მარგველაშვილი, უსუფაშვილი, კვირიკაშვილი – შეიქმნება თუ არა ასეთი ტრიუმვირატი

მარგველაშვილი, უსუფაშვილი, კვირიკაშვილი – შეიქმნება თუ არა ასეთი ტრიუმვირატიპოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში გიორგი კვირიკაშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებაზე საუბრობს.
– ბატონო ვახტანგ, გიორგი კვირიკაშვილის მიერ პარტია “ქართული ოცნების” დატოვება შეიძლება ნიშნავდეს მის მზადებას პოლიტიკაში დასაბრუნებლად?
– გიორგი კვირიკაშვილმა “ქართულ ოცნებაში” თავისი პოლიტიკური კარიერის პიკს მიაღწია. გადადგომის დღეს კვირიკაშვილმა თქვა, რომ შეუთანხმებლობა ჰქონდა პარტიის თავმჯდომარესთან, რადგან განსხვავებული შეხედულება ჰქონდა ბევრ საკითხში. აქედან გამომდინარე სავსებით ლოგიკურია, რომ ის კი არ გარიცხეს, არამედ თავისი ნებით დატოვა პარტია. ახლა ის თავისუფალი ადამიანია. გააგრძელებს თუ არა პოლიტიკურ კარიერას, რთული სათქმელია. ამ ეტაპზე მისთვის პოლიტიკის გაგრძელება არ მგონია ხელსაყრელი და მომგებიანი იყოს, მაგრამ მე არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული დროის შემდეგ ის პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთოს.
– თქვენ ამბობთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოემზადება, პოლიტიკურ ძალას შექმნის, რომელიც ერთგვარი ალტერნატივა იქნება? ბევრს საუბრობენ ე.წ. მესამე ცენტრზე.
– დიახ, მაგრამ აქვს კი მას დამოუკიდებლად ამის რესურსი? არ მგონია, რომ მესამე ცენტრის შესაქმნელად გიორგი კვირიკაშვილს დამოუკიდებლად რესურსი გააჩნდეს. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც ერთობა ვიხილოთ. დავით უსუფაშვილმა საინტერესო განცხადება გააკეთა. ამ მიმართულებით მართლაც საინტერესო პოლიტიკური პროცესები განვითარდება.
– რას გულისხმობთ?
– არის მცდელობა მესამე ცენტრის შექმნის. ეს პროცესი თუ წარმატებით განვითარდა, მე არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული დროის შემდეგ კვირიკაშვილი სწორედ ამ გუნდთან ერთად ვიხილოთ. მე ეს უფრო რეალური მეჩვენება, ვიდრე ის, რომ კვირიკაშვილმა დამოუკიდებელი პოლიტიკური ორგანიზაცია შექმნას.
– უსუფაშვილი, კვირიკაშვილი და მარგველაშვილი წარმოგიდგენიათ მესამე ცენტრის სახით?
– დიახ. მე ასეთ ერთობას არ გამოვრიცხავ. თუმცა, ჯერ ეს მხოლოდ თეორიაა, ჯერ ისიც არ ვიცით, ამ შეთავაზებაზე როგორ უპასუხებს მარგველაშვილი, არც ის ვიცით, რამდენად სწორად წარიმართება ეს პროცესი. გარდა ამისა, მგონია, რომ კვირიკაშვილი ტაიმ-აუტს აიღებს, რაც სწორი ნაბიჯი იქნება, წლის ბოლომდე მაინც ყოფილი პრემიერი ალბათ უფრო კულუარულ სამუშაოებს გამართავს, ერთგვარად მოსინჯავს ძალებს და შემდეგ ახალი წლის დასაწყისიდან ჩაერთვება პროცესებში, თუ პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება გადაწყვეტილი აქვს.
– ამ ტრიუმვირატს, მარგველაშვილს, კვირიკაშვილს, უსუფაშვილს პოლიტიკური საერთო უფრო მეტი აქვთ თუ ნაკლები? კვირიკაშვილი როდესაც გადადგა, მარგველაშვილმა თქვა, რომ ყველაზე კომფორტულად სწორედ მასთან მუშაობდა. ეს მომავლისთვის გაკეთებულ განცხადებადაც ჩათვალა მაშინ ბევრმა.
– დიახ, მათ ერთმანეთთან მისასვლელი ხიდები ნამდვილად არ დაუწვავთ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სამივე მათგანი ქვეყნის უმაღლეს პოზიციაზე იყო წარმოდგენილი, მათ ამ პოზიციებზე თავინთი პოლიტიკური შეხედულებების არათუ რეალიზება, საჯაროდ გამოტანაც კი შეზღუდული ჰქონდათ. ამიტომ მიჭირს ზუსტად გავცე ამ კითხვას პასუხი, რამდენი აქვთ მათ საერთო და რამდენი არა.
– თუ ასეთი ერთობა შედგა, რამდენად იქნება ეკლექტური?
– ამ ადამიანების პოლიტიკური იდეალები, პლატფორმა, პოლიტიკური ფილოსოფია მთლად დაშორებული არ უნდა იყოს. ახალი პოლიტიკური ცენტრის შესაქმნელად უფრო მეტი საერთო უნდა ჰქონდეთ, ვიდრე არა. რაც შეეხება ურთიერთობებს, ამ დონეზე მათ მნიშვნელოვანი პრობლემები არ ჰქონიათ.
თუ ასეთი ცენტრი შეიქმნა, სამივეს ძალიან სერიოზული მუშაობა მოუწევთ, არა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, არამედ შემდეგისთვის, რომ ერთიანი გამართული პოლიტიკური პლატფორმა ჩამოაყალიბონ და შეჯერდნენ ამ პლატფორმაზე.
მესამე ცენტრის შექმნას პროგრამული და იდეოლოგიური ბაზის შემუშავება სჭირდება. რამდენად შეძლებს ეს ტრიუმვირატი ამის შექმნას, ეს საკითხი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ეს ცენტრი არა მხოლოდ ჩამოყალიბდეს, არამედ წარმატებულიც იყოს.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018