ნოდიკო ტატიშვილი: “ამერიკაში დიდი ჰონორარის გამო არ წავსულვარ – ურიცხვი გოგო შემხვდა, რომლებსაც გულგრილად ვერ ჩაუვლი”

ნოდიკო ტატიშვილი: "ამერიკაში დიდი ჰონორარის გამო არ წავსულვარ - ურიცხვი გოგო შემხვდა, რომლებსაც გულგრილად ვერ ჩაუვლი"მომღერალმა ნოდიკო ტატიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სამ უდიდეს ქალაქში სოლო კონცერტები გამართა და ემოციებით დაიტვირთა. შეხვდა ქართველ ემიგრანტებს, მათ შვილებს, გასტროლების პერიოდი ძალიან დატვირთულ რეჟიმში გაატარა, თუმცა მაინც მოასწრო შეეთვალიერებინა ამერიკელი გოგონები და შეეფასებინა კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნოდიკოსთვის უკვე მესამე ვიზიტია ამერიკაში, შთაბეჭდილებები და განცდები ისეთივე აქვს, როგორიც პირველად ჩასვლისას.

რა აოცებს ახალგაზრდა მომღერალს ამერიკაში, რას უყვებიან იქ მცხოვრები ქართველები და გაუჭირდა თუ არა ამერიკელ გოგონებთან ურთიერთობა, ნოდიკომ ამის შესახებ “სარკეს” უამბო.

ნოდიკო ტატიშვილი:

– ამერიკაში 2012 წელს ვიყავი პირველად, მერე – 2015-ში და წელს მესამედ ჩავედი. წელს სამ ქალაქში მქონდა კონცერტი – ნიუ იორკში, ვაშინგტონში და ფილადელფიაში. პირველივე კონცერტზე სრული ანშლაგი იყო. სავსე იყო დარბაზი. ეს კონცერტი შედგა ნიუ იორკის ქართულ რესტორანში, რომელიც ძალიან პოპულარულია და “გესტჰაუზი” ჰქვია.

ყველა კონცერტზე თითქმის ორსაათიანი პროგრამა მქონდა წარმოდგენილი, სადაც ქართულ სიმღერებს ვმღეროდი. მინდოდა, ქართული განწყობა შემექმნა და რამდენიმე საათის განმავლობაში მაინც მომეწყვიტა ჩვენი ქართველები იქაურ პრობლემებს, დამებრუნებინა საქართველოში. ასეც მოხდა.

ნიუ იორკი ერთადერთი ქალაქია, სადაც ყველა ჩასვლაზე მგონია, რომ პირველად ვარ, რადგან ძალიან ეკლექტიკური ქალაქია. სულ ქაოსია, ძალიან ბევრი ხალხია, ყველა ჩამოსვლაზე ახალ-ახალი შენობები და საინტერესო დაწესებულებები გხვდება.

მეორე დღეს ვაშინგტონში ვიმღერე. ამ ქალაქში ქართულ საკვირაო სკოლაში ვიყავი სტუმრად მისული, სადაც გავიცანი ბავშვები, რომლებსაც ქართულად საუბარი უჭირთ. ზოგი ბავშვობიდან იქ ცხოვრობს, ზოგი იქ დაიბადა. იქაც ვიმღერე რამდენიმე სიმღერა, ჰიმნიც ვიმღერეთ ერთად, ფოტოებიც გადავიღეთ…

ძალიან ვთხოვე, შემდეგ ჩამოსვლაზე ერთმანეთთან კარგი ქართულით ვისაუბროთ-მეთქი. მათი მშობლებიც დარდობენ, ქართული ლაპარაკი რომ უჭირთ. ძალიან საყვარელი ბავშვები იყვნენ და შემპირდნენ, რომ კარგად ისწავლიან ქართულს.

მერე ფილადელფიაში ვიმღერე. ჩემი პროდიუსერი იქ ნანიკო კორახაშვილია. როცა ჩავდივარ, კონცერტებს მიწყობს. თვითონ იქ ცხოვრობს. გიორგი ნიკოლეიშვილი დამეხმარა კიდევ, რომელიც ხელმძღვანელობს ჯგუფს “ჩვენ ამერიკაში”. მიხარია, რომ ქართველები ერთმანეთს უდგანან გვერდში და ამ ჯგუფის მეშვეობით, ვისაც დახმარება სჭირდება, ეხმარებიან. მაკა ზამბახიძეც დამეხმარა ამ კონცერტების ორგანიზებაში.

საოცრად დამუხტული ვბრუნდები ამერიკიდან. ბედნიერი ვარ, რომ დიდი სიყვარულით დამხვდნენ. ემიგრანტებთან სიმღერა მუდამ განსხვავებულია. ენატრებათ ქართული სიმღერა და ძალიან უხარიათ, როცა სცენაზე ხედავენ მომღერალს საქართველოდან, რომელსაც ტელეეკრანიდან და ინტერნეტიდან იცნობენ.

– მათ პირადადაც ესაუბრეთ, გიამბეს, როგორ ცხოვრობენ, რა უჭირთ და რა ულხინთ?

– კონცერტის შემდეგ ვსაუბრობდით. ყველა მუშაობს და წვალობს. იქ გამორიცხულია ისეთი გრაფიკით ცხოვრება, როგორიც საქართველოშია. დილის 6 საათზე რომ გახვალ ქუჩაში, უკვე გადატვირთულია მოძრაობა, სამსახურში მიდიან. დიდი ჯაფა ადგათ იქ მცხოვრებ ქართველებს.

ზოგი ყვება, რომ მშობლები არ უნახავს 10 წელია, ზოგს – შვილი. ერთმა ქალმა მითხრა, ძალიან გახარებული ვარ, რადგან ახლა, მაისის ბოლოს, ჩემი 20 წლის უნახავი შვილი ჩამოვა ჩემთან, მწვანე ბარათი მოიგოო. ბევრის თვალზე შევნიშნე ცრემლი.

– მხოლოდ ქართველები იყვნენ თქვენი მსმენელები თუ სხვებიც?

– ქართველებმა წამოიყვანეს რამდენიმე ამერიკელი – მოდით, მოგასმენინოთ, ქართველები როგორ მღერიანო. ძალიან დადებითად განეწყვნენ. მათთვის განსხვავებულია ქართული ჟღერადობა და საინტერესოა საშემსრულებლო კულტურის თვალსაზრისითაც. როცა ქალბატონი მაცაცო სეფისკვერაძის სიმღერას მღერი, უცხო იქნება, აბა, რა და მიხარია, რომ მოვაწონე.

– ასეთი შორეული გასტროლების დროს მომღერლის ჰონორარი როგორია?

– ასეთი კონცერტები არ არის გათვლილი ფინანსურ მოგებაზე. რა თქმა უნდა, დაინტერესებული ხარ ფინანსებით იმ კუთხით, რომ ამხელა გზაზე მიფრინავ, ბილეთს ყიდულობ, მერე იქ უნდა იცხოვრო და ა.შ.

როცა ასეთ კონცერტებზე მეპატიჟებიან, არასოდეს ვიგიჟებ თავს დიდ ჰონორარზე, რადგან ვიცი, რომ ის მნიშვნელოვანია ემიგრანტებისთვის. მათი გახარებული სახის ყურება ყველა ჰონორარზე მეტია.

ელემენტარული დაინტერესება კი, რომ იფრინო, იქ იცხოვრო და ა.შ., რა თქმა უნდა, არის. სხვა მხრივ კი, მე ერთ-ერთი მოწინავე ვარ, რომელიც საქველმოქმედო კონცერტებზე დადის და ამაზე უარს არასოდეს ამბობს.

– ამერიკაში ცხოვრებაზე გიფიქრიათ?

– მიფიქრია იმაზე, რომ სახელი გავითქვა სხვა ქვეყანაში. მე ბევრჯერ გამიტანია ჩვენი ქვეყნის სახელი მის ფარგლებგარეთ და მუდამ წარმატებულად. რაღაცები შეიძლება მოხდეს ამ მხრივ ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ წინასწარ ლაპარაკი არ მიყვარს.

ამერიკაში ძალიან რთულია მოწყობა და ცხოვრება თუნდაც დოკუმენტების თვალსაზრისით. ბედმაც უნდა გაგიღიმოს. ადგე და წახვიდე, ასე ვერ მოიქცევი. მე არ მჩვევია ასეთი დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმა. მშვენიერი, წარმატებული კარიერა მაქვს საქართველოში და საწუწუნოდ არ მაქვს საქმე. უპირველეს ყოვლისა, ჩემს ქვეყანას არც ერთი სხვა არ მირჩევნია, მაგრამ თუ იქნება შანსი, რომ ჩემი პროფესიით სახელი გავითქვა საერთაშორისო ასპარეზზე, უარს არ ვიტყოდი.

– როგორ თვლით, იღბლიანი ხართ?

– ვერ ვიტყვი, რომ უიღბლო ვარ, თუმცა ჩემთვის ლანგრით არავის არაფერი მოურთმევია. ყველაფერს დიდი შრომისა და წვალების ხარჯზე მივაღწიე. ეს ლოგიკურიცაა. მიჩვეული ვარ შრომას და მგონია, რომ საკუთარი შრომით მიღწეული უფრო გემრიელი და სასიამოვნოა, ვიდრე მირთმეული წარმატება, რომელიც შეიძლება მხოლოდ ერთჯერადი იყოს.

ჩემი მეორე ალბომი გამოვიდა, ბოლო 6 თვის განმავლობაში 3 ახალი ვიდეო მაქვს, რამდენიმე კონცერტი მქონდა ქვეყნის გარეთ. საქართველოშიც ძალიან დაკავებული ვარ. მადლობა ღმერთს ამ ყველაფრისთვის. ვინც შრომობს, ის ბოლოს ნაყოფს აუცილებლად იმკის.

– ამერიკელმა გოგონებმა თუ მოგტაცეს თვალი?

– ძალიან ბევრნაირი ლამაზი და სასიამოვნო გოგო ვნახე ამერიკაში. უზომოდ პოზიტიურები და კომუნიკაბელურები არიან, რაც ძალიან მომწონს. ბევრი ეროვნების წარმომადგენელი ცხოვრობს, ყველა კანის ფერის გოგო მომეწონა. ურიცხვი გოგო შემხვდა, რომლებსაც გულგრილად ვერ ჩაუვლი. თან უპრობლემოდ ეკონტაქტები. არანაირ დისკომფორტს და დაძაბულობას არ გიქმნიან.

როცა კარგი გოგოა, ეთნიკურ მხარეს და ეროვნებას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს.

– არ მითხრათ, რომ საქართველოში, სადაც ყველა გიცნობთ, გიჭირთ გოგონებთან ურთიერთობა.

– არსად მაქვს პრობლემა. თუ ურთიერთობა გინდა, არსად ჭირს. მთავარია სურვილი.

რუსუდან ადვაძე, სარკე