მერაბ თავაძე: “შვილები და თეატრი არის საჩუქარი, რაც იზა გიგოშვილმა დამიტოვა”

მერაბ თავაძე: "შვილები და თეატრი არის საჩუქარი, რაც იზა გიგოშვილმა დამიტოვა"ქართულ თეატრალურ სამყაროს მსახიობების გამორჩეული წყვილი ჰყავდა – იზა გიგოშვილი და მერაბ თავაძე. მათ 40 წელი გაატარეს ერთად, ბევრ განსაცდელსაც გაუძლეს, მაგრამ სიყვარული და პატივისცემა არ განელებიათ. იზა გიგოშვილი 15 წლის წინ გარდაიცვალა. “სარკის” არქივში ინახება ბატონი მერაბის ინტერვიუ, სადაც ის ამ საოცარ ქალზე და მასთან გატარებული ცხოვრების მნიშვნელოვან ეპიზოდებზე გვიამბობს. ინტერვიუს მცირე შემოკლებით გთავაზობთ.

.

სამეფო უბნის თეატრი ძველი თბილისის პატარა და ლამაზ ქუჩაზე მდებარეობს. ამ ადგილს წარსულში კათოლიკეთა უბანს უწოდებდნენ. ქუჩის მთავარი შენობა კათოლიკური ეკლესია იყო. ზუბალაშვილებსაც აქ აუგიათ თავიანთი ქარვასლა, რომელსაც ძირითადად საწყობად იყენებდნენ. შენობამ საუკუნის განმავლობაში რამდენიმე პატრონი შეიცვალა. სხვადასხვა დროს აქ იყო სინაგოგა, ებრაელთა თეატრი, ბერიას სახელობის კლუბი, პირველი მაისის სახელობის კულტურის სახლი, სანდრო მრევლიშვილის თეატრი. 1988 წელს კი მიწისძვრის შედეგად თითქმის მთლიანად დაინგრა და დაცარიელდა.

გასული საუკუნის 90-იან წლებში ქართული სცენის გამორჩეულმა სახემ, მსახიობმა იზა გიგოშვილმა და მისმა მეუღლემ, მსახიობმა და რეჟისორმა მერაბ თავაძემ, გადაწყვიტეს, სიცოცხლე დაებრუნებინათ ამ გამოშიგნული ნანგრევებისთვის და ახალ თეატრს ჩაუყარეს საფუძველი. სახელად სამეფო უბნის თეატრი უწოდეს. 7 წელი გავიდა, სანამ შენობა შესაბამის ფორმას მიიღებდა, პარალელურად, 7 წელი გრძელდებოდა სასამართლო დავები მის გარშემო. ბატონ მერაბს იქ შევხვდით.

– სად გადაიკვეთა თქვენი და ქალბატონი იზას გზები?

– ერთად ვსწავლობდით და კარგი მეგობრები ვიყავით. მეოთხე კურსიდან ბატონმა მიხეილ თუმანიშვილმა წაგვიყვანა რუსთაველის თეატრში, დგამდა მარსელ კარნეს “მატყუარებს”. დაგვამტკიცა მთავარ როლებზე ჩვენ, სრულიად ახალგაზრდები და რუსთაველის თეატრის მსახიობები, მარტო სახელების ჩამოთვლა საკმარისია: ეროსი მანჯგალაძე, სერგო ზაქარიაძე, სალომე ყანჩელი, მედეა ჩახავა, რამაზ ჩხიკვაძე, კახი კავსაძე და კიდევ უამრავი. ეს სკოლა გავიარეთ მე და იზამ.

ჩვენი მეგობრობა ნელ-ნელა სიყვარულში გადაიზარდა (ამ დროს ორივე გაშორებულები ვიყავით მეუღლეებს). ერთად 40 წელი ვიცხოვრეთ და ეს იყო სიყვარულით სავსე 40 წელი. იზა იყო საოცრად ნიჭიერი, შრომისმოყვარე, შეუპოვარი. ცეცხლოვანი, დაუდგრომელი, ემოციებით, ტკივილებით და სამშობლოს სიყვარულით სავსე. იზა იყო დიდი ოჯახის თბილი და მზრუნველი დიასახლისი, ჩვენი გამაერთიანებელი და სტიმულის მომცემი.

ჩემი უახლოესი მეგობარია კახი კავსაძე, რომლის სცენურმა და ადამიანურმა ცხოვრებამ ჩემ თვალწინ გაიარა. ჩვენ, მეგობრობის გარდა, ერთი დიდი საერთო გვაქვს, ეს არის მეუღლეების სიყვარული. ბელა მირიანაშვილი იყო კახის ბედნიერება, იზა გიგოშვილი – ჩემი ბედნიერება.

მერაბ თავაძე: "შვილები და თეატრი არის საჩუქარი, რაც იზა გიგოშვილმა დამიტოვა"– გრუშე ვაჩნაძე, იზა გიგოშვილის გმირი “კავკასიური ცარცის წრიდან”, თავისი უბრალოებითა და სიმართლით აჯადოებდა მაყურებელს. მისი ცნობილი ფრაზის დროს (“შუაზე ხომ არ გავგლეჯ!”) დარბაზში მაყურებელი ტიროდა და მაინც ამ როლიდან მოხსნეს. რა მოხდა მაშინ?

– იზა ამ როლში მართლაც შეუდარებელი იყო. ყველა ქვეყანაში სპექტაკლი იზას ტრიუმფით ტარდებოდა. ისევე, როგორც ყველგან, თეატრშიც იხლართება პატარ-პატარა ინტრიგები. ვიღაცას რაღაცა არ მოეწონა და იზა როლიდან მოხსნეს, მაგრამ შემდეგ რამაზ ჩხიკვაძე, რობერტ სტურუა და იზა სახელმწიფო პრემიაზე წარადგინეს.

ჩამოვიდა კომისია მოსკოვიდან და აღმოჩნდა, რომ იზა უკვე აღარ თამაშობდა მთავარ როლს. საქმეში ჩაერთო ედუარდ შევარდნაძე, რომელსაც ძალიან მოსწონდა ეს სპექტაკლი იზას მონაწილეობით და ასე მიიღო სახელმწიფო პრემია, თუმცა შემდეგ მაინც დატოვა რუსთაველის თეატრი.

– თქვენ, როგორც მსახიობს, 50-მდე როლი გაქვთ შესრულებული. თუ იყო გამორჩეული როლი ან ისეთი შეფასება, რაც დღემდე გახსოვთ?

– ბევრი მთავარი როლი შემისრულებია, მაგრამ არასოდეს დამავიწყდება ერთი შემთხვევა. ბატონმა რეზო მირცხულავამ მიმიწვია მარჯანიშვილის თეატრში თარაშ ემხვარის როლზე. ეს ისედაც მოვლენა იყო, რადგან იმ დროისთვის მარჯანიშვილის და რუსთაველის თეატრის მსახიობები მკაცრად განსაზღვრულ წესებს იცავდნენ: როლი მხოლოდ საკუთარ თეატრში!

გენერალურ რეპეტიციაზე მობრძანდა კონსტანტინე გამსახურდია მთელი ოჯახით. სპექტაკლის ბოლოს ბატონმა კონსტანტინემ თქვა, ეს არის ის თარაში, ვისზეც “მთვარის მოტაცება” დავწერეო. ის ჟრუანტელი, ის გრძნობა არასოდეს დამავიწყდება.

– რეჟისორი როდის აღმოაჩინეთ საკუთარ თავში?

– ალბათ დადგა ჩემს ცხოვრებაში ეტაპი, როცა მივხვდი, რომ მსახიობი იმ ერთ კონკრეტულ სახეს ქმნი, რომელსაც რეჟისორი გთავაზობს, რეჟისორი კი ხედავს მთლიან სურათს მთელი თავისი სპექტრით. ეს ჩემთვის საინტერესო იყო, ამიტომ მე და ჩემმა მეგობარმა, გია მატარაძემ, სარეჟისორო ფაკულტეტზე ჩავაბარეთ და ერთად ვიყავით მის გარდაცვალებამდე.

სულ 7 ფილმი გადავიღე და შვიდივე ჩემი სცენარით. რამდენიმემ უმაღლესი ჯილდო აიღო და ბევრ ქვეყანაში გაიყიდა, მაგრამ ჩემთვის ფინანსური მოგება არ მოუტანია. ფილმი “ბრავო, ალბერ ლოლიშ” კანის საერთაშორისო ფესტივალის პრიზიორია და მსოფლიოს სამეულში შევიდა გაყიდვის კუთხით.

გამორჩეული იყო ფილმი მირზა გელოვანზე “მე დავბრუნდები”. გადაღებამდე თვენახევარი ვიჯექი მოსკოვის ახლოს, კრასნოგორსკის არქივში და ვსწავლობდი, როგორ იღებდნენ დოკუმენტურ ფილმებს ომზე. ფილმს უნდა ეჩვენებინა ორი უმძიმესი ეტაპი ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან: 1937 წელს ქართველი მწერლების ფიზიკური განადგურება და 1941 წელი – სიტყვის ოსტატების მონაწილეობა ცეცხლის წვიმაში.

ბევრი რამ ცენზურისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, ბოლოს მოსკოვიდან გამაფრთხილეს, თუ არ შეცვლით ზოგიერთ ეპიზოდს, საერთოდ აგეკრძალებათ გადაღებაო. მოკლედ, ზოგი რამ ამოიჭრა, ზოგიც იძულებით შევცვალე და მაინც ფილმი კარგა ხანს დაბლოკილი იყო საერთაშორისო ფესტივალებისთვის.

– არ შემიძლია არ გკითხოთ თქვენი და ქალბატონი იზა გიგოშვილის პილიგრიმობის შესახებ. გზა თბილისიდან იერუსალიმამდე – ეს იდეა როგორ გაჩნდა?

– 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ იზამ გამოგვიცხადა, ეტყობა, ქართველებს დიდი ცოდვა გვაქვს, ამიტომ ფეხით უნდა ჩავიდე იერუსალიმში და უფლის საფლავი მოვილოცოო. თავდაპირველად ამას არასერიოზულად შევხედე.

ერთ დღეს იზა საოცრად აღელვებული დამხვდა, მითხრა, აივანზე ვიდექი და დავინახე, ცაზე ვარდისფერი მანდილი მოფრინავდა, ვიფიქრე, მომეჩვენა, ახლა სახლის მეორე მხარეს აივანზე გავედი და იქაც იგივე მანდილი დავინახე, ეს არის ზეციური ნიშანი, აუცილებლად უნდა წავიდე იერუსალიმში, თქვენ ვერ დამიშლითო.

შვილს, ნიკას (მსახიობი ნიკა თავაძე. ავტ.), ვუთხარი, დედას ფეხით იერუსალიმში უნდა წასვლა, რა ვქნათ-მეთქი. წავიდეთ და თან ფილმი გადავიღოთო, თქვა ნიკამ. რა თქმა უნდა, თურქეთით უნდა წავსულიყავით, სადაც უამრავი ქართული საეკლესიო ძეგლია, მერე გადავიდოდით საბერძნეთში, შემდეგ ეგვიპტეში და ასე ჩავაღწევდით ისრაელში. ნელ-ნელა სხვებიც შემოგვიერთდნენ – ისტორიკოსები, არქეოლოგები, ოპერატორები. გვჭირდებოდა კარვები, საძილე ტომრები, წყლის ჭურჭელი… მოკლედ, დავიწყეთ შეგროვება და ბარგმა მთელი ოთახი აავსო.

წარმოუდგენელი იყო ამ ბარგის ზურგჩანთებით ან ადამიანური რესურსით გადატანა. ჩემმა მეგობარმა, საავიაციო ქარხნის დირექტორმა, პანტიკო თორდიამ, გვიყიდა რამდენიმე მანქანა ბარგის გადასატანად. ეს იყო არამარტო მომლოცველთა სვლა, არამედ სამეცნიერო ექსპედიცია.

თითქმის 5 თვე გავატარეთ გზაში, დღეში 25 კილომეტრს გავდიოდით. გვეძინა მიწაზე, წვიმაში, ქარში, მზეში. ზოგჯერ გვწყუროდა, ზოგჯერ გვშიოდა, მაგრამ ერთიც არ გაგვხდომია ავად, არავის დაუწუწუნია.

გადავიღეთ მთელი გზა, ისტორიული ძეგლები. ბევრი ძეგლი გავწმინდეთ. ბევრი დაბრკოლება შეგვხვდა – ომი სირიაში, ტერაქტი ეგვიპტეში. მივდიოდით წინ და ხშირად უკან ვბრუნდებოდით, ვიცვლიდით მარშრუტებს. როგორც იქნა, ჩავაღწიეთ ისრაელში.

ჩვენს ჩასვლას ჩვენმა ამბავმა ჩაასწრო და მთელი ისრაელის მოსახლეობა უდიდესი სიყვარულით შეგვეგება. შევხვდით იერუსალიმის პატრიარქს და ვთხოვეთ გადაღების უფლება გოლგოთას მთასა და მაცხოვრის საფლავზე. თანხმობა მივიღეთ და გადავიღეთ.

შემდეგ კაცები სინას მთაზე გავემგზავრეთ. იქ გადაღება კატეგორიულად აკრძალულია, მაგრამ მე მაინც შევაპარე პატარა ვიდეოკამერა და ჩუმად დავიწყე გადაღება. აქ მოხდა საოცრება – კამერა არ ამუშავდა. შევამოწმე აკუმულატორი, ყველაფერი რიგზე იყო, კამერა კი არაფერს იღებდა.

როგორც კი სინას მთა დავტოვე, კამერა ამუშავდა. ეს კიდევ არაფერი, როცა იერუსალიმში გადაღებულ ფირებს ამჟღავნებდნენ, აღმოჩნდა, რომ ის კადრები, რაც გოლგოთასა და უფლის საფლავთან გადავიღე, არ არსებობდა, უფრო მეტიც, ფირს პერფორაცია ჰქონდა მთლიანად.

– თქვენი ცხოვრება შეცვალა ამ მოგზაურობამ?

– ნამდვილად. ის მერაბ თავაძე უკან დარჩა ცოტათი ბოჰემური ცხოვრებით, შეხედულებებით, სიფიცხით, სიმსუბუქით, სიჯიუტით. ახლა სხვა ეტაპია ჩემს ცხოვრებაში – ღვთის სიყვარულით, სიმშვიდით, სიკეთის კეთების სურვილით სავსე.

სწორედ ამის შემდეგ შევძელით მე და იზამ ამ თეატრის აშენება. ეს იყო ურთულესი საქმე. მედავებოდა ებრაული მხარე, რომ ეს შენობა მათ ეკუთვნოდათ… დავამტკიცე, რომ ეს არ იყო მათი საკუთრება.

ამ თეატრის სულის ჩამდგმელი და დამფუძნებელი იყო ჩემი იზა გიგოშვილი. ჩემი შვილები და ეს თეატრი არის საჩუქარი, რაც იზამ დამიტოვა. გახსნიდან მალე რუსთაველის თეატრი დაიკეტა რემონტისთვის და ჩვენი სცენა დავუთმეთ. 2003 წლის 14 იანვარს რუსთაველის თეატრის დასს საზეიმო მიღება მოვუწყვეთ. იზა უკვე მძიმედ იყო ავად და ვერ დაესწრო. მან ტელეფონით მიულოცა კოლეგებს და ბედნიერი პრემიერები უსურვა.

ეს იყო იზას გამოთხოვება თავის უსაყვარლეს რუსთაველის თეატრთან და თავის პირმშოსთან – სამეფო უბნის თეატრთან. სამი დღის შემდეგ გარდაიცვალა.

– ახლა რა ხდება თქვენს თეატრში? როგორია თეატრალური აფიშა?

– თეატრში რეპერტუარი განახლებადი და მრავალფეროვანია. ხელმძღვანელობა უკვე ჩემს ვაჟს, ნიკა თავაძეს გადავაბარე. თეატრში მოვიდა ნიკას ვაჟი დათა თავაძე, რომელმაც მთელი თავისი ჯგუფი მოიყვანა. ასე რომ, უკვე გადავისხით ახალი სისხლი. გვაქვს უამრავი გასტროლი.

რაც შეეხება ფინანსურ თემას, ჩვენ, როგორც კერძო თეატრი (49 პროცენტი მერიის კუთვნილებაა), სახელმწიფო დაფინანსებას არ ვიღებთ, არც სხვა დახმარებას. მერიამ მხოლოდ წელს გამოგვიყო თანხა, რაც ძირითადად კომუნალური ხარჯების გასტუმრებას ხმარდება. ჩვენი შემოსავალი ჩვენს სპექტაკლებზე გაყიდული ბილეთების თანხაა.

– დაბოლოს, რას უსურვებთ თქვენს მაყურებელს და ჩვენს მკითხველს?

– მშვიდ და ბედნიერ სიბერეს, რადგან სიბერე ჯილდოა იმ ცხოვრებისთვის, რაც ჩვენ გავიარეთ.

ია ქუთათელაძე, სარკე, 2015