როგორ გავუმკლავდეთ შფოთვას

როგორ გავუმკლავდეთ შფოთვასმშფოთვარე ადამიანები მიდრეკილები არიან შიში და წუხილი განიცადონ უმნიშვნელო ან საერთოდ წარმოსახვითი საბაბის გამო. ყველაზე ხშირად ესენი 25-45 წლის ასაკის ქალები არიან.

“უცებ კიბო რომ გამიჩნდეს და მოვკვდე? ჩემს შვილებს რა ეშველებათ?”; “ქმარი უკვე ერთი საათია იგვიანებს. ავარიაში ხომ არ მოყვა?”; “ჩემი შვილი ხულიგან ამხანაგს დაუმეგობრდა, მისგან ცუდი რაღაცეები რომ ისწავლოს?”… დაახლოებით ასეთი აზრები უტრიალებთ თავში მღელვარე, მოუსვენარ პიროვნებებს. თუ შფოთვა კონტროლის ჩარჩოებს სცდება, ადამიანი ნორმალურად ცხოვრების უნარს კარგავს.

კარგია თუ ცუდი?

ყველა ჩვენგანს აქვს საკმარისი საბაბი შფოთვისთვის: ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისები, სოციალური დაუცველობა, ხვალინდელი დღის რწმენის არქონა. ყველასთვის ნაცნობია მღელვარება-მოსუვენრობის გრძნობა და ეს ყოველთვის ცუდი როდია. შფოთვა სიფრთხილეს ბადებს, სიფრთხილე კი ცხოვრებაში ბევრი შეცდომის თავიდან აცილებაში გვეხმარება.

მაგალითად, საკუთარი ჯანმრთელობის გამო შიში გვაიძულებს სამედიციო შემოწმება ჩავიტაროთ და, თუ პირველი საგანგაშო სიმპტომები გაჩნდება, ექიმთან ვიზიტი არ გადავდოთ. შფოთვის გრძნობა შეიძლება ჩაითვალოს, როგორც ერთგვარი დამცავი რეაქცია, რომელიც საშიშროებისგან დაგვიფარავს. მაგრამ ზოგჯერ ზედმეტი მოგვდის.

მშფოთვარე ხართ?

მღელვარე და მოუსვენარი ადამიანი ბრძანდებით, თუ:

. ახლობლები ხშირად გეუბნებიან, რომ მეტისმეტად შფოთავთ და პანიკიორს გიწოდებენ;

. მშფოთავრე აზრები ხშირად ხელს გიშლით ყოველდღიური რუტინული მოვალეობების შესასრულებლად კონცენტრირებაში. მაგალითად, იმის ნაცვლად, რომ შეფის მითითება მოისმინოთ, იმაზე წუხხართ, შვილი სკოლიდან სახლში როგორ მივა.

. ხშირად ფიქრობთ პოტენციურ საშიშროებაზე, მაშინაც კი, თუ ამის არავითარი წინაპირობა არ არის: “უცებ მე და ჩემი ქმარი სამსახურიდან რომ დაგვითხოვონ, ბანკი ბინას წაგვართმევს და ქუჩაში აღმოვჩნდებით”.

. შფოთვა ვლინდება ფიზიოლოგიურ დონეზე შემდეგი ნიშნებით: ოფლიანობა, პირის სიმშრალე, გახშირებული გულისცემა, სისუსტე, ფეხების ცახცახი, ძილის დარღვევა, ღამის კოშმარები.

როგორ დავმშვიდდეთ?

შფოთვის შეწყვეტას ეხმარება:

1. კარგი ძილი. ეცადეთ, დღის რეჟიმი მოაწესრიგოთ. დასძინებლად ყოველთვის ერთსა და იმავე დროს დაწექით (სასურველია შუაღამემდე). არანაკლებ 7-8 საათისა იძინეთ. დაძინებამდე 2-3 საათით ადრე ჭამეთ. საღამოს საათებში სერიოზული საქმეები და მძიმე საუბრები არ დაგეგმოთ.

2. ჯანსაღი ერთიერთობა. ნაკლები ურთიერთობა გქონდეთ ადამიანებთან, რომლებიც მომატებული შფოთიანობით თავად იტანჯებიან.

3. აკრძალეთ ახალი ამბების მოსმენა. რაც უფრო ნაკლებად მოუსმენთ ახალ ამბებს ტელევიზორში, მით უფრო ღრმად და მშვიდად დაიძინებთ. გამონაკლისია “კულტურის” არხის გამოშვებები. ზუსტად ასე მოერიდეთ ფილმებსა და სერიალებს, სადაც ძალმომრეობის დემონსტრირებაა.

4. ფიზიკური დატვირთვა. ზომიერი ფიზიკური დატვირთვა დაგამშვიდებთ. სპორტული საქმიანობის დროს სისხლში გამოყოფილი ენდორფინები შფოთვის დონეს დააქვეითებს.

5. ემოციები გამოხატეთ. თუ ემოციებს ვეღარ იტევთ, იყვირეთ, იტირეთ, ბალიშს მუშტები დაუშინეთ. ყველაფერი შიგნით დაგროვილი გარეთ გამოუშვით – მაშინვე შვებას იგრძნობთ.

6. დღიური აწარმოეთ. შეადგინეთ “მშფოთვარე აზრების დღიური”. ლამაზ რვეულში ჩაწერეთ: “მეშინია, რომ…” და შიგნით დაწვრილებით, პუნქტების მიხედვით ჩამოწერეთ თქვენი ყველა შფოთვა-წუხილი. ბოლოს 1-დან 5-მდე სკალის მიხედვით ყოველი შიშის რეალისტურობა შეაფასეთ. თუ მათ სერიოზული საფუძველი არ აქვთ, მაშინ საჭიროა ყურადღების გადართვა ისწავლოთ. ა

7. ყურადღება გადართეთ

შიშმა რომ არ შეგიპყროთ, ყურადღება ნებისმიერ სხვა საქმიანობაზე გადაიტანეთ. ვთქვათ, ელოდებით ოჯახის წევრები სამსახურიდან, სკოლიდან ან ინსტიტუტიდან როდის დაბრუნდებიან. ისინი იგვიანებენ და თქვენი ბობქარი ფანტაზია საშინელ სურათებს გაწვდით: მანიაკები, ნასვამი მძღოლები, უცხოპლანეტელების თავდასხმა – განა ცოტა საშიშროებაა ქალაქის ქუჩებში?

ამ მომენტში საჭიროა რაიმე საქმე იძულებით შეასრულოთ. გააკეთეთ ყველაფერი, რაც გნებავთ, რომ დაკავებული გქონდეთ არამხოლოდ ხელები, არამედ თავიც.

უფრო რეალურ შიშთან სხვაგვარად უნდა იმუშაოთ. განგაში გამოიყენეთ, როგორც სტიმული მოქმედებისკენ. ვთქვათ, გეშინიათ იპოთეკის სესხის ვადის გადაცილების და ბინის დკარგვის. შექმენით “უსაფრთხოების ბალიში” – რაღაც თანხა ბანკის ანგარიშზე გქონდეთ, რომელიც დაგეხმარებათ მშვიდად დაიძინოთ. ამისთვის მოგიწევთ გასავალი ხარჯების შემცირება ან დამატებითი სამუშაოს მოძებნა. მხოლოდ ასე შეძლებთ შფოთვის გრძნობის მიყუჩებას.

სარკისთვის მოამზადა აზა გაგოშიძემ