,,მწყემსი ლორა სმიტს უთვალთვალებდა და ფოტოებს უღებდა“ – რა მტკიცებულებები აქვს პროკურატურას

,,მწყემსი ლორა სმიტს უთვალთვალებდა და ფოტოებს უღებდა“ - რა მტკიცებულებები აქვს პროკურატურასპროკურატურას სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის ტელეფონი და სხვა მწყემსების ჩვენებები, აქვს, სადაც დაკავებული მწყემსის ბრალეულობა ნათლად იკვეთება. ეკონომისტი ირაკლი ლატარია „რეზონანსთან“ ყვება, რომ ადგილობრივი მწყემსების ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილს ტელეფონში გარდაცვლილი ლორა სმიტის ფოტოები ჰქონდა და ის მათ აჩვენებდა, თითქოს მისი მეგობარი გოგო იყო.

მწყემსებმა გარდაცვლილი ქალი მას შემდეგ ამოიცნეს, რაც მათთან პოლიცია მივიდა და დაკარგული ოჯახის შესახებ ინფორმაცია ჰკითხა. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ მწყემსი ოჯახის დახოცვამდე ქალს უთვალთვალებდა და ფოტოებს უღებდა.

ლატარიას თქმით, მას მამაკაცის სხეული იქვე ჰქონდა გადამალული და კვალის არევის მიზნით, როდესაც ქალის ცხედარი აღმოაჩინეს, ქმრის გვამი ღამით ჩანჩქერთან მიიტანა; ადგილობრივებმა საკუთარი ყურით უსმინეს, როგორ ყვებოდა დეტალურად ოჯახის დახოცვის ისტორიას. მწყემსები ვარაუდობენ, რომ ეს იყო სექსუალური მიზნით ჩადენილი დანაშაული და არ გამორიცხავენ, რომ მას ლორა სმიტის გაუპატიურება სურდა. ადგილობრივი ახალგაზრდები შეიკრიბნენ და მწყემსის ჩაქოლვას აპირებდნენ, რის გამოც პოლიციამ თავიდან მისი დაკავების ამბავი დამალა. მოგვიანებით კი ის ხეობიდან სამართალდამცველებმა ჩუმად გააპარეს.

„პროკურატურას აქვს საკმაო მტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები, სადაც მწყემსი ბიჭის ბრალეულობა აშკარა და უტყუარია. როგორც ადგილობრივი მწყემსები ყვებიან, მათ დაკავებული თავის ტელეფონში ლორა სმიტის ფოტოებს უჩვენებდა და ამბობდა, ნახეთ რა ლამაზი ქალი მყავსო. ხოლო მათ ქალი მას შემდეგ ამოიცნეს, რაც მათთან პოლიცია მივიდა და დაკარგული სმიტების ოჯახის ფოტოები აჩვენა.

მწყემსები ვარაუდობენ, რომ ის ლორა სმიტს უთვალთვალებდა და ფოტოებს უღებდა. მათი აზრით, ეს იყო სექსუალურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული და მან მთელი ოჯახი ამის გამო ამოხოცა. ადგილობრივები ამბობენ, რომ, სავარაუდოდ, მამაკაცის დამარხვას აპირებდა, თუმცა ვერ მოასწრო, ამიტომაც კვალის არევის მიზნით ის ღამე ჩანჩქერთან მიიტანა. პროკურატურას ძალიან ბევრი მტკიცებულება აქვს, თუმცა მის გამოქვეყნებას ჯერჯერობით ერიდება. ხეობაში ეჭვი არავის ეპარება, რომ ის მარტო მოქმედებდა და მთელი ოჯახი მან ამოწყვიტა“, – აცხადებს „რეზონანსთან“ ლატარია.

მიმდინარე წლის 6 ივლისს 112-ში შევიდა შეტყობინება საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ. შეტყობინების ინიციატორის თქმით, დაკარგულები დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში იმყოფებოდნენ და მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.

პოლიციელებმა და მაშველებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს სამძებრო სამუშაოები და შეტყობინებაში მითითებული ადგილები დაათვალიერეს. სამართალდამცველებმა სოფელ წკერეში დაკარგულების კუთვნილი ავტომანქანა და პირადი ნივთები აღმოაჩინეს.

იმავე დღეს, სამართალდამცველების და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველების ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შედეგად, ლორა სმიტი ხევში, ჩანჩქერის პირას, გარდაცვლილი იპოვეს, რომელსაც პირველადი დათვალიერების შედეგად ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. ხოლო, შემდგომი სამძებრო სამუშაოების შედეგად, 7 ივლისს, ხევში მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე რაიან სმიტის ცხედარი აღმოაჩინეს.

სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული, 19 წლის მწყემსი დააკავა, რომელმაც აღიარა ჩადენილი დანაშაული. თუმცა სასამართლოზე ჩვენება შეცვალა და ბრალდება უარყო. დაკავებლს მოსამართლემ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შედეგად სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს 4 წლის ბავშვის ცხედარი, რომელიც ბრალდებულმა დამალა.

მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური წარმოშობით ახალგორის რაიონიდანაა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მისი ოჯახი მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ წილკანში ცხოვრობს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რეზონანსი