“ჩემი დის მაზლმა ლამის ოჯახი დამინგრია”

დის მაზლმა ისეთი რაღაც თქვა ჩემზე, რომ ლამის ჩემი ოჯახის დანგრევის მიზეზი გახდა. უკვე გათხოვილი ვიყავი, ჩემმა დამ რომ ოჯახი შექმნა, ორი შვილის დედა გახლდით. უმცროს დასაც შვილივით ვპატრონობდი. ჩემს სიძეს ერთი ძმა ჰყავს, მასზე 9 წლით უფროსი. ძალიან აქტიური ადამიანია. ჩემი დის და სიძის შეუღლებაშიც მისი წვლილი დიდია.

ოჯახში მოვიდა დიდი ძღვენით და ოკეანემდე გაშლილი ენით, რომ ძალიან მაგარი ძმა ჰყავდა და ბედნიერი იქნებოდა ის ქალი, ვინც მათი სახლის ზღურბლს გადააბიჯებდა. დასაწუნი ძმა ნამდვილად არ ჰყავდა და ახალგაზრდებისთვის წინააღმდეგობა არ გაგვიწევია.

ქორწილის შემდეგ, ბუნებრივია, ერთმანეთს ოჯახებით დავუახლოვდით. მე დღემდე ასე მწამს, რომ დედმამიშვილის მეუღლის ოჯახი იგივე შენი ოჯახია. ჩემი დის ქმარი ძმასავით შევიყვარე და მისი ძმაც ძმასავით მივიღე.

კარჩაკეტილი ქალი არ ვარ, სკოლის ასაკიდან ვცეკვავდი და სულ სცენაზე ვიდექი, ხან რომელ ანსამბლში ვიყავი და ხან – რომელში. მართალია, ასაკის მატებასთან ერთად სცენასაც დავემშვიდობე, მაგრამ დღესასწაულებზე, ქორწილებში თუ დაბადების დღეებზე ყოველთვის მიყვარდა ცეკვა. ბევრს უთქვამს, შენთან ერთად ქეიფი გვიყვარს, ყოველთვის კარგ დროს ვატარებთო.

რა თქმა უნდა, დის ქორწილშიც კარგად ვიცეკვე (მით უმეტეს, სხეული ახლაც მემორჩილება, კარგ ფორმაში ვარ) და სხვა დღეებშიც, როცა სუფრასთან შეკრება გვიხდებოდა.

არ ვიცოდი, რომ ჩემი დის მაზლი ავხორცულად მიყურებდა, ამას ვერც წარმოვიდგენდი და არც დავუშვებდი, მაგრამ თურმე მასში ძალიან ვცდებოდი. ჩემი ქმრის ნათესავისთვის უთქვამს, ჩემი რძლის და რომ არ იყოს, ლოგინშიც “გავსინჯავდიო”.

ჩვენი ახლობელი თურმე გადაირია, მთელ სანათესაოში მარგალიტივით გვყავს ეს გოგო, ყველას ძალიან გვიყვარს და რას კადრულობო. იმის ნაცვლად, რომ ბოდიში მოეხადა, უარესი რაღაც დაამატა, ნეტა, რა თავი გაიგიჟე, ვითომ ახლა მხოლოდ თავისი ქმრის გვერდით წოლილა და სხვა კაცის გემო არ იცისო. მის ამ სიტყვებს საშინელი ჩხუბი, ცემა-ტყეპა, გინება მოჰყვა და, რა თქმა უნდა, მიზეზიც გამჟღავნდა. ნათესავმა თქვა, რის გამოც დაალურჯა ჩემი დის მაზლი.

მართალია, ყველა გვერდით დამიდგა, მაგრამ ქმართან გამიჩნდა პრობლემები და სიყვარულით შექმნილი ოჯახი ლამის თავზე დამემხო. მე და ჩემმა ქმარმა ბევრი ბრძოლა გადავიტანეთ, რომ ისევ ერთად ვყოფილიყავით, ეს ყველაფერი კი ჩემი დის მაზლის ყრანტალა ენის გამო მოხდა.

მადლობა ღმერთს, ოჯახი შევინარჩუნეთ. სიძე მოდის ჩვენთან სტუმრად, მაგრამ მის ძმას აკრძალული აქვს ჩვენთან სიახლოვე. კი იხდის ბოდიშებს, მთვრალი ვიყავი, სხვანაირად მინდოდა, მეთქვა და სხვანაირად გამომივიდაო, მაგრამ ამას რაღა მნიშვნელობა აქვს?! ამიტომ, სანამ რამეს იტყვით კაცები, კარგად დაფიქრდით და სიტყვებს გონება დააყოლეთ!

“სარკის” ერთგული მკითხველი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018