საქმე, რომელმაც მსოფლიო შეძრა: გენიალური გამომგონებელი სადისტი მკვლელი აღმოჩნდა – პეტერ მადსენი ჟურნალისტი ქალის მკვლელობისთვის მთელ ცხოვრებას ციხეში გაატარებს

საქმე, რომელმაც მსოფლიო შეძრა: გენიალური გამომგონებელი სადისტი მკვლელი აღმოჩნდა - პეტერ მადსენი ჟურნალისტი ქალის მკვლელობისთვის მთელ ცხოვრებას ციხეში გაატარებსამ ისტორიამ გასულ ზაფხულს მთელი დანია და შვედეთი შეძრა. დანიელ გამომგონებელს, პეტერ მადსენს, სამუდამო პატიმრობა მიესაჯა შვედი ჟურნალისტის, კიმ ვალის, სასტიკი მკვლელობისათვის.

ასეთი მკაცრი განაჩენი კოპენჰაგენის სასამართლომ ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ გამოიტანა. როგორც მოსამართლე ანეტ ბულკომ განაცხადა, მადსენის ჩვენებებმა ვერც მასზე მოახდინა გავლენა და ვერც ნაფიც მსაჯულებზე. სასამართლოს ვერდიქტი გამორიცხავს ამ საქმის ოდესმე გატანას შეწყალებაზე. მიუხედავად ამისა, მადსენმა და მისმა ადვოკატებმა მაინც შეიტანეს საქმე აპელაციაზე.

გენიალური გამოგონებები

გამომგონებელი პეტერ მადსენი დანიის პრესის საყვარელი რესპონდენტი იყო. ის ხელმძღვანელობდა კომპანიას “მადსენ რაკეტა ლაბი”, რომელიც აერთიანებდა ენთუზიაზისტებს კოსმოსური ფრენებისთვის. მიზანი იყო, რომ 2019 წელს გაფრენილიყვნენ კოსმოსში, სადაც ერთმანეთის გვერდით იქნებოდნენ პროფესიონალი კოსმონავტები და კოსმოსზე შეყვარებული ადამიანები.

მადსენს დანიელ ილონ მასკს ეძახდნენ, მასზე ასობით სტატია იწერებოდა და უამრავი სიუჟეტი კეთდებოდა.

კოსმოსური გეგმების გარდა, მადსენის გატაცება წყალქვეშა სამყარო იყო. 2008 წელს მესამე წყალქვეშა ნავის მშენებლობა დაასრულა და მას “ნაუტილუსი” უწოდა. ხომალდი სიგრძეში 18 მეტრი იყო და 33 ტონას იწონიდა. 2017 წლის გაზაფხულზე მადსენმა “ნაუტილუსის” კაპიტალური რემონტი დაასრულა და ზღვაში გავიდა.

საბედისწერო ინტერვიუ

33 წლის კიმ ვალი სორბონაში ეკონომიკის განხრით სწავლობდა. მოგვიანებით ნიუ იორკში გააგრძელა სწავლა, შემდეგ კი ნიუ იორკსა და პეკინში მუშაობდა. მისი სტატიები ქვეყნდებოდა ისეთ გამოცემებში, როგორებიც არის “გარდიანი” და “ნიუ იორკ ტაიმსი”. მშობლებიც ჟურნალისტები იყვნენ და ისიც მათ კვალს გაჰყვა.

2017 წლის ზაფხულში კიმ ვალს კოპენჰაგენში მოუწია ცხოვრება და, ბუნებრივია, გაუჩნდა სურვილი, დანიელ გამომგონებელზე რეპორტაჟი გაეკეთებინა.

მადსენი ცნობისმოყვარე ჟურნალისტთან ინტერვიუს დათანხმდა, “ნაუტილუსზე” მიიწვია და ხანმოკლე წყალქვეშა გასეირნება შესთავაზა.

საქმე, რომელმაც მსოფლიო შეძრა: გენიალური გამომგონებელი სადისტი მკვლელი აღმოჩნდა - პეტერ მადსენი ჟურნალისტი ქალის მკვლელობისთვის მთელ ცხოვრებას ციხეში გაატარებსუკანასკნელი ცურვა

2017 წლის 10 აგვისტოს ხომალდი კოპენჰაგენის სანაპიროდან ზღვაში შეცურდა. უამრავმა ადამიანმა დაინახა, რომ ჟურნალისტი და გამომგონებელი ზღვაში შესვლისას ხომალდის თავზე იდგნენ. კიმი აბსოლუტურად მშვიდი იყო და იღიმებოდა.

ზღვაში გასეირნება ხანმოკლე უნდა ყოფილიყო, მაგრამ კიმი სახლში არ დაბრუნდა. მისმა მეგობარმა მამაკაცმა განგაში ატეხა, რადგან გოგონას ტელეფონიც გათიშული იყო. მას შეეშინდა, რომ ზღვაში რაღაც კატასტროფა მოხდა.

წყალქვეშა ხომალდი მეორე დილით კოპენჰაგენიდან 50 კილომეტრის რადიუსში იპოვეს. პეტერ მადსენი კავშირზე გამოვიდა და განაცხადა, რომ მის ხომალდს ტექნიკური პრობლემები შეექმნა და პორტში ბრუნდებოდა, მაგრამ “ნაუტილუსმა” პორტამდე ვერ მიაღწია და ზღვაში ჩაიძირა.

მადსენმა ნაპირამდე თავისი ძალებით, ცურვით მიაღწია, მაგრამ კიმ ვალი მის გვერდით არ იყო.

მეცნიერის ვერსიები

გამომგონებელმა განაცხადა, რომ არ იცოდა, მისი მგზავრი სად იმყოფებოდა, რადგან ზღვაში შესვლიდან საათნახევარში ჟურნალისტი სანაპიროზე, ერთ-ერთ რესტორანთან ჩამოსვა. ამის შემდეგ მადსენი კვლავ ზღვაში შევიდა, შემდეგ კი ხომალდს ტექნიკური პრობლემებიც შეექმნა.

პეტერ მადსენის ეს ვერსია პოლიციაში ეჭვს იწვევდა, პირველ რიგში, იმის გამო, რომ კიმი გაუჩინარებული იყო, მეორე მხრივ კი, არ არსებობდა ადამიანი, რომელმაც ხმელეთზე დაბრუნებული ჟურნალისტი ნახა.

ამ ყველაფერს კიდევ ერთი უცნაურობა ახლდა – ის ადამიანები, რომლებიც წყალქვეშა ხომალდის ტექნიკური პრობლემების მოგვარებას ცდილობდნენ, აცხადებდნენ, რომ “ნაუტილუსი” ძალიან უცნაურად და სწრაფად ჩაიძირა.

საქმე, რომელმაც მსოფლიო შეძრა: გენიალური გამომგონებელი სადისტი მკვლელი აღმოჩნდა - პეტერ მადსენი ჟურნალისტი ქალის მკვლელობისთვის მთელ ცხოვრებას ციხეში გაატარებს“მე ის ზღვას გავატანე”

მადსენი პოლიციამ მაშინვე დააკავა, რამაც მეცნიერის თაყვანისმცემლების სერიოზული პროტესტი გამოიწვია, მაგრამ მალე აზრი შეიცვალეს და განაცხადეს, რომ ისინი იმედგაცრუებულები იყვნენ. მადსენის კომპანიაში მომუშავე ადამიანებმა სამსახური დატოვეს.

როდესაც “ნაუტილუსი” ზღვიდან ამოიყვანეს, ექსპერტებმა დათვალიერების შემდეგ განაცხადეს, რომ ხომალდს არავითარი ტექნიკური პრობლემა არ ჰქონდა და ყველაფერი იმაზე მიუთითებდა, რომ მადსენმა თავად ჩაძირა.

10 დღის განმავლობაში პეტერ მადსენი თავის პირველ ვერსიას არ ღალატობდა, შემდეგ უკვე სხვა რამეზე ალაპარაკდა. მან განაცხადა, რომ ჟურნალისტი ხომალდზე უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. “შემდეგ კი მე ის ზღვას გავატანე”, – თქვა მან.

ზღვაში მოტივტივე გვამი

22 აგვისტოს ველოსიპედისტმა, რომელიც კოპენჰაგენის სანაპიროზე სეირნობდა, უცნაური რამ შენიშნა. როცა კარგად დააკვირდა, აღმოჩნდა, რომ ადამიანის სხეულის ნაწილები იყო. მან პოლიცია გამოიძახა. აღმოჩნდა, რომ ზღვაში მოტივტივე გვამი იყო ქალის სხეული, რომელსაც თავი და კიდურები არ ჰქონდა.

ექსპერტებმა მაშინვე დაასკვნეს, რომ გვამს ნაწილები, სავარაუდოდ, ცივი იარაღით ჰქონდა მოკვეთილი. მალე ისიც გაირკვა, რომ სხეული ჟურნალისტ კიმ ვალს ეკუთვნოდა. ამას ისიც დაემატა, რომ ხომალდზე ექსპერტებმა სისხლის კვალიც აღმოაჩინეს.

გვამზე დაკვირვების შედეგად სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ მადსენი ყველანაირად ცდილობდა, სხეული ზღვის ფსკერზე სამუდამოდ დარჩენილიყო. ამისათვის გვამს გამობმული ჰქონდა დიდი მასა და ასევე – სხეულიდან გამოდევნილი იყო ჰაერი და გაზები.

3 თვის შემდეგ ზღვამ სხეულის სხვა ნაწილებიც გამორიყა. მადსენმა კიდევ ერთი ჩვენება მისცა გამომძიებლებს და განაცხადა, რომ კიმ ვალი ხომალდზე გაზის აალებამ იმსხვერპლა, ამ დროს კი თავად ხომალდის სხვა ნაწილში იმყოფებოდა. როდესაც დაღუპული ჟურნალისტი ნახა, პანიკაში ჩავარდა და გადაწყვიტა, გვამი თავიდან მოეშორებინა, ამიტომ დაანაწევრა და ზღვაში გადაყარა.

2018 წლის 16 იანვარს პროკურატურამ პეტერ მადსენს ბრალი წარუდგინა ქალზე სექსუალური ძალადობისა და გვამის განადგურების მუხლით.

მზადება მკვლელობისთვის

გამოძიებამ რამდენჯერმე შეიცვალა მიმართულება და საბოლოოდ გაარკვია, რომ გამომგონებელი ამ მკვლელობისათვის წინასწარ ემზადებოდა. ხომალდზე შეიტანა დანა, ხერხი და სხვა ნივთები, რომლებიც გვამის დანაწევრებისთვის გამოადგებოდა.

გამოძიების ცნობით, სიკვდილის წინ კიმ ვალმა მოძალადეს სხეულზე გარკვეული დაზიანებები მიაყენა.

მკვლელობის ზუსტი სურათი ბოლომდე აღდგენილი არ არის, ყველაზე სანდო ვერსიაა, რომ გამომგონებელმა ჟურნალისტი ჯერ გაგუდა და შემდეგ თავი მოჰკვეთა. მადსენის კომპიუტერში ნახეს ვიდეოფაილები, სადაც ჩანს, თუ რა მეთოდით შეიძლება ქალის თავის მოჭრა.

სასამართლო პროცესი 2018 წლის 8 მარტს დაიწყო. ბრალდებული და მისი ადვოკატები ბოლომდე ამტკიცებდნენ, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო. განაჩენი 25 აპრილს გამოიტანეს – 46 წლის გამომგონებელი მთელ თავის ცხოვრებას ციხეში გაატარებს.

მოამზადა ავთო ჩიტიძემ, სარკე