ქართველების ,,სასწაული” ისრაელში – კაცი ეტლიდან წამოდგა და გაიარა

ქართველების ,,სასწაული" ისრაელში - კაცი ეტლიდან წამოდგა და გაიარა,,სასწაული” – ასე აფასებს ისრაელის მედიასაშუალება რამდენიმე დღის წინ ბენ გურიონის აეროპორტში მომხდარ ფაქტს.

საქართველოდან თანმხლებ პირთან ერთად ჩაფრენილმა კაცმა, რომელიც ეტლით გადაადგილდებოდა, დაკავების შემდეგ დამოუკიდებლად გაიარა.

მედიასაშუალების ცნობით, საქართველოდან ჩასულმა 38 წლის კაცმა და 40 წლის ქალმა ისრაელის მთავარ აეროპორტში მყოფი მესაზღვრეების ეჭვი მას შემდეგ დაიმსახურეს, რაც ისრაელში ლეგალური მიზნით ჩასვლა ვერ დაასაბუთეს.

წყვილს თან ჰქონდა დიდი რაოდენობით ნაღდი ფული. ისინი ამბობდნენ, რომ კაცი იყო პარალიზებული და ისრაელში სასწრაფო მკურნალობის ჩასატარებლად ჩავიდა, თანმხლები ქალი კი მისი ნათესავი იყო.

თუმცა, როგორც მედია იტყობინება, წყვილს არ ჰქონდა სასტუმროს ჯავშანი, გარდა ამისა, თანხმლებმა ქალმა არაფერი იცოდა “თავისივე ნათესავის”, ეტლში მყოფი კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. სამართალდამცავების ეჭვი გააძლიერა იმანაც, რომ კაცს ტელეფონიდან წაშლილი ჰქონდა ყველანაირი ინფორმაცია, მათ შორის, მიმოწერები.

საბოლოოდ, წყვილი დააპატიმრეს და სადეპორტაციო ციხეში გადაიყვანეს. როგორც ისრაელის სამართალდამცავებმა გაარკვიეს, ქალმა და კაცმა ერთმანეთი საქართველოში, ისრაელში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე გაიცნეს და სწორედ ამგავრი არალეგალური გზით გადაწყვიტეს ქვეყანაში შესვლა.

მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებმა საქართველოდან ჩასული ეს ორი ადამიანი დააკავეს, ეტლში მყოფი კაცი წამოდგა და დამოუკიდებლად გაიარა. როგორც აღმოჩნდა, ის ეტლით სამართალდამცავების თვალის ასახვევად გადაადგილდებოდა. დაკავებულებს საქართველოში უახლოესი რეისით დააბრუნებენ.

ნეტგაზეთი