“სხვის ოჯახს ვალაგებდი და ამასობაში საკუთარი ოჯახი ამერია”

"სხვის ოჯახს ვალაგებდი და ამასობაში საკუთარი ოჯახი ამერია"რატომ ხდება, რომ მოყვასისთვის გაწეული სიკეთე და თავდადება ადამიანს შეიძლება ბოროტებად დაუბრუნდეს? ეს მარადიული კითხვა უამრავ ადამიანს აწუხებს და პასუხი ვერ უპოვნია. მათ შორისაა ჩვენი რესპონდენტი, ახალგაზრდა ქალი ირმაც, რომელიც განუწყვეტლივ ფიქრობს, სად დაუშვა შეცდომა. იქნებ თანადგომაშიც ზომიერებაა საჭირო? განსჯა თქვენთვის მოგვინდვია.

ირმა:

– მე და ჩემი ქმარი, ლაშა, წლების განმავლობაში ტკბილად ვცხოვრობდით. შვილი არ გვყავს, თუმცა ამის გამო ჩვენს ურთიერთობაში ხინჯი არ გაჩენილა, პირიქით, შევიკარით. ერთმანეთს პატარა ბავშვებივით ვუვლიდით. დიდი მეგობრობა და ურთიერთგაგება გვაკავშირებდა. ლაშა ზოგჯერ საოჯახო საქმეებში, სადილის მომზადებაშიც მეხმარებოდა, მე კი ხელს ვუმართავდი სამსახურის საქმეებში, რომლებიც თავსაყრელად ჰქონდა. ამგვარმა ერთობამ ფიზიკურადაც შეგვცვალა. დროთა განმავლობაში ერთმანეთს დავემსგასეთ ტყუპებივით.

– რას შეიძლებოდა დაერღვია ასეთი ტკბილი ურთიერთობა?

– მეც ეს მაკვირვებს, ნუთუ შეიძლებოდა ამ მიზეზით ჩვენ შორის ბზარი გაჩენილიყო? მეზობლად გადმოვიდა ახალგაზრდა წყვილი: ბაკური და გვანცა, ჩვენზე 10 წლით უმცროსები. გვანცა ორსულად იყო და მის მიმართ ჩემი განსაკუთრებული ყურადღება ამან გამოიწვია. რაღაცნაირი, მშობლიური მზრუნველობის განცდა გამიჩნდა. ლაშას რომ წვენს ვუწურავდი, ნაწილს აუცილებლად გვანცას ვაწვდიდი, ასევე სადილსაც.

გვანცას ბავშვივით უხაროდა, ისეთ ემოციას გამოხატავდა. მეც სტიმული მეძლეოდა, მსურდა, მეტი სიკეთე და სიხარული მიმენიჭებინა ორსულისთვის. დედამისი ყოველ შეხვედრაზე მეუბნებოდა, გვანცას გვერდით შენი ყოფნა მამშვიდებს, ვიცი, არაფერი მოაკლდებაო.

– ბავშვი როცა გაჩნდა, ეს ურთიერთობა როგორ გაგრძელდა?

– თავს არ ვზოგავდი პატარა ელენიკოსთვის, შეძლებისგვარად ყველაფერს ვაკეთებდი – ეს მეზობლობის საზღვრებს სცილდებოდა. დედა-შვილს ჩემი ოჯახის წევრებად აღვიქვამდი.

– კაცს არ სიამოვნებს, ცოლისგან ყურადღება რომ აკლდება. თქვენი ქმარი როგორ განეწყო იმ ფაქტის მიმართ, რომ მეზობლის ოჯახზე ასე თავგადაკლული იყავით?

– ვცდილობდი, ჩემი ქცევა ლაშასთვის გამაღიზიანებელი არ ყოფილიყო. გვანცასთან მაშინ შევდიოდი, როცა ლაშა სამსახურში იყო. შინ რომ ბრუნდებოდა, დროს მის გვერდით ვატარებდი. ზოგჯერ ელენიკო შემომყავდა ჩვენთან, ლაშა ბავშვთან კარგად ერთობოდა, თავადაც ხალისობდა და პატარასაც ახალისებდა.

– როგორც ჩანს, რაღაც მოხდა ისეთი, რამაც განმსაზღვრელი როლი შეასრულა თქვენს ოჯახურ ცხოვრებაში.

– გვანცას ქმარმა, ბაკურმა, სმას მოუხშირა და ხასიათი შეიცვალა. სიმთვრალეში ცოლს უხირდებოდა, გვანცა არ ეპუებოდა. ერთხელაც მაგრად იჩხუბეს. ბავშვი ჩვენთან იყო. ჭურჭლის მსხვრევის ხმა მომესმა. ელენიკო ლაშას დავუტოვე და მათთან შევვარდი. შევშინდი, ნასვამ ქმარს გვანცასთვის რამე არ მოეწია.

– თქვენმა ქმარმა “ცხელ წერტილში” მარტო როგორ გაგიშვათ?

– ლაშას არ უყვარს სხვის პირად საქმეში ჩარევა. ამბობს, ცოლ-ქმარმა ურთიერთობა თავად უნდა დაალაგოს, თუ ჩაერევი, შეიძლება კატალიზატორის როლი შეასრულო – ან დააჩქარო მოვლენები, ან შეანელო, მოსახდენი მაინც მოხდებაო. ცუდსაც არასდროს უშვებს. თვითონ რომ მშვიდობისმოყვარეა, სხვაც ასეთი ჰგონია.

– შეძელით სიტუაციის განმუხტვა და ნაჩხუბარი ცოლ-ქმრის დაზავება?

– ბაკური საშინლად ბობოქრობდა, მაგიდა ამოაყირავა. რომ დამინახა, შეცბა, ქურთუკს დაავლო ხელი და შინიდან გავარდა. გაბრაზებული გოგო ისტერიკულად წყევლიდა ქმარს, ვერ წყნარდებოდა. ჩემი თანადგომა რომ იგრძნო, გულში ჩამეკრა და აქვითინდა. თუ მანამდე ქმრის სიმხეცეზე ბრაზობდა, მერე გაქცეულ ქმარზე ასლუკუნდა – ვინ იცის, სად წავიდა ან იქ ვინ მოუვლის, ვაითუ აღარ დაბრუნდესო.

ის ღამე მასთან გავათენე, ვაშოშმინებდი, ვანუგეშებდი. ბაკური რამდენიმე დღე არ გამოჩენილა, ძმაკაცთან იყო. გვანცა დარდობდა ქმარზე, გაუთავებლად მეკითხებოდა, როგორ ახერხებთ, ასეთი კარგი ოჯახი რომ გაქვთო. ვუხსნიდი, რომ კარგი ურთიერთობა ცალმხრივად არ მოდის, ორივე უნდა ეცადოს, რაღაც უნდა დაუთმონ ერთმანეთს, მოუთმინონ-მეთქი.

– ზოგჯერ თავშეკავება და დამშვიდების ფორმებიც არ ჭრის, თუ კაცი არაფხიზელ მდგომარეობაში შეურაცხადია.

– კი, მაგრამ ხომ უნდა ეცადო მაინც… გვანცას ახელებდა ქმრის სიმთვრალე, კონტროლს კარგავდა. ვუხსნიდი, რომ ქმართან მიდგომის ფორმები შეეცვალა, თუ ოჯახის შენარჩუნება სურდა. ვეუბნებოდი, არც ჩემი ქმარია კანფეტი, ზოგჯერ ისეთ უხასიათობას ამჟღავნებს, გული შეგიწუხდება. მეც რომ იმგვარად ვუპასუხო, ამას უარესი მოჰყვება და შეიძლება ერთ დღეს ლაშამაც დალეწოს ყველაფერი და შინიდან გაიქცეს-მეთქი.

– გვანცამ თქვენი დარიგება შეისმინა?

– ამბობდა: ლაშას და ბაკურს შორის დიდი სხვაობაა, გაგიმართლა, ასეთი კარგი ქმარი რომ შეგხვდაო. თან თავის გაუმართლებელ ცხოვრებას ჩიოდა, თან გაქცეულ ქმარს მისტიროდა. ვუთხარი, ბაკური გონს მოვა და ბოდიშის მოხდით დაგიბრუნდება-მეთქი. ამბობდა, ამას არ გააკეთებს, რადგან ჭკუის დამრიგებელი არავინ ჰყავსო… ბაკურთან ნამდვილად ვერ მივიდოდი დასამოძღვრად, გვანცას რომ არ წავექეზებინე.

– გვანცამ როგორ წაგაქეზათ?

– მითხრა, იმ საღამოს რომ არ შემოსულიყავი, ბაკური არ გაიქცეოდა, შენი შერცხვა და იმიტომ წავიდაო. ძალიან შევწუხდი. თუმცა სხვაგვარად ვფიქრობდი: რომ არ ჩავრეულიყავი, შეიძლება ბაკურს ცოლისთვის რამე მოეწია. რომ დამინახა, გონს მოვიდა და გარეთ გავარდა.

– არ დაეთანხმეთ, თუმცა მაინც ანგარიში გაუწიეთ გვანცას ნათქვამს?

– ძალიან მომხვდა გულზე. გადავწყვიტე, ბაკური მომეძებნა და დავლაპარაკებოდი. გვანცას გარეშე ვერ ვიპოვიდი, ბაკურის ტელეფონის ნომერი ვთხოვე. გვანცა სიხარულით ცას ეწია, რომ გაიგო, რასაც ვაპირებდი – ჩემი გადამრჩენელი ხარო. ესე იგი, ხან მისი გადამრჩენი ვიყავი, ხან “დამაქცევარი”, ორ უკიდურესობას შორის მერყეობდა.

– გვანცას და ბაკურის მშობლები რთულ მომენტში რატომ არ ჩანდნენ?

– ბაკურის მშობლებს თავის დროზე არ უნდოდათ გვანცა რძლად, ამიტომ თავი შორს ეჭირათ. გვანცა კი თავის დედას არ ატყობინებდა, გულით ავადმყოფია, ინერვიულებსო. მამა არ ჰყავს.

– თქვენი ქმარი რას გეუბნებოდათ, ასე რომ აქტიურობდით?

– მითხრა, თუ კიდევ ჩაერევი მათ საქმეში, ღირსი იქნები, რასაც მათგან მიიღებო. ძალიან გაბრაზდა გვანცას ნათქვამზე და საერთოდ, გვანცას ქცევებზე.

მაინც წავედი ბაკურთან შესახვედრად, ბაკურს და გვანცას ჩემთან შედარებით ბავშვებად ვთვლიდი და ასე ამიტომ ვიქცეოდი. ბაკურს მართლა ერიდებოდა ჩემი, თვალებში ვერ მიყურებდა, თუმცა უტეხად იდგა თავის პოზიციაზე, გვანცას არ შევურიგდები, დამამცირა, ჩემს ღირსებას შეეხოო.

ვუთხარი, გვანცას უყვარხარ და შენზე დარდობს-მეთქი. დავარწმუნე, კიდევ ერთხელ ეცადათ ბედი, თუნდაც შვილისთვის, ოჯახისთვის. მოვიფიქრებო, მითხრა, რამდენიმე დღეში კი ოჯახს დაუბრუნდა. გვანცა მეფერებოდა, ჩემი ოჯახის მხსნელი ხარო.

– მათი ოჯახური ურთიერთობა დალაგდა?

– თავიდან ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ მერე ისევ აირია. ბაკურს უკვე ფხიზელ მდგომარეობაშიც ჰქონდა კონფლიქტი ცოლთან, მერე დასალევად გარბოდა. გვანცა საშველად მეძახდა და, მინდოდა თუ არ მინდოდა, ვეღარ ვტოვებდი. ცოლ-ქმარს შორის ვიდექი და ურთიერთობას ვუგვარებდი. მთელი წელი გაგრძელდა ასე. მართალი გითხრათ, ამ სიტუაციამ ძალიან დამღალა.

– რით დამთავრდა?

– ბოლოს ბაკურს ყელში ამოუვიდა ჩემი ჩარევა და როგორც თავის ცოლს, ისე მეც მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. მთვრალი იყო, თორემ ალბათ არ იკადრებდა. ამას ჩემი ქმარი შეესწრო. სამსახურიდან დაბრუნებული ლაშა კიბეებზე შინიდან გავარდნილ ბაკურს შეეფეთა, რომელიც მე და თავის ცოლს გვაგინებდა. ლაშამ ჩემი შეურაცხყოფა არ აპატია, ვერ მოითმინა და გამეტებით მუშტი უთავაზა.

სახტად დავრჩი, რადგან ლაშას არასდროს არავისთან უჩხუბია, სიტყვიერადაც კი. ბაკური კიბეებზე დაგორდა და სერიოზულად დაშავდა. ჩემი და გვანცას მოსაბრუნებელი გახდა.

ლაშა მეუბნებოდა, ღირსია, თავი დაანებე, სახლში შემოდიო, მაგრამ ვერც გვანცა და ვერც ჩემი ქმრისგან დაზარალებული ბაკური მივატოვე. ბოლოს ლაშა ჩემზე გამწარდა და კარი მიიჯახუნა.

– რით დამთავრდა ეს სკანდალი?

– ბაკური გვანცას გაეყარა. ოჯახი დაენგრათ. გვანცამ კი ამაში ჩემი ქმარი დაადანაშაულა, ლაშას რომ გამოვექომაგე, მეც ზედ მიმაყოლა. ახლა დედასთან ერთად ზრდის შვილს და ჩვენკენ არ იხედება. ეტყობა, დედასთანაც ცუდად მოგვიხსენია, ქალი ნორმალურად არ მესალმება, ცხვირს მიბზუებს. რა სამწუხაროა! აქამდე “ღმერთად” მთვლიდა, ახლა ზემოდან დამცქერის.

ცდილობენ, ბავშვიც არ მაჩვენონ. სადარბაზოდან მესმის ხოლმე, როგორ ტირის ელენიკო, ირმა დეიდასთან შემიყვანეთო, მაგრამ ბავშვს ეჩხუბებიან და ბინაში შეათრევენ ხოლმე (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით). გული მიკვდება – ბავშვი ჩემს ხელში წამოიჩიტა და ნახვის უფლებასაც არ მაძლევენ.

რაც ყველაზე მძიმე და მტკივნეულია ჩემთვის, ესაა ლაშას დამოკიდებულება. ქმარი ჩემ მიმართ შეიცვალა. ჩათვალა, რომ უთავმოყვარეოდ ვიქცეოდი, მის თვალში ჩემი ღირსება შეილახა.

– თქვენი მეუღლე რა მხრივ შეიცვალა, როგორ გექცევათ?

– ჩემს სიტყვას აღარ აფასებს, ზოგჯერ აბუჩად იგდებს. ვცდილობ, ნაკლებად ვესაუბრო. თუ რამეს ვიტყვი, კამათს ვიწყებთ. საერთო ენას ვეღარ ვპოულობთ. სამსახურიდან რომ მოდის, თავის საქმეებშია თავჩარგული, ჩემი თანადგომა არ სჭირდება. ვატყობ, ჩემი გვერდით ყოფნა აღიზიანებს. ოჯახური მთლიანობა დაგვერღვა.

– ნუთუ ქმარს “გასაღები” ვერ მოუძებნეთ? ხომ დიდი ურთიერთგაგება გაკავშირებდათ.

– ალბათ იმ ერთი წლის განმავლობაში, როცა სხვისი ოჯახური ურთიერთობის დალაგებით ვიყავი დაკავებული, რაღაც სერიოზული გამეპარა. თანდათანობით რაღაც ირღვეოდა ჩვენში, მე კი ვერ შევნიშნე. ლაშას არ სიამოვნებდა, სხვის საქმეში რომ ვერეოდი, რამდენჯერ მიმითითა, თუმცა არ აუკრძალავს. ამასობაში კი ჩვენი ოჯახური ცხოვრება აირია.

ადრე ღამით ერთად ვწვებოდით და დილით ერთად ვდგებოდით. ახლა ჯერ მე მისტუმრებს დასაძინებლად და რომ ჩამეძინება, მერე წვება თავად. ხან საერთოდაც არ შემოდის და დივანზე მიიძინებს ხოლმე.

– იქნებ რამე სხვა პრობლემაც აქვს?

– არ ვიცი, ვერაფერს ვუკავშირებ. შინიდან გასვლის სამზადისში არც განსაკუთრებულად იპრანჭება, რომ ვიეჭვიანო. ზოგჯერ იგვიანებს დაბრუნებას, მაგრამ ვიცი, რომ მაგ დროს მეგობრებთან ერთადაა. ადრე ერთად დავდიოდით სამეგობროში, ახლა მეუბნება, მარტო ბიჭები ვიკრიბებითო. მათ ცოლებს რომ ვეხმიანები, ისინიც იმავეს ამბობენ, ცოლების გარეშე ქეიფობენო.

– ქეიფიდან ალბათ ნასვამი ბრუნდება.

– ერთად რომ დავდიოდით, არ სვამდა. ცოტას თუ მოწრუპავდა, ამაღლებული განწყობისთვის ჰყოფნიდა. ახლა სმას მოუმატა და ცინიკურად მექცევა, ყველაფერზე მეკიდება, ნერვებზე თამაშობს. სულ დაძაბული ვარ, ვაითუ, ვერ შევძლო კოჭების გორება და ერთმანეთს შევასკდეთ.

– სასურველია ცუდზე არ იფიქროთ, იქნებ დააბალანსოთ ურთიერთობა.

– გვანცას ამბავში ბრძენი ვიყავი, სწორ რჩევებს ვაძლევდი, თუმცა არ დამიფასა, ცუდად შემომიბრუნა. ჩემს პირადში კი უკვე მიჭირს. ზოგჯერ ნერვები მღალატობს, თავს ძლივს ვიკავებ, ერთი სიმიღა მრჩება და, რომ გამიწყდეს, ვინ იცის, ოჯახში რა დატრიალდება.

ვფიქრობ, ლაშა ვერ მპატიობს, ბაკურს რომ შევარჩინე შეურაცხყოფა. რა მექნა, ეს ხომ გვანცას ოჯახის გადასარჩენად ავიტანე, “გადავყლაპე”, თუმცა არავინ დარჩა მადლიერი – არც გვანცას და არც მის ქმარს ჩემთვის ბოდიშიც არ მოუხდიათ. პირიქით, გვანცა შემოგვწყრა. ჩემი ქმრის თვალში კი ისე დავკნინდი და დავპატარავდი, თავს უფლებას აძლევს, თავადაც დამამციროს.

ნანა კობახიძე, სარკე