ვინ გაუცრუა იმედი თათული ედიშერაშვილს – “სიშიშვლე ჩემთვის არ არის სითამამე. სიშიშვლით დღეს ვინ უნდა გააკვირვო”

ვინ გაუცრუა იმედი თათული ედიშერაშვილს - "სიშიშვლე ჩემთვის არ არის სითამამე. სიშიშვლით დღეს ვინ უნდა გააკვირვო”მსახიობ თათული ედიშერაშვილს უკვე იმხელა გამოცდილება დაუგროვდა, რომ თავს უფლებას აძლევს, გარკვეულ როლებზე უარი თქვას. თუკი ფიქრობს, რომ რომელიმე რეჟისორთან ვერ იმუშავებს ან კონკრეტული მსახიობი კარგ პარტნიორობას ვერ გაუწევს, მაღალი ჰონორარის გამოც არ თანხმდება თამაშს.

თათულის ცხოვრებიდან ჯერჯერობით გაქრა ტელეეკრანი, სერიალები, რითიც თავის დროზე გაიცნო მაყურებელმა, მაგრამ მათი ადგილი სხვა რაღაცებმა შეავსო. მას ერთ-ერთ რადიოში კულინარიული გადაცემა მიჰყავს, ახმეტელის თეატრის დასის წევრია და ყველაზე მთავარი – ორი გოგონას დედაა.

– თათული, დასაწყისიდან დღემდე პროფესიულ გზაზე ბევრი რთული ეტაპი გაიარეთ?

– ბევრი სირთულე იყო და იქნება, ასევე იყო ბევრი სიხარული და მომავალშიც აუცილებლად იქნება. მე არ ვარ მსახიობი, რომელსაც ეშინია სირთულეების, თუმცა გარისკვა ნაკლებად მიყვარს.

პროფესიაში რისკი არ ნიშნავს თამამ განცხადებებს, პროფესიაში რისკი ნიშნავს საკუთარი ძალების მოსინჯვას და გამოცდილებას. საინტერესოს კეთებას სჭირდება გარკვეული რისკი, მაგრამ აქაც საჭიროა ზომიერების დაცვა. ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანთან მიმუშავია. ამ წუთში სატელევიზიო კუთხით პაუზა მაქვს, რაც შეეხება თეატრს, აქაც რამდენიმე შემოთავაზებაზე უარი ვთქვი.

– როლებზე უარის თქმა საქართველოში მსახიობისთვის დიდი ფუფუნება ხომ არ არის?

– მსახიობი ოდნავ თუ მაინც დაეჭვდები შემოთავაზებულ როლში, იმაში, რამდენად შენია ან რამდენად შეგიძლია კონკრეტულ ადამიანთან მუშაობა, უარი უნდა თქვა და დრო ტყუილად არ უნდა დახარჯო. ექსპერიმენტები მაშინ მიყვარს, თუ მეიმედება მეწყვილე, რეჟისორი და ა.შ. მე მიყვარს შრომა და მუდმივად ამ რეჟიმში ვარ, თუმცა ყველაფერზე თავს ვერ დავაქნევ.

– ე.წ. თამამ როლებზე უარი გითქვამთ?

– სითამამეს ცოტა არასწორად აღიქვამენ ხოლმე. ჩემთვის არტისტის სითამამე არის ის, როდესაც რეპეტიციაზე რეჟისორს მიუტან 10 ვერსიას და თამამად აკეთებ შენს საქმეს. ასევე სითამამეა, როდესაც გამოთქვამ შენს აზრს, სვამ კითხვებს… სცენაზე შიშველი გამოსვლა არაა სითამამე. ჩემი აზრით, პროფესიაში სითამამე პროფესიონალიზმია.

– კომპლექსიანი ხართ?

– რა თქმა უნდა, ვარ. არ ვიცი, რამდენად გამოვხატავ, ყოველ შემთხვევაში, არც ვმალავ და ამის გამო არ ვიპრანჭები. ზუსტად ვიცი, სადამდე უნდა მივიდე.

– არის ისეთი გმირი, რომელსაც ვერ ან არ ითამაშებთ?

– მსახიობს ყოველთვის ჰგონია, რომ ითამაშებს. შესაძლოა, უარი ვთქვა კონკრეტულ პარტნიორზე, მაგრამ არა – ჩემს პერსონაჟზე. არტისტი უარს ამბობს მაშინ, როდესაც ნდობა არ აქვს რეჟისორის ან პარტნიორის. მე არასოდეს შემომთავაზებენ ჯულიეტას როლს.

– ახმეტელის თეატრში თამაშობდით სპექტაკლში “რომეო და ჯულიეტა”…

– კი, ვთამაშობდი ძიძის როლს. ცოტა სხვანაირი ვერსია გააკეთეს.

– დიახ, ეს სპექტაკლი ძალიან განსხვავდებოდა სხვა ვერსიებისგან.

– აბსოლუტურად განსხვავებული იყო თავისი პერსონაჟებით. რომეო და ჯულიეტა მეორე პლანზე იყვნენ გადაწეული და სხვა პერსონაჟები უფრო ამბობდნენ სათქმელს.

– მეტი სიშიშვლე იყო…

– იყო სიშიშვლე და, აი, ეგ სიშიშვლე ჩემთვის არ არის სითამამე. სიშიშვლით დღეს ვინ უნდა გააკვირვო, რა უნდა გააკეთო ისეთი, რომ ამით შენი ადგილი დაიმკვიდრო? ეს ძალიან დროებითია, ქრება, აღარ არის ხოლმე საინტერესო.

– მაღალი ანაზღაურების გამოც არ დათანხმდებით თქვენთვის არასასურველ წინადადებას?

– მიუხედავად იმისა, რომ ყველას გვჭირდება კარგი ჰონორარი, ანაზღაურების გამო ვერასოდეს დავთანხმდები ჩემთვის მიუღებელ წინადადებას ანუ როლს.

– ძლიერი იმედგაცრუება გამოგიცდიათ?

– რა თქმა უნდა, მქონია და ახლაც ისეთი პერიოდი მაქვს, რომ… ძალიან მნიშვნელოვანმა ადამიანებმა გამიცრუეს იმედი.

– და ხელი ჩაიქნიეთ?

– არასოდეს. მსგავს რაღაცებს ვერ ვიტან. ვყოფილვარ ცუდად, განმიცდია, ბევრი მინერვიულია, მიტირია კიდეც, მაგრამ ხელი არასდროს ჩამიქნევია. დილა რომ თენდება და მზე ამოდის, ვიწყებ ბრძოლას, ახალ ცხოვრებას. და ეს ბრძოლა არ ნიშნავს ადამიანების შეწუხებას და კარზე კაკუნს.

– ისეთ სფეროში ხართ, სადაც მუდმივად ტრიალებს ე.წ. დაბლოკვის თემა, დაუნდობელი კონკურენციაზე და ა.შ. ეს ალბათ თქვენც შეგხებიათ.

– ჯანსაღ კონკურენციას მივესალმები, რადგან შენს პროფესიაში სხვანაირად ვერ გაიზრდები. დაბლოკვაზე კი ხმამაღლა საუბარიც მეუხერხულება. ასეთ ადამიანებს შური ამოძრავებთ და არასრულფასოვნების კომპლექსი აქვთ. შეიძლება იყოს ძალიან ნიჭიერი, კარგი, წარმატებული, მაგრამ სიხარბე არ ასვენებდეს.

– რატომ ხდება, რომ დღეს მსახიობები არაპროფესიონალებმა ჩაანაცვლეს? ვგულისხმობ ტელეპროექტებს, სადაც ბევრი არაპროფესიონალი მონაწილეობს, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ ნიჭიერები.

– დიპლომი არ ნიშნავს პროფესიონალიზმს. ჩემთვის ის ადამიანები არიან პროფესიონალები, რომლებიც პროფესიით მსახიობები არ არიან, მაგრამ ბევრ არტისტზე უკეთ თამაშობენ. ისინი არასოდეს მოვლენ და შენს ადგილს არ დაიკავებენ თეატრში ან მაღალ ხელოვნებაში, არც შემოგედავებიან.

მათ ჰყავთ თავიანთი მაყურებელი და უნდა ჰყავდეთ კიდეც, რატომაც არა? ძალიან ბევრი დიპლომიანი მსახიობი გვყავს, რომლებსაც ერთი დღეც არ უმუშავიათ.

– ბევრჯერ მოგეცათ შანსი, რომ წინ წასულიყავით და ყოველთვის გამოიყენეთ?

– ღმერთმა ბევრჯერ მომცა კარგი შანსი და ვფიქრობ, რომ გამოვიყენე. პირველი შანსი მაშინ მომეცა, როდესაც აღმოვჩნდი თეატრალურ უნივერსიტეტში, სწორედ იქ, სადაც უნდა ვყოფილიყავი, ვგულისხმობ ჩემს პედაგოგს შალვა გაწერელიას. მეორე შანსი იყო, როდესაც “თავისუფალ თეატრში” მოვხვდი, შემდეგი შანსი იყო სერიალი “შუა ქალაქში”, ამის შემდეგ აღმოვჩნდი ახმეტელის თეატრში. ყველაზე დიდი შანსი კი, რაც ღმერთისგან მომეცა, ჩემი შვილები არიან.

– იყო შანსი, რომელიც ხელიდან გაუშვით?

– რა თქმა უნდა. მინანია, მაგრამ მალევე დამვიწყებია. დღეს სხვანაირად მოვიქცევი. ბევრად უფრო ფრთხილი გავხდი.

– დაბოლოს, რას ელით ცხოვრებისგან?

– ბევრ კარგ ამბავს. საერთოდ, ძალიან ოპტიმისტი ვარ. მადლიერი, მაგრამ არა – თვითკმაყოფილი.

გიორგი საკარული, სარკე