ნია წივწივაძე: “ბევრი თაყვანისმცემელი მწერს, მაგრამ ჩემი შეყვარებული არ ეჭვიანობს”

“მის საქართველო 2017”, ნია წივწივაძე, დიდ სამზადისშია, ნოემბერში “მის მსოფლიოს” კონკურსზე უნდა გაემგზავროს და ცდილობს, შემოდგომისთვის იდეალურ ფორმაში იყოს. სავარაუდოდ, კონკურსი ჩინეთში ჩატარდება. ქართველი ლამაზანი იქ ერთი თვით ადრე ჩავა და სხვადასხვა ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. მისი საქმრო, ფეხბურთელი ნიკა ჭანტურია, მის გვერდით ყოფნას ვერ მოახერხებს, საყვარელ ქალს საქართველოდან უგულშემატკივრებს.

– ნია, მოგვიყევით, როგორ შეიცვალა ამ ერთ წელიწადში თქვენი ცხოვრება, რაც “მის საქართველოს” გვირგვინი დაიდგით.

– ახლა ერთ-ერთი საინტერესო პერიოდი მაქვს, რომელიც ყველაზე კარგად უნდა გამოვიყენო, რომ დამამახსოვრდეს. ჩემს ცხოვრებაში საინტერესო ცვლილებები დაიწყო. ეს სტატუსი საპასუხისმგებლოა, რადგან ყოველთვის ფორმაში უნდა ვიყო. ისეთი ბავშვური და ბიჭური ვეღარ ვიქნები, როგორიც ადრე. გარეთ როცა გავდივარ, ყოველთვის ყურადღების ცენტრში ვარ, ყველა მიყურებს, მაკვირდება, ფიქრობენ, ვიმსახურებდი თუ არა “მის საქართველოს” ტიტულს. ვცდილობ, ყოველთვის მაქსიმალურად კარგად გამოვიყურებოდე, უკეთესი გავხდე და ჩემზე თქვან, იმსახურებდაო.

– მანამდე თქვენც ასე აკვირდებოდით წინამორბედებს, იმსახურებდნენ თუ არა ამ სტატუსს?

– ვერ გეტყვით, რომ ვაკვირდებოდი და ჩასაფრებული ვიყავი. გამარჯვებულებიდან უნდა გამოვყო ჩემი მეგობარი, ნუკა ყარალაშვილი, რომელიც ამ კონკურსამდეც ძალიან ლამაზი გოგო იყო და, რაც “მის საქართველო” გახდა, უფრო გალამაზდა, თავდაჯერებული გახდა. მისი პროგრესით ბევრ რამეს ვსწავლობ.

– მაინც რა ისწავლეთ და რა რჩევებს გაძლევთ მეგობარი?

– სულ მეუბნება, რომ თავდაჯერებული ვიყო და, რაც მთავარია, ძალიან ხშირად გავიღიმო. დადებითი, პოზიტიური რომ ჩანს ადამიანი, უფრო კარგია, ვიდრე მოღუშული და ცუდ ხასიათზე რომ არის.

– ნუკასთან ერთად ბევრ დროს ატარებთ?

– კი, მაგრამ ის ახლა ტაილანდშია სამოდელო კონტრაქტით. ნუკა ჩემი ნათესავიცაა – ძმისშვილის (კალათბურთელ ბექა წივწივაძის და ტელეწამყვანისა და მოდელის, მანიკა ასათიანის, ვაჟი. ავტ.) ნათლიაა, ამიტომ ხშირად ვართ ერთად, განსაკუთრებით, ზაფხულში, ბათუმში.

– თქვენი გული დაკავებული რომ არის, ალბათ ყველამ არ იცის და ბევრ თაყვანისმცემელ მამაკაცს შეიძენდით.

– კი და ძალიან ბევრი მწერს სოციალურ ქსელშიც. ეს ალბათ ნებისმიერი ქალისთვის სასიამოვნოა და მათ შორის – ჩემთვის, ცუდად არაფერი მიმიღია. კომპლიმენტები, თუნდაც ბანალური კითხვები ალბათ არასდროს მომბეზრდება.

– შეყვარებული ხომ არ ეჭვიანობს ხოლმე?

– არა, რა თქმა უნდა.

– როგორ ემზადებით “მის მსოფლიოს” გრანდიოზული კონკურსისთვის?

– მზადება დიდი ხნის წინ დავიწყე და ახლა უკვე გადამწყვეტ ფაზაში შევედი. კონკურსი ნოემბერში ჩატარდება, მე კი იქ ერთი თვით ადრე, ოქტომბერში, მომიწევს ჩასვლა. გამოცდილება “მის საქართველოზე” მივიღე და ვეცდები, კიდევ უფრო მომზადებული წავიდე. იქ გასასვლელად გოგოები წლობით ემზადებიან.

ახლა ჩემთვის ყველაზე მთავარი ვარჯიში და სწორი კვებაა, რომ ფორმაში ვიყო. ვარჯიში დიდ სტიმულს და თავდაჯერებას მმატებს. ვარჯიშიდან რომ გამოვდივარ, მგონია, ამქვეყნად ყველაფერი შემიძლია. წინა წლების მონაწილეების, გამარჯვებულების ვიდეოებს ვუყურებ, ინტერვიუებს ვკითხულობ. ეს მეხმარება, გავიგო, რა გავაკეთო, უკეთესი რა არის წარსადგენად და ა.შ.

– უკვე იცით, რას ჩაიცვამთ?

– ჯერ არ ვიცი, ვინ ჩამაცმევს, როგორი სტილის კაბას ავარჩევ. მინდა, იყოს ღია ფერის და გრძელი. დანარჩენი ჯერ არ მომიფიქრებია, რადგან ძალიან ბევრი ვარიანტი მაქვს. ამას გარდა, ვსწავლობ მაკიაჟის გაკეთებასაც, რადგან შესაძლოა, მაკიაჟის გაკეთება თვითონ მომიწიოს.

– რომელი ნაკვთი გინდათ გამოყოთ, ხაზი გაუსვათ, რომ კიდევ უფრო ლამაზი გამოჩნდეთ?

– ალბათ თვალი. მკვეთრი, მუქი მაკიაჟი არ მიყვარს, არ მიხდება და ასაკს მმატებს. მსუბუქი და ღია ფერების მაკიაჟი მომწონს.

– ჩინეთში ნამყოფი ხართ?

– კი, 5 წლის წინ, 19 წლის ასაკში შანხაიში ვიყავი, როგორც მოდელი. მაშინ პირველად ვიმოგზაურე მარტომ. ძალიან მომეწონა შანხაი, კარგი ქალაქია. ამ შემთხვევაში კუნძულზე მომიწევს წასვლა, რადიკალურად განსხვავებული ადგილი იქნება.

– შეყვარებულიც წამოგყვებათ “მის მსოფლიოს” კონკურსზე?

– სამწუხაროდ, არა. იმ პერიოდში, როცა მე წასვლა მიწევს, ფეხბურთის სეზონია და ალბათ ვერ მოახერხებს. ინტერნეტში პირდაპირი ეთერი იქნება და აქედან მიგულშემატკივრებს.

– მალე გათხოვებას ხომ არ გეგმავთ?

– ჯერჯერობით არ გვეჩქარება. ნიკუშასაც თავისი საქმე, კარიერა აქვს, რომელიც დასალაგებელია. როცა მე ჩემსას დავალაგებ, ის კი – თავისას, ალბათ ოჯახის შექმნაზეც ვიფიქრებთ.

ეკა ლემონჯავა, სარკე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018