რატომ ჩამოშორდა ხათუნა კოტრიკაძე ეკრანს – “ქმარი ძალიან ეჭვიანი ჰყავს, კატეგორიულად აუკრძალა კინო”

რატომ ჩამოშორდა ხათუნა კოტრიკაძე ეკრანს - "ქმარი ძალიან ეჭვიანი ჰყავს, კატეგორიულად აუკრძალა კინო"ბავშვურად უმანკო გამოხედვით, ნატიფი, ლამაზი, გამორჩეული ხიბლის მქონე გოგონა ცხვირზე საყვარელი ჭორფლით – ხათუნა კოტრიკაძე. “მეთხუთმეტე გაზაფხული”, “მოიტაცეს თამარ ქალი”, “მხიარული რომანი” – ამ სამ არაჩვეულებრივ ფილმში გაიელვა და მისი სამსახიობო კარიერა ამით დამთავრდა. მაშინ ითქვა, რომ კინოში სათამაშოდ ქმარმა არ გაუშვა, მაგრამ, როგორც გავიგეთ, კინო არც მისთვის ყოფილა ყველაზე მნიშვნელოვანი. ამ მშვენიერი ქალის შესახებ საზოგადოებამ ნაკლებად თუ იცის რამე.

“სარკის” არქივში ინახება ინტერვიუ, რომელიც 2003 წელს ხათუნა კოტრიკაძის დედასთან, ნანული ნიშნიანიძესთან, არის ჩაწერილი.

ხათუნა კოტრიკაძე ცნობილი ფეხბურთელის, ალიოშა კოტრიკაძის ქალიშვილია. ახალგაზრდა ნანულიმ მაშინ გაიცნო მომავალი ქმარი, როცა ალიოშა ვარაზისხევში, მათ მეზობლად დასახლდა.

“ცოტა მიქროდა თავში და სერიოზულად არ მივიღე მისი ჩემდამი დიდი ყურადღება. მერე კი უბედნიერესი ქალი ვიყავი მასთან. მისგან ერთი ხმამაღალი სიტყვა არ მახსოვს, ძალიან წყნარი, დამთმობი, უპრობლემო იყო, ჩემგან განსხვავებით და ვთვლი, რომ ამიტომაც გვქონდა კარგი ოჯახი”, – ამბობს ქალბატონი ნანული.

ცოლ-ქმარს ქალ-ვაჟი შეეძინა. ხათუნა 17 წლის იყო, როდესაც თბილისის “დინამოს” მეკარეს, დავით გოგიას, ცოლად გაჰყვა. მას ძალიან არ უყვარს ინტერვიუების მიცემა. მეტიც, ცხოვრებაში მხოლოდ ერთადერთხელ უსაუბრია ჟურნალისტთან და ამას ოჯახის სხვა წევრებსაც უკრძალავს, მაგრამ “სარკისთვის” გამონაკლისი დაუშვა და დედას ნება დართო.

ნანული ნიშნიანიძე:

– ხათუნა თბილისში 1955 წელს დაიბადა. ბავშვობიდანვე ნიჭიერი იყო. 4 წლისამ ასოების ცნობა და ანგარიში ისწავლა. დედაჩემმა და ჩემმა ძმამ გაზარდეს. ორივე უგანათლებულესი ადამიანი იყო. ხუთებზე სწავლობდა. პრინციპული ადამიანია და, რაც სწამდა, იმას აკეთებდა. მსახიობობა ბავშვობიდანვე უნდოდა, მაგრამ, როდესაც ეს შესაძლებლობა მიეცა, აღარ ისურვა.

სამ ფილმში გადაიღეს და მისი კარიერა ამით შეწყდა. ეს იმანაც განაპირობა, რომ ქმარი ძალიან ეჭვიანი ჰყავს, კატეგორიულად აუკრძალა კინო. მამამისი 4 წლის წინ 69 წლის ასაკში ყელის სიმსივნით გარდაიცვალა. ხათუნას განსაკუთრებულად უყვარდა იგი და მამასაც გამორჩეულად უყვარდა.

– რაში ამჟღავნებდა ხათუნა პრინციპულობას?

– თუ იტყოდა, ამა და ამ ადგილას მინდა წასვლაო და უარს ვეტყოდით, აღარასოდეს დაგველაპარაკებოდა ამ თემაზე, არ შეგვაწუხებდა. ერთადერთი უნებართვო ნაბიჯი, რომელიც მან გადადგა, დათო გოგიაზე გათხოვება იყო. ამით იმის თქმა კი არ მინდა, რომ ჩვენ არ გვინდოდა დათო, უბრალოდ, ჯერ არ იყო მისი გათხოვების დრო. თითქოს დამჯერი იყო, მაგრამ მაინც გვეწინააღმდეგებოდა, თუ რამე არ უნდოდა.

სკოლა ახალი დამთავრებული ჰქონდა, ვეუბნებოდით, ჯერ უმაღლესში ჩააბარე და მერე გათხოვდი-თქო, მაგრამ მაინც გაჰყვა, თუმცა ვერ გეტყვით, რომ ამ კაცთან უბედურია.

– დათოს მანამდე იცნობდით?

– ჩემი მეუღლის მოწაფე იყო და ყოველთვის მოდიოდა ჩვენს ოჯახში. ხათუნას ძალიან დიდი ეჩვენებოდა და უყურებდა, როგორც თავისზე ძალიან უფროს კაცს. დათო მასზე 9 წლით უფროსია. ხათუნა ჩემთან ყველაფერს ლაპარაკობდა, მისი ყოველი ნაბიჯი ვიცოდი, ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვქონდა.

ხათოზე ზუსტად 20 წლით ვარ დიდი. ჩვენ ერთ დღეს, 31 ივლისს ვართ დაბადებული. ყოველთვის ჩემი ყურადღების ქვეშ იყო. სკოლაში, კინოში, სადაც მას იღებდნენ, ყველგან ხელჩაკიდებული დამყავდა.

– დათოზე გეუბნებოდათ რამეს?

– ვიცოდი, რომ მოსწონდა, იმიტომ, რომ დათო ჩამოყალიბებული კაცი იყო. თავისი ტოლი ბიჭები მაინცდამაინც არ მოსწონდა. თვითონაც ყოველთვის სერიოზული გოგო იყო.

– თავად დათომ თუ გითხრათ, რომ თქვენი ქალიშვილი შეუყვარდა?

– რა თქმა უნდა, აბა, როგორ გაბედავდა თავისი მწვრთნელის თავზე გადახტომას? ოფიციალურად მოვიდა თავისი მშობლებით და ხათუნას ხელი გვთხოვა.

ხათუნას ჩემთვის არასოდეს შეუქმნია პრობლემა ცხოვრებაში, არც თავისი შვილით. მისი ბიჭი, გოგა, ჩემი გაზრდილია. ახლა უკვე შვილიშვილი ჰყავს, მესამე წელიწადშია. გოგონაა და სულ ბებიას ჰგავს.

ხათუნას ძალიან კარგი რძალი შეხვდა. ახალგაზრდები ცალკე ცხოვრობენ. კლარა ცეტკინის ქუჩაზე უზარმაზარი ბინა მისცეს მათ, თვითონ ცოლ-ქმარი კი სოფელ დიღომში გადავიდა. იქ საკუთარი სამსართულიანი სახლი აქვთ.

– ხათუნა თავისი ბედით კმაყოფილია?

– ცოლ-ქმარს ძალიან უყვარს ერთმანეთი. დათო ცოლს აღმერთებს, ხათუნაც – შესაბამისად. გული მწყდება, რომ ხათუნა მეცნიერებას არ გაჰყვა, ბრწყინვალე ბიოლოგია. ბავშვობიდან უნდოდა და აინტერესებდა ეს დარგი.

– ოჯახში როგორი დიასახლისია, სოფლად რას აკეთებს?

– სხვათა შორის, ხათუნას 37 წლამდე სახლში არაფერი გაუკეთებია, მე ვაკეთებდი ყველაფერს. ბავშვს ვუზრდიდი. ახლა ისეთი დიასახლისი დადგა, რომ პირდაპირ განცვიფრებული ვარ. ქსოვს, კერავს, მისი ხელიდან ყველაფერი გამოდის. ძალიან რელიგიურია, ისეთი სიღრმეები იცის, გაგიკვირდებათ.

– ნუთუ სოფელში ძროხების მოვლა აინტერესებს?

– ეს მისი კაპრიზი იყო. ხათუნას ძროხა თავის დღეში ახლოს არ უნახავს. მეც ყოველთვის ძალიან მეშინოდა ძროხის. იცით, როგორ იყო? რუსი სამხედროები წავიდნენ და მათგან ისურვა ამ ძროხების ყიდვა. ქმარსაც უარი არ უთქვამს და უყიდა. რამდენიმე წელი ჰყავდა და მერე ვეღარ შეძლო მოვლა, დაიღალა. ქათმებიც ჰყავდა.

ეს, იცით, რა დრო იყო? საშინელი არეულობა და პურის რიგები რომ იყო. იმ პერიოდში არავის ჰქონდა დიდი მატერიალური საშუალება, ყველას უჭირდა. ხათუნა, როგორც შეეძლო, ისე ეხმარებოდა ნათესავებს, უგზავნიდა ყველს, მაწონს.

სოფელში დიდი ეზო აქვთ, გადატიხრეს, ბოსელი გააკეთეს და ძროხები იქ ჰყავდათ. ხათუნა მათზე გიჟდებოდა. მეც ხომ ძალიან მეშინოდა ძროხის, მაგრამ, წარმოიდგინეთ, მშვენივრად ვუწმენდდი და ვწველიდი კიდეც. მერე ვურჩიეთ, რომ გაეყიდა, რადგან ძროხები იმაზე მეტი გვიჯდებოდა, ვიდრე ისინი რაღაცას გვაძლევდნენ. მაშინ სახლიც არ ჰქონდათ დამთავრებული, ახლა კი გადასარევადაა მოწყობილი.

ხათუნა ისე შეეჩვია იქაურობას, თბილისში ჩამოსვლა საერთოდ აღარ უნდა. ეზოში ყვავილები აქვს, ზის სახლში, არ უყვარს თავისი ბუდიდან გასვლა.

– რამდენადაც ვიცი, კინოს შემდეგ ფაქტობრივად საზოგადოებას მოწყდა.

– მას უამრავი ახლო მეგობარი ჰყავს, ახალ ხალხთან ურთიერთობა ცოტა უჭირს. ჩვენც – ახლობლები, ნათესავები, სისტემატურად დავდივართ მასთან. მის მეუღლეს უამრავი მეგობარი ჰყავს, ასე რომ, თავს სულაც არ გრძნობს მარტოდ. რაც შეეხება ჟურნალისტებს, მითხრა, დედა, მათ ჩემი სულიერი ცხოვრება არ აინტერესებთ, აინტერესებთ, ქმართან როგორ ვარო.

– როგორ მოხვდა კინოში?

– 15 წლის იყო, პირველად რეჟისორმა სოსო ჩხაიძემ რომ გადაიღო ფილმში “მეთხუთმეტე გაზაფხული”. მან უთხრა, ხათო, შენ აუცილებლად იქნები ვარსკვლავიო. მერე ლეილა გორდელაძემ გადაიღო ფილმში “მოიტაცეს თამარ ქალი” და ბოლოს ლერიკო ხოტივარმა – “მხიარულ რომანში”.

უამრავმა რეჟისორმა შესთავაზა მერე გადაღება, მაგრამ ამ ქნა. არ უნდოდა, თორემ აუცილებლად გააგრძელებდა. ხათუნა პირველ საშუალო სკოლაში სწავლობდა. სოსო ჩხაიძე მივიდა სკოლაში და ხათუნა აარჩია. ხათუნას ევროპული სახე აქვს. რომ აარჩიეს, ყველას გაუკვირდა, ისეთი ლამაზი გოგოები იყვნენ მის კლასში. იმდენად გახსნილი იყო, რომ ძალიან მოეწონათ, ძალიან ბუნებრივი გამოვიდა. ალბათ ჰქონდა რაღაც ხათუნას, მასზე ყოველთვის დიდი ბუმი იყო.

– თქვენ გინდოდათ, რომ ხათუნა კინომსახიობი გამხდარიყო?

– რაშია, იცით, საქმე? რატომღაც არ მინდოდა, რომ კინოსთვის გაეცდინა ეს თავისი ბრწყინვალე გონება. კინო მაინც გართობად მიმაჩნდა. არ ვარ სწორი, კინო არ შეიძლება მეორეხარისხოვანი იყოს, მაგრამ მაშინ ასე ვფიქრობდი.

– ესე იგი, გამოდის, რომ ხათუნამ მთელი ცხოვრება ოჯახს მიუძღვნა?

– დიახ. უყვარს ოჯახი და ოჯახშიც შემოქმედია. უდიდესი გავლენა აქვს ქმარზე, შვილზე, შეხმატკბილებულად ცხოვრობენ.

ამდენი ხნის შემდეგაც ხათუნას დაბადების დღეზე დათოს არ შეუძლია, რომ სახლი ყვავილებით არ გაავსოს. ამ კაცს დღემდე აქვს ეს. აღარაფერს ვამბობ მის სხვა თვისებებზე. ბევრი ქართველი კაცი იცით, რომელიც ყვავილებით მივა სახლში? რა თქმა უნდა, ხანდახან გაუგებრობაც არის მათ ოჯახში, მაგრამ რომელ ოჯახში არ არის? ერთადერთი ის არის, რომ დათო ეჭვიანია. ჩვენს ოჯახში კი ეჭვიანობა არასოდეს ყოფილა.

ერთხელ ხათოს უახლოესი მეგობარი გათხოვდა, დათო არ იყო თბილისში და ქორწილში არ გავუშვი. დედა, რა მიქენი ეს, 10 წელი ერთ მერხზე ვისხედით და ქორწილში არ გამიშვიო, სულ ამას მახსენებს. მშობლებს არ გვინდოდა, რომ დათოს რამე ეფიქრა, სპორტსმენი იყო, ნერვიულობა არ შეიძლებოდა და ჩვენც ხელს ვუწყობდით.

– რამდენად გამოხატავდა დათო თავის ეჭვიანობას?

– ქუჩაში მთელი ხალხი ხათუნას უყურებდა. დათოს ვატყობდი, რომ ნერვები ეშლებოდა. კი არ ემჩნეოდა, მაგრამ რა გამომეპარებოდა? დათოს ჩემს სიძედ არც აღვიქვამ, ეს ბიჭი ჩემთვის ყოველთვის მესამე შვილივით იყო. ჩემსა და დათოს შორის 13 წელია განსხვავება, დღემდე კაი ძმაკაცებივით ვართ. დამცინიან, რა იყო, ქალო, ყველა აგინებს სიძეს, შენ კი სულ აქებო.

– მაშინ ითქვა, რომ სწორედ ქმრის ეჭვიანობის გამო დათმო ხათუნამ კინოკარიერა და ამის გამო შორდებოდნენ კიდეც.

– კი, ითქვა, რომ ვითომ შორდებოდნენ ამის გამო. ასეთი ჭორი ათასჯერ მოგვივიდა. იყო რაღაც პატარ-პატარა უსიამოვნებები, მაგრამ გეფიცებით, არასოდეს გაშორებაზე ლაპარაკიც არ ყოფილა. დღესაც, როცა ვეკითხები, გული ხომ არ გწყდება-მეთქი, მეუბნება, იმაზე კი მწყდება გული, ჩემს პროფესიას რომ არ გავყევი, კინოზე კი ნამდვილად – არა, მივხვდი, რომ ამას ჰქონდა რაღაც ზღვარი და იმის იქით ვერ წავიდოდიო.

– თქვენი ვაჟი, გია, რამდენი წლით არის დაზე უმცროსი?

– გია ხათუნაზე ორწლინახევრით არის უმცროსი. ის სულ სხვა კატეგორიაა. დისგან განსხვავებით, სულ არ უყვარს სახლში ჯდომა, ნამდვილი თბილისელი ბიჭის ცხოვრება აქვს. ჩვენ ხათუნას მიმართ უფრო ვიყავით მკაცრები, ბიჭს კი თავისუფლება მივეცით. არ მიყვარდა ხათუნას სადმე წასვლა, მერჩივნა, მისი მეგობრები ჩვენთან მოსულიყვნენ.

– რატომ?

– იმიტომ, რომ მეშინოდა. ყველას თვალში ხვდებოდა. ახლაც ისეთივე გარეგნობა აქვს, ოღონდ ოდნავ გასუქდა და უფრო სოლიდურადაც გამოიყურება.

– ალბათ მისი უამრავი თაყვანისმცემელი გაწუხებდათ.

– დიდხანს ურეკავდნენ. როდესაც გათხოვდა, მაშინაც, მაგრამ არასოდეს მისულა ტელეფონთან. მე მივდიოდი და ვპასუხობდი. სხვათა შორის, ძალიან ცნობილი პიროვნებები და მათი შვილები რეკავდნენ, მე კიდევ იმის ახსნა მიწევდა, რომ ხათუნა გათხოვდა. ნუთუ მართლა გათხოვდაო, არ იჯერებდნენ და ალბათ გული სწყდებოდათ.

– ხათუნა რამეს ხომ არ ნანობს?

– ადრე რომ გათხოვდა, ამას კი ნანობს და ამაში უნდა დავეთანხმო. ცოტა გულჩათხრობილიც არის და არ მახსოვს, რომ საყვედური ეთქვას.

– ბუნებით მხიარულია?

– მხიარულია. ენა აქვს საშინელი მწარე, მაინც გურულია. რთული ბუნებისაა.

თქვენ მის სახლში არ ყოფილხართ. უნდა ნახოთ, ორი ოჯახი როგორ აქვს მოწყობილი, საათივით აწყობილი. მის მაცივარში რომ შეიხედოთ, ცუდად გახდებით, ისე აქვს გამოკრიალებული. მიხვდებით, რომ ტყუილად არ დაჯდა სახლში. მის შვილს არასოდეს არაფრის ყიდვა არ დასჭირვებია, ისე მოუწყო სახლი.

– ბატონი ალიოშა როგორ შეეგუა ქალიშვილის გათხოვებას?

– მაგის პრობლემა იყო სწორედ. ხათუნა რომ გათხოვდა, მამამისს მუხლებზე უჯდებოდა, ამ დონეზე იყო მათი ურთიერთობა. როგორც პატარას, ისე უყურებდა მამამისი. ხელი მაშინ მოაწერეს, როცა ხათუნა 18-ის გახდა, ბავშვი უკვე ჰყავდათ. ძალიან ლამაზი საპატარძლო კაბა ეცვა, მთელი სამი დღე იყო ქორწილი.

– არ ნანობს, მეორე შვილი რომ არ ჰყავს?

– მაშინ არ უნდოდა, რომ ბავშვი თვითონ გაეზარდა. მეც უარი ვუთხარი, ნამდვილად არ მაქვს კიდევ ბავშვის თავი, მეორეს ვეღარ გავზრდი-მეთქი და ამიტომ გაჩერდა. ჯანმრთელობა არ მიწყობდა ხელს, თვითონ კი ვერ გადადგა ნაბიჯი, თორემ დიდი სურვილი ჰქონდა.

ვერ აგიწერთ, ისეთი ბიჭი ჰყავს. კვირაში ერთი-ორჯერ ჩადის თავისი ცოლით ხათოსთან, ხათუნა უმზადებს ორი დღის საჭმელს და ატანს ხოლმე. რომ იტყვიან, თან ჰყვება რძალს. ხათუნამ გამოიხურა კარი და გამოვიდა, სავსე ოჯახი დაუტოვა.

ავეჯიდან დაწყებული, ყველაფერი ხათუნამ მოაწყო. კლარა ცეტკინზე ორი ბინა გააერთიანა. შვილო, ეს რა აიკიდე, სადა გაქვს ამის თავი-მეთქი. მაქვსო, მითხრა. დაჯდა და დახაზა, სად რა უნდა გაეკეთებინა, კედლები რა ფერის უნდა ყოფილიყო. ძალიან საინტერესო პიროვნებაა.

– რელიგიით მისი გატაცება რამ განაპირობა?

– ოჯახში ორთოდოქსი ქრისტიანები არ ვიყავით. მგონი, ეს ზვიად გამსახურდიამ და ეროვნულმა მოძრაობამ გამოიწვია, თუმცა ხათუნა მას პირადად არ იცნობდა. როცა რამეს სწავლობდა, მერე ენციკლოპედიაში ეძებდა, რომ გაეანალიზებინა. რელიგიასაც ასევე მიუდგა, უამრავ ლიტერატურას კითხულობს, რელიგიური გაზეთები აქვს გამოწერილი. გონებით ყველაფერს სწვდება.

ინსტიტუტი რომ დაამთავრა, კათედრაზე დატოვეს. როდესაც ცხოველებზე ოპერაციას აკეთებდა, სამედიცინო ინსტიტუტიდან ვიღაც კაცი დაესწრო, რომელმაც უთხრა, ხათუნა, შენ ქირურგად ხარ დაბადებული, დაანებე ამას თავი და წამოდი ჩვენთან, სამედიცინოშიო. არ ქნა, არადა ისეთ დიაგნოზებს სვამს, გადაგრევთ!

ეკა პატარაია, სარკე, 2003 

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018