“კეკესა და ვატიკანას შორის დიდი სიყვარული არ იგრძნობა, ჩემი და ჩემი ქმრის შემთხვევაში კი ყველაფერი რადიკალურად სხვანაირია”

"კეკესა და ვატიკანას შორის დიდი სიყვარული არ იგრძნობა, ჩემი და ჩემი ქმრის შემთხვევაში კი ყველაფერი რადიკალურად სხვანაირია"ლამაზი, ახალგაზრდა, საკუთარი წვრილმანი ქალური ინტერესების ჩარჩოებში ჩაკეტილი ქალი ღარიბი და ზედაპირული შინაგანი სამყაროთი – ჯერჯერობით ასეთია თაკო ჭანუყვაძის პერსონაჟი კეკე სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში”. თაკო მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობია. მისი შემოქმედებითი ცხოვრება ძალიან დატვირთულია, ახლაც პრემიერისთვის ემზადება.

მიუხედავად ამისა, პოპულარობა მაინც კეკეს როლმა მოუტანა. მას ქუჩაშიც ცნობენ, მით უმეტეს, რომ თაკოს და მისი გმირის ჩაცმულობის სტილი დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან. მაყურებლისგან იღებს წერილებს, სადაც გარეგნობასთან დაკავშირებულ რჩევებსაც კი ეკითხებიან. ამის შესახებ კითხვა, ისევე როგორც სხვა თემებზე, ჩვენც დავუსვით.

– თაკო, როცა სცენარს გაეცანით, როგორ განეწყვეთ თქვენი პერსონაჟის მიმართ?

– ყოველი ახალი როლის მიმართ დადებითად ვარ ხოლმე განწყობილი. კეკეც ძალიან მომეწონა, ვიფიქრე, რომ ძალიან საინტერესო სამუშაო იქნებოდა.

– რა პიროვნებაა თქვენი პერსონაჟი, როგორ დაახასიათებდით მას?

– კეკე იმ ქალების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც ძირითადად სახლში არიან, მუშაობა არ უყვართ, მეგობრებზე, ჩაცმაზე, გართობაზე არიან გადართული. კეკეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში სხვა ინტერესი არ აქვს. ასეთი ადამიანები რეალურადაც არსებობენ და გარშემო მეც მყავს ისეთები, რომლებსაც უბრალოდ მუშაობა არ უნდათ, თავიანთი გასართობები აქვთ…

– რაიმეთი თქვენც ხომ არ გგავთ ეს პერსონაჟი?

– ერთადერთი მსგავსება, რაც კეკესთან მაქვს, ჩაცმის სტილია. ზუსტად იგივენაირად იცვამს, როგორც მე.

– კეკეს თქვენი გემოვნებით აცმევთ?

– მხატვართან შეთანხმებით ხდება ყველაფერი, მის გარეშე ვერ ჩავიცვამ. ჩემს ვერსიებს ვთავაზობ და ვწყვეტთ, ამა თუ იმ სერიაში რომელი კოსტიუმი ჩავიცვა.

– კეკე სულ გაპრანჭულია. სახლში თქვენც ასე იცვამთ?

– კი, სახლში მეც გაპრანჭული ვარ. აი, მეორე მსგავსებაც ვიპოვეთ. ვთვლი, რომ ქალი სულ ფორმაში უნდა იყოს.

სარაფნები, რომლებიც კეკეს აცვია, ჩემი გარდერობიდანაა. სახლში მაკიაჟით ნამდვილად არ დავდივარ, უბრალოდ ამ სარაფნებში თავს ძალიან კომფორტუად ვგრძნობ და მეც ხშირად ვარ ისეთ ფორმაში, როგორშიც კეკეა.

მიყვარს, როცა ქალი ლამაზად გამოიყურება. მით უმეტეს, ქმარი მყავს და მინდა, მუდმივად ფორმაში ვიყო.

– შვილიც გყავთ?

– კი, შვილიც მყავს – 3 წლის ანასიკო.

– თქვენი და თქვენი მეუღლის ურთიერთობა თუ ჰგავს კეკეს და მისი ქმრის, ვატიკანას, ურთიერთობას?

– არა, ჩვენ უფრო თბილი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან, ვიდრე კეკეს და ვატიკანას.

– რა არ მოგწონთ მათ ურთიერთობაში?

– ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება. ვერ ვიტყვი, რომ მათ შორის დიდი სიყვარული იგრძნობა. ჩემი და ჩემი ქმრის შემთხვევაში კი ყველაფერი რადიკალურად სხვანაირია.

არის რაღაცები, რაც კეკეს და ვატიკანას ურთიერთობაში არ მომწონს. კეკე ცოტა “ისტერიჩკაა”, რაღაცებს დაუფიქრებლად ლაპარაკობს, მე ასეთი არ ვარ.

– ყურადღებიანი ცოლი ხართ?

– ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და კარგი ცოლი ვარ, თუმცა ეს ალბათ ჩემი ქმრისგან უნდა მოისმინოთ.

– რა საქმიანობს თქვენი ქმარი?

– ეკონომისტია. პირადზე ლაპარაკი დიდად არ მიყვარს, ბოდიშს მოგიხდით და გთხოვთ, ამაზე არ ვისაუბროთ.

– ლამაზი თმა გაქვთ. როგორ უვლით მას და საერთოდ როგორ ზრუნავთ გარეგნობაზე?

– მეუხერხულება იმის თქმა, რომ განსაკუთრებულს მართლა არაფერს ვაკეთებ. მეკითხებიან, თმას როგორ უვლიო. არ ვუვლი, განსხვავებულს არაფერს ვაკეთებ, თორემ აუცილებლად გაგიმხელდით. თმას არ ვიღებავ, ჩემი ბუნებრივი ფერია.

– ადამიანების დაყოფა მათი საცხოვრებელი უბნების მიხედვით, როგორც სერიალშია, თბილისში, გარკვეულ წრეებში მართლაც ხდება. ეს თქვენთვისაც ნაცნობია?

– ამ სიუჟეტებიდან გამომდინარე, ამ თემაზე ძალიან ბევრს ვფიქრობ ხოლმე. რეალურად ჩემ გარშემოც არსებობენ ადამიანები, რომლებიც მეგობრებს უბნის მიხედვით არჩევენ. ეს ყველაფერი არ მომწონს.

– რას ფიქრობთ კეკეს და ჩიკასნაირ ქალებზე?

– ასეთები არ მაღიზიანებენ, მაგრამ მათთან დიდი დოზით ურთიერთობა არ მაქვს. ასე რომ იყოს, შეიძლება გამაღიზიანონ.

– კეკე თავის დასთან ხშირად ჩხუბობს. თქვენ თუ გყავთ დედმამიშვილი და როგორი ურთიერთობა გაქვთ მასთან?

– ძმა მყავს და მასთან ძალიან თბილი და ტკბილი, კეკესგან და მისი დისგან რადიკალურად განსხვავებული ურთიერთობა გვაქვს.

– თეატრში რა როლები გაქვთ?

– ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში ვმუშაობ და ძალიან აქტიურად ვარ დაკავებული, ბევრ სპექტაკლში ვთამაშობ. ახლაც ირაკლი კავსაძესთან ერთად ვმუშაობ “პატარა უფლისწულზე”. რეპეტიციები მიდის, პრემიერისთვის ვემზადებით.

– როგორ ათავსებთ სერიალს, თეატრს, ოჯახს ერთმანეთთან?

– ვცდილობ, შევათავსო, რადგან სხვანაირად არ გამოდის. თეატრში ხელს მიწყობენ, როცა იციან, გადაღების დღეები მაქვს, მათავისუფლებენ, დანარჩენ დროს თეატრს, ქმარს, შვილს, მეგობრებს ვუთმობ.

– დაბოლოს, როგორც მსახიობს, რას გაძლევთ ეს სერიალი, რა მოგიტანათ კეკეს როლმა?

– ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ყველაფრის ნაწილი ვიყო. სერიალში გამოჩენისთანავე ძალიან პოპულარული ხდები, ბევრი მწერს სასიამოვნო წერილებს. ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ეკა ლემონჯავა, სარკე