პიკასოს სახლი გაჩხრიკეს – “ერთხელ დამარტყა და ხელი მივიფარე და მეორედ გამოვიდა კიდევ დარტყმა და ეს მყესიც მაგ დროს გადამეჭრა“

„ეს არის გრანდიოზული სისულელე და ერთადერთი ის არის, რომ შეიძლება, ყველაფერზე წავიდეს, ალბათ, თავდაცვის მიზნით ახლა, რომ ან შემოატრიალონ ან კვალიფიკაცია შეცვალონ,“ – ეს განცხადება მომღერალმა ირაკლი ნოზაძემ საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ პირველად კურიერთან გააკეთა.

ჯგუფ ქუჩის ბიჭების ერთ-ერთი სოლისტი, ირაკლი ნოზაძე, კურიერთან მისი მკვლელობის მცდელობის დღეს იხსენებს.

ირაკლი ნოზაძე აცხადებს, რომ მისი მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ თამთა ჯანჯღავას თანხა მართლაც ესესხა და დაბრუნება ვერ მოახერხა.

მომღერლის თქმით, გულ-მკერდის არეში დაჭრას წინ ტელეფონზე შელაპარაკება და შემდეგ მისი სახლის წინ დაძაბული საუბარი უძღოდა.

„თანხა ვისესხე, დღის განმავლობაში მეგონა, ჩამერიცხებოდა ჩემი ჰონორარი და უნდა დამებრუნებინა უკან. დღის განმავლობაში ისე წავიდა საქმე, რომ ვერ მოვახერხე დაბრუნება და ამ პერიოდში დარეკა და აუგი სიტყვებით მომიხსენია. შელაპარაკება გვქონდა ტელეფონზე იმიტომ, რომ ცუდად მომიხსენია ტელეფონზე, რა თქმა უნდა, მეც პასუხი გავეცი, მოვიდა ისეთი აგრესიით, რომ შემოვარდა ეზოში ყვირილით-წივილით, მანქანის ბღუილით და ა.შ. მანქანის ჩემ მხარეს შუშაზე დავინახე, რომ რაღაც მუშტით ეჭირა ხელში და შუშის ჩამტვრევას ცდილობდა და მაგ დროს მეც შესაბამისი რეაქცია მქონდა და თავის დაცვის მიზნით კარი გავაღე და კარებით მივაწექი, გავწიო მეთქი იქით და მაგ დროს რომ გადმოვედი, დავინახე, რომ ხელში დანა ეჭირა. რაღაც მოგერიების მიზნით ხელი მოვუქციე და ამასობაში უკვე ვიგრძენი, რომ ერთხელ დამარტყა და ხელი მივიფარე და მეორედ გამოვიდა კიდევ დარტყმა და ეს მყესიც მაგ დროს გადამეჭრა,“ – განაცხადა ნოზაძემ.

ირაკლი ნოზაძე დაკავებული ჯანჯღავას ჩვენებაზეც საუბრობს, საიდანაც ირკვევა, რომ მომღერალმა თამთა ჯანჯღავას თანხა ნარკოტიკული საშუალებისთვის ესესხა. იმავეს ამბობს შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ნათია თოფურიაც. ირაკლი ნოზაძის თქმით, ორივე დაკავებული იტყუება.

„მეგობრები არიან და ალბათ, ლოგიკურია, რომ ერთად ან მოილაპარაკეს ან რაღაც მსგავსი მოხდა, თორემ იქ საუბარიც კი არ ყოფილა არანაირ ნარკოტიკზე,“ – განაცხადა ირაკლი ნოზაძემ.

ირაკლი ნოზაძის თქმით, მის სახლში უკვე ჩხრეკა ჩატარდა და სამართალდამცავებს ნარკოტიკული საშუალება არ ამოუღიათ.

ირაკლი ნოზაძემ სამართალდამცველებს ჩვენება დღეს ღუდუშაურის კლინიკაში მისცა, სადაც რამდენიმე დღეა მკურნალობს. მომღერალს საქმეში ამ ეტაპზე დაზარალებულის სტატუსი აქვს მინიჭებული.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018