სალომე ჭაჭუა: ,,არაფერს ვნანობ, მოსახდენი უნდა მომხდარიყო”

სალომე ჭაჭუა: ,,არაფერს ვნანობ, მოსახდენი უნდა მომხდარიყო"მოცეკვავე სალომე ჭაჭუას ხშირად ეკითხებიან, საიდან აქვს იმდენი ენერგია, რომ კვირაში 6 დღე დილის 8 საათიდან გვიან ღამემდე სულ აქტიური და თავის საქმეში ჩაფლული იყოს. მისი პასუხია – სწორი კვება და 7-8 საათიანი ძილი. მასზე როცა საუბრობენ, ხშირად აღნიშნავენ, რომ საქმეში საკმაოდ მკაცრია, მეწყვილისგან ძალიან ბევრს ითხოვს, მაგრამ ეს ყველაფერი – დარბაზში. მის მიღმა კი მეგობრული, თბილი და ყურადღებიანია.

— სალომე, ჩვენი ინტერვიუ დაიგეგმა დილით ძალიან ადრე და, სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა. რომელ საათზე იწყება თქვენი დილა?

– 8 საათზე. ჩემთვის წარმოუდგენელია, როდესაც ადამიანები გვიან იღვიძებენ, თუნდაც 11 საათზე. ჩემი სფერო სპორტიცაა და ხელოვნებაც, ამიტომ მოითხოვს ასეთ რეჟიმს. დასვენების დღეებშიც 8 საათზე ვდგები, რადგან მივეჩვიე. ჩემი სამუშაო გრაფიკი ღამის 12 ან 1-ელ საათზე მთავრდება.

დილით მივდივარ კრივზე, ბალეტზე ან იოგაზე, მერე სტუდიაში თვითონ ვვარჯიშობ, შემდეგ ბავშვებს ვამეცადინებ და ვამთავრებ საღამოს 9 საათზე. მოსწავლეებს რომ გავუშვებ, ისევ მე ვიწყებ ვარჯიშს და ა.შ. კვირას ვისვენებ.

მსიამოვნებს ის, რასაც ვაკეთებ. მირჩევნია, ძალიან დატვირთული ვიყო, ვიდრე ნაკლებად დატვირთული. ზაფხულში ნაკლებად დატვირთული ვარ, რადგან ბავშვებს არდადეგებზე ვუშვებ.

— ასე ცხოვრება არ იქნება იოლი და არც აქამდე გაივლიდით მარტივ გზას. იმედგაცრუებები გქონიათ?

– დიდი იმედგაცრუება არ მქონია. იყო პატარ-პატარა პრობლემები, მაგრამ მათ არ შევუშინებივარ. ყველანაირ პრობლემას საღად ვუყურებ, ვაანალიზებ და ვცდილობ, გამოსავალი ვიპოვო, უკეთესობისკენ შევცვალო ყველაფერი. არასოდეს დავცემულვარ და შინაგანად არ გავტეხილვარ.

— ძნელია საქართველოში სამეჯლისო-სპორტულ ცეკვებში დაიმკვიდრო ადგილი და, მით უმეტეს, მიაღწიო წარმატებას?

– ნებისმიერ ქვეყანაში რთულია და მათ შორის – საქართველოშიც. თუ გამუდმებით მუშაობ საკუთარ თავზე და შრომობ, აუცილებლად მიაღწევ მიზანს. ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო.

— თუმცა, ალბათ დამეთანხმებით, რომ თქვენი პოპულარობა განაპირობა პროექტმა “ცეკვავენ ვარსკვლავები”.

– ჩვენ, მოცეკვავეებს, ყოველთვის გვინდოდა, ეს პროექტი საქართველოში გაკეთებულიყო და ძალიან კარგია, რომ განხორციელდა. ამის საშუალებით გაგვიცნო ფართო აუდიტორიამ. პირველ რიგში, ამ პროექტმა ხალხის სიყვარული მომიტანა. დღემდე ძალიან დიდ სითბოს ვგრძნობ.

— კოლეგებისგან გიგრძვნიათ შური?

– რა თქმა უნდა. ალბათ ნებისმიერ სფეროში არსებობს შური, ჩემს სფეროშიც არის, მაგრამ მსგავს რაღაცებს ყურადღებას არასოდეს ვაქცევ. იმდენად არაა ეს თემა საინტერესო, რომ არც განვიხილავ ხოლმე.

— ქალური შური თუ ყოფილა?

– ძალიან ბევრჯერ, ხშირად კი პირიქით, დიდ სიმპათიებს ვგრძნობ. მანდილოსნებისგან ხშირად მსმენია კომპლიმენტები, რაც ძალიან სასიამოვნოა.

— თუ არსებობს თქვენს ცხოვრებაში პიროვნება, ვისაც თქვენს წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის?

– ხელისშეწყობა ოჯახისგან მქონდა. ძალიან მიყვარს შრომა და ამაში მამაჩემს ვგავარ.

— თქვენს მთავარ მიღწევად რას მიიჩნევთ?

– ალბათ დღევანდელ მდგომარეობას, იმას, რაც ვარ, თუნდაც იმას, რომ ამ სამყაროში ჩემი პატარა ადგილი დავიმკვიდრე. ვიპოვე ჩემი თავი იქ, სადაც ვარ.

— საზღვარგარეთ წასვლაზე და კარიერის იქ გაგრძელებაზე თუ გიფიქრიათ? მით უმეტეს, საკმაოდ დიდი კონტაქტები გაქვთ.

– სამუდამოდ წასვლაზე არ მიფიქრია, მაგრამ ხშირად მიწევს საქართველოს ფარგლებგარეთ გასვლა, რადგან ქართველი მწვრთნელები არ მყავს. რთულია და არც მინდა, რომ სამუდამოდ სადმე წავიდე, მიუხედავად იმისა, რომ მქონდა შემოთავაზებები. აქ მირჩევნია, აქ ვგრძნობ თავს კარგად.

— ამბობენ, ძალიან ძნელია სალომე ჭაჭუას მეწყვილედ ყოფნაო. მართალია?

– საერთოდ არაა რთული, უბრალოდ მაქსიმალისტი ვარ. როგორც ჩემს თავს ვთხოვ, ისე ვთხოვ მეწყვილესაც. ეს ცეკვები არ არის ერთი ადამიანის, ეს არის წყვილის ცეკვა და ორივემ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ რაღაც გამოვიდეს.

— გიჭირთ მეწყვილის არჩევა?

– მიჭირს.

— ამიტომაც გააკეთეთ არჩევანი უკრაინელ მოცეკვავეზე?

– საქართველოში ძალიან კარგი მოცეკვავეები გვყავს, უბრალოდ ისე მოხდა, რომ ჩემი მეწყვილე უკრაინელია. შენი მეწყვილე არის ის ადამიანი, ვისთანაც ყველაზე დიდ დროს ატარებ. მეწყვილეები ძალიან უნდა უგებდნენ ერთმანეთს და მიზანიც ერთი უნდა ჰქონდეთ.

— ახალგაზრდა ქალს პირადი ცხოვრებისთვის თუ გრჩებათ დრო?

– ეს ნამდვილად რთულია, რადგან მეგობრებს, სამწუხაროდ, იშვიათად ვხედავ ან ჩემთან მოდიან სტუდიაში და ისე მიწევს მათთან კონტაქტი.

— პრიორიტეტს რომელს უფრო ანიჭებთ – კარიერას თუ პირადს?

– თუ მამაკაცს გულისხმობთ, არავინაა ჩემს ცხოვრებაში, შესაბამისად, პრიორიტეტული არის კარიერა. როდესაც გამოჩნდება, არ ვიცი, რა როგორ იქნება. თავიდან ბოლომდე საქმეზე ვარ გადართული.

— არის ისეთი რამ, რასაც ნანობთ?

– არაფერს ვნანობ. მოსახდენი უნდა მომხდარიყო. თუ ვფიქრობ, რომ რაღაც არასწორად გავაკეთე, იმასაც ვცდილობ, გავაანალიზო, რომ იგივე შეცდომა არ დავუშვა. მაქვს უნარი, შეცდომები ვაღიარო.

— რთულია სალომე ჭაჭუას გვერდით ცხოვრება?

– საერთოდ არ არის რთული. მიჭირს საკუთარ თავზე საუბარი, მაგრამ ცხოვრებაში რადიკალურად სხვა სალომე ვარ – ბევრად უფრო თბილი და მეგობრული. როგორც კი გამიცნობენ, ყველა მეუბნება, როგორი სხვანაირი ყოფილხარო.

— სპორტსმენისგან საინტერესო იქნება რჩევების მიღებაც ჯანსაღი ცხოვრების წესზე. როგორია თქვენი კვების რეჟიმი და რა შედის თქვენს რაციონში?

– კვებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ვარჯიშის 100%-იდან 70% უკავია კვებას. სწორი კვება ძალების აღდგენაში მიწყობს ხელს. აუცილებელია, დილით ვისაუზმოთ, რომ ენერგიაზე ვიყოთ.

ამოღებული მაქვს ცომეული, შავი და თეთრი პურიც. ჩემს უსაყვარლეს რძიან შოკოლადზეც კი უარი ვთქვი. ვჭამ მხოლოდ შავ შოკოლადს და ეს აუცილებელიც არის.

გიორგი საკარული, სარკე