გიორგი მცხადაძე: “მეშინია, რომ საქართველოში ყველაფერს გამაყიდვინებენ, რაც ევროპაში ვიშოვე” – რაზე ისაუბრეს ბიძინა ივანიშვილმა და საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველმა

გიორგი მცხადაძე: "მეშინია, რომ საქართველოში ყველაფერს გამაყიდვინებენ, რაც ევროპაში ვიშოვე" - რაზე ისაუბრეს ბიძინა ივანიშვილმა და საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველმაგიორგი მცხადაძე, სანამ საქართველოდან ემიგრაციაში წავიდოდა, გვარად ცხადაძე იყო. წლების წინ საფრანგეთმა შეიფარა და მოქალაქეობაც მისცა, მაგრამ გვარი შეცდომით თარგმნეს. საფრანგეთის მოქალაქეს საქართველომ მშობლიური ქვეყნის მოქალაქეობა ჯერ წაართვა, მერე კი დაუბრუნა და ქართულ საბუთებში ფრანგების მიერ შეცდომით ნათარგმნი გვარი ჩაუწერა – მცხადაძე.

ის 25 წლის წინ წავიდა საქართველოდან. ამჟამად საფრანგეთში ოჯახთან ერთად ცხოვრობს და მონაკოში მუშაობს. გვიამბობს, რომ მონაკოში ბევრად მეტი ანაზღაურება აქვს, ვიდრე საფრანგეთში ექნებოდა იმავე სამუშაოზე. უცხო ქვეყანაში ნაშოვნი ფულით საქართველოში უძრავ ქონებას ყიდულობს და საზღვარგარეთ დაბადებულ სამ შვილთან ერთად სამშობლოში დაბრუნებაზე ოცნებობს. ამ ოცნების განხორციელება იმ დროისთვის ესახებ რეალურალ, როცა სატართველოში კანონი იკანონებს და ყოველ ნაბიჯზე მისი უფლებები არ დაირღვევა.

– ბატონო გიორგი, საქართველოდან როდის და რა მიზეზით წახვედით?

– მე ძველი უნივერსიტეტელი ვარ. მაშინ იქ გაჭირვებული ხალხის შვილებიდან მხოლოდ ორი-სამი თუ ხვდებოდა. ისტორიის ფაკულტეტი დავამთავრე, რომელიც ცკ-ისა და “ტეკას” თანამდებობის პირებს, მათ შემცვლელებს ამზადებდა.

ფაკულტეტზე 83 ადამიანიდან 3-4 კაცი ვიყავით მხოლოდ ჩვენი ცოდნით ჩარიცხული, 10-15 – დიდი ფულით და დანარჩენები მაღალჩინოსნების შვილები იყვნენ. დღეს ცეხად არის ქცეული განათლების სისტემა, მაშინ კი კორუფცია ბატონობდა, მაგრამ რაღაც გზები იყო დარჩენილი ისეთებისთვის, როგორიც მე ვიყავი.

ზესტაფონიდან ვარ და თბილისში სტუდქალაქში ვცხოვრობდი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ქუთაისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ვასწავლიდი. კაბინეტის გამგე ვიყავი და ჩემი ხელფასი 140-160 ლარს არ აღემატებოდა. მიწები მქონდა აღებული იჯარით, მაგრამ ვერც იმას ვამუშავებდი. თუ არ იქურდებდი და მაფიაში არ გაერეოდი, თავის შენახვის საშუალება არ გექნებოდა. 5 მილიონი შემომთავაზეს და არ ავიღე.

– რისთვის შემოგთავაზეს, რა უნდა გაგეკეთებინათ?

– ვითომ უმწეოთა სასადილო უნდა გაგვეხსნა, მაგრამ გასაფლანგად უნდოდათ. ერთმა მაღალჩინოსანმა მითხრა, ჭკვიანი კაცი მეგონე, ვფიქრობდი, შენს თავსაც გამოადგებოდი და მეცო. რომ ვიფიქრე, მხოლოდ მათ უნდა გამოვდგომოდი და ხალხისთვის მეღალატა, უარი ვთქვი. ამ გადაწყვეტილებაზე გული არ მწყდება. ის უფრო გულდასაწყვეტია, რომ ვიცი, მერე ვინც აიღო ეს ფული, დღეს ქვეყანაზეა გადამჯდარი და ერის ინტერესები სულ არ ანაღვლებს.

ამიტომაც ავდექი და წავედი საქართველოდან. ვფიქრობდი, მალე მოვახერხებდი დაბრუნებას, მაგრამ ეს დაბრუნება გადაიდო და დღემდე მოვედი. საქართველოში დავბრუნდი ცოტა ხნის წინ და ემიგრაციაში დაბადებული ჩემი შვილებიც ჩამოვიყვანე. ეს მაშინ იყო, როცა “ქართული ოცნება” მოდიოდა ქვეყნის სათავეში.

ივანიშვილის ოჯახს ვიცნობ – წესიერი და პატიოსანი ოჯახიდანაა და საიდან მოხვდა ამ კარუსელზე, ვერ ვხვდები. მის შეცდომად ის მიმაჩნია, რომ დაიწყო ამ ვითომ ინტელიგენციის მოსყიდვა, რომლებსაც ერთი ხე არ დაურგავთ და მუდამ ღალატობდნენ ხალხის ინტერესებს.

ერთი წელი მანდ ვიყავით, მაგრამ ვერ მოვახერხეთ ცხოვრება, რადგან სახელმწიფო არაა შემდგარი და ელემენტარული არსებობისა და ცხოვრების უფლებას არ გაძლევენ. ბიძინას ვერ უშველა მოსყიდულმა ხალხმა, პირიქით, ჩაძირა. მისი ოჯახი ქმნიდა და სხვები ჭამდნენ. ახლა იმ ხალხს აჭმევს, ვისი ოჯახებიც მუდამ ჭამდნენ საქართველოს და ახლა მათი შვილები ჭამენ.

ივანიშვილს შევხვდი, სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა და ემიგრაციის პრობლემებზე ვესაუბრე. მითხრა, მერე ერთად მოვამზადოთ ეს პროგრამაო. ხელისუფლებაში რომ მოვიდა, მასთან შესასვლელი ყველა კარი ჩაიკეტა. მისმა მინისტრებმა კი საცოდავი პასუხები გამცეს.

– საქართველოდან თავიდანვე მონაკოში წახვედით?

– არა, რას ამბობთ?! მონაკოში თავიდანვე ისეთი ხალხი მიდის, ვისაც ტომრით აქვს ფული. 4 წელი გერმანიაში ვიცხოვრე. მეუღლესთან ერთად წავედი და ჩემი ორი შვილი იქ დაიბადა. გერმანიაში საბუთებს ვერ ვეღირსე. იქ ეს პროცესი დიდხანს იწელება.

გერმანია ძალიან ცივი ქვეყანაა. მეზობელი მეზობელს არ ელაპარაკება. 4 წელი დამწყვდეულივით ვიყავი. რასაც ვშოულობდი, საქართველოში ვყიდულობდი რაღაცებს, რომ უკან დავბრუნებულიყავი. თბილისში მაქვს პატარა ქონება და იმედი, რომ დავბრუნდები, თავის შენახვას მოვახერხებ.

– გერმანიაში რას საქმიანობდით?

– შავ სამუშაოს ვასრულებდი. დღესაც არ მაქვს არჩევანი, რასაც ვნახავ, იქ ვსაქმდები. ხან დაცვაში ვმუშაობ, ხან მშენებლობებზე… ძალიან რთულია აქ მუშაობა.

საქართველოშიც მიმუშავია ფიზიკურად, ბაღ-ვენახი გვქონდა, მაგრამ ის სისტემა და მუშაობის სტილი ისეთი არ არის აქ, როგორიც საქართველოში. აქ ნახევარი საათითაც კი ვერ წამოწვები და გააბოლებ სიგარეტს, მონური შრომაა. ყველაფერი გათვლილია იმაზე, რომ ხელფასი იმდენი მოგცენ, რამდენიც საჭიროა ბინის ქირაზე, საჭმელზე, ტელეფონზე. მანქანა შეიძლება ვერც შეინახო.

აქაც, თუ ბიზნესს არ აკეთებ და გვერდზე შავად არ მუშაობ, ქონებას ვერ დააგროვებ. ცხოვრების დონე მაღალია და ხალხი არ ჯანყდება, არ ინტერესდება პოლიტიკით, რადგან არ არიან დამშეული. ჩვენს ქვეყანაში კი პოლიტიკით ყველა იმიტომაა დაინტერესებული, რომ თავს ვერ ინახავენ, შიათ.

ტელევიზორში ვნახე, ატამს როგორ ყრიდნენ ქართველი გლეხები წყალში. ეს საშინელი დანაშაულია. ბატონ ბიძინას პოსტიც დავუწერე, რომ ჭორვილის აშენებას ჯობდა, ჭორვილასა თუ საჩხერეში ხილის გადამამუშავებელი რამდენიმე ქარხანა გაეხსნა. ჭორვილაც მადლიერი ეყოლებოდა და მთელი საქართველოს მოსახლეობაც.

ახლა ჭორვილაშიც აგინებენ – ზოგს უფრო მეტი აუშენაო. ახლა ხელფასს ვისაც უხდის, პირველები ზუსტად ისინი ჩაარტყამენ ზურგში დანას.

– გერმანიიდან საფრანგეთში რატომ წახვედით?

– გერმანიაში რომ ვერ ავიღეთ საბუთები, საფრანგეთში გადმოვედით. აქ მალევე მივიღეთ ცხოვრების უფლება. ორ წელიწადში კი მოქალაქეობაც მომცეს. საქართველოშიც ჩამოვდიოდი და რასაც ვშოულობდი, ჩამომქონდა, რომ მანდ მომეწყო ბუდე.

გაიგეს, რომ საფრანგეთის მოქალაქეობა მქონდა და საქართველოსი ჩამომართვეს. ეს სააკაშვილის დროს მოხდა. ერთი ამბავი ავტეხე, როგორ მაკადრეთ მოქალაქეობის წართმევა-მეთქი. ნეტავ, არ ამეტეხა – დამიბრუნეს მოქალაქეობა და იმ გვარით, რაც საფრანგეთში მაქვს – მთელ საქართველოში ერთადერთი მცხადაძე მე ვარ.

საქართველოში, სოფელში მამაპაპისეული, 2 000 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის დაკანონებას ვითხოვ და იმასაც ვერ მივაღწიე. ვის არ მივმართე, მაგრამ პასუხსაც არ მცემენ. ისეთ ქვეყანაში როგორ დავბრუნდე, სადაც შენი სიტყვის ფასი ნულის ტოლია?! სისხლით და ხორცით ქართველი ვარ. ისეთ ოჯახში დავიბადე და გავიზარდე, რომ უნდა ვიშრომო, ვიბრძოლო.

ვიბრძვი ელემენტარული პირობებისთვის. მირჩევნია, ჩემს ქვეყანაში ვიბრძოდე ამ ელემენტარული პირობებისთვის, ვიდრე ევროპაში და ჩემი შვილები არ დაიკარგონ ჩემი ქვეყნისთვის.

ევროპაში თავისუფლებას შევეჩვიე. მანდ რომ ჩამოვდივარ, მეშინია, რომ ვიღაცა რაღაცას ჩამიდებს და ყველაფერს გამაყიდვინებს.

ამას წინათ თბილისში, ვაგზალთან, მანქანა გავაჩერე. აკრძალული იყო იქ გაჩერება, მაგრამ ცუდად გავხდი და იმიტომ გავაჩერე. პოლიცია მოვიდა და ჯარიმის წერა დაიწყო. ვუთხარი, ცუდად ვარ, ექიმს დაუძახეთ-მეთქი. ლამის ინფარქტი დამემართა.

ევროპაში ასეთი რამ გამორიცხულია. თუ აფერხებ მოძრაობას, გეტყვის, წადიო. თუ არ ზიხარ მანქანაში, მხოლოდ მაშინ გაჯარიმებენ.

დაბრუნება დღესვე მინდა, მაგრამ სანამ ქვეყანაში კანონი არ იკანონებს, ადამიანის უფლებები ელემენტარულად მაინც არ იქნება დაცული, როგორ დავბრუნდე?! ემიგრანტების თემა არ აინტერესებს არც მთავრობას და არც ოპოზიციას. არადა ემიგრაცია წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს.

ევროპაში ეკონომიკურად დამარცხებული ქვეყნიდან ჩადიხარ და საჭმელს გაძლევენ, პირობებს გიქმნიან. წლების განმავლობაში გაკვირდებიან და მოქალაქეობასაც განიჭებენ.

გერმანიის დიდი მადლობელი ვარ, ჩემი შვილები იქ დაიბადნენ და პურს მაჭმევდნენ. მე შავად ვმუშაობდი და კაპიკებს ვაგროვებდი, მაგრამ იქ ვერ ვიცხოვრებდი. ძმა ძმას შეხვედრის დროს უნიშნავს. გერმანიაში დღეში შეიძლება ათჯერ შეგამოწმონ და ისე მოგექცნენ, როგორც ჩასულს. საფრანგეთში თუ კანონს არ არღვევ, არავინ გამოწმებს.

– შავად მუშაობა რას ნიშნავს?

– ფერმერს აწყობს, გაუფორმებლად მიიღოს მუშა. შენ რომ 1000 ევროს გაძლევს, 600 ევრო სახელმწიფოს უნდა გადაუხადოს. თუ დაგიჭირეს, შენც დაგაჯარიმებენ და მასაც, მაგრამ შენ რომ არაფერი გაგაჩნია, რას წაგართმევენ და მიდიხარ ამ რისკზე.

მე ჟოლოს ბაღში ვმუშაობდი, ვსხლავდით, ვკრეფდით. ფერმაშიც მიმუშავია. ჩემი მეგობარი დაიღუპა ერთ სამუშაოზე.

თვეების განმავლობაში დასდევდა დაქოქილ ტრაქტორს. ტრაქტორი მიდის და შენ მისდევ. ტრაქტორზე არავინ ზის. შენ კი უნდა მოასწრო ქვების ამოყრა და მინდვრის გასუფთავება მინდვრის. მეც ვიმუშავე ასეთ სამუშაოზე, მაგრამ დიდხანს ვერ გავუძელი. ის კაცი კი მოკვდა. საქართველოში გადმოსვენებასაც ვერ ეღირსა. არადა სულ ამბობდა, უნდა წავიდე და ეწერში, ჩემს სოფელში დავსახლდეო.

მისმა შვილებმა, იმის გამო, რომ სადაზღვევო თანხა ჰქონდა დაგროვილი და, საქართველოში თუ გადმოასვენებდნენ, იმ თანხას ვეღარ აიღებდნენ, წაიყვანეს მიუნხენში და დაწვეს. არადა ამ სადაზღვევო თანხის აღებას ელოდებოდა საწყალი, რომ საქართველოში დაბრუნებულიყო და იქ აეწყო ცხოვრება.

ფოთის მერიაში მუშაობდა, უპატიოსნესი და განათლებული კაცი იყო. გერმანიაში რასაც გამოიმუშავებდა, შვილებს ახმარდა და წიგნებს ყიდულობდა. ბიბლიოთეკა ჰქონდა გერმანიაში. არც ვიცი, რა ბედი ეწია იმ წიგნებს. ასეთი შემთხვევები, ვინ იცის, რამდენი ხდება.

– საფრანგეთშიც მძიმე სამუშაოს შესრულება გიწევდათ?

– დიახ, აბა, ვის უნდა შენი ისტორია და შენი გამოცდილება?! მშენებლობებზე ვმუშაობდი. ახლა ნიცაში ვცხოვრობ და მონაკოში ვმუშაობ. მონაკომდე სულ 25 კილომეტრია. მონაკოში ხელფასი განსხვავებულია. საფრანგეთში თუ მინიმალური ხელფასი 1.200-ია, მონაკოში 1.600-ია.

საფრანგეთში ბევრად თბილი ხალხია. დედაჩემი წავიყვანე ცოტა ხნით და საავადმყოფოში მოხვდა. როგორც პატარა ბავშვს, ისე მეფერებიანო, გადარეული იყო ქალი.

თავიდან ყველანაირად ცდილობენ, დაგეხმარონ, მაგრამ მერე თუ მიხვდებიან, რომ შენ მათთვის გამოუსადეგარი ხარ, აღარ სჭირდები. ბევრი უმუშევარია აქაც. ნიცაში ბევრ ქართველთან მაქვს ურთიერთობა და სამსახურს რომ ვერ შოულობენ, მერე ათას საშინელებას ჩადიან. ერთმა, ვისაც დავეხმარე, ნარკომანები გადამკიდა.

გერმანიაში კაცი გავიცანი, რომელმაც მითხრა, 5 წელი ქართული ოჯახი მყავდა სახლში, გადავყევი თან და, ცოლი რომ მომიკვდა, მისი ყველა ნივთი მათ ვაჩუქე, ერთი ქურქი დავიტოვე მხოლოდ მისი, მაგრამ ისიც წაიღეს და წავიდნენ, არადა შვილებივით მიყვარდნენო.

ეს მეორე მსოფლიო ომამდე წასული ქართველის ოჯახია. მითხრა, აქამდე კაცად მცნობდნენ და ახლა ქუჩაში გასვლის მრცხვენია, ამდენი ქართველი რომ ჩამოვიდა საძარცვავადო.

ეს ადამიანები ევროპაში კი არ ქცეულან მხეცებად, მანდ გაიზარდნენ. უბრალოდ, სამშობლოში არ ეძლეოდათ ის გასაქანი, რაც აქ ეძლევათ. აქ მეტი თავისუფლებაა და მეტი შანსი აქვთ, თავიანთი სისაძაგლე გამოაჩინონ.

ხელფასით აქ ვერავინ მდიდრდება. ვერაფერს ზოგავენ, რომ მერე დაბრუნება შეძლონ. ამიტომაც არის, რომ მოდიან ცოტა ხნით და ბევრი წლით უწევთ დარჩენა. ემიგრანტები უნდა გავერთიანდეთ, რომ ჩვენი ძალა დავანახოთ საქართველოს მთავრობას.

იცით, ევროპაში როგორაა? ბიზნესს რომ დაიწყებ, პირველი 3-5 წელი არ გაწუხებენ. 5 წლის შემდეგ გიზრდიან გადასახადებს და ბოლოს მოგების 80%-ს გართმევენ. ის 20% მაშინ უკვე მილიონებს უდრის და შენ მაინც მდიდარი რჩები. კაცი არ უნდა დაამშიო, რომ სისულელე არ ჩაიდინოს… აქ მცხოვრები ბევრი ქართული ოჯახი უკვე აღარ ლაპარაკობს ქართულად.

– თქვენმა შვილებმა ქართული იციან?

– დიახ და ყველაფერს ვაკეთებ, რომ ორივე ერისგან საუკეთესო აიღონ. ქართულად წერენ და კითხულობენ. შუათანა შვილს უნდა, სამოდელო ბიზნესში კარიერა გაიკეთოს. გამოფენას რომ აკეთებს, ქართულადაც წერს და ისე აქვეყნებს.

ჩემს ბიჭს მეგობარი გოგო ჰყავს და ამბობს, ქორწილი აუცილებლად საქართველოში უნდა გადავიხადოო. ძალიან უყვართ თავიანთი ქვეყანა. ჩემმა გოგომ, ერთი წელი რომ მანდ ვიყავით, ვაკეში, ფრანგულ სკოლაში ისწავლა და ბევრი კარგი მეგობარი გაიჩინა, მაგრამ ის მეგობრებიც ევროპაში წამოვიდნენ.

– ანუ თქვენს ევროპაში გაზრდილ შვილებს საქართველოში უნდათ ცხოვრება?  

– აუცილებლად ჩამოვლენ, როგორც კი ადამიანის უფლებები იქნება დაცული და კანონი იკანონებს. საფრანგეთში არის ერთი დეპუტატი, ჟოზებოვი. დაიჭერენ, გამოუშვებენ, დაიჭერენ, გამოუშვებენ, რადგან “მაკდონალდსი” 5-ჯერ მაინც დაწვა. ამბობს, ის ხელს უშლის ფრანგული კაპიტალის განვითარებასო. კაცი იბრძვის, რომ ფრანგული კაპიტალი უცხოურმა არ შეზღუდოს. დაიჭერენ, ხალხი აბუნტდება, გამოუშვითო და გამოუშვებენ.

რუსუდან ადვაძე, სარკე