დათო ტურაშვილი: ,,ჩემი ოჯახის სიმტკიცის საიდუმლო ჩემი მეუღლეა”

დათო ტურაშვილი: ,,ჩემი ოჯახის სიმტკიცის საიდუმლო ჩემი მეუღლეა"მწერალი დათო ტურაშვილი ,,კვირის პალიტრასთან” ოჯახურ ცხოვრებაზე გულხდილას საუბრობს:
– მგონი, ჩემი ოჯახის სიმტკიცის საიდუმლო მარტივია – ეს არის მაკა კეკელიძე, რომელიც საკმაოდ ჭკვიანია და იცის, როგორ უნდა შეინარჩუნოს სახლში სიყვარული.

დავითვალეთ და წელს გვისრულდება შეუღლებიდან ათი ათასი დღე და ღამე და ამდენი წლის განმავლობაში არასოდეს გვიჩხუბია. აზრიც არა აქვს ჩხუბს – სრულიად განვსხვავდებით ერთმანეთისაგან – მე სულ მცივა და მას სულ სცხელა, რაც მე მომწონს, მისთვის წვალებაა და პირიქით. თითქმის არაფერში ვეთანხმებით ერთმანეთს, მაგრამ ვიცით, რომ ერთმანეთის გადაკეთებას აზრი არა აქვს და არც ვცდილობთ (რამდენჯერ მსმენია, რომ ვიღაც წყვილი იმიტომ დაიშალა, ერთმანეთს ხასიათებით ვერ შეეწყვნენ და ცოტა მეღიმება – სამყაროში ორი ერთნაირი ფოთოლიც კი არ არსებობს და ორი ერთნაირი ხასიათი როგორ უნდა არსებობდეს?), თუმცა ოჯახების დანგრევის მიზეზი კიდევ უფრო ბევრია, ამაზე ხმამაღლა საუბარი არ უყვართ და არ აღიარებენ, თორემ ხშირად ურთიერთობაში გადამწყვეტი სექსია.

– არასდროს გქონიათ სტაბილური სამსახ­ური, ეს კი ნიშნავს, რომ თქვენს ოჯახს, პერიოდულად მაინც, სტაბილურობა აკლდა. რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახის მთლიანობისთვის სტაბილურობის განცდა? ხომ არ ფიქრობთ, რომ შესაძლოა სწორედ სტაბილურობის ნაკლებობაა ოჯახების ნგრევის მიზეზი?
– რადგან სტაბილური სამსახური და სტაბილური ხელფასი არასოდეს მქონია, რასაკვირველია, ხშირად გვაქვს ფინანსური პრობლემები, ვალები და ტკივილები (რითიც ვერავის გავაკვირვებთ თანამედროვე საქართველოში), მაგრამ მაკას არასოდეს შევუწუხებივარ (ამ მხრივ), რადგან ქურქებისა და ძვირფასეულობისადმი ინტერესი არასოდეს ჰქონია და როგორც ჩანს, დასაწყისშივე მიხვდა, რომ ჩემთან ერთად ეს წვალება სულ ელოდა. სამაგიეროდ, სიყვარული სულ გვაქვს.

– თქვენი სიტყვებია, ,,კაცებს, ქალებისგან­ განსხვავებით, ჭკუა და ასაკი არ ემატებათ”,­ ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობაა, მაგრამ და­მოკ­იდებულება ნამდვილად ჩანს ქალების მიმართ.
– როგორი რთულიც უნდა იყოს ამის აღიარება, მაინც შემიძლია ვთქვა სიმართლე და უკანასკნელი ოცდაშვიდი წლის განმავლობაში (მას შემდეგ, რაც საქართველომ კიდევ ერთხელ აღიდგინა დამოუკიდებლობა), ქალები უფრო მობილურები, მოტივირებულები, კრეატიულები და ენერგიულები აღმოჩნდნენ, ვიდრე კაცები ჩვენს ქვეყანაში. მეტიც, ყოველგვარი პათეტიკისა და გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია იმის თქმაც, რომ სწორედ ქალებმა გადაარჩინეს საქართველო – ძმები,­ ქმრები, მამები და საერთოდ, ოჯახები.

კვირის პალიტრა