ზურაბ ხიზანიშვილი: “შერიგებისკენ სალომე დგამს ხოლმე პირველ ნაბიჯს”

ზურაბ ხიზანიშვილი: "შერიგებისკენ სალომე დგამს ხოლმე პირველ ნაბიჯს"ცნობილი წყვილის, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილის მცველის, ზურაბ ხიზანიშვილისა და დიზაინერის, ყოფილი მოდელის, სალომე ღვინიაშვილის ცხოვრებაში ცვლილებებია. აქამდე თუ სალომეს უწევდა ზურაბის საქმის გამო დათმობებზე წასვლა, ახლა პირიქით არის, ზურაბი უწყობს ხელს სალომეს, რომ ახალ საქმეში, ტელევიზიაში, დაიმკვიდროს თავი.

13 წელია, რაც ერთად არიან. ამ ხნის განმავლობაში ხშირად უწევდათ ცალ-ცალკე ცხოვრება, რადგან ზურაბი უცხოეთში თამაშობდა. ახლა კი საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ სახლშია. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ კვლავ ამ სფეროში ყოფნა გადაწყვიტა და დღეს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის გუნდს წვრთნის, ასევე საქართველოს 21 წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტია.

– ზურაბ, მართალია, ისევ თქვენი საყვარელი სპორტის სახეობაში ხართ, მაგრამ მოედნის მიღმა. გაგიჭირდათ ამასთან შეგუება?

– იოლი ნამდვილად არ იყო, რადგან ამდენი წელი როგორც ნაკრების, ასევე საკლუბო დონეზე ვთამაშობდი. ამ გადაწყვეტილების მიღებას ის მიადვილებდა, რომ სანამ კარიერას დავასრულებდი, სამწვრთნელო კარიერის შექმნა დავიწყე. ასე თუ ისე, საკუთარი თავი შევამზადე. ამან გამიადვილა ყველაფერი.

სფერო იგივეა, განსხვავება პოზიციაა – როდესაც ფეხბურთელი ხარ, მხოლოდ საკუთარ თავს ეკუთვნი. მწვრთნელს კი ბევრი ფიქრი და პასუხისმგებლობის აღება უწევს როგორც საკუთარ თავზე, ასევე 23-25 ფეხბურთელზე, სტაფზე, რომელიც გუნდში ჰყავს. ყველასთან ძალიან მეგობრულად უნდა იყო.

– ხშირად ისმის საყვედური, რომ ქართული ფეხბურთი ჩაკვდა. თქვენ ახალგაზრდა თაობასთან მუშაობთ. ხედავთ მათში პოტენციალს, შეძლებენ თავიანთი სიტყვის თქმას?

– ის, რომ ქართული ფეხბურთი ჩაკვდა, არის ჰაერზე ნათქვამი სიტყვები და ძალიან დილეტანტური. მე ჩამკვდარ ფეხბურთში არ მოვსულვარ, რომ ეს სფერო ამოვწიო. მე მოვედი იმიტომ, რომ ფეხბურთი მიყვარს. საქართველოში სპორტის ეს სახეობა არასდროს ჩაკვდება. ამ ახალგაზრდებში არის პოტენციალი, რომ ხვალ და ზეგ ეროვნულ ნაკრებში ითამაშონ.

– დღეს უფრო მეტი თავისუფალი დრო გაქვთ, ვიდრე მაშინ, როცა თამაშობდით?

– მაშინ უფრო მეტი დრო მქონდა, ვიდრე ახლა. იმ პერიოდში მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ მევარჯიშა, შემესრულებინა მწვრთნელის დავალებები. ეს ყველაფერი დაახლოებით 3 საათი გრძელდებოდა, შემდეგ უკვე ჩემი ცხოვრების რიტმი მქონდა.

ახლა რადიკალურად განსხვავებული გრაფიკი მაქვს – ფეხბურთელებზე ადრე მივდივარ, ვგეგმავ სავარჯიშო პროცესს და სხვა ნიუანსებს. ვარჯიშის შემდეგ კი ვრჩები, რომ მეორე დღის ვარჯიშები გავწერო.

– თამაშობდით ინგლისში, თურქეთში, აზერბაიჯანში, ახლა საკუთარ ქვეყანაში, სახლში ხართ და შვილებს ყოველდღე ხედავთ, ხშირად აქვეყნებთ მათთან ერთად გადაღებულ ვიდეოებს, სურათებს. ალბათ ახლა მეტად დაუახლოვდით მათ.

– როდესაც ევროპაში ვთამაშობდი, ბავშვებთან მანძილი მაშორებდა. როცა თურქეთში გადავედი სათამაშოდ, სალომე და ბავშვები საქართველოში გადმოვიყვანე. არ მინდოდა, რომ ეწვალათ. განსაკუთრებით ბავშვებს უჭირდათ. ქალაქიდან ქალაქში გადავდიოდით, ენას, მეგობრებს იცვლიდნენ. ამიტომ გადავწყვიტეთ საქართველოში დაბინავება.

სახლში რომ მივდივარ, სანამ დაიძინებენ, ვცდილობ, მათ გვერდით ვიყო. ჩემი გოგოები 11 წლის და 9 წლის არიან. ჩვენ შორის არასდროს დამდგარა საკითხი ასე – “მინდა და მორჩა”. მამაშვილური კი არა, უფრო მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. პატარა ეჭვიანობს კიდეც სალომეზე.

– როცა თქვენი ცოლი თოქ-შოუ “პრაიმ შოუს” ერთ-ერთი წამყვანი გახდა, როგორ შეხვდით ამ ამბავს?

– როდესაც სალომემ ეს იდეა გამანდო, გავაფრთხილე, რომ ძალიან გაუჭირდებოდა, რადგან მისი სფერო არ იყო. დღესაც ვფიქრობ, რომ ასეა. თავიდან რამდენიმე გადაცემას დაძაბული ვუსმენდი. ვერ წარმომედგინა, თუ ასე უცებ აუღებდა ალღოს ჟურნალისტის პროფესიას. ბევრ კარგ ჟურნალისტს ვერ შევადარებ, მაგრამ ვერც დამწყებად ჩავთვლი, რადგან ძალიან წინ წავიდა.

ზოგადად, რასაც ხელს მოჰკიდებს, ყველაფერს პროფესიონალურად აკეთებს. სალომეთი ძალიან ვამაყობ.

– სალომემ “სარკესთან” თქვა, რომ არც მის კრიტიკას ერიდებით და რჩევებსაც აძლევთ.

– იყო თემები, რომლებზეც მე სხვა აზრი მქონდა, სალომემ კი სულ სხვა აზრი დააფიქსირა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ყოველთვის მართალი ვიყავი. კამათის დროს საღ აზრამდე მივდიოდით.

– სალომეს თბილისიდან, ზოგჯერ კი ქვეყნიდანაც გასვლა უწევს, ახლახან ისრაელში იყო, მაცხოვრის საფლავი გადაიღეს. პრეტენზიებს არ გამოთქვამთ, როცა გარკვეული დროით ოჯახს წყდება?

– ეგრე რომ მეფიქრა, მაშინ ცოლი ვეღარ უნდა მომეყვანა, რადგან ფეხბურთელის რეჟიმიც დატვირთულია, ორი კვირა სახლში ხარ და ათი დღე – არა. ძალიან ძნელია, მაგრამ ეს ჩემთვის მისაღებია, რადგან საქმე მოითხოვს. შეიძლება მწყინდეს, რომ ყოველთვის ერთად არ ვართ, მაგრამ იმასაც ვითვალისწინებ, როდესაც მე ვთამაშობდი, სალომე საერთოდ ვერ მნახულობდა. ასე რომ, ვუგებ.

– როგორი გახდა თქვენი ურთიერთობა, ოჯახური ცხოვრება წლების შემდეგ?

– ერთმანეთს დიდმა სიყვარულმა დაგვაკავშირა და დღესაც ასე ვართ. ხომ ამბობენ, ცოლად როცა მოიყვან, სიყვარული ქრებაო, ჩვენს შემთხვევაში უფრო გაღრმავდა, თანაც ბავშვები წამოვიდნენ წინა პლანზე.

ყველაზე კარგი ის არის, რომ ვგრძნობ, ბავშვების გამო კი არ ვინარჩუნებთ ოჯახს, არამედ იმიტომ, რომ ერთმანეთი გვიყვარს. 13 წელია, რაც ერთად ვართ და ამით ვამაყობ. ამ 13 წლის განმავლობაში მყარი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა.

– ანუ ოჯახურმა ყოფამ, ბავშვებზე ზრუნვამ თქვენი სიყვარული ვერ გადაფარა?

– აბსოლუტურად სწორი ნათქვამია, რომ ბავშვს მეტი ყურადღება სჭირდება. თუ ცოლის გამო ხელს მოიჭრი, შვილების გამო თავს მოიჭრი, თუმცა ცოლ-ქმარი როცა მხოლოდ ბავშვების გამოა ერთად, ჩათვალეთ, რომ, როდესაც ბავშვები მათთან აღარ იქნებიან, აღარც ერთად იცხოვრებენ.

– არ არსებობს ოჯახი, სადაც უთანხმოება, კამათი არ იქნება. თქვენ როგორ აგვარებთ ასეთ სიტუაციებს, შერიგებისკენ პირველად ვინ დგამს ნაბიჯს?

– შერიგებისკენ უფრო სალომე დგამს ხოლმე პირველ ნაბიჯს. კონფლიქტი ყოველთვის იყო და იქნება, ამის გარეშე არც სიყვარული არსებობს. იდეალური ცხოვრებაში არაფერია და არც ერთი წყვილია იდეალური. თუ ჩხუბი ხელის დარტყმაში არ გადაიზარდა, სიტყვიერი კონფლიქტი თუ აზრთა სხვადასხვაობა უფრო ამყარებს ურთიერთობას.

– თქვენს ურთიერთობაში არის ეჭვიანობა?

– ხშირად უკითხავთ სალომესთვის, ხიზანა სულ დადის და არ ეჭვიანობო. ახლა იმავეს მე მეკითხებიან, მაგრამ ნამდვილად არ ვეჭვიანობთ. შეიძლება ვიღაცამ ჩათვალოს, ერთმანეთი არ უყვართ და არ აინტერესებთო, მაგრამ ვერ ვეჭვიანობ, რადგანცხოვრებაში არ ვყოფილვარ ეჭვიანი. თუ ქალმა საბაბი მოგცა, რა თქმა უნდა, იეჭვიანებ, მაგრამ ამ 13 წლის განმავლობაში არ მახსოვს შემთხვევა, ვინმეზე ან რამეზე მეეჭვიანა.

მარი მგალობლიშვილი, სარკე