გიორგი შენგელაია: ,,სოფიკომ შეურაცხყოფა მომაყენა, როგორც მამაკაცს – რომ მოკვდა, არ მიტირია”

გიორგი შენგელაია: ,,სოფიკომ შეურაცხყოფა მომაყენა, როგორც მამაკაცს - რომ მოკვდა, არ მიტირია”გიორგი შენგელაიამ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ყოფილ ცოლზე, აწ გარდაცვლილ მსახიობზე, სოფიკო ჭიაურელზე ისაუბრა.

– „ჩვენი ეზო“ მომავალ მეუღლესთან, სოფიკო ჭიაურელთან ერთად ითამაშეთ…

– კახელს ცოლი რომ მოუკვდა და დაასაფლავა, იცით, რა თქვა? ესეც ესეო! გაიგეთ? სოფიკოს მიმართ დღემდე ასეთი დამოკიდებულება მაქვს. იცით, როგორც მოიქცა, ის ჩემთვის არ არსებობს, მე კაცი ვარ!

– სოფიკოს დედა – ვერიკო ანჯაფარიძე ბავშვობიდან გიცნობდათ…

– ვერიკოს ვუყვარდი, მისი სიძე ვიყავი…

– სოფიკოსაც უყვარდით…

– კი, გვიყვარდა ერთმანეთი. მერე საშინელება დაემართა. გეტყვით, რაც მოუვიდა. ჭიაურელები არისტოკრატები კი არა, პლებეები არიან. როდესაც შევარდნაძემ სოფიკო საკავშირო პარლამენტის წევრად შეარჩია, იმის მერე ყველას ზემოდან გვიყურებდა. სამარცხვინო მამაკაცებმა თეატრში ლაქუცი დაუწყეს.

სოფიკოს ეს ნაკლი ჰქონდა, პატივმოპყვარე იყო, თავში რაღაც აუვარდა და ის გადაწყვეტილება მიიღო, რაც მიიღო… უფროსი შვილი წამოვიყვანე, უმცროსი მასთან დავტოვე (ის დედასთან უნდა ყოფილიყო).

– როცა გარდაიცვალა, იტირეთ?

– არა, ემოცია არ მქონია, არც მივსულვარ. როგორც კაცს, მან შეურაცხყოფა მომაყენა. ასეთი კახელი ვარ, არც მის საფლავზე მივსულვარ. რაც გააკეთა მისთვისვე იყო ცუდი, ხალხმა არ აპატია, ყველამ იცოდა, რა მექალთანეც იყო მახარაძე.

ასავალ-დასავალი (გამოაქვეყნა პრაიმტაიმმა)