რა სჯობს ვეშაპის მოფერებას! – ქუთაისელი ირმა სვანაძე ქმარ-შვილთან ერთად ოკეანეში ცხოვრობს

რა სჯობს ვეშაპის მოფერებას! - ქუთაისელი ირმა სვანაძე ქმარ-შვილთან ერთად ოკეანეში ცხოვრობსქუთაისელი ქალი, ირმა სვანაძე, რამდენიმე თვეა, რაც ამერიკელ ქმართან, რალფ ბურლესონთან, 8 წლის შვილთან, ანაბელთან და 2 ძაღლთან ერთად გემით ოკეანეში გავიდა და იქ საცხოვრებლად დარჩა. როგორც გვითხრა, ადრე ამას ვერც წარმოიდგენდა, მით უმეტეს, ცურვაც კი არ იცის. ამიტომ, როცა ქმარმა შესთავაზა, შეეშინდა, მაგრამ რალფმა ამ იდეას თანდათან შეაგუა და ბოლოს მის წინადადებას დათანხმდა.

ირმა პროფესიით მუსიკოსია. 6 წლიდან უკრავს ფორტეპიანოზე. 16 წლის იყო, როცა პარიზში მოხვდა. რამდენიმე თვეში ისე მოამზადა პროგრამა, რომ პარიზის კონსერვატორიის სტუდენტი გახდა და საცხოვრებლად იქ გადავიდა. პარიზის კონსერვატორიის შემდეგ სწავლა განაგრძო ბრიუსელის სამეფო კონსერვატორიაში.

ამერიკაში მცხოვრებმა ცნობილმა ქართველმა პიანისტმა, ლექსო თორაძემ, ირმა ინდიანას უნივერსიტეტში მიიწვია, სადაც მაგისტრის წოდება მიიღო. ამის შემდეგ მიჩიგანის შტატის უნივერსიტეტში დოქტორატურის პროგრამით სწავლის გაგრძელება გადაწყვიტა და სწორედ იქ შეხვდა რალფ ბურლესონს.

2008 წელს ირმამ ტრავმა მიიღო, პიანისტის კარიერა ვეღარ გააგრძელა და რალფის დახმარებით ბიზნესის შესწავლა დაიწყო. დღეს ისინი რამდენიმე კომპანიას მართავენ და თავიანთ ოცნებებს ფრთებს ასხამენ.

– ქალბატონო ირმა, როგორ მიხვედით ცოლ-ბმარი იმ აზრამდე, რომ ოკეანე აგერჩიათ საცხოვრებელ ადგილად?

– მე და ჩემს ოჯახს მოგზაურობა ძალიან გვიყვარს. ანაბელი 3 წლის იყო, როდესაც მანქანით ევროპის მოვლა გადავწყვიტეთ. გერმანიაში ძველი მანქანა ვიყიდეთ და ორი თვე უმეტესწილად მანქანაში ვიცხოვრეთ. ხშირად მოგვივლია ქვეყანა ისე, რომ სასტუმროში არ დავრჩენილვართ.

2009 წელს, სან ფრანცისკოში ცხოვრებისას, დავთქვით, რომ 5-6 წელში პატარა მიკროავტობუსით სამხრეთ ამერიკას მოვივლიდით, მაგრამ ეს ოცნება ოცნებად რჩებოდა. ანაბელიც გაიზარდა, თან ისე, რომ, სამწუხაროდ, 24 საათიან რეჟიმში მუშაობის გამო ბევრი რამ გამოვტოვეთ მისი ცხოვრებიდან.

რალფს ყოველთვის უყვარდა გემით მოგზაურობა. სიეტლში ყოფნისას გემზეც უცხოვრია, მაგრამ, რადგან საშინლად მეშინია წყლის და ცურვაც არ ვიცი, ყოველთვის უარს ვეუბნებოდი.

2017 წლის აპრილში ორი ღამის უძილოებმა, მუშაობითს გადაღლილ-დასტრესილებმა საყვარელი წითელი ღვინის ბოთლი გავხსენით და ისევ ჩვენს თავდაპირველ ოცნებას მივუბრუნდით. ის დათქმული 5-6 წელი უკვე გასული იყო, ანაბელი 7 წლის იყო და ჩვენ ისევ შეუჩერებელ სამუშაო რეჟიმში ვცხოვრობდით. რამდენიმე ჭიქა ღვინის შემდეგ ხუმრობით ვუთხარი რალფს, ოღონდ სამხრეთ ამერიკაში წამიყვანე და ჯანდაბას, გემით წამოვალ-მეთქი.

გადავწყვიტეთ, აღარ მოგვეცადა და სანამ ჯანმრთელობა ხელს გვიწყობს, სანამ ანაბელიც სულ უჩვენოდ არ გაზრდილა, ეს ოცნება აგვეხდინა.

აპრილში გადავფრინდით გემის სანახავად კარიბის კუნძულებზე, საიდანაც რალფმა თავად წამოიყვანა გემი პანამის არხის გამოვლით კალიფორნიის შტატში. ეს იყო რთული პროცესი, რომელიც მთელი ზაფხული გაგრძელდა. გემს დავარქვით “ლამაზია”, ჩვენს ვებგვერდსა და ოჯახს კი – “ანარტისტები”.

– რამდენი წევრი ჰყავს “ლამაზიას”?

– გემზე ვცხოვრობთ მე, რალფი, ანაბელი და ორი ძაღლი – მამბო და ნალა. ნალა საქართველოდან არის. სულ რამდენიმე კვირისა ვიპოვეთ ხაშურში, გზაზე მიტოვებული.

– თქვენი შვილი როგორ ეგუება გემზე ცხოვრებას?

– მისთვის ეს უკვე ნორმად იქცა. ძალიან მოსწონს თავისი პატარა კაბინა. საკუთარი გემოვნებით მოაწყო და ამბობს, რომ მიწაზე დაბრუნება არ უნდა. მას აქვს თავისუფლება, თავგადასავლებით სავსე, საინტერესო ცხოვრება. ხვდება უამრავ საინტერესო ადამიანს, კრუიზერ (ჩვენსავით გემზე მცხოვრები ადამიანები) ბავშვებს, რომლებთანაც საერთო ბევრი აქვს. ადვილად ეგუება ახალ გარემოს და უამრავ მეგობარს იძენს.

ანაბელი სან ფრანცისკოში დაიბადა. პირველი 4 წელი საქართველოში, ბებოსთან და ბაბუასთან გაატარა. ჯერ 8 წლისაა, მაგრამ მთელი ევროპა, კანადა და ჩრდილოამერიკა ჩვენთან ერთად მანქანით აქვს შემოვლილი. მას ძალიან უყვარს ბუნება, ოკეანე და მისი ბინადრები.

გემზე ცხოვრებამ ერთად ყოფნისთვის მეტი დრო მოგვცა. ყველას ჩვენ-ჩვენი საქმე და მოვალეობა გვაქვს. საღამოს ერთად ვემზადებით სადილისთვის და რამდენიმე საათს მაგიდასთან ვატარებთ.

მზის ჩასვლისას, როცა გემზე ერთად ვართ, გვავიწყდება ის ყოფითი პრობლემები, ნეგატივი, რაც დღეს მსოფლიოშია. იმ წუთით და წამით ვცხოვრობთ. აი, ამ დროს ყველანი ვრწმუნდებით, რომ ეს არჩევანი ჩვენი ოჯახისათვის საუკეთესო იყო. დრო ჩერდება, ტელეფონები ითიშება, არანაირი ინტერნეტი, მხოლოდ ბუნება.

რალფი ტექსასელია. მთელი ცხოვრება მოგზაურობდა და ბევრ ქვეყანაში უცხოვრია. ნამყოფია აზიის ქვეყნებში, ინდოეთსა და პაკისტანში, აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, ავსტრალიაში…

როცა მას შევხვდი, გემი ჰყავდა. წლების განმავლობაში ცდილობდა ოკეანესთან ჩემს შერიგებას.

– ყველა ბავშვის უფლებაა, იაროს სკოლაში და მიიღოს განათლება. თქვენს ოკეანურ ცხოვრებას ანაბელის ეს უფლება ხომ არ ეწირება?

– ამერიკაში სახელმწიფომ შექმნა სისტემა, რომლის საშუალებითაც არეგისტრირებ ბავშვს და იღებ მისი კლასის პროგრამას, რომლის მიხედვითაც, შვილს განათლებას თავად აძლევ.

მშობლები ამ გზას მიმართავენ, რადგან სახელმწიფო სკოლებში სწავლის დონე არ მოსწონთ. ანაბელი უამრავს კითხულობს, წერს ისტორიებს, კომიქსებს, სწავლობს ქართულსა და რუსულ ენებს. ქუთაისში ჰყავს არაჩვეულებრივი პედაგოგები, რომლებიც “სკაიპით” ყოველდღე ამეცადინებენ. მამასთან ერთად დაიწყო ქიმიის და ფიზიკის სწავლა. ასევე – სწავლობს გემის ძრავების შემოწმებას, შეკეთებას და ასე შემდეგ.

გვაქვს დიდი მიკროსკოპი, რომლითაც აღმოჩენებს აკეთებს. ანატომიაც ძალიან უყვარს, ჩემთან ერთად სწავლობს. მოკლედ, არაფორმალური სწავლებაა, თუმცა ბევრ ინფორმაციას იღებს. მათემატიკასა და ინგლისურში გადის სტენფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილ ონლაინ სკოლის პროგრამას, რომელიც განსაკუთრებულად ნიჭიერი ბავშვებისათვის შექმნეს.

– ოკეანეში თავგადასავლები მრავლად გექნებათ. გაიხსენეთ რომელიმე.

– საინტერესო თავგადასავალი ყოველდღიურად გვაქვს. ბოლო თავგადასავალს გავიხსენებ. მექსიკაში ჩასვლისთანავე “მეზობელი” გემის პატრონმა გვითხრა, რომ ბახაში, კალიფორნიის სამხრეთ ნაწილში (მექსიკის ნაწილია), არის რამდენიმე დაცული ლაგუნა, სადაც ალასკიდან ნაცრისფერი ვეშაპები ჩამოდიან ზამთარში, რათა პატარები ამ დაცულ წყლებში გააჩინონ და ორი თვის განმავლობაში გამოზარდონ. იქ შესაძლებელია ლაგუნაში შეხვიდე პატარა ნავით და ვეშაპებს მოეფერო.

მეორე დილითვე წავედით. უძლიერესი მკვლევარი გვყავდა გიდად, რომელმაც ბევრი რამ გვასწავლა ვეშაპებზე, მათ შორის, როგორ უნდა დაგვემყარებინა კომუნიკაცია. ჩვენს პატარა ნავს უამრავმა დედა ვეშაპმა შემოარტყა წრე.

დედა ვეშაპი 70 ტონას იწონის, ახალდაბადებული – დაახლოებით 30-ს. თავიდან, რა თქმა უნდა, შიში გეუფლება, ვაითუ, კუდი მოხვდეს ამ პატარა ნავს – ეგრევე წყალში ჩავარდები. თუმცა მალევე ხვდები, რომ ისინი კეთილგანწყობილები არიან ადამიანების მიმართ. დედები პატარებს უბიძგებენ ნავისაკენ, რომ ადამიანების მოფერება ისწავლონ. თითქოს დამალობანას გეთამაშებიან. ვეშაპის მოფერება, მათთან წყალში ყოფნა საოცარი შეგრძნებაა!

ყოველი ადგილი სიახლითაა სავსე, თუმცა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ჩემზე ალასკამ მოახდინა. სრული შოკი მივიღე ველური ბუნებით, ადამიანების დამოკიდებულებით და პატივისცემით ბუნებისადმი.

მიუხედავად უდიდესი საფრთხისა, გავრისკეთ და მთელი ოჯახი ჩრდილო პოლუსთან მივედით, იქ, სადაც არც გზაა, არც ტელეფონი, არც ინტერნეტი, არც მაღაზია და არც ადამიანი. სრულიად მოწყვეტილები ვიყავით ყველაფერს და სრულიად ბედნიერები. უყურებ მყინვარების ჩამოშლას და აისბერგებით ხარ გარშემორტყმული.

ასევე ღირსშესანიშნავი იყო დიდი კანიონის ფსკერზე ჩასვლა იმისათვის, რომ ოაზისი გვენახა, სადაც ჰავასუს ჩანჩქერებია. წარმოუდგენელი სილამაზეა და ის სიმწარე, რაც ამხელა გზამ გამოიწვია საშინელ სიცხეში, მაშინვე დაგვავიწყდა.

ანაბელი სულ რაღაც 5 წლის იყო და მან ეს გზა თავისით გამოიარა, რადგან ჩვენ კარვები და 3 დღის წყალი და საკვები მიგვქონდა.

კარიბის კუნძულები, სადაც გემით ვიყავით, ნამდვილი სამოთხეა. ულამაზესი, ცისფერი და ლურჯი, გამჭვირვალე წყალი, ფანტასტიკური ამინდი და საუკეთესო პირობები გემით მოგზაურობისთვის.

მექსიკა ახალი ქვეყანაა ჩვენთვის, სადაც დიდი ხნით დარჩენას ვაპირებთ.

– რამდენი ხანი აპირებთ, იცხოვროთ ოკეანეში, როგორი პირობები გაქვთ გემზე?

– რთულია წინასწარ გათვლა, როდემდე ვიცხოვრებთ გემზე. ველით, რომ თინეიჯერობის პერიოდში ანაბელს მოუნდება მიწაზე დაბრუნება და მეტად სტაბილური ცხოვრება, რომ მეგობრებთან იყოს. სანამ ჯერ კიდევ აინტერესებს და სურვილი აქვს, მშობლებთან ერთად იმოგზაუროს, ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ. ვფიქრობთ, 5 წელი კიდევ გვაქვს ასეთი ცხოვრებისთვის.

2018 წელს მექსიკაში გავატარებთ. ძალიან დიდი ქვეყანაა, უდიდესი ისტორიითა და მდიდარი ფლორა-ფაუნით. უამრავი კუნძულია სანახავი და კორტეზის ზღვაშიც გვინდა დავყოთ რამდენიმე თვე. ხმელეთზე გადმოვალთ და უძველესი ცივილიზაციების კერებს მოვინახულებთ.

2019 წლიდან კი დიდი არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი – დავიწყოთ სამხრეთ ამერიკისკენ მსვლელობა და ავისრულოთ ოცნება – წრე დავარტყათ დედამიწას. დედამიწისთვის წრის დარტყმას ირჩევს ყველა, რადგან ნაკლებად საშიშია, ამინდიც თბილია.

სამხრეთ ამერიკა კი ურთულესია. სავსეა შიდა დინებებით, ჰავისა და ქარის მიმართულების უცაბედი ცვლილებებით. ოკეანეების შერწყმაც ცალკე პრობლემებთანაა დაკავშირებული. ალბათ 2019 წელს შევაფასებთ ჩვენს ცოდნას, გამოცდილებას და გადაწყვეტილებას მივიღებთ.

– ჩვენ ვისაუბრეთ დადებით მხარეებზე, უარყოფითი რა ახლავს გემზე ცხოვრებას?

– ყოველდღე რაღაც ფუჭდება, ძრავების, იალქნებისა თუ სხვა მოწყობილობების შემოწმება და შეკეთებაა საჭირო. ყველაფერი ლიმიტირებულია: წყალი, შუქი. დენს მზის პანელებით გამოვიმუშავებთ, თუმცა ბევრს – ვერა. ინტერნეტი ლიმიტირებულია და ხშირად არ მუშაობს. ტელევიზორი არ არსებობს – არც მანამდე გვქონია, ამიტომ დიდად არ განვიცდით.

წყალიც ლიმიტირებულია – სასმელი წყალი ოკეანის წყლიდან გამოგვყავს რალფის მიერ გაკეთებული სპეციალური დანადგარით. საკვების შესანახად პატარა მაცივარია (ისიც თუ შუქი გვაქვს), ამიტომ ყველაფერი წინასწარ უნდა გავთვალოთ და დავგეგმოთ. ადგილი ცოტაა, მიუხედავად იმისა, რომ “ლამაზია” საკმაოდ დიდი გემია. ძაღლების სასეირნოდ გაყვანასაც ძალისხმევა სჭირდება.

ღუზა თუ გვაქვს ჩაშვებული, ნაპირზე გასასვლელად კატერის გამოყენებაა აუცილებელი – ეს კი საკმაოდ რთულია ანაბელისთვის და ჩემთვის, რადგან კატერი საკმაოდ მძიმეა და ამავდროულად ჩქარი, ამიტომ სიფრთხილეა საჭირო. ამ ყველაფერს ერთვის ბუნებრივი მოვლენები – ქარი, დიდი ტალღები და ასე შემდეგ.

ელემენტალური კომფორტი, რაც სახლში ყველას გვაქვს, გემზე არ არსებობს და ყველაფრის თავად გაკეთება, გამომუშავება და დაზოგვა გვიწევს. ჩვენი გემი დიდია – ოთხ კაბინას (საძინებელს) მოიცავს და ერთ საერთო ოთახს, სადაც სამზარეულოცაა. კაბინებს პატარა საპირფარეშოებიც აქვს, თუმცა ეს ყველაფერი იმდენად პატარა და ვიწროა, გვერდულად გვიწევს კაბინებს შორის სიარული.

ცოტა სათავსოა. ტანსაცმელი ყუთებში გვაქვს, რომ სინესტემ არ დააზიანოს და ყოველი კვირის ბოლოს ლეიბებთან და ბალიშებთან ერთად ჰაერზე გაგვაქვს. ობთან ბრძოლა ჩემი პირადი ტრაგედიაა – ყოველკვირეულად ყველაფრის გაწმენდა მიწევს.

გათბობა არ გვაქვს, ამიტომ ვცდილობთ, ისეთ ადგილას ვიყოთ, სადაც უმეტესწილად სითბოა, თუმცა საღამოობით ხშირად ცივა. მიუხედავად ამისა, გემზე ცხოვრება უაღრესად საინტერესოა.

– მას შემდეგ, რაც ოჯახმა გემზე ცხოვრება გადაწყვიტეთ, უარი თქვით სამსახურზეც?

– დიახ. ჩვენ უარი ვთქვით სტაბილურ შემოსავალზე, რაც შიშს იწვევს, თუმცა დღეს მაინც ვფიქრობთ, რომ სწორი გადაწყვეტილებაა და შემოსავალს ეს ვამჯობინეთ. მაინც არის მუდმივი სტრესი, რომ ფორსმაჟორულ სიტუაციაში პრობლემები გვექნება.

ასევე დიდი პრობლემაა ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მიღება. რალფმა გადაწყვიტა, თავად გაიაროს ინტენსიური კურსები, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული არაკვალიფიციურ ექიმებზე.

– რა არის თქვენი მთავარი შემოსავლის წყარო?

– რალფმა 16 წლის ასაკში უკვე თავისი პირველი კომპანია შექმნა. მთელი ცხოვრება ბიზნესშია ჩართული, ცხოვრობდა ბევრ ქვეყანაში, მათ შორის – რუსეთში, უკრაინაში, ბრაზილიაში. 10 წლის განმავლობაში “მაიკროსოფტის” ტოპ მენეჯმენტში იყო. ერთი წლით შესვენება გადაწყვიტა და თავისი ჰობით დაკავდა – პილოტობით. ზუსტად ჩვენი შეხვედრის წელს ის დროებით მიჩიგანში ცხოვრობდა, სადაც ერთ-ერთ ამერიკულ ავიაკომპანიაში პილოტად მუშაობდა.

– როგორ და სად გაიცანით ერთმანეთი?

– წიგნების მაღაზიის პატარა კაფეში, სადაც ყავაზე შევირბინე. მცირე საუბრის შემდეგ ტელეფონები გავცვალეთ, თუმცა გავაფრთხილე, რომ 2 თვის განმავლობაში არ დაერეკა, რადგან გასტროლებისათვის ვემზადებოდი. 2 თვის შემდეგ დამირეკა. მკითხა, თუ გცალია, ხვალ ნიუ იორკში წავიდეთო.

ნიუ იორკში აეროპორტიდან გამოსვლისთანავე ლიმუზინი დაგვხვდა. მე კი იმდენად მინდოდა ნიუ იორკში სიარული, ხალხთან კომუნიკაცია, ლიმუზინით არ წავყევი და მთელი დღე მეტროთი და ავტობუსებით დავდიოდით, რასაც დღემდე მწარედ იხსენებს.

მეორე პაემანზე ჩემი დაც, ცირა (ორივე მიჩიგანის შტატის უნივერსიტეტში დოქტორანტურაზე ვსწავლობდით და ერთად ვცხოვრობდით), ავიყოლიეთ. ამჯერად რალფმა პატარა თვითმფრინავით იქვე, პატარა კუნძულზე გადაგვაფრინა.

სანამ სწავლას დავამთავრებდი, სიეტლიდან მიჩიგანში გადმოვიდა. სწავლის დამთავრებისთანავე კი გადავწყვიტეთ, სან ფრანცისკოში გადავსულიყავით საცხოვრებლად. იქ დაიბადა ანაბელიც. გვინდოდა, პირველი წლები საქართველოში გაეტარებინა, რომ მეტად შეეგრძნო ქართველობა. 2011 წელს ქუთაისში ჩამოვედით, ჩემი მშობლების პატარა ბინაში დავიწყეთ ცხოვრება და ამავდროულად ბიზნესის დაწყება გადავწყვიტეთ.

ჩვენი კომპანია 2011 წელს გავხსენით და დღეს ის ერთ-ერთი წარმატებული და მზარდი საფინანსო ორგანიზაციაა ქართულ ბაზარზე. გარდა ამისა, დავაფუძნეთ არასამთავრობო ორგანიზაცია “ჯეოკეპიტალ ედუქეიშნ”, რომელიც დღემდე უფასო სემინარებს ატარებს და რეგიონებში უამრავ ახალგაზრდას ეხმარება გზის გაკვალვაში. რალფის და ჩემი დიდი სიამაყეა ასევე “ჯეოკეპიტალის” მიერ აშენებული “GC პარკი” ქუთაისში, რომელიც ნათელი და მწვანე წერტილია ქუთაისის ცენტრალურ უბანში.

გარდა ამისა, გვაქვს რამდენიმე სტარტაფი ამერიკაში, რომლებიც ჯერ კიდევ “ბავშვობის” სტადიაზეა და ჩვენგან დიდ დროს მოითხოვს.

ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე