ნინო ძოწენიძე: “გულნატკენი ვარ, მაგრამ ამასაც შევეჩვიე”

ნინო ძოწენიძე: "გულნატკენი ვარ, მაგრამ ამასაც შევეჩვიე"მომღერალმა ნინო ძოწენიძემ და მისმა ქმარმა, მუსიკოსმა გიგა კუხიანიძემ, კარიერა საუკუნის 90-იან წლებში, მშობლიურ ქალაქ ქუთაისში დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა დაულაგებელი იყო და უამრავი პრობლემა არსებობდა, ნინო შემოქმედებითად აქტიური იყო, ბევრ რამეს სწავლობდა და შემოქმედებაშიც წარმატებულ ნაბიჯებს დგამდა.

წარუმატებლობას არც ახლა უჩივის, 4 წლის წინ ტელეპროექტში “ერთი ერთში” ბინა მოიგო, წერს ახალ სიმღერებს, კლიპებს… ამიტომ მისთვის გაუგებარია, ქვეყნის მთავარ კონცერტებზე ხელისუფლებას რატომ ავიწყდება მისი დაძახება და საერთოდ მომღერლებს რა პრინციპებით არჩევს.

– ნინო, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტზე არ იყავით. მიზეზი რა იყო?

– არავის დაურეკია ჩემთვის. ცოტა მეცინება და მეუხერხულება უკვე ამ ყველაფერზე ლაპარაკი. შეიძლება წელიწადში ერთი კონცერტი ჩატარდეს და სახელმწიფოს ინტერესში რატომ არ შედის, რომ მომღერალს დაუძახოს? გაკვირვებული და გულნატკენი ვარ, მაგრამ ამასაც შევეჩვიე. ახლა ვიღაც იტყვის, შენ რომ გამოდიოდი, მე არ გამოვდიოდიო, მაგრამ სწორედ ეს არ უნდა ხდებოდეს.

26 მაისის კონცერტზე ისეთი მომღერლებიც იყვნენ, რომლებსაც 5 წელი არაფერი გაუკეთებიათ, მაგრამ მაინც მიიღეს მონაწილეობა. არ ვიცი, რა პრინციპით ხდება მომღერლების დანაწილება.

– მას შემდეგ, რაც პროექტში “ერთი ერთში” გაიმარჯვეთ, თითქოს მოეშვით და ახალი არაფერი გაგიკეთებიათ.

– მას შემდეგ გადავიღე ერთი კლიპი. თუ ცოტათი მოვდუნდი, ჩემი ბრალია. საერთოდ, თუ რამე არ გამოგდის, ყველაფერი არის შენი ბრალი და არა – სხვისი. გარდა ამისა, უპერსპექტივობის ბრალიცაა. ახლა ვმუშაობ ახალ სიმღერებზე. ერთი იქნება საზაფხულო ჰიტი, მეორე – შედარებით წყნარი სიმღერა, რომელიც ლილიკო ნემსაძემ დამიწერა.

ახლა ვფიქრობ, გავაკეთო ახალი სიმღერა, მაგრამ მერე? ძალიან პატარა ბაზარია, ყველა წასვლაზე ფიქრობს. აქ არაა კონცერტი, აქ არის მხოლოდ 26 მაისი, ახალი წელი და მეტი არაფერი.

– ჟანრობრივად იპოვეთ საკუთარი თავი?

– ჟანრობრივად ძალიან არეული ვარ. არ გამოვა, ის მუსიკა ვაკეთო, რომელიც მომწონს და მიყვარს. გიგა უფრო თანამედროვე ვერსიებს გაჰყვა, მე ცოტა სიძველე მიყვარს და აქ ავირიეთ. არანჟირებაში სულ სიახლეები შემოაქვს.

– სიახლეების გეშინიათ?

– კი არ მეშინია, უბრალოდ რაღაცები არ მომწონს, ჩემთვის სხვანაირად ჟღერს.

– წლების მატებამ რა შეცვალა თქვენში?

– დიდად არაფერი შეცვლილა. შეიცვალა ის, რომ ღამისთევა აღარ შემიძლია, მიყვარს თავის დროზე დაძინება, რადგან ძილის დეფიციტი მაქვს. კარგი ძილი გარეგნობაზეც აისახება.

– ადრე დაძინებაში რომელ საათს გულისხმობთ?

– ღამის 1 საათს. ყოველ საღამოს ვმღერი, შესაბამისად, სიმღერა ყოველთვის ფორმაში ყოფნას მოითხოვს როგორც ვოკალურად, ასევე ვიზუალურად. 38 წლის ვარ და ამ ასაკში დროა, ადამიანმა თავის ცხოვრებაში სიახლეები შეიტანოს.

– განიცდით ასაკის მატებას?

– მე მგონი, ცოტათი ყველა ქალი განიცდის, მაგრამ 38 წელი არაა ის ასაკი, რომ ვინერვიულო.

– ნაოჭების არ გეშინიათ?

– არ მეშინია, იმიტომ რომ 21-ე საუკუნეა. ძალიან ბევრი რამ არსებობს იმისთვის, რომ დღეს ადამიანმა ნაოჭებზე აღარ ინერვიულოს. ჯერჯერობით არ მჭირდება, მაგრამ, როცა დამჭირდება, ნაოჭებს აუცილებლად გავისწორებ. ჩემი აზრით, ქალს ცოტა ნაოჭი უნდა ჰქონდეს კიდეც, რადგან უხდება. ჩემთვის მიუღებელია, არაადეკვატური სახეები რომ აქვთ.

– თქვენი ცხოვრების წესი არის ჯანსაღი?

– სამწუხაროდ არა. მე და გიგა მწეველები ვართ. ახლა კი აიკრძალა მოწევა საჯარო სივრცეში, მაგრამ არ ვიცი, რამდენად კარგ შედეგს გამოიღებს.

– ცოტათი მაინც არ შეამცირეთ მოწევა?

– ვერა. ყოველ საღამოს ვმღერი ერთ-ერთ რესტორანში და ვხედავ, რომ ადამიანები ვეღარ ერთობიან. მოსაწევად ადიან და ჩამოდიან, გადიან და გამოდიან… ჩვენი ქვეყნისთვის ცოტა ადრე იყო ამ კანონის შემოღება. ბევრი სხვა პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში, ვიდრე მოწევა, თორემ, სიგარეტი რომ ცუდია, ეგ ჩვენც ძალიან კარგად ვიცით.

– შინაგან ცვლილებებზეც გკითხავთ. 38 წლის ასაკში როგორ შეიცვალა თქვენი შინაგანი სამყარო?

– წლებს სიდინჯე მოაქვს, ემოციურად უფრო გაწონასწორებული ხდები. ცხოვრებამ მასწავლა ის, რომ ცუდ ხასიათზე არასოდეს უნდა იყო და სულიერად არასოდეს უნდა დაეცე. არ უნდა მოეშვა და ნელ-ნელა გაცხრილო ის ადამიანები, რომლებიც ცუდი ენერგეტიკის მატარებლები არიან.

– გამოგივიდათ ადამიანების გაცხრილვა?

– ადამიანებს ვერ ვკარგავ, უბრალოდ მათთან დისტანციას ვიჭერ. ზოგიერთები ცუდ რაღაცებზე ლაპარაკით დიდ ენერგიას იღებენ, მე კი ამ დროს მეცლება ენერგია.

– როგორ უნდა მოახერხო, რომ სულ კარგ ხასიათზე იყო?

– მე ვახერხებ. მე ვარ ის ბირთვი, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს სჭირდება. მე თუ ცუდად ვიქენი, ვერავის დავეხმარები, მე კი მიყვარს, როცა სხვებს ვეხმარები.

 გიორგი საკარული, სარკე