დილა რძიანი ფაფით დაიწყეთ – სასიცოცხლოდ აუცილებელი საკვები, რომლებიც ბავშვებს არ უყვართ

დილა რძიანი ფაფით დაიწყეთ - სასიცოცხლოდ აუცილებელი საკვები, რომლებიც ბავშვებს არ უყვართბავშვის კვება საკმაოდ რთული და პრობლემატური საკითხია როგორც ბავშვებისთვის, ისე მშობლებისთვის, რომლებსაც საკმაო ძალისხმევა სჭირდებათ იმისთვის, რომ მათმა შვილებმა ჭამონ სრულფასოვანი და სასარგებლო საკვები ნივთიერებებით გაჯერებული კერძები. ამას ისიც ართულებს, რომ ხშირად დედიკოს მიერ შეთავაზებული საჭმელი არ მოსწონთ ბავწვებს და არ არის მათი საყვარელი კერძი. ამ პრობლემების არსებობის შემთხვევაში მშობელი საკმაოდ დიდი დილემის წინაშე აღმოჩნდება ხოლმე და იმისათვის რომ ეს მოაგვაროს, ხშირად გარკვეული დროით ამა თუ იმ პროდუქტის რაციონიდან ამოღება უწევს.

რამდენად სწორია მშობლების ასეთი “კაპიტულაცია” და რა უნდა მოიმოქმედოთ, რომ საქმე აქამდე არ მივიდეს?

პირველი სამი წელი ბავშვის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ეტაპი, რომელიც მის ნორმალურ ზრდა-განვითარებას უყრის საფუძველს როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი თვალსაზრისით. ამაში კი, სხვა ფაქტორებთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი აკისრია კვებას. იმისათვის, რომ ბავშვის ზრდა-განვითარების პროცესი ნარმალურად და სრულფასოვნად წარიმართოს, საჭიროა მისი ასაკისთვის საკმარისი რაოდენობით მინერალებით, ვიტამინებითა და სიცოცხლისთვის აუცილებელი სხვა სასარგებელო ნივთიერებებით უზრუნველყოფილი რაციონი.

გთავაზობთ სამი ძირითადი პროდუქტის ჩამონათვალს, რომლებიც აუცილებელია ბავშვებისთვის, მათ კი ყველაზე ნაკლებად უყვართ.

თევზი – ეს ის პროდუქტია, რომელიც ყველაზე მეტი რაოდენობით შეიცავს დე ვიტმინს. საერთოდ, ზღვის პროდუქტები, შემადგენლობიდან გამომდინარე, ცილების საბადოა, თანაც ისეთი, რომელთა შეთვისებასაც ორგანიზმი სრულად ახერხებს. თევზი მდიდარია იოდით, ა, ცე, ე და ბე ჯგუფის ვიტამინებით, ცხიმოვანი მჟავებით, ფოსფორით, თუთიით და მარგანეცით. თევზეულში ამ მინერალების კომპლექსის არსებობა იმის გარანტიაა, რომ ორგანიზმი ფარისებრი ჯირკვლისთვის საჭირო ყველა მინერალს მიიღებს. ეს ასევე მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემისათვის.

რაციონში თევზეულის რეგულარულად არსებობა მნიშვნელოვანია ორსულებისთვისაც, რათა ნაყოფის სრულფასოვანი განვითარება მოხდეს.

იმისათვის, რომ ბავშვს პატარაობიდანვე შეაყვაროთ ეს პროდუქტი, კარგი იქნება, თუ თევზეულს სხვადასხვა სახით შესთავაზებთ, მაგალითად, პიურესთან, ბრინჯთან ან შემწვარ კარტოფილთან ერთად. შეგიძლიათ მოუმზადოთ სუპპიურე. ცოტა მოზრდილ ბავშვებს კი თევზი შეგიძლიათ შემწვარიც აჭამოთ ზემოთ ნახსენებ გარნირებთან ერთად.

2-3 წლის ბავშვისთვის თევზეულის საშუალო დღიური ნორმა დაახლოებით 40 გრამია (ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს თევზზე ალერგია არ აქვს).

თევზთან მიმართებაში აუცილებელია კიდევ ერთ მნიშვნელოვან დეტალზე გაამახვილოთ ყურადღება – ბავშვებისთვის ცოცხალი თევზი გამოიყენეთ, გაყინულში სასარგებელო ნივთიერებების საკმაოდ დიდი ნაწილი იკარგება.

თევზის გარდა, დე ვიტამინით მდიდარია ნაღების კარაქი, ზეითუნის ზეთი, კვერცის გული, ღვიძლი.

რძის პროდუქტები – მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების დიდი ნაწილი ჩვილობაში სიამოვნებით და რეგულარულად სვამს რძეს, შედარებით მოზრდილობის პერიოდში მასზე უარს ამბობს ხოლმე. არადა რძის არსებობა მათ რაციონში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მით უფრო, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ რძე სიმაღლეში ზრდისა და ზოგადი განვითარების პროცესისთვის აუცილებელია.

რძის გარდა ძალიან სასარგებლოა ხაჭო, მაწონი, იოგურტი, ყველი. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი სუფთა რძის დალევაზე უარს ამბობს, ეს ტრაგედია არ არის, რადგან დღეს საკმაოდ ბევრი საშუალებაა იმისთვის, რომ ის სხვადასხვა სახითა და ფორმით შესთავაზოთ, მაგალითად, ხილთან, თაფლთან ერთად. ამ ფორმით მიღებული რძე ბავშვებს საკმაოდ მალე უყვარდებათ და ის დესერტთან ასოცირდება.

ბურღულეული – სამწუხაროდ, ბავშვების არცთუ მცირე ნაწილი ამბობს უარს ბურღულეულის ფაფებზე, არადა, ძალიან მნიშვნელოვანია დილის დაწყება რძიანი ფაფით. ის სასარგებელოა, რადგან მასში დიდი რაოდენობით მცენარეული ცილები, უჯრედისი, ამინომჟავები, მინერალები და ვიტამინებია. დილის ფაფით დაწყება იმის გარანტიცაა, რომ თქვენი შვილი მთელი დღე ენერგიულად იქნება.

ბურღულეული საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს მცენარეულ ბოჭკოს, რომელიც აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს. ასე რომ, გარდა ფაფისა, შეგიძლიათ გამოიყენოთ ბოსტნეულის სუპებში, მაგალითად, დაუმატოთ ბრინჯი, ფეტვი ან წიწიბურა.

სარკისთვის მოამზადა ნათია ტოტიკაშვილმა