გია ყანჩელი – ”საქართველოს ჰიმნი უნდა შევცვალოთ”

გია ყანჩელი - ”საქართველოს ჰიმნი უნდა შევცვალოთ”ცნობილი ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი საქართველოს ჰიმნის შეცვლის იდეით გამოდის. ყანჩელს მიაჩნია, რომ არსებული ჰიმნი აკომპონიმენტის გარეშე საკმარისად ძნელი სამღერია. გია ყანჩელის განცხადებით, კომპოზიტორ ანდრია ყარაშვილის მიერ, მეოცე საუკუნის დასაწყისში შექმნილი “სამშობლოს” პირველი ნახევარი წარმოადგენს სრულყოფილ, ადვილად სამღერ (თანხლების გარეშე), სიმარტივით და ამავე დროს დიდებით აღსავსე ბრწყინვალე ჰიმნს. აღნიშნულთან დაკავშირებით გია ყანჩელმა მიმართვა გაავცელა:
“თითქმის მივაღწიე 83 წელს. მესმის, რომ ჩემი ქვეყნის გაერთიანებას მე ვერ მოვესწრები. ვფიქრობ, რომ გაერთიანებულ ქვეყანას დაამშვენებდა სიცოცხლით სავსე, ხალისიანი და ამავე დროს ადვილად სამღერი სახელმწიფო ჰიმნი. ჩემი, როგორც მუსიკოსის დამოკიდებულება არსებული ჰიმნის მიმართ სამწუხაროდ საკმარისად კრიტიკულია.

ჰიმნის შემქმნელი ბატონი იოსებ კეჭაყმაძე გახლავთ ქართული პროფესიული საგუნდო მუსიკის რეფორმატორი. მის მიერ შექმნილი საგუნდო ნაწარმოებები ჩვენი ქვეყნის სიამაყეა. რომ არა მისი განსაკუთრებული თავდაბლობა, მას არ დაჭირდებოდა ზაქარია ფალიაშვილის თემების გამოყენება და იგი შექმნიდა სრულყოფილ საქართველოს ჰიმნს.

ზაქარია ფალიაშვილის თემები შესანიშნავია, მაგრამ ჰარმონიული თანხლების (აკომპონიმენტის) გარეშე საკმარისად ძნელი სამღერია. რამოდენიმე წლის მანძილზე ვაკვირდები შემდეგ გარემოებას: ჩაწერილი ჰიმნის ჟღერადობა სავსებით მაკმაყოფილებს, ამავე დროს, თანხლების გარეშე მისი მოსმენისას მიჩნდება არა მხოლოდ უკმარისობის, არამედ უხერხულობის გრძნობა.

არსებობს ერთადერთი გამოსავალი: კომპოზიტორ ანდრია ყარაშვილის მიერ, მეოცე საუკუნის დასაწყისში შექმნილი “სამშობლოს” პირველი ნახევარი წარმოადგენს სრულყოფილ, ადვილად სამღერ (თანხლების გარეშე), სიმარტივით და ამავე დროს დიდებით აღსავსე ბრწყინვალე ჰიმნს. ამ ადვილად დასამახსოვრებელ მელოდიას ერთი მოსმენითაც კი დაიმახსოვრებს და გაიმეორებს ყველა, მათ შორის საბავშვო ბაღის აღსაზრდელიც.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩემზე ბევრად ახალგაზრდა ნიკოლოზ რაჭველი (ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი) და სვიმონ ჯანგულაშვილი (საპატრიარქოს ვაჟთა მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელი) მოესწრებიან ჩემთვის ნანატრ დღეს და საკადრისად განახორციელებენ ჩემს ოცნებას. რა თქმა უნდა ვისურვებდი, რომ ახალი ჰიმნისთვის სიტყვების შექმნა დავით მაღრაძემ ითავოს.

პატივისცემით, გია ყანჩელი”