“ნიკას ტელეფონზე პოლიციელმა მიპასუხა, მითხრა, ტბაში დაკარგულ ბავშვებს ვეძებთო… – რეპეტიციის შემდეგ გაპარულან ტბაზე საბანაოდ, ისე, რომ ცურვაც არ სცოდნიათ”

"ნიკას ტელეფონზე პოლიციელმა მიპასუხა, მითხრა, ტბაში დაკარგულ ბავშვებს ვეძებთო... - რეპეტიციის შემდეგ გაპარულან ტბაზე საბანაოდ, ისე, რომ ცურვაც არ სცოდნიათ"ტრაგედია დატრიალდა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, სადაც სოფლის მიმდებარედ, ხელოვნურმა ტბამ ანსამბლ “ფრესკას” მოცეკვავეები – 12 წლის გიორგი ლაცაბიძე და ნიკა მიქოიძე იმსხვერპლა.

ნიკა მიქოიძის მამის თქმით, შვილს მთელი დღის განმავლობაში ურეკავდნენ, თუმცა არ პასუხობდა. “ბოლოს და და ბოლოს ნიკას ტელეფონზე ვიღაცამ მიპასუხა, პოლიციელი აღმოჩნდა, მითხრა, ტბაში დაკარგულ ბავშვებს ვეძებთო…” – განაცხადა მან ერთ-ერთ ტელეკომპანიასთან.

შემთხვევით გავლილმა მწყემსმა ტბასთან ველოსიპედები ნახა, რის მერეც ბავშვების საძებნელად სოფელს უხმო.

ლაშა მალხაზიშვილი, სოფელ ახალსოფელში ხაშურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი:
– ეს ხელოვნური ტბა კიდევ 2 სხვასთან ერთად დიდი ხანი არ არის, რაც გაჩნდა და  სოფლიდან საკმაოდ მოშორებით მდებარეობს. რომ არა მწყემსი, რომელმაც აქ შემთხვევით გაიარა, ტრაგედიის შესახებ ალბათ დიდხანს ვერავინ გაიგებდა.

როგორც  ირკვევა, მწყემსმა  ყურადღება მიაქცია ტბის ნაპირზე დაყრილ ორ ველოსიპედს. რომ მიუახლოვდა, იქვე ტელეფონიც დაინახა და ყვირილი დაიწყო, აქ ვინ არისო! რომ არავინ გამოჩნდა და თვითონაც ცურვა არ იცოდა, სოფელში გაიქცა, დამეხმარეთო! სოფელი დაირაზმა და ტბაზე წავიდა. სამწუხაროდ, უკვე ყველაფერი დაგვიანებული იყო. გარდაცვლილები მაშველებმა ამოიყვანეს. მერე გაირკვა, რომ ბავშვები ხაშურიდან ყოფილან ანსამბლ “ფრესკას” მოცეკვავეები და რეპეტიციის შემდეგ გამოპარულან ტბაზე საბანაოდ.

საოცარია, რატომ მოაფიქრდათ აქ წამოსვლა, თან ცურვაც არ სცოდნიათ, – ხაშურიდან ამ ტბებამდე 6 კილომეტრია, თანაც ეს საბანაო ადგილები არ არის, ტბები აქ ორი წლის წინ გაჩნდა…

– 3 ტბა ასე ერთბაშად როგორ უნდა გაჩენილიყო?
– როგორც ამბობენ, ამ ადგილებში მრავალი წლის წინათ, მდინარე მტკვრის ტოტი გადიოდა. როცა ავტობანი გაჰყავდათ, ამ ადგილებში ავტობანისთვის სამშენებლო ქვიშას მოიპოვებდა კომპანია “ბლექსიჯგუფი”. ქვიშის ამოღების შემდეგ ამოთხრილ ფართობებზე წყალმა ამოხეთქა, რის შემდეგაც ტბები გაჩნდა. ამის გამო მოსახლეობა შეშფოთებული იყო. ასე რომ, მრავალგზის ვთხოვეთ კომპანიას, რომ გადათხრილი ადგილები ამოევსო, დაახლოებით ერთი თვის წინ, ამ ადგილას კომპანიის წარმომადგენლები მოვიყვანეთ და ადგილზე ავუხსენით, რა შედეგი შეიძლება მოჰყოლოდა გადათხრილი ადგილების ამოუვსებლობას. სამწუხაროდ, კომპანიამ ჩვენი თხოვნა არ გაითვალისწინა და უბედურებამაც არ დააყოვნა. ახლა ამას აღარაფერი ეშველება. იმედია, პასუხს სათანადოდ აგებენ…

აღნიშნულის გადასამოწმებლად კომპანია “ბლექსიჯგუფს” დავუკავშირდით, სადაც გაურკვეველი პასუხი გაგვცეს, – ჯერ გვითხრეს, რომ ამ ადგლებში მოცემულ ეტაპზეც სამშენებლო მასალების მოქმედი კარიერია; შესაბამისად, მისი დახურვა არ შეიძლება… შემდეგ კი გვითხრეს, – რომ ამ საშინელი უბედურების გამო, ყველა დაისჯება, ვინც ამ უბედურებაზე პასუხისმგებელია.

ეთერ ერაძე, კვირის პალიტრა