”კარტოფილს თლიდა, ხელში დანა ეჭირა, როდესაც დამ შეურაცხყოფა მიაყენა” – რატომ მოკლა ქუთაისში ქალმა თავისი და

ქუთაისში ალბათ დიდი ხანი ემახსოვრებათ ის ტრაგედია, რაც მაისის მეორე ნახევარში მათ ქალაქში, ბალანჩივაძის ქუჩაზე, დატრიალდა – 64 წლის ქალმა მასზე 3 წლით უფროსი და მოკლა. როგორც ამბობენ, დას 34 ჭრილობა მიაყენა და ყელი გამოჭრა.

მოკლული ქალი ქმართან, შვილთან და დასთან ერთად ცხოვრობდა. ქმარი, კუკური ძიძიგური ყვება, რომ მკვლელობა იმ დროს მოხდა, როდესაც ის და მისი შვილი სახლში არ იმყოფებოდნენ. სახლში მისულს პოლიცია დახვდა და სწორედ მათგან გაიგო საზარელი მკვლელობის შესახებ.

ის ასევე ამბობს, რომ დები ხშირად კამათობდნენ ერთმანეთთან, თუმცა მათ შორის სერიოზული კონფლიქტი არ ყოფილა.

– ქალაქში ვიყავი გასული და როცა მოვედი სახლში, პოლიცია იმ წამის მოსული იყო. მათ მკითხეს, სად იყო ჩემი მეუღლე. ვუპასუხე, სახლშია-მეთქი. პოლიციელმა სახლში შემასწრო და დაინახა ძირს დაგდებული ჩემი მეუღლე და მითხრა, არ შემოხვიდე, აქ საშინელება ხდებაო. ვერ გეტყვით, რა მოხდა, რის გამო მომიკლა ცოლი. ზოგჯერ კამათობდნენ, მაგრამ სერიოზულად არასოდეს უჩხუბიათ, – გვითხრა გარდაცვლილი ქალის ქმარმა.

დებს შორის კონფლიქტსა და დაძაბულ ურთიერთობას მეზობლებიც ადასტურებენ. ბალანჩივაძის ქუჩაზე მცხოვრებლები ყვებიან, რომ მკვლელობაში ბრალდებული უფროს დასთან საცხოვრებლად რამდენიმე წლის წინ გადავიდა და ამის შემდეგ ისინი ხშირად ჩხუბობდნენ. უფროსი და მის სახლში მცხოვრებ უმცროსს სთხოვდა, რომ სხვაგან გადასულიყო.

– ზუსტად რა მოხდა, მხოლოდ ღმერთმა იცის. მე გეტყვით იმას, რაც ჩვენ, მეზობლებმა, ვიცით და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ხდებოდა. დები ხშირად ჩხუბობდნენ, მუდამ რაღაც შენიშვნები ჰქონდათ ერთმანეთთან. შემდეგ კი ასეთი ტრაგედიის შესახებ გავიგეთ. მგონი, მკვლელობაში ბრალდებულს სთხოვდნენ, რომ სახლიდან წასულიყო და ის არ მიდიოდა, – გვიამბო მეზობელმა ნატო ამბროლაძემ.

ერთ-ერთმა მეზობელმა, დარეჯან კოპალაძემ კი დაინახა, ბრალდებულმა ბალანჩივაძის ქუჩა როგორ დატოვა.

– ამბობენ, რომ უკნიდან მიეპარა და ჯერ ბაწრით მოახრჩო, შემდეგ კი ყელი გამოჭრა და სხეულზე დაზიანებები მიაყენა. ექსპერტიზამ თქვა, რომ გარდაცვლილს 34 ჭრილობა აქვს მიყენებული. მე ხმაური არ გამიგია, გარეთ ვიყავი. ეს ქალი გამოვიდა ჩიხიდან, ხელში ჩანთა ეჭირა და სადღაც წავიდა. თურმე ამ დროს თავისი და უკვე მოკლული ჰყავდა. როგორც თქვეს, პოლიციას თვითონ ჩაბარდა, – ყვება დარეჯან კოპალაძე.

ტრაგედიიდან 48 საათში 64 წლის ქალს ბრალი წაუყენეს, ამის შემდეგ კი სასამართლო პროცესი გაიმართა.

მოსამართლე მურთაზ კაპანაძემ მკვლელობაში ბრალდებულ ქალს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა მიუსაჯა. დაკავებულის ინტერესებს კი სახაზინო ადვოკატი პავლე კაკაბაძე იცავს, რომელმაც გვითხრა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი აფექტის მდგომარეობაში იყო. ის დის მხრიდან ხშირად გამხდარა ბულინგის, დაცინვის მსხვერპლი.

პავლე კაკაბაძე:

– ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან ვისაუბრე და მან აღნიშნა, რომ დასთან ბავშვობიდან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. მკვლელობაში ბრალდებულს სხეულზე აქვს დეფექტი და, როგორც თავად ამბობს, ამის გამო და მუდამ დასცინოდა.

– კონკრეტულად მკვლელობის დღეს რა მოხდა?

– როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მიყვება, ის კარტოფილს თლიდა, ხელში, ბუნებრივია, დანა ეჭირა. ამ დროს მას დამ მორიგი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მათ შორის დაიწყო სიტყვიერი კონფლიქტი, რის შემდეგაც და თავდასხმაზე გადავიდა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იძულებული გახდა, მოეგერიებინა და შემოაკვდა.

– როგორც ცნობილია, ბრალდებულს დანით ხელი აქვს გაჭრილი.

– კი, ასეა. მასაც აქვს ხელი გაჭრილი, რადგან ის დას იგერიებდა. სწორედ დაძაბულმა და აფექტის მდგომარეობაში მყოფმა მიაყენა დას სასიკვდილო ჭრილობები. ის აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, თავად ჩაბარდა სამართალდამცველებს და ასევე – ყველა სახის საგამოძიებო მოქმედებაში ნებაყოფლობით მიიღო მონაწილეობა.

ჩემი სურვილია, რომ მას ჩაუტარდეს ფსიქოლოგიური ექსპერტიზა. მგონია, რომ ფსიქიკა შერყეული აქვს, რადგან ის ხშირად იყო დის მხრიდან ბულინგის მსხვერპლი.

.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით, მე-11 პრიმა 108-ე მუხლით დაიწყო, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია. უწყების ცნობით, ოჯახში ძალადობას ახასიათებს ფარული და განგრძობადი ხასიათი და არის სპეციფიკური, რადგან ხორციელდება ოჯახის წევრის ან წევრების მიერ სხვა ოჯახის წევრის მიმართ.

– მცდარია მოსაზრება, თითქოს ძალადობა მხოლოდ ცოლ-ქმარს შორის არსებული კონფლიქტის ნიადაგზე წარმოიშობა. ოჯახში ძალადობად ითვლება ოჯახის წევრის მიმართ განხორცილებული: ფიზიკური ძალადობა, ფსიქოლოგიური ძალადობა, ეკონომიკური ძალადობა, სექსუალური ძალადობა, იძულება. ოჯახში ძალადობა ხშირ შემთხვეევაში იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ გაუარესებას, ფიზიკურ და ემოციურ აშლილობას, რომელიც შეიძლება ფატალური შედეგით დასრულდეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს მთავრობისთვის და შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. სამინისტრო, სხვა უწყებებთან და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად აქტიურად მუშაობს ოჯახში ძალადობის დაძლევაზე, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ოჯახში ძალადობის ფაქტებს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტშიც გამოეხმაურა. მისი თქმით, სამინისტრო მუშაობს ინიციატივაზე, რომლის თანახმად, ოჯახში ძალადობის განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციულიდან სისხლის სამართლის დანაშაულად გადაკვალიფიცირდება.

მინისტრი ამბობს, რომ შს სამინისტრო მუშაობს რამდენიმე ინიციატივაზე, რომლებსაც უახლოეს მომავალში გააჟღერებს.

– მინდა გითხრათ რამდენიმე ინიციატივაზე – ოჯახში ძალადობის მიმართულებით. გვინდა, რომ ადმინისტრაციულის ნაცვლად სისხლის სამართალზე გადავიდეთ, რადგან ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ცივი იარაღის საკითხს, ეს არის საკმაოდ სერიოზული გამოწვევა, რომლის გამოძახილი უკვე სერიოზულ ციფრებშია და შეგიძლიათ სტატისტიკა იხილოთ, – განაცხადა გახარიამ.

ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018