“მისნაირი მამაკაცის ძებნაში შინაბერა დავრჩი”

"მისნაირი მამაკაცის ძებნაში შინაბერა დავრჩი"ბევრი შეცდომის სათავე ბავშვობაში უნდა ვეძებოთ, თუმცა ჩვენი რესპონდენტისთვის, ნახევარ საუკუნეს მიტანებული ქალისთვის, საძებნელი არც არაფერია. მაიამ იცის, სად დაუშვა შეცდომა, რამ განაპირობა ის, რომ დღეს მარტოა.

ბავშვობაში შეხვდა მამაკაცს, რომელიც გააიდეალა, საუკეთესო თვისებებით შეამკო და მერე ყველას მას ადარებდა. ერთ დღეს კი ყველაფერი მოიცილა მუჭში დაგროვებული სილასავით, საკუთარ თავს უკვე დაუსვა “დიაგნოზი”, მაგრამ, სამწუხაროდ, საკმაოდ გვიანი აღმოჩნდა.

მაია:

– ვფიქრობ, ჩემი ხასიათის ბრალია მარტო რომ ვარ. საწინააღმდეგო სქესის მხრიდან ყურადღება არასდროს მაკლდა, მაგრამ უსიყვარულოდ ვერ გავთხოვდი. ახლა სულაც არ ვფიქრობ, რომ ქორწინებას აუცილებლად სიყვარული უნდა უძღოდეს წინ. ბევრი ოჯახური წყვილი მინახავს, სიყვარულით შეუღლებულან და მერე გაყრილან. მგონია, რომ წყვილს შორის მთავარია პატივისცემა და მეგობრობა.

სიყვარული შეიძლება თანაცხოვრებისას მოვიდეს. როგორ შეიძლება არ შეგიყვარდეს კაცი, შენთან ერთად რომ ეწევა ოჯახურ უღელს, შენი შვილების მამაა?! თუ ღირსეულია, შეგიყვარდება. თუ უღირსობას გამოავლენს, ის სიყვარულიც გაქრება, რაც მის მიმართ გქონდა. ადამიანი სხვის ამბავში ბრძენია, თავის ამბავში კი…

– თაყვანისმცემლები გყოლიათ და ნუთუ არავინ შეგიყვარდათ?

– შეიძლება უცხო თვალით არასერიოზულად ჩანდეს, მეც ვერ წარმოვიდგენდი, ასე თუ დამემართებოდა. 6 წლის ვიყავი, დედაჩემის თანამშრომელი ახალგაზრდა კაცი, ნიკო რომ შემიყვარდა. მაშინ ოჯახები იყო თავშეყრის ადგილი, დედას თანამშრომლები ხშირად მოდიოდნენ ჩვენთან – სულ ქალები და ერთი ნიკო.

უცნაური ბავშვური სიყვარული მეწვია, სულ მასზე ვფიქრობდი, მის სახეს ვხატავდი, მასავით კარგი და კეთილი ვერავინ წარმომედგინა. სიმპათიური იყო, გულღია, სამართლიანი, მშვენიერი სქესის ქომაგი, დადებითი თვისებებით.

ისიც მიმძაფრებდა განცდას, რომ ჩემ მიმართ სითბოს ამჟღავნებდა – ბავშვები უყვარდა. ტკბილეულობით მანებივრებდა. ნახატებიან წიგნებს მჩუქნიდა. ჩემი იდეალი იყო. თუ ცუდად მოვიქცეოდი ან სიჯიუტეს გამოვავლენდი, დედა მამაჩემით კი არ მაშინებდა, უბრალოდ მეტყოდა, ძია ნიკოს ვეტყვიო, მეც უცებ ვიცვლებოდი და თვინიერი ვხდებოდი.

– დედა ხვდებოდა თქვენს ამ განცდებს?

– რომ მიყვარდა და პატივს ვცემდი, იცოდა, მაგრამ არა – ამ სახით. რთული ბუნების, გულდახურული ბავშვი ვიყავი, ემოციებს ნაკლებად ვამჟღავნებდი. მშობლები ვერ მიგებდნენ.

– ბავშვურ ასაკში მიღებული მძაფრი შთაბეჭდილებები ადამიანს დიდხანს გაჰყვება ხოლმე. თქვენც ასე დაგემართათ?

– დიახ. რამდენიმე წლის შემდეგ ნიკომ სამსახური შეიცვალა, ჩვენთან აღარ მოდიოდა, მაგრამ მასზე მაინც ვფიქრობდი. ერთხელ დედამ მამას უთხრა, ნიკოს ცოლი მოუყვანიაო. ტუალეტში ჩავიკეტე და ჩუმად ვიტირე.

გავიდა ხანი. ნიკო აღარ მახსოვდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ქვეცნობიერში მაინც ჩამრჩა. ძალაუნებურად ყველას ვადარებდი, საზომად მექცა, ამიტომ ყველას ვიწუნებდი.

– ბიჭები თქვენი გულის მონადირებისთვის იბრძოდნენ?

– რა თქმა უნდა. სტუდენტობისას ერთ ბიჭს ვუყვარდი, მიშა ერქვა. დინჯი, თავშეკავებული, მორიდებული იყო, სხვებივით არ ცანცარებდა და კაბებს არ დასდევდა. ამ თვისებებით ვაფასებდი. რომ შევუყვარდი, თავიდან საუბარში ენა ებმოდა, აზრი ეფანტებოდა. ეს მახალისებდა და მასთან შეთამამებული ვიყავი.

მოულოდნელად საჯაროდ ამიხსნა სიყვარული. ლექცია-სემინარზე ტრიბუნაზე ავიდა და ლექსი წაიკითხა. თქვა, რომ მე მეძღვნებოდა და ძალიან ვუყვარდი. ტაშმა იხუვლა, ყველამ შემომხედა, გავწითლდი, გავბრაზდი, ვერ შევიფერე. აუდიტორია დავტოვე. მიშა დამედევნა, ლამის მუხლებში ჩამივარდა, ბოდიშებს მიხდიდა. არ გავუჩერდი. იმ დღიდან ყველა ჩვენზე ლაპარაკობდა.

– რატომ ვერ გათვალა, რომ ამით გაღიზიანდებოდით, კარგად არ გიცნობდათ?

– ერთხელ ვთქვი, ბიჭმა რა უნდა გააკეთოს ისეთი, რომ გამაკვირვოს, ბიჭებს ფანტაზიის უნარი არ აქვთ, ვერც სიურპრიზებს აკეთებენ და ვერც რამე ორიგინალურს-მეთქი. ეტყობა, ეს ჩარჩა მეხსიერებაში და ამით გამოხატა.

– თქვენ წაგიქეზებიათ და…

– ჰო. ვერ ვიტყვი, რომ მიშა არ მომწონდა, ვერც იმას ვიტყვი, მისი გრძნობის გამოხატვის ფორმა ცუდი იყო, მაგრამ გავბრაზდი. პირადად ჩემთვის რომ ეთქვა ცალკე, ლექსის თანხლებით, უფრო დადებითად შევხვდებოდი, მაგრამ გამაღიზიანა სხვების რეაქციამ, აუდიტორიის ოვაციებმა. ყველას ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდი, ჭორაობის ობიექტად ვიქეცი. ყველა მე მიყურებდა, რას ვიცვამდი, როგორ დავდიოდი, ვის შევხედავდი თუ გავუღიმებდი…

რას აღარ ვიგებდი ჩემ შესახებ! თავს საშინლად ვგრძნობდი. სიტუაცია რომ დამეცხრო, მიშას გავებუტე და სტუდენტობის დარჩენილი წლები ხმას აღარ ვცემდი. ამით სიტუაცია კი განიმუხტა, მაგრამ მიშა დავკარგე.

– როგორც ჩანს, ნანობთ.

– ღირსეული ადამიანია. ასე სასტიკად არ უნდა მოვქცეოდი. ჩემმა ხასიათმა განაპირობა.

– ფიქრობთ, მასთან ოჯახურ ცხოვრებას ააწყობდით?

– არ გამოვრიცხავ, შეიძლებოდა ერთად ვყოფილიყავით. უზომოდ ვუყვარდი. მასავით არავის ვყვარებივარ.

– სხვა რა შემთხვევები გქონდათ, როცა თქვენმა ბუნებამ გადამწყვეტი როლი შეასრულა?

– სამსახურში ორ გოგოს, მე და ნინოს, ერთი ბიჭი მოგვწონდა. დიმიტრი ერქვა. ყველაფერი ასე დაიწყო: მე და დიმიტრი ერთ განყოფილებაში ვმუშაობდით. მისგან ვგრძნობდი სიმპათიას, მაგრამ თავს არ ვუტყდებოდი. სხვა გოგოებთან შეხუმრებული იყო, ჩემთან თავი სხვაგვარად ეჭირა, განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ამჟღავნებდა. მერე სხვა განყოფილებაში გადაიყვანეს და გული დამწყდა. მაშინ ვიგრძენი, რომ არც მე ვყოფილვარ გულგრილი მის მიმართ.

ჩვენი სამუშაო დრო ზოგჯერ არ ემთხვეოდა და ხშირად ვეღარ ვხვდებოდით. დიმიტრიმ მოახერხა და სამუშაო დღეები შეცვალა, ჩემი ნახვის საშუალება რომ მისცემოდა. არ დავიჯერე, რომ ეს ჩემ გამო გააკეთა.

– რატომ არ იჯერებდით, მიზეზი რა იყო?

– არ მომწონდა მისი თვისება, სხვა გოგოებთან რომ ღლაბუცობდა. ქვეცნობიერად ნიკოს ვადარებდი. ნიკოც ქალებთან ერთად მუშაობდა მაშინ, მაგრამ თავშეკავებას არ უღალატია.

– მოვლენები როგორ განვითარდა?

– ჩემს განყოფილებაში ახალი თანამშრომელი მოვიდა, ნინო. გამომიტყდა, დიმიტრი მომწონსო. ისე მოვიქეცი, რომ დიმიტრი ნინოს დავუთმე.

– როგორ მოხდა ეს?

– ერთ საღამოს დიმიტრიმ სახლამდე გამაცილა. ეს პირველი შემთხვევა იყო. გზაში ვსაუბრობდით. აფორიაქებული იყო. ვატყობდი, რაღაცის თქმა სურდა, ბოლოს მითხრა, თუ თავისუფალი იქნები, ძალიან მინდა, კვირას სადმე დაგპატიჟოო. მაშინვე არ დავთანხმდი. მთელი ღამე ვფიქრობდი, რა მექნა. თან მინდოდა, თან არ მინდოდა. რაღაც უკან მხევდა. მერე “ლოგიკური” გადაწყვეტილება მივიღე – პაემანზე ნინოსთან ერთად წავედი.

– რატომ გააკეთეთ ასე?

– ნიკოსთან შედარებით ის არასრულფასოვანი იყო. დიმიტრი და ნინო დაქორწინდნენ, შვილებიც ჰყავთ. დიმიტრი არ გამოდგა ცუდი ქმარი.

– წლები გემატებოდათ, შესაბამისად გამოცდილებაც, თქვენ მაინც იმ კაცზე ფიქრობდით, ბავშვობიდან თქვენს ქვეცნობიერში რომ ჩაისახა?

– ქალის ცხოვრებაში არის ორი პერიოდი: ერთი, როდესაც ბედის მოძალებაა, კაცები თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიან შენს სიყვარულში, და მეორე, როცა აღარავინ გეძლევა, აღარავის სჭირდები. ამ მეორე ეტაპზე რომ გადავედი, გადავწყვიტე, შვილი მაინც გამეჩინა. 30 წელს გვარიანად ვიყავი გადაცილებული. ძველი თაყვანისმცემლები აღარ მყავდნენ, დაოჯახებულები იყვნენ.

არჩევანი შევაჩერე ერთ მარტოხელა, 40 წელს გადაცილებულ უცოლო მამაკაცზე, რომელიც ჩემს წინადადებას გაგებით შეხვდა. გიკვირთ ალბათ, როგორ გავბედე ამის თქმა. რაკი შვილის გაჩენა დაგეგმილი მქონდა და იმ კაცთანაც საქმიანი ურთიერთობა მაკავშირებდა, ასევე საქმიანად შევთავაზე ესეც. თავადაც გამიკვირდა, ისე მარტივად ვუთხარი, ყოველგვარი ღელვის და სიმორცხვის გარეშე.

დედამაც წამაქეზა, თუ არ თხოვდები, შვილი მაინც გააჩინე ჯანსაღი, ნორმალური კაცისგან, სანამ ჯანი მერჩის, მოგეხმარები და გაგაზრდევინებო. მამა ცოცხალი აღარ მყავდა, თორემ ალბათ დედა ვერ მეტყოდა ამას.

– მიიყვანეთ ბოლომდე თქვენი გეგმა?

– შევხვდი კაცს, მაგრამ სქესობრივი ურთიერთობა ვერ შევძელი. მამაკაცურმა ვნებამ და ჟინმა, რომელიც მისგან ვიგრძენი, უკან დამხია. ცხოველურად აღვიქვი – ალბათ თავსაც ცხოველად ჩავთვლიდი, ეს რომ გამეკეთებინა. ისეთი ძლიერი სურვილიც კი, როგორიც შვილის ყოლაა, ჩემში ჩავკალი. უსიყვარულოდ სქესობრივი კავშირი ვერ შევძელი. მაშინ მივხვდი, რომ სიყვარულია ჩემი ცხოვრების მამოძრავებელი ძალა და მის გარეშე ვერც შვილს გავაჩენდი, ვერც გავთხოვდებოდი.

– თქვენი ცხოვრების ერთადერთი სიყვარული ისევ ნიკოა?

– წარმოუდგენელია, მაგრამ ეს ბავშვური სიყვარული თითქმის ნახევარი საუკუნე გამყვა.

– ამდენი ხნის განმავლობაში არ მოგეცათ შანსი, ერთხელ მაინც შეხვედროდით თქვენი სიყვარულის ობიექტს, თუნდაც შემთხვევით?

– 47 წლის ვიყავი, რომ ვნახე. ნიკო 67-ისა გახლდათ. ჩემმა მეგობარმა მთხოვა, ზაფხულში აგარაკზე გავყოლოდი, შვილიშვილი მიჰყავდა დასასვენებლად. იქ ისვენებდა ნიკოც ცოლთან და უმცროს შვილიშვილებთან ერთად. ოჯახზე ასე შეყვარებული კაცი არ მინახავს. ბავშვები რომ უყვარდა, ამაში ეჭვიც არ მეპარებოდა, მაგრამ ამდენი ხნის თანაცხოვრების შემდეგ ცოლიც თუ ასე სიგიჟემდე ეყვარებოდა, ვერ წარმომედგინა.

– გამოეცნაურეთ?

– რა თქმა უნდა. მაშინვე ვიცანი, სახე თითქმის არც შეეცვალა ნაოჭებს. ცოლმა სახელი რომ დაუძახა, მივხვდი, რომ არ ვცდებოდი და აღარ დავაყოვნე, მყისვე მივედი. რას მიცნობდა?! ბავშვი ვიყავი, ბოლოს რომ მნახა. რომ გამოვეცნაურე, გაუხარდა. ჩემები მოიკითხა. მამას ამბავი რომ გაიგო, გულწრფელად შეწუხდა. მეუღლეც გამაცნო და შვილიშვილებიც.

უცნაური რამ დამემართა – მთელი ცხოვრება ამ ადამიანის სიყვარულს გულით ვატარებდი და შეხვედრისას კი ისეთი განცდა დამეუფლა, თითქოს არაფერი მქონია.

– ეს მისმა ასაკმა გამოიწვია თუ სხვა მიზეზმა?

– ასაკი არაფერ შუაშია. მეც ხომ ბავშვი ვიყავი, რომ შემიყვარდა, მაშასადამე, როგორც მამაკაცს, მაშინაც ვერ აღვიქვამდი. მასში კაცის იდეალი მიყვარდა. როცა ვნახე, რაღაც ძალიან შორეული და შინაური ვიგრძენი, მაგრამ ისეთი განცდა დამრჩა, რომ იმ ადამიანთანაც ვერ ვიცხოვრებდი, ბედს თუნდაც ერთად შევეყარეთ.

– რა არ მოგეწონათ მასში, რამ განგიზიდათ?

– მის მზრუნველობაში ცოლისადმი იყო რაღაც ზედმეტი. ცოლს კი ჩვეულებრივად მიაჩნდა, თითქოს წესი იყო ასეთი, სხვაგვარად არც უნდა ყოფილიყო.

– მაინც რა ჩათვალეთ ზედმეტად?

– სულ თან დასდევდა ცოლს, არ შეგცივდეს, არ მოგშივდეს, არ გეწყინოს, არ გაბრაზდეო… ეს ჩემთვის გამაღიზიანებელი იყო, განა იმიტომ, რომ მის ცოლს ეხებოდა, სრულებითაც არა. რომ წარმოვიდგინე, ქმარს ჩემთვის მთელი ათეული წლები ასე ედევნა – “არ შეგცივდეს, არ მოგშივდეს”, ნამდვილად ვერ ავიტანდი.

ჩემს თავს გამოვუტყდი, რომ სრულებითაც არ მომწონს ასეთი კაცები, პირიქით, კაცმა ქალის მზრუნველობასა და მოფერებაშიც ზღვარი უნდა იცოდეს, თავი რომ არ მოაბეზროს. არ იფიქროთ, რომ შინაბერას პოზიციიდან ვლაპარაკობ. ეს უბრალოდ ჩემი ხასიათია, ყოველთვის ასე ვფიქრობდი.

– გამოდის, რომ თქვენში გაქრა მამაკაცის იდეალი?

– დიახ, ასეა. უკეთესი იქნებოდა, ჩემს “იდეალს” უფრო ადრე, წლების წინ შევხვედროდი და სხვა თვალით შემეხედა. იქნებ ჩემს ცხოვრებაშიც ცვლილებები შემეტანა, სხვაგვარად ამეწყო და გამეხალისებინა. მისნაირი კაცის ძებნაში კი შინაბერა დავრჩი.

ნანა კობახიძე, სარკე