როგორ გახდა თემო ნიქაბაძე ფარცხანაყანების ვარსკვლავი – “ბებიამ მითხრა, ახლა სიგარეტის მოწევა და ყავის წრუპვა არ დაიწყოო”

“კომედი შოუს” ახალი მსახიობი ჰყავს – 22 წლის თემო ნიქაბაძე. ის მხიარულთა და საზრიანთა კლუბში აღმოაჩინეს და “რუსთავი 2”-ში სამუშაოდ მიიწვიეს. ფარცხანაყანებელმა ბიჭმა ტელეკომპანიის შენობას 2 საათიანი ძებნის შემდეგ მიაგნო.

თემო თითქმის ყველა სკეტჩში მონაწილეობს, ქუჩაში ხალხი უკვე ცნობს და მის პერსონაჟებზე კითხვებს უსვამენ. განსაკუთრებული ემოციებით კი მშობლიურ სოფელში ხვდებიან. ახლა ის, შეიძლება ითქვას, ფარცხანაყანების ვარსკვლავია.

თემო გვიამბობს:

– “კომედი შოუში” მხიარულთა და საზრიანთა კლუბიდან მოვხვდი. ამ თამაშში 2012 წლიდან ვიყავი ჩართული. ქუთაისის გუნდი ჩემპიონები რომ გავხდით, “კომედი ჯგუფი” მაშინ დაინტერესდა. ერთ დღეს მე და ჩემს მეგობარს დაგვირეკეს თბილისიდან და “რუსთავი 2”-ში სამსახური შემოგვთავაზეს.

სოფლიდან წამოვედი. დედაქალაქის გზები ორივემ იმდენად ცუდად ვიცით, რომ 2 საათი ვეძებეთ, სად იყო ტელეკომპანია. შემდეგ ტაქსის მძღოლს ვუთხარით, “რუსთავი 2”-ში წავეყვანეთ. თურმე იქვე, რამდენიმე ათეულ მეტრში ვიდექით და ვერ ვხედავდით. მძღოლმა 2 ლარი გამოგვართვა.

ახლა სპეციალური პროგრამა გადმოვწერე ტელეფონში და ისე ვაგნებ ქუჩებს. ჩემს სოფელში მარტივად დავდიოდი მანქანით და ფეხით, თბილისი კი დიდი ყოფილა.

– რომელმა გმირმა მოგიტანათ პოპულარობა, ანუ რომელი სკეტჩის შემდეგ მიხვდით, რომ ქუჩაში გცნობდნენ?

– რამდენიმე კვირის წინ დავდგით სკეტჩი, სადაც პერსონაჟები ამერიკის ციხეში ხვდებიან. მეორე დღეს ქუჩაში რომ გავედი, ხალხი მეძახდა: “რა ქენი, ბიჯო, გამოდი ციხიდან?”

– სკეტჩების გადაღებისას ხშირია მოულოდნელობები, კურიოზები?

– არა. ტექსტები იმდენად ნასწავლი და გათავისებული გვაქვს, რომ, როცა გადაღება იწყება, ყველანი ჩვენს საქმეს ვაკეთებთ. რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არის და ჩვენივე შესრულებულ როლებზე გვეცინება ხოლმე. ზოგადად გადაღების პროცესი ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის.

– “კომედი შოუს” მსახიობებმა როგორ მიგიღეს, როგორ შეეწყვეთ მათ?

– ისინი ძალიან დამეხმარნენ. ყველანაირად გვერდით დამიდგნენ და ყოველი სკეტჩის გადაღებისას მაქსიმალურად მამხნევებდნენ. ეტაპობრივად მეც გავიზარდე და მეტად თავდაჯერებული გავხდი.

– ბავშვობაზე მოგვიყევით, როგორ ცხოვრობდით სოფელში, რა ინტერესები გქონდათ.

– გასული საუკუნის 90-იან წლებში კი დავიბადე, მაგრამ, იმ დროიდან, როცა მეხსიერება მაქვს, 21-ე საუკუნეა. ჩემს ბავშვობაში დროს არ იყო ინტერნეტი, არ იყო სოციალური ქსელი და იყო მეტი ურთიერთობა და კომუნიკაცია ადამიანებთან. ბიჭები სულ ფეხბურთს ვთამაშობდით, გადატყავებული გვქონდა ფეხები. სხვანაირი ბავშვობა იყო, უფრო გულწრფელი, ახლა კი სხვანაირი თაობა მოდის.

ჩემს დროს ყველა სოციალური ქსელის ფუნქციას ერთი ბურთი ასრულებდა, რომლითაც მთელი უბანი ვთამაშობდით.

– მშობლიურ სოფელში ხშირად ჩადიხართ?

– მთელი კვირა ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს, თუმცა მშობლიურ ფარცხანაყანებში, მაინც ვახერხებ ჩასვლას. 21 წელი იქ ვცხოვრობდი და მონატრება იმდენად დიდია, ყოველთვის ჩავდივარ და ვესიყვარულები ჩემს სოფელს და ჩემი ოჯახის წევრებს.

– როგორი იყო თქვენი ოჯახის წევრების რეაქცია, როცა ეკრანზე გიხილეს?

– როგორც კი ეთერში გავიდა პირველი სკეტჩი, სადაც მე ვმონაწილეობდი, ბებიაჩემმა მოითხოვა, სასწრაფოდ ამიკრიფეთ ნომერი და დამალაპარაკეთო. ჩემებმაც დააკმაყოფილეს მოხუცის სურვილი და მიაწოდეს ტელეფონი.

მითხრა, ბებია, კი მიხარია შენი წარმატება, მაგრამ იცოდე, სიგარეტის მოწევა და ყავის წრუპვა არ დაიწყო, თორემ დაიქცევა და დაემხობა ჩვენი სიმწრით მოყვანილი ოჯახიო.

მერე ასე მითხრა, მაინც კაი რამე გააკეთა ამ “კომედი შოუმ”, 4 წელი გეხვეწებოდი, წვერი გაიპარსე და არ იპარსავდი, ახლა თბილისელებმა რომ გითხრეს, კი გაგიპარსია, მაგათ ძეგლი ეკუთვნით ფარცხანაყანების ცენტრშიო.

– თანასოფლელებმა რა გითხრეს?

– ერთ კურიოზს გეტყვით. ძალიან ცუდი ქალის როლს ვასრულებდი. როცა ეს სკეტჩი ეკრანზე გავიდა, მეორე დღეს სოფელში ვიყავი. უცებ ჩემი მეზობელი მეძახის, თემოია, გუშინ ტელევიზორში გნახე ქალის როლში და რავა მთლად დედაშენს, მარინიას, ჰგავდიო.

ერთხელ სოფლის მაღაზიაში შევედი. გამყიდველი ასაკოვანი კაცია. მკითხა, რა ხდება თბილისშიო. ვუთხარი, რა ვიცი, ყველაფერი ძველებურად არის-მეთქი. მერე ნიკა არაბიძე (“კომედი შოუს” მსახიობი. ავტ.) მოიკითხა და მითხრა, ეს კაცი ისე მიყვარს, ჩემი ცოლის დათმობა რომ მთხოვოს, გამკეთებელი ვარო.

– გააქტიურდნენ თაყვანისმცემელი გოგონები, გეკონტაქტებიან?

– თაყვანისცმელების არმია მყავს. ისეთი ცხვირი მაქვს, რომ მისი შემხედვარე გულგრილი ვერავინ რჩება. მოკლედ, კართან მთელი არმია მყავს გოგონების და მთელი ღამე მიბრახუნებენ, შემოგვიშვიო…

ახლა ხუმრობის გარეშე გიპასუხებთ, ამჟამად შეყვარებული არ მყავს, რადგან სურვილი არ მაქვს. რატომღაც მგონია, თავისუფლების შეზღუდვა იქნება ჩემთვის. ცოტა ხნის წინ მყავდა შეყვარებული, მაგრამ დავშორდით.

ამას წინათ ერთი გოგო მწერდა, თითქოს ერთმანეთი მოგვეწონა, მაგრამ შემდეგ მკითხა, საიდან ხარო. ვუპასუხე, ფარცხანაყანებიდან-მეთქი. ეგ სად არისო. ვუთხარი, ეს სოფელი წყალტუბოს რაიონშია-მეთქი და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა.

ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018