აქვს თუ არა პლასტიკური ოპერაციები გაკეთებული მარინა ბერიძეს

აქვს თუ არა პლასტიკური ოპერაციები გაკეთებული მარინა ბერიძესმუსიკოსი მარინა ბერიძე 70 წლის ასაკში შესანიშნავ ფორმაშია. თუ როგორ ებრძვის წლებს, ის ,,სარკესთან” საუბრობს.

— ქალბატონო მარინა, ძალიან კარგ ფორმაში ხართ. ამას რა საშუალებებით, რა მეთოდებით ახერხებთ?

– არაფრით ვახერხებ. ძალიან მიყვარს ცხოვრება, მიყვარს ჩემი საქმე, ჩემი ოჯახი. ასევე, ძალიან მიყვარს ყველაფერი დადებითი, უარყოფითს ველევი.

— დიეტა, ქირურგიული ჩარევა…

– დიეტაზე არასდროს ვარ. მთელი ცხოვრება დაახლოებით ერთ წონას ვინარჩუნებ. თუმცა ცოტას ვჭამ, ბევრს – არა, ჭამის კულტი არ მაქვს. ასევე – არანაირი ქირურგიული ჩარევა, არანაირი ვარჯიში და ტრენაჟორები. ერთია, ძალიან მიყვარს მზე, ვერ ველევი სოლარიუმს და ზღვას. ეს ორი რამ არის ჩემთვის ვიტამინი.

— არადა სოლარიუმი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო არ არის.

– ნუ, ასეა, სოლარიუმის გიჟი ვარ.

— უკან, წარსულში რომ იხედებით, რისი შეცვლა გინდებათ?

– უფრო მეტს ვისწავლიდი. ისეთ დროს რომ მეცხოვრა, როდესაც საზღვრები გახსნილი იყო, უფრო დიდ ცოდნას მივიღებდი. მუსიკალურ ცოდნაზე არ გეუბნებით, მუსიკალური ცოდნა აქ ამომწურავად მივიღე, რადგან კორიფეები მასწავლიდნენ. წავიდოდი უცხოეთში, ბევრ ენას დავეუფლებოდი, უამრავ კურსებზე ვივლიდი, პროდიუსერობას და მენეჯმენტს შევისწავლიდი.

ამ ყველაფერს აქ ვაკეთებდი ინტუიციით, მაშინ არავინ იცოდა, ეს რა იყო. ძალიან მნიშვნელოვანია ამის ცოდნა. ახლა ვურჩევ ყველა ახალგაზრდას და მათ, რომლებსაც ჰგონიათ, რომ პროდიუსერები არიან, უნდა ისწავლონ.

მარი მგალობლიშვილი, სარკე