ქეთი ხუციშვილი სიყვარულს ნატრობს

ქეთი ხუციშვილი სიყვარულს ნატრობსგოჭების გამყიდველიდან ქვეყნის პრეზიდენტის მრჩევლობამდე – ქეთი ხუციშვილის პერსონაჟმა, ლუნამ, სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებიდან” თავისი გამჭრიახობით დიდ წარმატებას მიაღწია. ყრდელის ბიზნესს არ დასჯერდა და ახლა პოლიტიკაში გადაინაცვლა. ქეთის მოსწონს მიზანდასახული ლუნა, ერთადერთი, რასაც მის ხასიათში გამოასწორებდა, სიხისტეა.

ქეთიც არაჩვეულებრივი მრჩეველია, მაგრამ არა – პოლიტიკოსებისთვის, არამედ მეგობრებისთვის და ახლობლებისთვის. თავადაც ბევრი დაბრკოლება ჰქონია ცხოვრებაში, მაგრამ ძლიერი ხასიათი ეხმარება მათ გადალახვაში.

– ქეთი, თქვენი პერსონაჟი ძალიან გააქტიურდა, პრეზიდენტის მრჩეველი გახდა და ლამის მის საყვარლობასაც გამოჰკრას ხელი. სადამდე მივა ეს ყველაფერი?

– კი, ამ სეზონზე, როგორც ხედავთ, ჩემი პერსონაჟი ნამდვილად გააქტიურდა. მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება, ქმართან ურთიერთობა დაეძაბა, პრეზიდენტთან რაღაც ამბებშია გართული. უფრო დეტალურად, თუ როგორ განვითარდება პრეზიდენტსა და ლუნას შორის ურთიერთობები, ვერ გეტყვით, რადგან საინტერესო აღარ იქნება და არც უფლება მაქვს, ამაზე წინასწარ ვისაუბრო. მოკლედ შემიძლია გითხრათ, რომ ლუნას საინტერესო ცვლილებები ელოდება.

– ელოდით, რომ თქვენი პერსონაჟის ცხოვრება ასე განვითარდებოდა?

– ალბათ ინტუიციით ველოდი, თუმცა, კონკრეტულად პრეზიდენტთან რომ დააკავშირებდნენ – არა. ამაზე სახტად დავრჩი, არ ველოდი. ეს ჩემთვის მართლა სიურპრიზი იყო და, რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა. ასე ვთქვათ, ჩემი პერსონაჟის აღზევებაა, რაც ნებისმიერ ადამიანს გაუხარდებოდა.

– თქვენი პერსონაჟი სოფლიდან ჩამოვიდა, პროვინციელი ქალი ბიზნესმენ ქალად და პრეზიდენტის მრჩევლად იქცა. გჯერათ ადამიანების ასე გადასხვაფერების და ბედის ასე შეცვლის?

– ამ პერსონაჟების ცხოვრებისეული ცვლილებები რეალობასთანაა მიმსგავსებული. ლუნამ ნამდვილად რთული გზა გაიარა. სოფელში, სიდუხჭირეში ცხოვრობდა, ყინვაში ცოლ-ქმარი გოჭებს ყიდდა, ქმარი უსაქმური, ლოთი იყო. ამ ქალმა იმდენი შეძლო, რომ უდიდეს წარმატებას მიაღწია. ვიღაცისთვის შეიძლება ის გამაღიზიანებელი იყოს, მაგრამ ჩემთვის ლუნა მისაბაძია, თუ მის სიუხეშეს არ ჩავთვლით, რაც ჩემთვის მიუღებელია.

ქალმა, რომელიც გოჭებს ყიდდა, ამხელა ცვლილებები გაიარა და ეს ძალიან კარგია. უნდოდა, რომ ცხოვრებაში წინ წასულიყო. ძალიან ამბიციური ქალია.

– თქვენი აზრით, ლუნას უბრალოდ გაუმართლა, თუ ნამდვილად ისეთი ჭკვიანია, რომ პრეზიდენტის მრჩევლად ყოფნას შეძლებს?

– რაღაც მომენტში გაუმართლა კიდეც და ამავდროულად ჭკვიანიცაა. ქალი იქამდე მივიდა, რომ პრეზიდენტს დაუახლოვდა, ამას უტვინო ადამიანი ვერ გააკეთებდა. ჩემი აზრით, ის საკმაოდ ჭკვიანია და დიდი გათვლები აქვს.

– ანუ თვლით, რომ თუ ადამიანი მოინდომებს, ყველაფერია შესაძლებელი?

– აუცილებლად! ვინ რა ხერხით შეიძლება აკეთებდეს, ამის განხილვას არ დავიწყებ, მაგრამ თუ ადამიანი მოინდომებს, ყველაფრის მიღწევას შეძლებს. რასაკვირველია, უნდა გაუმართლოს კიდეც.

– ამბობენ, საქართველოში ვინმე გავლენიანის შვილი თუ არ ხარ, კარგი ნათესავი თუ არ გყავს, რომელიც დაგასაქმებს, მომავალს შეგიქმნის ან მდიდარი საყვარელი თუ არ გყავს, რომელიც დაგეხმარება, ვერაფერს მიაღწევო. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

– რეალურად შეიძლება ასეც ხდებოდეს, ყველას თავისი ცხოვრება აქვს, თუმცა შესაძლებელია, გავლენიანი პირის შვილი არ იყო, არც ვინმეს საყვარელი და წარმატებას მაინც მიაღწიო. ლუნაც არავინ იყო და აქამდე მოვიდა, წარმატებას მიაღწია.

– ალბათ ლუნაც გოჭების გამყიდველად დარჩებოდა, ბიზნესმენი ოჯახის წევრი რომ არ ჰყოლოდა და ძმას არ დაესაქმებინა, მაგრამ ახლა სხვა თემაზე გადავიდეთ – ლუნა ცოლშვილიან კაცს ეპრანჭება. ასეთ ურთიერთობებზე რას ფიქრობთ?

– რა თქმა უნდა, ღალატი ჩემთვის მიუღებელია. არ ვიცი, შემდეგში მოვლენები როგორ განვითარდება, მაგრამ ამ ეტაპზე ისეთი სკანდალური არაფერი ხდება, რომ ლუნა ჩავქოლოთ. საერთოდ მიკვირს, ლუნა ქმარს რატომ არ შორდება.

არ ვიცი, შემდეგში რა იქნება, მაგრამ, ჩემი აზრით, ასეთი ცოლქმრობა განწირულია ხოლმე, ქმარმაც თავის პირადს უნდა მიხედოს და ცოლმაც. როგორც ხედავთ, ლუნას ნუგოსთან ურთიერთობა დაეძაბა და, სხვათა შორის, პირველად ქმარმა უღალატა. ლუნას ადგილზე რომ ვიყო, ქმარს ურთიერთობაში პრობლემის გამო გავშორდებოდი და არა იმის გამო, რომ საყვარელი გამეჩინა.

– ყოფილხართ ცდუნების წინაშე, როცა პირადი ურთიერთობების სანაცვლოდ რაღაც შემოუთავაზებიათ?

– არა, მსგავსი რამ არასდროს ყოფილა.

– თქვენ ირგვლივ მყოფი ადამიანებისთვის, მეგობრებისთვის, ახლობლებისთვის როგორი მრჩეველი ხართ? თქვენს სიტყვას წონა აქვს?

– ხმამაღალი ნათქვამი შეიძლება იყოს, მაგრამ ძალიან მაგარი მრჩეველი ვარ. კონკრეტულად არასდროს არავისთვის მიმითითებია, ეს არ მიყვარს. ადამიანებს რაღაც საკითხებზე მაშინ ვესაუბრები, როცა ამის სურვილი თავად აქვთ და ინიციატივასაც თავად იჩენენ. სპეციალურად არავინ დამისვამს და არ მითქვამს, მოდი, უნდა გელაპარაკო-მეთქი.

როცა საუბარს ვიწყებ, ყველა იმას მეუბნება, ქეთი, შენგან რა კარგი აურა მოდის, სასწაულ პოზიტივს ასხივებ. რაც გითქვამს და გამიკეთებია, კარგად დასრულებულაო. ეს სიტყვები ბევრჯერ მომისმენია და მიხარია ხოლმე.

ისე, რა მაგარი რაღაც ყოფილა, პრეზიდენტის მრჩეველი რომ ხარ.

– პოლიტიკოსებთან გქონიათ შეხება ან იცნობთ რომელიმეს?

– არა, შემთხვევით სუფრასთან შეხვედრას არ ვგულისხმობ. მხოლოდ კობა სუბელიანს ვიცნობ სოციალური ქსელიდან, კარგი ადამიანია და მაგარი იუმორის გრძნობა აქვს.

– რომელიმე პოლიტიკოსს თუ მოსწონებიხართ?

– გულში ვინ რას ფიქრობს, არ ვიცი, მაგრამ პირადად მსგავსი რამ არ მიგრძვნია.

– პირად ცხოვრებაში ხომ არ გაქვთ სიახლე? თქვენს ორბიტაზე საინტერესო მამაკაცი არ გამოჩენლია?

– არა და, ნეტავ, ხდებოდეს რამე, ვიღაც მიყვარდეს, შეყვარებული ვიყო, ვხვდებოდე. ჯერჯერობით ბანალური, ყოველდღიური ცხოვრება მაქვს.

– სერიალის გამო შეიჭერით და შეიცვალეთ თმის ფერი?

– თმა სერიალის გამო არ შემიჭრია, ცვლილება თვითონ მინდოდა და ისე მოხდა, რომ ამ სეზონს გამოადგა კიდეც. ისევ ჩემს ფერზე დავიყენე, ოდნავ მუქი მაქვს.

ეკა ლემონჯავა, სარკე