ირმა ინაშვილი: ,,მაღალ ქუსლებზე რომ დავდგე, ვეღარ ვიჩხუბებ”

ირმა ინაშვილი: ,,მაღალ ქუსლებზე  რომ დავდგე,  ვეღარ ვიჩხუბებ",,პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ხმაურიანი პოლიტიკოსი ირმა ინაშვილი, პროფესიით ჟურნალისტია. ,,პირველ არხზე” ჯერ კიდევ მაშინ მუშაობდა, როცა ქვეყანაში მხოლოდ ეს ერთი არხი ფუნქციონირებდა. მოგვიანებით თავად დააფუძნა ტელეკომპანია ,,ობიექტივი”, რომელიც თავიდანვე ოპოზიციურად განწყობილ არხად ჩამოყალიბდა.

ირმა ინაშვილი ორი შვილის, ნინოს და დაჩის დედაა. მისი ქმარი მხატვარი კახა კევლიშვილი გახლავთ. მათი გაცნობისას ისიც ,,პირველ არხზე” მუშაობდა, მერე კი მთელი თავისი კარიერა ცოლს შესწირა. ირმას მამამთილი ცნობილი რადიოჟურნალისტი, პოპულარული გადაცემების ავტორი და წამყვანი ილია კევლიშვილი გახლავთ.

როგორია ოჯახურ გარემოში ქალი, რომელიც საჯარო სივრცეში ხისტი, პირდაპირი, მკაცრი და შეუვალი პოზიციით გამოირჩევა? ,,სარკე” შეეცადა, ირმა ინაშვილი ამ კუთხით წარედგინა მკითხველისთვის.

– მას შემდეგ, რაც დეპუტატი გახდით, ცხოვრება და დღის წესრიგი ალბათ უკვე მნიშვნელოვნად შეგეცვალათ.

– უფრო მეტი თვალი გაკვირდება, აღარ გაქვს პირადი ცხოვრება, თავისუფლება. არ შეგიძლია მეტი დრო დაუთმო შენს მეგობრებს თუ ოჯახს. ადრეც ასე იყო, მაგრამ ახლა უფრო მძიმედ არის, მაგრამ, როგორც ჩემ ი ქმარი ამბობს, ეს ჩემი არჩევანი იყო და პასუხიც მე უნდა ვაგო.

– არ მოსწონს თქვენი არჩევანი?

– ძალიან ვაფასებ მას, რადგან ჩემ მიმართ დიდი მოთმინებით არის გამსჭვალული. შეიძლება ითქვას, რომ თავისი ყველაფერი ჩემ გამო გაწირა. სახლში მთელი პასუხისმგებლობა მას ეკისრება, მე კი – გარეთ, სხვა ადამიანებზე. მისთვის ეს არ არის ადვილი. ჩვენც გვინდა, ერთად დავისვენოთ, მაგრამ არ გამოდის.

– არადა, როგორც მახსოვს, რომანტიკული ქალი ხართ – მომავალ ქმარს შეყვარებულობის პერიოდში ყოველდღე სასიყვარულო წერილებს სწერდით.

– ძალიან რომანტიკული და შემოქმედებითი ნატურააო – ვინც მიცნობს, ასე ამბობს ჩემზე. ახლა ამის დრო არ არის. ადრე ვუკრავდი ფორტეპიანოზე, ლექსებს ვწერდი, ვხატავდი… ახლა მთელი დრო მიდის იმაში, რომ ვიღაცას ბავშვი ჰყავს ავად, ვიღაცას სახლში დენი არ აქვს, ვიღაცას შია… ხან პირადი თანხებით ვეხმარები, ხან პარტიის ფულით. ზოგჯერ უბრალოდ რჩევას ვაძლევ ან ვეფერები.

ირმა ინაშვილი: ,,მაღალ ქუსლებზე  რომ დავდგე,  ვეღარ ვიჩხუბებ"ერთხელ კასპიდან ჩამოვიდა კაცი, რომელიც წუხდა, რომ ცოლთან დაეძაბა ურთიერთობა. სანამ რჩევას არ მომცემთ, აქედან ფეხს არ მოვიცვლიო. ვკითხე, თქვენი საწოლები გვერდიგვერდ დგას-მეთქი. მიპასუხა, ქვედა სართულზე იძინებსო. ვუთხარი, ჩაიტანე შენი საწოლი, ხელი ჩაჰკიდე და ყოველდღე ისე დაიძინე-მეთქი.

3 თვის მერე წითელი ვაშლები ჩამომიტანა – რა კარგი რჩევა მომეცი, ასეთი ტკბილი ურთიერთობა არ მქონია ცოლთან, რომელთანაც 30 წელია ვცხოვრობო.

– თავად თუ დაგძაბვიათ ურთიერთობა ოჯახში?

– ზოგჯერ ყველა ოჯახშია პრობლემა, მაგრამ იმაშია შენი სიბრძნე, რომ მშვიდად მოაგვარო. უფრო იმის გამო გვეძაბებოდა ურთიერთობა, რომ შვილებთან დიდ დროს ვერ ვატარებდი. ისე კი არასდროს გვიჩხუბია, რომ კრიზისამდე მივსულიყავით. ისიც მშვიდობისმყოფელია და მეც.

მსიამოვნებს, რომ ჩემი შვილებიც გრძნობენ პასუხისმგებლობას და უფრო მეტად მეცადინეობენ.  უნდა იცოდნენ, რომ არავისზე მეტნი არიან.

– პოლიტიკამ ჩაცმის სტილიც შეგიცვალათ?

– დიახ, ვეღარ ვიცვამ ჯინსის შარვლებს და ბოტასებს. ძვირფასი არაფერი მაცვია. კლასიკური სტილის შავ ან მუქ ლურჯ პიჯაკს, თეთრ პერანგსა და შავ ან ლურჯ შარვალს ვიცვამ. ასეთ ჩაცმულობას ეტიკეტი ითვალისწინებს. სხვებს აცვიათ სხვა ფერის სამოსი, მაგრამ არავის ვაკრიტიკებ. მაგალითად, ეკა ბესელიას ძალიან უხდება ზღვისფერი პიჯაკი. მე არ მიყვარს ფერადი ტანსაცმელი, უფრო დამჯდარ ტონებს ვანიჭებ უპირატესობას.

– კაბები არ არის თქვენს გარდერობში?

– საერთოდ არ მაქვს და ფაქტობრივად არც მცმია. ომში კაბით ხომ ვერ წავიდოდი?! ოპერატორები სულ ბიჭები იყვნენ და ღობეზე რომ გადავხტებოდი, კაბა ხომ არ უნდა ამწეოდა?! ერთადერთი გრძელი შავი ქვედატანი მაქვს, რომელიც მხოლოდ ეკლესიაში, წირვაზე მაცვია. მოძღვარი მთხოვდა, კაბით იარეო და ბოლოს ვიყიდე.

– ჯვრისწერის დროსაც შარვალი გცმიათ.

– ქვემოთ ჯინსები მეცვა და ზემოდან მქონდა გადაცმული კაბა, რომ, როგორც კი ჯვრისწერა დამთავრდებოდა, გამეხადა.

მიყვარს, როცა ისე მაცვია, რომ ყურადღებას არ ვიქცევ. უნდა გეცვას მკაცრად, რადგან სენატორებს, კონგრესმენ ქალებს ასე აცვიათ. ზაფხულშიც დახურულ ტანსაცმელს ვიცვამ, რაც ჩემი ცხოვრების სტილმა განაპირობა.

სულ პატარა ვიყავი, აფხაზეთის ომში რომ წავედი და იქ ყურადღება არ უნდა მიგექცია. თან ყველა ის ნაკლი, რაც გქონდა, უნდა დაგეფარა. დავრჩი ამ სტილში.

– მაკიაჟი, სარკეში ყურება არ გიყვართ?

– მაკიაჟს ძალიან სწრაფად ვიკეთებ. პოლიტიკოსის მაკიაჟი არ უნდა ყვიროდეს და არ უნდა იყოს ვულგარული. თმასაც თვითონ ვივარცხნი.

– სამკაულები არ გაინტერესებთ ან თუნდაც მეუღლე თუ გჩუქნით?

– კახამ იცის, რომ ოქრო და სამკაულები არ მიყვარს. ბეჭედი და საყურე მაქვს ოქროსი და ბებიის ნაჩუქარია. საათი დაჩიმ მაჩუქა. რომანტიკისთვის დრო აღარ გვაქვს და ალბათ აღარც ისეთი რომანტიკული შეყვარებულები ვართ, როგორიც წლების წინ. რაღაც ღვინდება და სხვა ფაზაში გადადის.

ირმა ინაშვილი: ,,მაღალ ქუსლებზე  რომ დავდგე,  ვეღარ ვიჩხუბებ"– მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს შეეჩვიეთ?

– არ შემიძლია ქუსლიან ფეხსაცმელზე დგომა. თუ ფეხსაცმელი კომფორტულად არ მაცვია, ვერ ვიჩხუბებ. არ უნდა მიჭერდეს. პიჯაკიც თავისუფლად უნდა მქონდეს, ხელს კომფორტულად უნდა ვწევდე და ა.შ. ხელს რომ ვერ წევ, ფეხს რომ ვერ დგამ, ასე კომფორტულად ვერ ვიქნები, ვერ ვიჩხუბებ და ხელს კარგად ვერ ვიქნევ.

– მაშინ სახლში, ჩუსტებსა და ხალათში უფრო კომფორტული იქნება ჩხუბი.

– არა, სახლში საერთოდ არ ვჩხუბობ. რაც უფრო კომფორტულად მაცვია, უფრო მშვიდი ვარ. სახლში სულაც არ ვარ მკაცრი. ოჯახში არასდროს ამიწევია ხმისთვის და არც სამსახურში.

არ მიყვარს ხმაური, ყვირილი. ხომ პირიქით ვჩანვარ, მაგრამ ყველას ვამშვიდებ. როგორც ცოლი და როგორც დედა, მორჩილი ვარ. დაუმორჩილებელი და უმართავი გარეთ ვარ. სასტიკად ვრეაგირებ უსამართლობაზე, უსინდისობაზე და მით უმეტეს, როცა შენც გაიძულებენ, ამის ნაწილი გახდე, მათ უსმინო. თუ გინდათ, გამაბრაზოთ, ნაციონალი უნდა ალაპარაკოთ, როგორ არაფერი ცუდი ხდებოდა იმ წლებში.

ჩემმა ქმარ-შვილმა იციან, რომ მორალური დახმარება მჭირდება და მეხმარებიან. რჩევებსაც მაძლევენ. არასოდეს მაიძულებენ, საოჯახო საქმეებით დავიტვირთო. დედაც მეხმარება. ცდილობენ, სახლში დავისვენო და მათ მოვუსმინო.

– თავად როგორი დიასახლისი ხართ?

– კარგი. ახალ წელს საცივსაც თვითონ ვაკეთებ და გოზინაყსაც. მთიული ვარ და ხინკლის გაკეთებაც ვიცი. ჭურჭლის რეცხვაც მიყვარს და სახლის დალაგებაც. საერთოდ არ ვარ ზარმაცი, მაგრამ ახლა დრო არ მაქვს. ხაჭაპურსაც ვაცხობ, მაგრამ ნამცხვრებში ცოტას მოვიკოჭლებ. კარგად ვაზავებ კუჭმაჭს, ეკალას…

– ამბობთ, ქმარმა თავისი კარიერა მე შემომწირაო. რა საქმით არის დაკავებული?

– ჩემს ქმარს წლებია არ უმუშავია. დასჯილია იმის გამო, რომ ჩემი მეუღლეა. მე ვერავის შევაწუხებ, რომ დაასაქმონ. სახელოსნო აქვს და ხატავს. გამოფენის მოწყობასაც აპირებს. მრავალი წელი არ დაუხატავს და ამ ბოლო დროს დაიწყო, რაც ძალიან მახარებს.

– თქვენი პორტრეტებიც იქნება გამოფენაზე?

– სახელოსნოში მუშაობს და არ ვიცი, ვის და რას ხატავს. არ მინდა, ვკითხო. შემოქმედს მყუდროება არ უნდა დაურღვიო, რადგან მისი ბუნება ძალიან ფაქიზია და არ უნდა შეაწუხო. კახამ მაშინ დამხატა, როცა არ მიცნობდა. მერე აღმოაჩინა, რომ ის ვიყავი, ვინც დახატა.

– მკაცრი იმიჯი პოლიტიკამ შეგიქმნათ?

– ასეთი წლები იყო ამ ქვეყანაში. სააკაშვილის მმართველობის დროს დამავიწყდა, რა იყო სიცილი, არაფერი მახარებდა.

2010 წელს ბრიუსელში დოკუმენტური ფილმები ჩავიტანეთ. ქუჩაში იაპონელს ვთხოვეთ, ფოტო გადაეღო ჩვენთვის. გვკითხა, რა ხდება თქვენს ქვეყანაში, რომ არც ერთი იღიმებითო. ეს ჩემი აგრესიულობა იმ მრავალმა ტრაგედიამ განაპირობა, რომელიც ჩვენ გავიარეთ.

– ქმარი რას გეუბნებათ აგრესიულ გამოსვლებზე?

– რომელ ქმარს მოსწონს ცოლის ასეთი აგრესია?! ვის მოსწონს, სულ რომ ჩხუბობ და ყვირი, მაგრამ, როცა ეს სამართლიან საფუძველს ეყრდნობა, მისაღებია.

 რუსუდან ადვაძე, სარკე