“ადამიანი შეძლებს, ძილის რეჟისორი გახდეს” – ალექსანდრე თექთუმანიძის ხელსაწყოთი სიზმრების მართვას შევძლებთ

"ადამიანი შეძლებს, ძილის რეჟისორი გახდეს" - ალექსანდრე თექთუმანიძის ხელსაწყოთი სიზმრების მართვას შევძლებთ17 წლის ბიჭს ამბიციური სურვილი აქვს – შექმნას ხელსაწყო, რომლის საშუალებითაც ადამიანს შეძლებს, სიზმარზე ხელოვნური ზემოქმედება მოახდინოს და გახადოს ისეთი, როგორიც თავად სურს და როგორც ხდება ლუციდური ძილის შემთხვევაში, როცა ადამიანი აცნობიერებს, რომ სძინავს და სიზმარს განწყობების მიხედვით მართავს.

– ალექსანდრე, საკმაოდ უცნაური იდეა გაქვთ. მარტივი ენით მოგვიყევით, რა ხელსაწყოს იგონებთ. ანუ ადამიანს შეეძლება, ძილის რეჟისორი გახდეს?

– ჩვეულებრივი სიზმარი ჰგავს ფილმს, რომელსაც შორიდან ვუყურებთ, ხოლო ლუციდური სიზმარი ვიდეოთამაშია, რომლის ნაწილიც ჩვენ თვითონ ვართ. ამ დროს სიზმარში განცდილი გრძნობები რეალური, ნათელი, მკაფიოა და ადამიანი ენით აღუწერელ სიამოვნებას გრძნობს.

ამის შესახებ ფიქრი 4 წლის წინ დავიწყე, როდესაც ლუციდური სიზმრების შესახებ გავიგე. ვემზადებოდი სათანადო ვარჯიშებით, ვკითხულობდი ლიტერატურას, რომელიც ამ საკითხს შეეხებოდა. შედეგსაც მივაღწიე, მაგრამ დროის არქონის გამო ვარჯიშები შევწყვიტე.

მოგვიანებით, 2018 წელს, გავედი ოლიმპიადა “ჰაკათონზე” და მომინდა, შემექმნა რაღაც, რაც იქნებოდა ყველასთვის საინტერესო, ხელმისაწვდომი და გამოყენებადი. ერთ-ერთ ტურნირზე გავიტანე ეს იდეა, ავაწყვე მოწყობილობის პრიმიტიული ბეტა ვერსია, გადავედი ფინალში, მაგრად საბოლოოდ, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე ჟიურის დარწმუნება ლუციდური სიზმრების არსებობაში.

– შეგიძლიათ, გვითხრათ, ეს ხელსაწყო როგორ იმუშავებს?

– ადამიანი მაშინ ხედავს სიზმარს, როდესაც იმყოფება ე.წ. რემ ფაზაში. თუ ამ დროს გარე გამღიზიანებლებით მოვახერხებთ მისთვის ინფორმაციის მიწოდებას, რომ სძინავს, ის შეძლებს, აღმოჩნდეს ლუციდურ სიზმარში, ანუ მართოს პროცესები.

არსებობს მრავალი გამღიზიანებელი, მაგალითად, გარკვეული მიმდევრობით შუქდიოდების ნათება, ვიბრაცია, ხმოვანი სიგნალი და ა.შ. ჯერჯერობით არ ვარ გაჩერებული კონკრეტულ ვარიანტებზე, მაგრამ ექსპერიმენტები მიმდინარეობს მათ დასადგენად.

არსებობს ძალიან ბევრი ვარჯიში ასეთ სიზმარში მოსახვედრად, მაგრამ ეს ბევრ დროს და შრომას მოითხოვს.

– როგორ ფიქრობთ, იქნება ინტერესი ამ ხელსაწყოს მიმართ? ბევრ ადამიანს გაუჩნდება სიზმარში ჩართვის სურვილი?

– ჩემი აზრით, ყველას აქვს მრავალი ოცნება, რომელთაგან ზოგის ასრულება სხვადასხვა მიზეზის გამო შეუძლებელიც არის, მაგრამ, როდესაც ადამიანი თავისი პატარა სამყაროს ღმერთი გახდება, მას ყველა სურვილის ასრულება შეეძლება. ვფიქრობ, რომ ასეთ შემოთავაზებაზე უარის თქმა რთულია.

მინდა, განვავრცო ეს პროდუქტი და კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის ვაქციო სასურველად.

– როცა ამ პროექტზე დაასრულებთ მუშაობას, შემდეგი რა იქნება, რას შეეჭიდებით?

– ჯერ სწავლას ვაპირებ. შევეცდები, ბაკალავრიატზე მოსკოვში ჩავაბარო, მერე კი სწავლა და მუშაობა ევროპაში ან ამერიკაში გავაგრძელო.

– ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ თქვენს ამ იდეას?

– მოსწონთ, მაგრამ ფიქრობენ, რომ ეს წელი ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი გადამწყვეტია, რადგან უნივერსიტეტში ვაბარებ და ამის დრო არ მაქვს.

– რომელი პროფესიის შესწავლას აპირებთ?

– ყველაზე მეტად ამ კითხვაზე მიჭირს პასუხის გაცემა. ზოგადად ყველა ტექნიკური საგანი მიზიდავს, მაგრამ ფიზიკა ყველაზე მეტად. სამი განხრა მაქვს არჩეული: თეორიული ფიზიკა, ელექტროინჟინერია და გამოყენებითი მათემატიკა-ინფორმატიკა.

– ჰობი, გატაცება თუ გაქვთ?

– რა ვიცი, აბა, მიყვარს ჭადრაკის თამაში, პიანინოზე დაკვრა, ვიდეოთამაშები, ვარ კალათბურთელი, ხშირად ვუყურებ ანიმებს და ა.შ. ვინმეს თუ კითხვები ექნება მოწყობილობასთან დაკავშირებით, დამიმეგობრდით სოციალურ ქსელში, ასევე გთხოვთ, მომაფიქრებინოთ მოწყობილობის სახელი. ვერ გადავწყვიტე, რა დავარქვა.

.

რა არის სიზმარი, შეიძლება თუ არა მასში ხელოვნურად ჩარევა და რა შეიძლება მოჰყვეს ამას?

ფსიქოლოგი ლელა გაფრინდაშვილი:

– ფსიქოლოგია სიზმრებში ხედავს დამალულ ფიქრებს, სურვილებს, გატაცებებს, შიშსა და სიბრაზეს. სიზმრების ახსნას უძველესი დროიდან ცდილობენ. სიზმარი ხშირად სასაცილო, შემაძრწუნებელი ანდა უაზროა. უმეტესად სიზმრის დროს ადამიანი ვერ ხვდება იმას, რომ სძინავს და ყველაფერს რეალობად აღიქვამს.

სიზმარზე მოქმედებს გავლილი დღის მოვლენები, მეხსიერებაში აღბეჭდილი რაიმე ფაქტი, ფიქრები. მაგალითად, ჰაერში ტემპერატურის მატებისას შეიძლება დაგესიზმროთ პლაჟი ან ჯოჯოხეთი, ხოლო ტემპერატურის დაცემისას – ზღვაში ბანაობა ან კოსმოსში გაფრენა.

არსებობს ასევე განმეორებითი სიზმრები. იმ შემთხვევაში, თუ სიზმარი რაღაც პერიოდის განმავლობაში შენს ცხოვრებაში ბევრჯერ მეორდება, შეიძლება წლობითაც კი, ეს მანიშნებელია, რომ შენი რაღაც პრობლემა გადაუჭრელი რჩება. არაცნობიერი ყოველ ჯერზე გაძლევს სიგნალს, რომ რაღაცაა დაუმთავრებელი, გადაუჭრელია სიტუაცია, რომელიც გაწუხებს და შენში შფოთვას იწვევს.

ასეთ შემთხვევაში უნდა გააცნობიერო ის სიტუაცია, რაც სიზმარში სიმბოლოების სახით თუ პირდაპირი გზით გეძლევა, რომ შემდეგ რეალურ ცხოვრებაში გადაიჭრას პრობლემა. განმეორებადი სიზმარი პრობლემის გადაჭრის შედეგად ქრება.

– როგორ აფასებთ ახალგაზრდა ალექსანდრეს იდეას, შექმნას ხელსაწყო, რომლის საშუალებითაც სიზმრების მართვას შევძლებთ?

– ამ ახალგაზრდის შესახებ მეც ვიცი. მას აქვს სურვილი, სიზმარში სპეციალური ხელსაწყოთი ჩაერიოს, მაგრამ არ ვიცი, რამდენად სწორია ეს. ჩემი სუბიექტური აზრია, რომ არ უნდა ჩაერიო, იმის მიუხედავად, რომ შეიძლება ჩარევა პოზიტიური იყოს. ამ შემთხვევაში ჩვენ სიზმრის ფუნქციონირებაში ვიჭრებით და მის არსს ვცვლით.

რა თქმა უნდა, მქონია სიზმრები, როცა ვიცი, რომ მძინავს და გააზრებული მაქვს, მაგრამ დაიძინო და ძილში ამ პროცესს მართავდე, არ ვიცი, რამდენად სასიამოვნო შეიძლება იყოს.

ამ ახალგაზრდას წარმატებებს ვუსურვებ, თუმცა არ ვიცი, რა გამოვა.

ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე