რუსები ისევ იმუქრებიან – საქართველოში მოდელირებული ომი გამართეს

რუსები ისევ იმუქრებიან - საქართველოში მოდელირებული ომი გამართესაგვისტოს ომის დღეებს რუსეთი დიდი სამხედრო სწავლებებით ხვდება ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე. რუსულმა არმიამ ცხინვალის რეგიონში, სოფელ ძარწმის პოლიგონზე დიდი სამხედრო წვრთნები დაიწყო სამხედრო დრონებითა და “ისკანდერებით” წარმოსახვითი მტრის მოსაგერიებლად და გაცხადებული მიზანი უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდება და უღელტეხილების დაცვაა.

როგორც რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის სპეცსამსახური აცხადებს, ამ წვრთნებისას წარმოსახვითი მოწინააღმდეგის 30 უპილოტო გაანადგურეს.

გარდა ცხინვალის რეგიონისა, რუსეთი სამხედრო წვრთნებს ასევე უკვე ერთი კვირაა, ატარებს ოკუპირებულ აფხაზეთში და, ჯამში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე წვრთნებში 600-მდე სამხედრო მოსამსახურე და 1000-მდე სამხედრო ტექნიკაა ჩართული.

როგორც უსაფრთხოების ექსპერტი ვახტანგ მაისაია აცხადებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ამ დღეებში დაწყებული სამხედრო წვრთნები – ეს არის 2008 წლის 8-12 აგვისტოს ომის სცენარის მოდელირებული გამეორება და კრემლის პირდაპირი მუქარა.

“მედვედევი გვემუქრება, 58-ე არმია სრულად ემზადება საომარი მოქმედებებისთვის. გარდა ამისა, კადიროვის სპეცდანიშნულების რაზმებში გამოცხადებულია სრული საბრძოლო მზადყოფნა და რამოდენიმე ოცეული სადაზვერვო-საშტურმო გადმოისროლეს ცხინვალში. ცხინვალში კადიროველების გამოჩენა აჩვენა “ზვეზდამ”.

საბრძოლო მოქმედებების ერთგვარი იმიტაცია ხდება. ეს არ არის ჩვეულებრივი, გეგმური წვრთნების მოდელი და ძალიან წააგავს 2008 წლის სწავლების მოდელირებას და ეს საყურადღებოა. როგორც ჩანს, ასეთი ვითარება იქნება, სანამ არ დასრულდება ნატო-ს წვრთნები. შემდეგ ვნახოთ, რა “სიურპრიზებს” შემოაგდებს რუსეთი”, – აცხადებს მაისაია.

რეზონანსი