დემეტრე გამსახურდია შვეიცარიაში იმერულ ხაჭაპურს დედის საიდუმლო რეცეპტით აცხობს – “ხშირად ვაწყდები ზვიად გამსახურდიას კვალს, ზოგი თითქოს განგებ დატოვა ჩემთვის”

დემეტრე გამსახურდია შვეიცარიაში იმერულ ხაჭაპურს დედის საიდუმლო რეცეპტით აცხობს - "ხშირად ვაწყდები ზვიად გამსახურდიას კვალს, ზოგი თითქოს განგებ დატოვა ჩემთვის"საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, პირველი შვილიშვილი, დემეტრე, სამწლინახევრის იყო მამამ, კონსტანტინე გამსახურდიამ, ემიგრაციაში რომ გახიზნა, რადგან ქვეყანაში სამოქალაქო ომი იწყებოდა.

დემეტრე და მისი ძმა, ზვიადი, რომელიც ემიგრაციაში დაიბადა, შვეიცარიაში გაიზარდნენ. დემეტრე გამსახურდია 29 წლის არის, შვეიცარიაში ცხოვრობს და ძალიან წარმატებული მუსიკოსია. “სარკის” წინა ნომერში უკვე ვიუწყებოდით, რომ ახლახან მის მიერ შექმნილი ინტერაქტიური მუსიკალური სპექტაკლი “ვიკარე” პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში, დიდი წარმატებით დაიდგა. ამის შესახებ მაშინ მისი მამა, კონსტანტინე გამსახურდია გვიამბობდა. ამჯერად დემეტრესთან პირადად გასაუბრება შევძელით. მას შვეიცარიაში დავუკავშირდით.

– დემეტრე, გახსოვთ თქვენი იმდროინდელი ბავშვობა, როცა საქართველოში ცხოვრობდით?

– სამწლინახევრის ვიყავი, საქართველოდან რომ წავედით. ბუნდოვნად მახსოვს იმდროინდელი თბილისის გარკვეული ადგილები და მომენტები, ხეივნები, სახლები, მოყვითალო ნათურები… მახსოვს, როგორ ჩაიარა “ბეტეერების”კოლონამ.

ღამე იყო, სახლიდან რომ გავედით და გამოვემგზავრეთ. იმ ღამიდან ჩამრჩა მოყვითალო ნათურები გონებაში. უჩვეულო ხმაური იყო. სხვათა შორის, ერთი კვირის წინ გავიგონე კოდალას ხმა, ხეზე აკაკუნებდა. ამ ხმაურმა თბილისის მაშინდელი ხმაური გამახსენა, თუმცა მაშინ კოდალას ხმა კი არა, ავტომატების იყო.

– შვეიცარიაში როგორი ბავშვობა გქონდათ?

– დაცული და ბედნიერი ბავშვობა მქონდა, მაგრამ არ მტოვებდა განცდა, რომ ფიზიკურად მოვწყდი საქართველოს. ოჯახში კი მუდამ ქართული გარემო ტრიალებდა, სულიერად საქართველოში ვიყავით.

მუსიკოსი გახლავართ და ჩემი ბექგრაუნდი ქართული პოლიფონიური სიმღერები იყო. დედა და მამა გვასწავლიდნენ სიმღერას, მაგრამ ნოტები შვეიცარიელმა კაცმა გამოგვიგზავნა – თომას ჰოიზერმანმა, რომელიც დიდი მუსიკათმცოდნეა და ქართულ პოლიფონიურ მუსიკას შესანიშნავად იცნობს. მან ბევრი იმოგზაურა საქართველოში, ჩაწერა სიმღერები, სულ ეკონტაქტებოდა ქართველ მომღერლებს. ჩვენც მაშინ გავიცანით და გამოგვიგზავნა ნოტები.

ქართულ სიმღერებს ვმღეროდით, სულ ქართული კერძები გვქონდა, ბევრი ქართული ლექსი ვიცოდით. ბავშვობაში “ვეფხისტყაოსანს” ვსწავლობდით და საკმაოდ დიდი ნაწილი ვიცი ზეპირად. ჩვენ ირგვლივ ქართული ატმოსფერო სუფევდა.

– ბაბუა, ბატონი ზვიადი თუ გახსოვთ?

– ძალიან ბუნდოვნად, მხოლოდ ერთი-ორი მომენტი. მეუბნებიან, რომ აკვანთან მიჯდებოდა და მარწევდა. ერთხელ, ჩვენთან ბინაში რომ მოვიდა, ისიც ნეგატივივით მახსოვს.

– შვეიცარიაში წასვლის შემდეგ აღარ გინახავთ?

– არა, შვეიცარიაში არ ჩამოსულა. მილანში ჩავიდა რაღაც მომენტში და მაშინ ჩემი მშობლები შეხვდნენ. მე კი ძალიან პატარა ვიყავი და არ წამიყვანეს.

ჩემს ცხოვრებაში წამდაუწუმ ვაწყდები მის კვალს. ზოგი ნაკვალევი თითქოს განგებ დატოვა. ჩემი ცხოვრება როგორც წარიმართა და ახლა როგორც ვცხოვრობ, ეს სწორედ ბაბუაჩემზე თავსდატეხილმა ამბებმა განაპირობა.

ხშირად ვკითხულობ ზვიადის პოეზიას და მის მეცნიერულ ტექსტებს. მისი აზროვნება ჩემთან წარმოუდგენლად ახლოა. მე ძალიან აპოლიტიკური ადამიანი ვარ და არ მინდა, პოლიტიკაზე რამე ვთქვა, მაგრამ, როგორც ხელოვანი, მის შეხედულებებს ბოლომდე ვიზიარებ. შეგრძნება მაქვს, თითქოს ბევრი რამის გასაღები ჰქონდა ხელთ.

– ბევრი თვლის, რომ, მართალია, ზვიადი იყო გენიალურად მოაზროვნე, უნიჭიერესი, ენციკლოპედიური განათლების მქონე ადამიანი, მაგრამ ცუდი პოლიტიკოსი.

– ჩემი აზრით, ცდებიან. ვფიქრობ, იმიტომ არ გამოუვიდა, რომ არ დასცალდა ისევე, როგორც არ დასცალდა მეცნიერულ დარგში. დრო რომ ჰქონოდა, ბევრად მეტს გააკეთებდა. ის, რაც გააკეთა პოლიტიკურ სივრცეში, მართლა საჭირო იყო.

მაშინ ბევრი სისაძაგლე მოხდა… ყოველთვის შეიძლება ვთქვათ, რომ უკეთ ან სხვაგვარად შეიძლებოდა გაკეთება, მაგრამ, რაც მოახერხა, ერთი ადამიანის ძალას აღემატება. ან როგორ მოახერხა იმდენი, რაც დატოვა, მაკვირვებს. სხვა ადამიანი ვერ გაუძლებდა, დაიმსხვრეოდა. საბოლოოდ კი ტრაგიკულ დასასრულამდე მიიყვანეს, რაც ღირსეული მაგალითია ყველასთვის.

– თქვენ, მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, უკვე წარმატებული მუსიკოსი ხართ. რა გზა გაიარეთ, სად სწავლობდით?

– რუდოლფ შტაინერის სკოლაში ვსწავლობდი. ეს სკოლა ახლა თბილისშიც არის. მერე გიმნაზიაში ჩავაბარე მატურა, რომელიც სიმწიფის ატესტატისმაგვარია შვეიცარიაში. შემდეგ მუსიკალურ აკადემიაში ვსწავლობდი კომპოზიციის და ფორტეპიანოს განხრით. გარკვეული პერიოდი ბერლინში ვსწავლობდი უმაღლეს სასწავლებელში. გამოცდის ჩაბარების შემდეგ შვეიცარიაში დავბრუნდი. აქ სხვადასხვა პროექტში ვარ ჩართული და ბევრ საქმეს ვაკეთებ.

– ევროპაში უცხო, გაჭირვებული ქვეყნის, როგორიც საქართველოა, შვილმა რომ მიაღწიო ასეთ წარმატებას, რაზეა ეს დამოკიდებული?

– შვეიცარიაში თუ ენა არ იცი, რთულია ცხოვრება. აქ რაღაცნაირი კონსერვატიზმია. თუ გარკვეულ ხალხს არ იცნობ და მათთან კარგ ურთიერთობაში არ ხარ, შეიძლება ყველაფერი გაგირთულდეს. ბევრი რამაა ნაცნობობაზე დამოკიდებული. მე კი უბრალოდ გამიმართლა. შესანიშნავი მასწავლებლები მყავდნენ და ისინი დამეხმარნენ, ხალხი გამაცნეს და ა.შ.

მეგობრებთან ერთად ვაკეთებდი ბევრ რამეს, კონცერტებსაც ერთად ვატარებდით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო. როგორც კომპოზიტორი, მუსიკას მარტო წერ, მაგრამ მთავარი ძალა ერთად მუშაობას აქვს.

ჩემი მეგობრები, ვისთან ერთადაც ვსწავლობდი, იყვნენ შვეიცარიიდან, პოლონეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან… ჩვენ ერთად შევქმენით მუსიკალური ჯგუფი “დელირიუმი”. ამ მომენტისთვის ძირითადად შვეიცარიასა და პოლონეთს შორის მივდი-მოვდივართ. ძალიან ინტერნაციონალური ჯგუფი გვაქვს. დაახლოებით ოცნი ვართ.

– პირველად რამ მოგიტანათ წარმატება?

– პირველი წარმატებული პროექტი იყო, როცა ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებები შევასრულეთ, მათ შორის ერთი ჩემიც იყო – “ზერსიდაი”. ეს სვანური სიტყვაა და ზეციდან გადმომავალ ძალას ნიშნავს. ნაწარმოებში გამოყენებულია სვანური ჭუნირის წყობა. მისი სიმები ფაქტობრივად ჩელოზე გადავიტანე და ისე ავაწყე ნაწარმოები. მერე შვეიცარიულ რადიოში ჩავწერეთ, გავრცელდა და საკმაოდ წარმატებული იყო.

ჩვენ შევიმუშავეთ მეთოდი და ყოველდღე 7-8 საათი ერთად ვუკრავდით. ერთად ვსვამდით და ვჭამდით და ასე, ერთობაში შევქმენით პროექტი. ეს განსაკუთრებული მუშაობის მეთოდია, რადგან ბევრად ღრმად შედის ცნობიერებაში მუსიკა.

შემდეგ კიდევ რამდენიმე პროექტი განვახორციელეთ, მაგრამ ბოლო იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს არის ინტერაქტიური მუსიკალური თეატრი და ჰქვია “ვიკარე”. ის იკაროსის ლეგენდაზეა აგებული. “ვიკარე” ეტრუსკული სიტყვაა. ეტრუსკულ კონტექსტს დავუკავშირე, რადგან ეს ჩემთვის ძალიან ქართველურია.

ეტრუსკული კულტურა ახლოსაა ქართულ კულტურასთან და, მგონი, ეს იმის გამოა, რომ მთელი მედიტერანული (ხმელთაშუა ზღვის. რედ.) კულტურა, რომელიც არსებობდა, სანამ რომაელები მოვიდოდნენ, ძალიან ჰგავდა იმას, რაც დღევანდელ ქართულ კულტურაშია შემონახული.

ამ განწყობამ და სულისკვეთებამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და შევეცადე, ეს ყველაფერი გამომეხატა. მე ვარ ამ სპექტაკლის კომპოზიტორი და ასევე, რაც სცენაზე ხდება, მისი გარკვეული ინსტალაციებიც მე გავაკეთე. ტექსტების ნაწილი ჩემია და ნაწილი – სხვების.

– მუსიკის გარდა, რა ინტერესები, გატაცებები გაქვთ?

– ძალიან მიყვარს მოგზაურობა. ამის ბედნიერება ყოველთვის არ მაქვს, მაგრამ ხანდახან, თუ კონცერტისთვის სადმე გავემგზავრებით, მიხარია. სხვადასხვა კულტურის ნახვა, სხვა გარემოს ათვისება ძალიან საინტერესოა ჩემთვის.

ძალიან მიყვარს ჯირითი. მივყვები საბრძოლო ხელოვნებას. მშვილდოსნობა მაინტერესებს ძალიან, ბევრს ვკითხულობ და ა.შ.

– ქართული კითხვა რა ასაკში ისწავლეთ?

– ვკითხულობ ქართულად, გერმანულად, ინგლისურად, ფრანგულად… 4-5 წლის ვიყავი, ქართულად რომ ვკითხულობდი. ჯერ ქართული წერა-კითხვა ვისწავლე, მერე – გერმანული.

– დიდი პაპის, კონსტანტინე გამსახურდიას, შედევრებს რა პერიოდიდან კითხულობთ?

– “დიდოსტატის მარჯვენა” პირველად რომ წავიკითხე, 7 თუ 8 წლის ვიყავი. ბევრი რამე ვერ გავიგე. მეორედ 14 წლისამ წავიკითხე, მერე – 21 წლისამ და 1 წლის წინ კიდევ ერთხელ წავიკითხე. ყველა კარგი წიგნი ასეა – გარკვეული დროის მერე წაკითხვისას სულ სხვანაირად აცნობიერებ გარკვეულ მომენტებსა და დეტალებს.

“დავით აღმაშენებელი” წავიკითხე, 16-17 წლის რომ ვიყავი და ახლა ვაპირებ კიდევ ერთხელ წაკითხვას.

– პირველად რამდენი წლის შემდეგ დაბრუნდით საქართველოში და რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ იმან, რაც მაშინ ნახეთ სამშობლოში?

– 16 წლის ვიყავი, რომ ჩამოვედი და ეს ძალიან შთამბეჭდავი იყო, თუმცა ბევრი იმედგაცრუებაც მქონდა. აღმოჩნდა, რომ ბევრი ადამიანია ყოველდღიური სისაძაგლით დაკავებული. უცნაური, ცოტა გათიშული მომეჩვენა ერი. ყველაფერი დამტვრეულ-დანგრეული, ხალხი უსაქმურად იყო…

ახლა, მინიმუმი, 2 წელიწადში ერთხელ მაინც ჩამოვდივარ. მანდ უამრავი ნათესავი და მეგობარი მყავს, ძალიან მიყვარს ყველა და ძირითადად მათ სანახავად ჩამოვდივარ. ხანდახან სამუშაოდაც მიწევს ჩამოსვლა, კონცერტებზე ვუკრავ.

თბილისს, ასე თუ ისე, ვიცნობ. კავკასიონი მაინტერესებდა და ვიმოგზაურე. საქართველოს ბუნება მიყვარს, კავკასიონზე ვგიჟდები!

– ქართული სამზარეულოც გიყვართ?

– ძალიან მიყვარს ბევრი ქართული კერძი და თვითონაც ვაკეთებ. ხაჭაპურს ვაცხობ ხოლმე.

– ცომსაც თავად ზელთ?

– ცომის მოზელა ყველაზე მაგარია! 2 საათი ვზელ და კარგად ვგრძნობ ხოლმე თავს, კარგი ენერგიით ვიმუხტები. კარგი ხაჭაპური იშვიათია. მე დედისგან ვისწავლე იმერული ხაჭაპურის საიდუმლო რეცეპტი. ხინკალსაც ვაკეთებ, ბაჟესაც, ნიგვზიან ბადრიჯანსაც… ხაში მიყვარს ძალიან.

– შვეიცარიაში მარტო ცხოვრობთ?

– მეგობრებთან ერთად ვცხოვრობ ქალაქ ბაზელში. იქ ბევრი რამ ხდება კულტურული თვალსაზრისით. აქვეა საფრანგეთიც, გერმანიაც. ეს ქალაქი თითქოს სამ ქვეყანას აკავშირებს.

ძალიან დატვირთული ვარ. დღე-ღამეში 3-4 საათი მძინავს. მხოლოდ ხანდახან თუ ვახერხებ 7 საათი ძილს.

– კარგია, რომ შვეიცარიაში გაიზარდეთ და არა – საქართველოში?

– არჩევანის საშუალება რომ მქონოდა, ალბათ მერჩია, საქართველოში გავზრდილიყავი, მაგრამ ასე არ მოხდა და რა რეალობაც არის, ვცდილობ, ის დავინახო პოზიტიურად.

– საქართველოში დაბრუნებაზე გიფიქრიათ? შეძლებდით აქ მუდმივად ცხოვრებას?

– ძალიან ბევრი მიფიქრია მაგაზე, თუმცა ამ დროისთვის ეს რთული იქნება ჩემთვის, როგორც ხელოვანისთვის. სულ ვამბობ, თუ შესაბამისი პირობები შეიქმნება, აუცილებლად დავბრუნდები.

– გამსახურდიებისთვის, თქვენი წინაპრებისთვის, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ვისი გორის ქალი იქნებოდა მათი გენის გამგრძელებლების დედა. თქვენ ქართველი გოგონები მოგწონთ?

– გოგოს გააჩნია. საქართველოში ბევრი კარგი გოგო შემხვედრია, მაგრამ ბევრიც არ მომწონებია. ჩემთვის მნიშვნელოვანია, როგორი ადამიანია. მეგობრებშიც ხომ ასეა.

ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ის, ვისთანაც კონტაქტი მაქვს, ადამიანი იყოს და გონებრივად გახსნილი, თავისი საქმე უნდა უყვარდეს.

– დაოჯახებაზე ფიქრობთ?

– ჯერ მაინცდამაინც არ მიფიქრია ამაზე.

– თქვენს უმცროს ძმას, ზვიადს, ხშირად ხვდებით?

– ჩემი ძმა ბერლინში ცხოვრობს და ფილოსოფიურ ფაკულტეტზე სწავლობს. ახლა ძირითადად ფილმებს იღებს. უკვე ბევრი კარგი მოკლემეტრაჟიანი ფილმი აქვს გადაღებული. “ვიკარეშიც” მონაწილეობს – ერთ-ერთი მომენტი ვიზუალურად გამოხატა ფილმში.

მის მიერ გადაღებული ერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის “საწერი მანქანა” მე შევქმენი მუსიკა. ასე ვთანამშრომლობთ. კარგი მეგობრები ვართ.

რუსუდან ადვაძე, სარკე          

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018