რა გახდა ირაკლი ნოზაძის დაჭრის მიზეზი – თამთა ჯანჯღავა ამბობს, რომ მომღერალი ნარკოტიკს ყიდდა

ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული თამთა ჯანჯღავა ამტკიცებს, რომ ირაკლი ნოზაძის დაჭრის მოტივი ნარკოტიკული ნივთიერება “ამფეტამინის ” შესაძენად მისთვის მიცემული 250 ლარი გახდა.

კურიერმა თამთა ჯანჯღავას ჩვენება მოიპოვა, სადაც 28 წლის ჯანჯღავა ქრონოლოგიურად აღწერს 25 ივნისს ირაკლი ნოზაძის სახლში განვითარებულ მოვლენებს.

წერეთლის გამზირის დატოვების შემდეგ, ბრალდებული ქალის ჩვენების მიხედვით, მას მომღერალი საკუთარი ინიციატივით დაუკავშირდა და ფული სთხოვა.

თამთა ჯანჯღავა ამტკიცებს, რომ თანხა ირაკლი ნოზაძეს ნარკოტიკული ნივთიერების ერთ-ერთი მისამართიდან წამოსაღებად სჭირდებოდა, რასაც ბრალდებული ქალი დასთანხმდა. ჯანჯღავამ ირაკლი ნოზაძეს თანხა ნარკოტიკებისთვის რომ გადასცა, ადასტურებს კიდევ ერთი ბრალდებული, ნათია თოფურიაც, რომელსაც გამოძიება შეუტყობინებლობას ედავება.

გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების მიხედვით, თამთა ჯანჯღავას და ირაკლი ნოზაძეს შორის ურთიერთობა 25 ივნისს, დაახლოებით, 4 საათზე იძაბება, როდესაც ნოზაძე ქალის სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობდა. მოგვიანებით კი მომღერალმა ქალს უთხრა, რომ აღარც ნარკოტიკული ნივთიერება და აღარც ფული ჰქონდა, რასაც მათ შორის ტელეფონში სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.

სატელეფონო საუბრიდან 2 საათსა და 30 წუთში თამთა ჯანჯღავა, მეგობარ ნათია თოფურიასთან ერთად, წერეთლის 70 ნომერში, ირაკლი ნოზაძის საცხოვრებელ სახლში, მიდის. ირაკლი ნოზაძე და თამთა ჯანჯღავა ამჯერად ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რასაც მომღერლის ცივი იარაღით მძიმედ დაჭრა მოჰყვა.

მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ქალი სამართალდამცველებს უდასტურებს, რომ მძიმე ჭრილობები მუსიკოსს ე.წ. დანა-ბრელოკით მიაყენა.

ჩვენების ბოლოს თამთა ჯანჯღავა გამოძიებას კიდევ ერთხელ უდასტურებს, რომ ნოზაძე ნარკოტიკული ნივთიერების რეალიზაციას ახდენდა. თუმცა, სად გაყიდა ნივთიერება მომღერალმა ან ვის მიჰყიდა, ბრალდებული ქალი ვერ იხსენებს.

ჰქონდა თუ არა ცნობილ მომღერალს ან მის გარემოცვას ნარკოტიკების რეალიზაციასთან კავშირი, გამოძიება, სავარაუდოდ, ამ ვერსიაზეც მუშაობს.

ირაკლი ნოზაძის ადვოკატი ბრალდებულების ჩვენებას “აბსურდულს” უწოდებს და ამბობს, რომ სისხლის სამართლის საქმეს ნარკოტიკებთან კავშირი საერთოდ არა აქვს.

ირაკლი ნოზაძემ სამართალდამცველებს ჩვენება დღეს ღუდუშაურის კლინიკაში მისცა, სადაც რამდენიმე დღე მკურნალობდა. მომღერალს საქმეში ამ ეტაპზე დაზარალებულის სტატუსი აქვს მინიჭებული.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018