობა საერთოდ დაკარგული გვქონდა, უცნობს კი არა, ნაცნობებსაც არ ვენდობოდით.

მეორე დღეს დედამ ეზო მოათვალიერა, ეზოში ყვავილიც კი არ ხარობდა, თითქოს ომის სიბოროტემ ყოველივე ლამაზი გაანადურა.

ბოლოს რამდენიმე ვაშლი მოწყვიტა ხეს, გაზეთში გამიხვია და იმ ჯარისკაცთან გამატანა მადლობის ნიშნად. სხვა სახლში არაფერი გვქონდა.

დიდხანს ვიდექი ნანგრევებთან, სანამ არ დაღამდა, ფეხი არ მომიცვლია, მაგრამ ის ჯარისკაცი არ მოვიდა. არც მეორე დღეს და არც ერთი კვირის მერე. დედამ თქვა, ალბათ სხვაგან გადავიდაო.

დედაჩემი ყოველ წელს, ზაფხულის მიწურულს იმ ადგილას მიდიოდა და ყვავილებს ტოვებდა, დიდი ხნის მერეც, როცა ის ფერმა საერთოდ აღარ იყო და ის ადგილი ინდუსტრიულ ტერიტორიად გადაიქცა, მაინც მიდიოდა ხოლმე და იმ ჯარისკაცს მადლობას უხდიდა.”-დაასრულა ქალბატონმა ფიბელკორნმა.

ის ჯარისკაცი მარტო მე მგონია ქართველი? თუ ქართველი არა, კავკასიელი მაინც?“- წერს Natia Kicka.