განო მელითაური: ,,ზუზიკ, მაპატიე, რომ ვერ გადაგარჩინე”

განო მელითაური: ,,ზუზიკ, მაპატიე, რომ ვერ გადაგარჩინე"კოტე თოლორდავას მეუღლე განო მელითაური თავისი უახლოესი მეგობრის, მსახიობ ზაზა ბეჟაშვილის, იგივე ზუზუს შესახებ ფეისბუქში წერს:

,,ზუზიკ, მე ბაკურიანში ვარ ბავშვებით… ლიფტში გაგიშეშებია წამი. ეს სისულელე რომ წავიკითხე,  წელი გამიშეშდა და სიცხე მომცა. ვზივარ გაშეშებული წელით და ყველა მომენტის აღდგენას ვცდილობ 16 წლიდან მოყოლებული!

მაინც რა სულელპეტრე ხარ, ლიფტი რამ მოგაფიქრებინა?! ბოლოს რომ გნახე, მივხვდი, დაღლილი იყავი, მეგობარო. სულ მეფიქრებოდა, ვაითუ ვეღარ გაუძლოს-თქო…

ნუ გეშინია! ჩვენები გელოდებიან, გულში ჩაგიკრავენ, ლამაზ სახლში წაგიყვანენ, სადაც არ არსებობს დრო და მატერია, ქირის თანხა, შეუსრულებელი როლები და ბოროტი, უგულო, შურიანი და ზერელე ადამიანები! იქ ერთი დიდი სივრცეა ქარიზმატული გულებისთვის და აბა, შენ იცი, სისულელეების ჩადენაში ტოლი არ დაიყენო!

უბრალოდ, იცი, რაზე ვბრაზდები? ძალიან ადრე იყო ლიფტის ამბავი, რამდენჯერ გვიცინია ამ ყველაფერზე, გახსოვს? და სულ რომ მემალებოდი ბოლოს, ყელში გქონდა ჩემი ლექციები და მოტივაციის ასამაღლებელი პათეტიკური ტექსტები, თვითონაც რომ არ მჯეროდა და წინადადების დასრულებამდე ერთად ვიგუდებოდით სიცილით!

მაპატიე, რომ ვერ გადაგარჩინე, ვერ დაგეხმარე რეალიზებაში, რადგან ეს ერთადერთი იყო, რაც გულით გინდოდა, სხვა ყველა ცუდი შენი უდიდესი ტალანტის ციხეში ჩასმის ბრალი იყო… არაფერი გჭირდა ჩვენი დასახმარებელი, აქეთ დაგვეხმარებოდი, ამის საშუალება რომ მოეცათ.

მაპატიე ,,ბოლო გზა” და სახალხო დატირება აღემატება ჩემს ძალებს, მანდ ვერ დაგინახავ… შენ ეს ყველაზე კარგად იცი! მე შენ ცოცხალი მემახსოვრები, დროებით… ცისფერ ბურთში,  მეგობარო, უკვე ძალიან დავცოტავდით…

მძულხართ ყველა, ვისაც მისი დახმარება შეეძლო და არ დაეხმარა, რეჟისორები, განსაკუთრებით ისინი, პერფექტობას რომ თამაშობთ და ნახევარი თბილისი რომ ჩაალპეთ ბიოში, უგულოები და უმრწამსოები ხართ! თქვენთვის არაფერი არსებობს ფულის და საკუთარი ინტერესების გარდა!

არ დამავიწყდება არასდროს, ერთ-ერთ მსახიობს მეგობარი დაეღუპა საკუთარ დაბადების დღეზე (თავი ჩამოიხრჩო) და ალკოჰოლის მიღების გამო გააგდეთ, როცა თავად ჩალპით ნარკოტიკებში, დაეღუპა მამა და გახმოვანებაზე მიიყვანეთ, სახლში ჯერ არ გადმოსვენებული ადამიანის ფონზე!

უნამუსოები ხართ ყველა ტელევიზია და პროდიუსერი, ვისაც ელემენტარულიი სამსახურის მიცემა შეგეძლოთ და არ მიეცით, მოტივით, რომ ხასიათი არ ჰქონდა კარგი, ჰქონდა პრობლემები. ეს პრობლემები იმის გამო ჰქონდა, რომ დაატყვევეთ და გაჭირვებაში ამოჰხადეთ სული! ყველა მისი ნათესავი და შეძლებული ამხანაგი დღეს მოჩვენებით ცრემლებს რომ ღვრით! ვინც ფეხებზე დაიკიდეთ! ყველა, ვინც ხელს უწყობდით, ცუდად ყოფილიყო, რათა თავად კარგი დრო გაგეტარებინათ!
ჩვენ ვაკეთებდით ყველაფერს, რაც შეგვეძლო ამ რეალობაში, მე პირადად სიყვარულის და დარიგებების გარდა აღარაფერი შემეძლო მნიშვნელოვანი (რაც რეალურად შეუმსუბუქებდა ყოფას) მისთვის მიმეცა ბოლო პერიოდში, რადგან ჩამოვშორდი კინოს, ტელევიზიას და ყველაფერს, რაც წინა ცხოვრებას გამახსენებდა.

რამდენ ადამიანს ჰყვარებიხარ, როგორ ვერც ერთმა ვერ მოვიცალეთ შენთვის?..

პ.ს. ნინი დედალამაზიშვილი – ძალიან მიყვარხარ, იმიტომ, რომ ბევრი მცდელობა გქონდა და ნამდვილი მეგობარი იყავი ზუზუსთვის და ახლა მანდ ყოფნა შეძელი, მე ეს აღარ შემიძლია გაშეშებული ვზივარ და 3 ბავშვს ვერ ვტოვებ. ჩემი გული ხარ, ნინი!”.