კახა გოგიძე: “სულიკო დარდიანიძის როლით არავის დავცინი” – როგორ გახდა გრიზელდას ვაჟი პრეზიდენტი

კახა გოგიძე: "სულიკო დარდიანიძის როლით არავის დავცინი" - როგორ გახდა გრიზელდას ვაჟი პრეზიდენტიმსახიობსა და რეჟისორს, კახა გოგიძეს, თავისი გეგმები ჰქონდა, ახალციხის თეატრში სპექტაკლს დგამდა, მაგრამ ხელში გიტარა მიაჩეჩეს და უთხრეს, მოქეიფე, დარდიმანდი პრეზიდენტი უნდა ითამაშოო. ასე აღმოჩნდა სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” სულიკო დარდიანიძის როლში.

კახა გოგიძე თეატრალური ოჯახიდან არის. დედამისი, ლია სულუაშვილი, რომელიც ამავე სერიალში სკოლის დირექტორის, გრიზელდას, როლს ასრულებდა, მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია. ცოლი ხათუნა ღუღუნიშვილიც ამ თეატრის დასის წევრია. მამა ელგუჯა გოგიძეც მსახიობია, მაგრამ ახლა პენსიაზეა. კახას სამი შვილიდან ორმა უკვე აირჩია მსახიობობა. მესამე ჯერ სკოლაში სწავლობს.

– ბატონო კახა, სერიალში თქვენც კასტინგით მოხვდით, როგორც მსახიობთა უმეტესობა?

– კასტინგების ხელმძღვანელმა ეკა მჟავანაძემ დამირეკა და აქედან დაიწყო ყველაფერი. ამ სერიალს მთელი საქართველო უყურებს, ამიტომ სიფრთხილითაც ვუდგები და მოზომილადაც ვთამაშობ.

– სიფრთხილე რა თვალსაზრისით გჭირდებათ?

– მთელი ჩემი ცოდნა, პროფესიონალიზმი იქითკენაა მიმართული, რომ ეს გმირი კარგი გამოვიდეს, სერიალის კონტექსტიდან არ ამოვარდეს და ა.შ. უბრალო პერსონაჟი არაა, საქართველოს პრეზიდენტია.

პირველი, რაც ვიკითხე, იყო, ვინ არის პროტოტიპი-მეთქი და არავინო, მიპასუხეს. ის არც ერთ ჩვენს პრეზიდენტს არ ჰგავს, არც ყოფილებს და არც ამჟამინდელს. შეიძლება ვიღაცისთვის მოსაწონი არ იყოს, მაგრამ ამ სოციუმის ადამიანია, ჩვენი ტრადიციების, ცხოვრების წესის მატარებელია.

– სანამ გადაღებები დაგეწყებოდათ, როგორ მოემზადეთ, საქართველოს პრეზიდენტების გამოსვლები ხომ არ მოიძიეთ და თვალი გადაავლეთ მეტი რეალისტურობისთვის?

– მოძიება არ დამჭირვებია, რადგან ოთხივე პრეზიდენტი მახსოვს. არავის გაშარჟება და დაცინვა არ მინდა. ჩემი პერსონაჟი ჩვენი პრეზიდენტებისგან განსხვავებულია, გზადაგზა ვთხზავ ამ ადამიანის ქცევებს, მანერებს, არავისგან არაფერი მაქვს აღებული, არც ყოფილებისგან და არც ახლანდელისგან.

ჩემი პერსონაჟი მოქეიფე ქართველია. კარგი გათვლა გააკეთა, მუსიკალური ალბომის ჩაწერა, მისი რეკლამა უნდოდა და იფიქრა, მოდი, საარჩევნო კამპანიაში მივიღებ მონაწილეობას, ვიცი, რომ წავაგებ, მაგრამ ჩემს ალმობს გამოადგებაო. ისე გამოვა, რომ ხალხი აირჩევს და ფაქტის წინაშე დადგება.

ჯერჯერობით ისე მიდის ყველაფერი, რომ თავისი ცხოვრების წესს არ ცვლის, არ იცის, როგორ უნდა იცხოვროს, პრეზიდენტმა ხალხზე როგორ უნდა იზრუნოს და ა.შ. ეს ყველაფერი ძალიან სასაცილოა. დარწმუნებული ვარ, ჩემი პერსონაჟი ძალიან საინტერესო იქნება.

– ჩვენს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსაც საინტერესო ცხოვრება აქვს, გარდა საქმიანობისა, კარტოფილი მოჰყავს დუშეთში, ქსოვაც იცის. “სარკესთან” ყვებოდა, რომ სახლის რემონტი, კაფელის დაგებაც კი ეხერხება. იქნებ მასა და სულიკო დარდიანიძეს შორის მაინც შეიძლება რაღაც პარალელის გავლება.

– პარალელს ვერ ვავლებ, მაგრამ ის ფაქტი, რომ ჩვენი პრეზიდენტი შეიძლება ქსოვს და კარტოფილიც მოჰყავს, მასზე ძალიან კარგად მეტყველებს. ძალიან მომწონს, ჩვენი პრეზიდენტი ისეთივე რომ არის, როგორიც მე, ჩემი მეზობელი და ა.შ.

ყველა ადამიანს აქვს თავისი ჰობი, რომელიც შეიძლება სხვისთვის სასაცილო იყოს. პრეზიდენტს თუ ქეიფი, ქართული სიმღერა უყვარს და თვითონაც მღერის, ეს უცნაური არ არის, ძალიან ჩვეულებრივი ამბავია. უცნაური იქნება, თუ გადაწყვეტილებების დროს ეს იქნება პრიორიტეტული. ჩემი გმირის ხაზში ჯერჯერობით ეს არ გამოჩენილა.

– პოლიტიკაში წასვლის სურვილი ოდესმე თქვენც ხომ არ გქონიათ?

– პოლიტიკაში შეიძლება კარგად ვერკვეოდე, მაგრამ პოლიტიკოსობის სურვილი არ გამჩენია. ძალიან ემოციური ადამიანი ვარ, ემოცია და პოლიტიკა კი მიუღებელია. მიკვირს, როცა პოლიტიკოსზე ამბობენ, რა ქნას, ესეც კაცია, ამასაც ნერვები აქვსო. თუ პოლიტიკოსი ხარ, რასაკვირველია, კაცი უნდა იყო, მაგრამ ნერვებს და ემოციას თუ აჰყვები და ისევე დაიწყებ გინებას, ფურთხებას და ხელების ქნევას, როგორც მე, ჩვეულებრივმა ადამიანმა შეიძლება დავიწყო, მაშინ პოლიტიკაში შენი ადგილი არ არის.

აქედან გამომდინარე, არასდროს გამჩენია სურვილი, პოლიტიკოსი გავმხდარიყავი, რადგან ჩემი ემოციების იმედი არ მაქვს. ნამდვილად არ იქნება სასიამოვნო, პარლამენტში გამოვიდე და რაღაც სისულელეები ვილაპარაკო. ჩემი პროფესიით ვმუშაობ, ვთვლი, რომ ჩემი ადგილი აქაა.

– სულიკო დარდიანიძე ცოტა მექალთანეცაა…

– ცოტა მექალთანე კი არა, ძალიან მექალთანეა, ქალები უყვარს! როცა ადამიანი სახელმწიფოს სათავეში მოდიხარ, რაღაც გვერდით უნდა გადადო, ქალების სიყვარული იქნება ეს, ქეიფის თუ დროსტარების. ჩემს პერსონაჟს არ ჰქონდა გათვლა, რომ პრეზიდენტი გახდებოდა. ალბათ ეს ყველაფერი ინერციით გამოჰყვა.

– პროფესიონალურად მღერით. რა ადგილი უკავია თქვენს ცხოვრებაში სიმღერას?

– ჩემი მეგობრების დიდი სურვილის მიუხედავად, პირველი ადგილი არ უკავია. ჩემი მეგობრები არიან ლაშა ღლონტი, დათო არჩვაძე, “ქართული ხმების” წევრები. ისინი სულ მიკიჟინებენ, სიმღერას გაჰყევიო, მაგრამ ეს სიმახინჯე მჭირს, სიმღერა მაინცდამაინც არ მიყვარს. სკოლა ისე დავამთავრე, მხოლოდ დედაჩემმა იცოდა, რომ ვმღეროდი, მეტმა არავინ, მამაჩემმაც კი.

მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა მაინცდამაინც არ მხიბლავს, ბევრი წელი ქართული წესებით ვცხოვრობდი – სუფრით, გიტარით და ა.შ., რასაც დღეს ვნანობ. იმ დროში, რაც ამას შევწირე, ბევრი რამის სწავლა შეიძლებოდა. ახლა ვცდილობ, ეს ყველაფერი ამოვქაჩო. მოკლედ, გადავდე გიტარა და დანარჩენ საქმეს მივხედე.

– თქვენი ოჯახი გაგვაცანით.

– მყავს დიდი ოჯახი – სამი შვილი, შვილიშვილი, დედა, მამა, ძმა და ა.შ. ხელოვანი ოჯახი მყავს. სხვათა შორის, დედაჩემი ამავე სერიალში მონაწილეობდა, სკოლის საშინელ დირექტორს, გრიზელდას თამაშობდა. მოკლედ, ქალბატონი გრიზელდას ნამდვილი ვაჟი პრეზიდენტი გახდა. დედა მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია.

– მამათქვენი და თქვენი ცოლიც მსახიობები არიან?

– დიახ. მამაჩემი ახლა პენსიაზეა. ჩემი მეუღლე ხათუნა ღუღუნიშვილი გახლავთ. ჩემი ჯგუფელი იყო, ისიც მსახიობია. მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მუშაობს.

– შვილებიც თქვენს კვალს გაჰყვნენ?

– ორი გაჰყვა – უფროსი გოგო და შუათანა ბიჭი, ორივე მსახიობია. მინდა, მესამემ ბილეთიც კი არ აიღოს თეატრში. ყველანი მსახიობები ვართ და მირჩევნია, ბოლო-ბოლო კარგი მეთუნუქე გამოვიდეს, ვიდრე მსახიობი. 10 წლისაა და ჯერ არც გამოუმჟღავნებია მსახიობობის სურვილი.

– როგორც ვიცი, თქვენი მეორე პროფესია რეჟისურაა.

– 1996 წელს დავამთავრე სამსახიობო, 2003 წელს ჩავაბარე დრამის სარეჟისოროზე. მას შემდეგ, რაც სარეჟისორო დავამთავრე, 25 სპექტაკლი გამოვუშვი. ძირითადად რეგიონებში ვმუშაობ, რასაკვირველია, მიწვევით.

ახლაც ახალციხეში უნდა დამემთავრებინა სპექტაკლი, მაგრამ სერიალის გამო რაღაც დროით გავაჩერე. ასევე, მესამედ ვსწავლობ და ვამთავრებ თეატრალურ უნივერსიტეტს, კინოსარეჟისორო ფაკულტეტს. მოკლედ, სულ ვსწავლობ და ვსწავლობ.

ეკა ლემონჯავა, სარკე