ბორის ბედია უკრაინელი ქალისგან თავისი შვილის ნახვას ითხოვს – “იმ თანხას გადავიხდი, რასაც სასამართლო უმუშევარ მამას აკისრებს!”

ბორის ბედია უკრაინელი ქალისგან თავისი შვილის ნახვას ითხოვს - "იმ თანხას გადავიხდი, რასაც სასამართლო უმუშევარ მამას აკისრებს!"მომჩივანი უკრაინელი ქალი, ლარისა სტროკინა და საჩივრის ადრესატი ქართველი მომღერალი ბორის ბედია – სასამართლო დავა, რომელიც რამდენიმე წელია გრძელდება, გახმაურდა. ლარისა სტროკინასა და ბორის ბედიას შორის ურთიერთობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო, შემდეგ გაჩნდა პატარა გოგონა. ლარისა ირწმუნებოდა, რომ ბავშვი ბორისის შვილი იყო, მომღერალს კი ეს არ სჯეროდა, თუმცა საბოლოოდ აღიარება მოუწია.

ქალმა ბორის ბედიას სასამართლოში უჩივლა, შვილისთვის გვარის მიცემა და ალიმენტის გადახდა მოითხოვა. სასამართლომ მომჩივანს ორივე მოთხოვნა დაუკმაყოფილა, მაგრამ მომღერალმა დაკისრებული ალიმენტის გადახდაზე უარი განაცხადა, რადგან, როგორც თვითონ ამბობს, უმუშევარია და გადახდას ვერ შეძლებს.

ბორის ბედია “სარკესთან” ამბობს, რომ ინფორმაცია, რომელსაც მომჩივანი მხარე ავრცელებს, სიცრუეა, კერძოდ:

– ბავშვს არ აღიარებსო, ამბობენ. როგორ არ ვაღიარებ?! ბავშვი ჩემია და გვარიც მიიღო. აქ დავა მხოლოდ ალიმენტზეა, სხვა არაფერზე. ბავშვის დედა თავიდან 1.500 დოლარს ითხოვდა. 1.500 დოლარი როგორი გადასახდელია იმის ფონზე, როცა 3 წელზე მეტია უმუშევარი ვარ?! სასამართლოს ერთი გადაწყვეტილება ჩვენ გავასაჩივრეთ. მოსამართლემ 1.500 დოლარი რომ წაიკითხა, გაეცინა, საიდან მოდიხართო, ჰკითხა.

კანონის მიხედვით, რამდენის გადახდაც უმუშევარს მეკუთვნის, იმდენს გადავიხდი. როცა საშუალება გამიჩნდება, უფრო მეტადაც მივხედავ შვილს.

– როგორც თქვენი შვილის დედის ადვოკატი ამბობს, სანამ დნმ-ის ექსპერტიზა არ ჩატარდა, არ იჯერებდით, რომ თქვენი შვილი იყო.

– ეს ქალბატონი ჩემი შეყვარებული არ ყოფილა. თავისუფალი კაცი ვარ, ჩემი ცხოვრება მქონდა და მაქვს. ის რესტორანში გავიცანი და იმ დღესვე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, რომელიც ერთი კვირა გაგრძელდა.

ადრე 9 წელი ყოფილა გათხოვილი და შვილი არ ჰყავდა. საქართველოდან წასვლიდან ერთ თვეში მოვიდა და მითხრა, რომ ორსულად იყო. რა თქმა უნდა, გამიკვირდა, არ დავიჯერე, მაგრამ, როდესაც დნმ-ის ექსპერტიზა ჩატარდა და სასამართლომ დაადასტურა, რომ ჩემი შვილი იყო, ვაღიარე და გვარიც მივეცი.

– მისი ადვოკატი აცხადებს, რომ ეს ქალი თქვენს ოჯახში რძლად იყო მიღებული და ერთად ცხოვრობდით.

– ეს არის მტკნარი სიცრუე და ცილისწამება! მისი ადვოკატი არც ჩვენი ლოგინი ყოფილა და არც ჩვენს ურთიერთობას დასწრებია.

– როდის გაიცანით თქვენი შვილის დედა?

– საქართველოში გავიცანი. მაშინ პროექტში “ერთი ერთში” გამოვდიოდი. იქაც იყო საგულშემატკივროდ მოსული. თავის ძმასთან ერთად იყო ჩამოსული.

– ადვოკატი ამბობს, რომ ლარისა სტროკინა პერიოდულად საქართველოში ჩამოდიოდა, თქვენთან და ასევე პერიოდულად თქვენ ჩადიოდით მასთან, უკრაინაში. ადვოკატის თქმითვე, ამის ამსახველი ფოტომასალა და თქვენ შორის მიმოწერაც არსებობს.

– იცით, რამდენი მიმოწერა მაქვს სხვადასხვა ქალთან? ეს ქალებიც უნდა ადგნენ და სასამართლოს მიმართონ, თუ რა ხდება?! უკრაინაში ჩასვლისას ხან სად ვიყავი და ხანაც – სად. ჩემთან, სასტუმროში, ერთხელ არის ნამყოფი. ამაზე უკვე აღარც მეცინება, ვბრაზდები!

ქართველ ქალთან მინდა ოჯახი, შვილები. ეს შვილი, რა თქმა უნდა, ღმერთმა კარგად მიმყოფოს, მან რა დააშავა, მაგრამ ეს არის ქალი, რომელიც ბავშვს ბოროტ იარაღად იყენებს.

ათასჯერ შევთავაზე, თუ საშუალება არ აქვს, მომცეს ჩემი შვილი. პროცესზეც ვთქვი ეს და ახლაც საჯაროდ ვამბობ, ჩემი შვილის გასაზრდელად ნებისმიერ წამს მზად ვარ. მომცეს და მივხედავ. დედაჩემი დამეხმარება და გავზრდით. რასაც ისინი ამბობენ, იქიდან მხოლოდ ის არის მართალი, რომ ის ბავშვი არის ჩემი შვილი. დანარჩენი ცილისწამება და ჩირქის მოცხებაა. თუ ასე გააგრძელებენ, ალბათ პასუხსაც მოვთხოვ.

– ლარისა აცხადებს, რომ უკრაინაში კარიერის აწყობა გინდოდათ, მაგრამ მას შემდეგ, რაც იქ ვითარება აირია, თქვენი ურთიერთობაც აირია.

– 2013 წლიდან არეულია ეს ურთიერთობა, რა შუაშია აქ უკრაინაში არეულობა? სისულელეა!

– გაქვთ რაიმე სახის კონტაქტი შვილთან?

– ვინ მაჩვენებს, თორემ როგორ არ მინდა?! ფულზე არიან დაგეშილები. ალბათ შურს იძიებს ასე, მაგრამ რა დავუშავე, არ ვიცი.

– რადგან ბავშვი უკვე თქვენს შვილადაა აღიარებული, მისი ნახვის უფლება სასამართლოში არ მოითხოვეთ?

– საქმე წარმოებაშია, ჯერ არ დასრულებულა. ეს სამოქალაქო დავაა, რომელიც შეიძლება 5 წელიც გაიწელოს. დამთავრდება და, რა თქმა უნდა, ნახვის უფლებაც მექნება. დედამისმა შეიძლება არ ჩამოიყვანოს და მე მომიწიოს ჩასვლა.

– საიდან დაიწყო საერთოდ ეს კონფლიქტი ან ამ ქალის გაღიზიანება რამ გამოიწვია?

– როგორც ჩანს, უნდოდა, ცოლად მომეყვანა. მე კი ცოლს უსიყვარულოდ ვერ მოვიყვან, ვერც მას გავაუბედურებდი და ვერც ჩემს თავს. ომი თვითონ დაიწყო და თვითონ შეიტანა სასამართლოში საჩივარი. მინდოდა, მშვიდობიანად მოგველაპარაკა, მაგრამ არაო, 1.500 დოლარი გამომიგზავნე ყოველთვეო. ამდენი როგორ გამოგიგზავნო, ბანკი გავძარცვო-მეთქი, ვკითხე. მაშინ სასამართლოს მივმართავო, მითხრა.

– როგორც მეორე მხარე ამბობს, ალიმენტი, 300 ლარი, რაც მეორე ინსტანციის სასამართლომ დაგაკისრათ, ერთხელაც არ გადაგიხდიათ, გაასაჩივრეთ კიდეც სასამართლოში. გადაუხდელი თანხა 10.000 ლარამდე ავიდა, ისინი ამბობენ, რომ სააღსრულებლოსთვის მიმართვას აპირებენ, რის შემდეგაც ქონებას დაგიყადაღებენ.

– ჯერ სასამართლო განხილვები არ დასრულებულა. მე იმ თანხას გადავიხდი, რასაც სასამართლო უმუშევარ მამას აკისრებს! იყო დრო ვმუშაობდი, კონცერტები მქონდა, მაგრამ ხვალინდელ დღეზე არ ვფქირობდი და, როგორც ქართველ კაცს შეეფერება, ვხარჯავდი ფულს და დროს ვატარებდი.

3 წელია ერთ ადგილზე ვარ გაჩერებული, მაგრამ რას ვიზამ, ხდება ასეც. სამსახური მე არ მაქვს, სახლი მე არ მაქვს, ჩემს საკუთრებაში არაფერია და რა უნდა დააყადაღონ?

– მომავალში როგორ წარმოგიდგენიათ შვილთან ურთიერთობა?

– მიხარია, რომ სიცოცხლე გაჩნდა, ამაზე კარგი რა არის? ჩემ გვერდით რომ იყოს, მთლად უკეთესი იქნებოდა. მე მგონი, შვილის ნახვის უფლება მაქვს და ამ უფლებას, რასაც სასამართლო მომანიჭებს, გამოვიყენებ. მეც სულ ასე ხომ არ ვიქნები, რაღაც საშუალება მომეცემა და ღირსეულად ვცემ ჩემს შვილს პატივს, სიხარულით ჩავიხუტებ გულში.

ეკა ლემონჯავა, სარკე