,,საწყალი გოგო კითხულობდა, სასწრაფო როდის მოვა, ცუდად ვარო” – თბილისში 35 წლის მშობიარე გარდაიცვალა

,,საწყალი გოგო კითხულობდა, სასწრაფო როდის მოვა, ცუდად ვარო" - თბილისში 35 წლის მშობიარე გარდაიცვალარა გახდა ახალგაზრდა ქალის – 35 წლის ნატალია აბრამიშვილის მშობიარობის შემდეგ გარდაცვალების მიზეზი, ამას რეგულირების სააგენტო შეისწავლის. უწყება სამშობიარო სახლ ,,ნინოსა” და ღუდუშაურის კლინიკაში შესვლას გეგმავს…

ნატალიას ახლობლები მშობიარის გარდაცვალებას კლინიკის დაუდევრობას უკავშირებენ.

ახლობელი:

– ეს დღეები სულ სამშობიაროში ვარ და თავად ვიცი, რა როგორ იყო… ქალბატონი ნინო კაკულია რომ პასუხისმგებლობის თავიდან  არიდებას ცდილობს, ეს არის ყველაზე აუტანელი! აცხადებს, სტაბილური მდგომარეობა იყო, ღუდუშაურის კლინიკაში რომ გადაიყვანეს და იქ რა დაემართა, ჩვენ არ ვიცითო…

მშობიარე სტაბილურ მდგომარეობაში კი არა, სისხლისგან დაცლილი შეიყვანეს ღუდუშაურის კლინიკაში! ყველაზე მეტად მაგიჟებს, რომ მესმის, მშობიარე ახლობლებს გადაეყვანათ, თუ ასე მძიმედ იყოო. საღსალამათი გოგო ჯერ მშობიარობას არ ელოდებოდა, უბრალოდ ბოლო კონსულტაციაზე მივიდა. ალბათ შეეშინდათ, სხვაგან არ იმშობიაროსო და შეაშინეს, ბავშვი ძალიან დიდია და სასწრაფოდ უნდა გამშობიაროთო. ამ დროს ბავშვი ჩვეულებრივ, ნორმალური წონისაა…

სასწრაფოდ გაუკეთეს დამაჩქარებლები. გახსნაც კი არ იყო დაწყებული, ერთ თითზეც არ იყო გახსნილი, ისე დაუწყეს ძალით მშობიარობა. მეანგინეკოლოგი ნინო კაკულიას
შვილი იყო. წყლები ხომ უნდა დაეღვარა და ეტყობა, ძალით გაუხეთქეს ბუშტი და მაგ დროს გაიხა საშვილოსნოს უკანა კედელი.

ბავშვი დაიბადა, ნატალიამ ნახა კიდეც, ჭამა და მერე თავი ცუდად იგრძნო… უთხრეს, ჩვეულებრივი ამბავიაო და როცა გონება დაკარგა, მაშინ გაუზომეს წნევვა.

ძალიან დაბალი წნევა ჰქონდა და ეჭვიც არ გასჩენიათ, მშობიარეს სადმე სისხლდენა ხომ არ ჰქონდა, რომ შეემოწმებინათ. გლუკოზა გადაუსხეს, ამის ფონზე აუწიეს წნევა და გოგო გონზე მოვიდა, თავად უთხრა ექიმებს, ცუდად ვარო… ისევ გაუმეორეს, განსაკუთრებული არაფერიაო და ისევ გლუკოზა გადაუსხეს.

სანამ გარედენა არ დაეწყო, მანამდე აზრად არ მოსვლიათ, რომ გოგოს შინაგანი სისხლდენა ჰქონდა. კლინიკას არ ჰყოლია სპეცალისტი, სისხლდენა რომ დაიწყო, შეეყვანათ და საშვილოსნო ამოეღოთ. ამით მშობიარეს გადაარჩენდნენ! შემდეგ კატასტროფის ბრიგადა რომ გამოეძახათ, სისხლით მოვიდოდნენ და ადგილზე უშველიდნენ, მაგრამ ჩვეულებრივი სასწრაფო გამოიძახეს, რომელსაც ნახევარი საათი დააგვიანდა. საწყალი გოგო თვითონ კითხულობდა, სასწრაფო როდის მოვა, ძალიან ცუდად ვარო…

რომ შეიყვანეს ღუდუშაურში, უკვე მიმღებში გაუჩერდა ნატალიას გული და წვეთი სისხლი აღარ ჰქონდა. დაგვეღუპა გოგო და გამოვიდა ნინო კაკულია და პირველი კომენტარი მისი ასეთი იყო, რომ ეს ჩვეულებრივი რამეა კლინიკაში, ყველგან ეღუპებათ მშობიარეო. პირველი შვილი ჰყავს ნატალიას, ხუთი წლის გოგონა, რომელიც ყოველგვარი პრობლემების გარეშე გააჩინა და ახლაც სრულიად ჯანმრთელი იყო. ძალიათ ამშობიარეს და მერე პასუხიმსგებლობაც არ ეყოთ, ნორმალურად მიეხედათ!

ღუდუშაურის კლინიკაში ოფიციალურად განმარტეს პაციენტის გარდაცვალების მიზეზი:
– შპს ,,ნინოდან” ღუდუშაურის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაში იქნა გადმოყვანილი, შემოსვლისას დაისვა დიაგნოზი – ფარული სისხლდენა, ჰემორაგიული შოკი. შემოსვლიდან 8 წუთში პაციენტი საოპერაციო ბლოკში აიყვანეს, ჩატარდა ოპერაცია, ინტრაოპერაციულად მუცლის ღრუში აღმოჩნდა დაახლოებით 4 ლიტრამდე სისხლი, მშობიარობის შედეგად გამოწვეული საშვილოსნოს გახევა. ჩატარებული ოპერაციული მკურნალობისა და რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, მასიური სისხლის დანაკარგის გამო, რაც სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო, პაციენტი გარდაიცვალა.
მანანა გაბრიჭიძე, მშობლები.ჯი