გიგო შიუკაშვილის დედა: ,,ჩემმა შვილმა ახალი სამყარო აღმომაჩენინა”

გიგო შიუკაშვილის დედა: ,,ჩემმა შვილმა ახალი სამყარო აღმომაჩენინა”,,მე ვარ დაუნის სინდრომით, მაგრამ მე მაგარი კაცი ვარ და ბევრი რამე შემიძლია!” – გვითხრა გიგო შიუკაშვილმა, როდესაც ინტერვიუს ჩასაწერად დედამისს, ქალბატონ ინგა სარჯველაძეს ვესტუმრეთ. გიგოს კედელზე ულამაზესი ნახატები აქვს გაკრული და ვერც მიხვდებით, რომ ისინი პროფესიონალი მხატვრის მიერ არ არის შესრულებული. უკრავს ფანდურზე, ტამტამზე. ფართო საზოგადოებამ კი ის წლების წინ პროექტ ,,იქს ფაქტორიდან” გაიცნო.

ის რომ ასეთი აქტიურია, დედის დამსახურებაა. ქალბატონი ინგა ,,სარკეს” იმ სირთულეებზე ესაუბრა, რაც დედა-შვილმა ერთად გამოიარეს და დაძლიეს.

“ჩემი დედიკო ანგელოზია. ის სულ გაღიმებულია, ლამაზია, მშვიდია და სულ მეფერება. ჩემი გადმოსახედიდან, სამშობლო და მშობლები უნდა გიყვარდეს”, – ამბობს გიგო.

ინგა სარჯველაძე:

– როცა გიგო შემეძინა, 21 წლის ვიყავი. მაშინ მოსკოვში ვცხოვრობდით. მას დაბადებისთანავე გულის მანკი დაუდგინეს და მეორე დღესვე ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. გიგოს დიაგნოზი ჩემი ოჯახის წევრებისთვის ცნობილი იყო, მაგრამ მათ დამზოგეს და არ მითხრეს. როცა სახლში წავედი, გიგუშა კი ბავშვთა კარდიოლოგიურ განყოფილებაში დატოვეს, შემდეგ მითხრეს მისი დიაგნოზი – დაუნის სინდრომი.

გიგო შიუკაშვილის დედა: ,,ჩემმა შვილმა ახალი სამყარო აღმომაჩენინა”– როგორ შეხვდით ამ დიაგნოზს?

– მშობელი, რომელმაც ორსულობის დროსვე იცის დიაგნოზი, შეგუებას ასწრებს და ნაკლებად სტრესულიც არის, მაგრამ, როცა არაფერი იცი და იმ საზოგადოების წევრი ხარ, რომელიც ასე სტიგმატიზირებულია, ამ ყველაფრის გადალახვა რთულია.

მიუხედავად ამისა, როცა ბავშვს ხელში აიყვან და შენად იგრძნობ, იქ ყველაფერი გავიწყდება.

გიგო როცა 6-7 თვის იყო, მოსკოვში დაუნის სინდრომის ასოციაცია აღმოვაჩინეთ. მის დამფუძნებლებს ასეთივე დიაგნოზით ჰყავდათ შვილი. მათ საზღვარგარეთული ნათარგმნი ლიტერატურა მომცეს.

ამ ლიტერატურით ახალი სამყარო გავხსენი. თურმე ისე არ ყოფილა, როგორც საავადმყოფოში მეუბნებოდნენ, ბავშვი დატოვე, ვერასდროს ისწავლის, ვერასდროს გიცნობს, ვერასდროს დაგიძახებს დედასო. დაუნის სინდრომით ბავშვები ჩვეულებრივად სწავლობენ, ყველაფრის მიღწევა შეიძლება, უბრალოდ მეტი შრომის ფასად. გიგოსთან ურთიერთობით ახალი სამყარო აღმოვაჩინე, რომელიც ძალიან საინტერესო, სიურპრიზებით სავსეა.

– როცა მოსკოვიდან საქართველოში ჩამოხვედით, აქ ადაპტირება, თავის დამკვიდრება გაგიჭირდათ?

– გიგო 2 წლის იყო, როცა საქართველოში წამოვედით. აქ დავაარსეთ დაუნის სინდრომის ასოციაცია, სპეციალისტები მოსკოვში გადავამზადეთ. ეს ორგანიზაცია ფინანსურად მთლიანად ჩვენს ოჯახზე იყო დამოკიდებული და მხოლოდ 2 წელი გავქაჩეთ. მთელი იმ პერიოდის განმავლობაში გენეტიკის ინსტიტუტში აღებულ მისამართებზე დავდიოდი და იმ ბავშვებს ვეძებდი, რომელთაც დაუნის სინდრომის დიაგნოზი ჰქონდათ, რომ ჩვენი ასოციაცია დახმარებოდა.

– როგორ გიღებდნენ იმ ოჯახებში, ადვილად შემოდიოდნენ კონტაქტში?

– აქაც უამრავ სირთულეს ვაწყდებოდი. ერთი მშობელი მიმტკიცებდა, ჩემს მეუღლეს ჩინელი ბებია ჰყავს და ბავშვს წვრილი თვალები ამიტომაც აქვს, რა უფლებით მეუბნები, რომ დაუნის სინდრომი აქვსო.

რამდენიმე ოჯახში ისიც შევამჩნიე, რომ შვილის დიაგნოზი მხოლოდ მამამ იცოდა. ხშირად სახლიდანაც კი გამოვუგდივარ მშობლებს, უთქვამთ, ვინ გითხრათ, რომ ჩვენს შვილს ეს სჭირსო, მაგრამ შემდეგ მოსულან ჩვენთან დახმარების მისაღებად.

გიგო შიუკაშვილის დედა: ,,ჩემმა შვილმა ახალი სამყარო აღმომაჩენინა”– თქვენ არასდროს გქონიათ სურვილი, გიგოს დიაგნოზი დაგემალათ?
– არასოდეს! ყოველთვის ამაყად ვაღებდი კარს და გიგოსთან ერთად გარეთ გავდიოდი.

ადავწყვიტე, თეატრალურ სტუდია “ლურჯა ცხენებში” მიმეყვანა. არ დამავიწყდება იქ მომუშავეთა სახეები, როცა გიგო დაინახეს. მითხრეს, სამი გაკვეთილი დავაკვირდებით, თუ ერთმანეთს ავეწყობით, შემდეგ გადავწყვიტოთ მისი დატოვებაო. ორ საათში გიგოს წამოსაყვანად რომ მივედი, პედაგოგი მორბოდა, ქალბატონო ინგა, თანახმა ვართ, დავიტოვოთ, გიგო თუ თანახმა იქნებაო.

თავიდან დღის ცენტრ “აისში” დავდიოდით და მათ გადაწყვიტეს, გიგო და ბავშვები თეატრალურ ხელოვნებაში ჩაერთოთ. რეჟისორი მოიყვანეს და გუნდმა მუშაობა დაიწყო. მაშინ გიგო 10 წლის იყო, პატარა უფლისწულს თამაშობდა. ეს იყო სასწაული! ყველა ბავშვი შშმ პირი იყო, მათთან ერთად კი მსახიობები და სტუდენტები თამაშობდნენ. გიგოს შესაძლებლობის მჯეროდა, მაგრამ 10 წლის ასაკში ამდენს თუ შეძლებდა და ამ დონეზე გარდაისახებოდა პატარა უფლისწულად, ამას არ ველოდი.

გიგო შიუკაშვილის დედა: ,,ჩემმა შვილმა ახალი სამყარო აღმომაჩენინა”– როგორც ვიცი, ცნობილი პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი გიგოს ბიძაა. გიგოს ხელოვნების სიყვარული ალბათ გენეტიკურად გადმოეცა.

– დიახ, ის გიგოს მამის ძმაა. შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნების სიყვარული მამის მხრიდან გამოჰყვა. ბიძას და ძმისშვილს ძალიან თბილი ურთიერთობა აქვთ. როცა ვალერიანის კონცერტი თბილისშია, გიგო ყოველთვის ესწრება. ვალერიანიც მიდის გიგოს სპექტაკლის სანახავად.

– სკოლაში როდის მიიყვანეთ გიგო?

– ბევრი ვიბრძოლე, რომ გიგო 7 წლის ასაკში სკოლაში მისულიყო. ყველა ავაწრიალე, მაგრამ ვერ შევძელი. ამისთვის არც გარემო იყო მზად და არც პედაგოგები.

ერთ დღეს მივხვდი, რომ იქ გიგო მხოლოდ დაფის ყურებას ისწავლიდა, მას სპეციალური პროგრამა არ ექნებოდა. ამიტომ დღის ცენტრში დამყავდა, შემდეგ – კერძო სკოლაში.

როგორც კი მივხვდი, რომ გარემო მზად იყო, 21-ე საჯარო სკოლაში პირდაპირ მე-6 კლასში მივიყვანე.

როგორც ვიცი, ქმარს გაშორებული ხართ. შვილის აღზრდაში გეხმარებათ გიგოს მამა?

– მარტოხელა დედა ვარ. გიგო 5 წლის იყო, როცა მე და ვახტანგი გავშორდით. მამა-შვილს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ. ერთიმეორეს ხშირად ურეკავენ.

ეკა ლემონჯავა, სარკე, 2016 წელი