პიკასოს ქალის ვალი 250 ლარი ჰქონდა – საქმის ახალი დეტალები

პიკასოს ქალის ვალი 250 ლარი ჰქონდა - საქმის ახალი დეტალები„ქუჩის ბიჭების“ სოლისტზე მომხდარი თავდასხმის საქმის მასალებში დანაშაულის იარაღი არ დევს. სისხლიანი გარჩევის მოტივზე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ კონფლიქტი საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაიწყო.

საქმის მასალებში მომხდარის მოტივად წერია, რომ ირაკლი ნოზაძეს ქალის ვალი – 250 ლარი ჰქონდა, თამთა ჯანჯღავა კი მის დაბრუნებას ითხოვდა. ინტერესების დამცველები არც ერთ ვერსიას არ გამორიცხავენ, მათ შორის გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ჯანჯღავა ნოზაძეს პრეპარატს ან მასში გადახდილ ფულს სთხოვდა.

ირაკლი ნოზაძის დაჭრაში ბრალდებულის დედა დარწმუნებულია, რომ თამთა ჯანჯღავა მდგომარეობიდან „ქუჩის ბიჭების“ სოლისტმა გამოიყვანა.

ბრალდებულის ბიძაშვილმა ჟურნალისტებს „პიკასოზე“ თავდასხმის ახალი დეტალები უამბო. მისი მტკიცებით, თამთა ჯანჯღავა ირაკლი ნოზაძესთან საქმის გასარჩევად არ მისულა და ის თავად „ქუჩის ბიჭების“ სოლისტმა საკუთარი სახლის ეზოში დაიბარა.

ადვოკატი „კურიერის“ მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაზე  დაყრდნობით აცხადებს, რომ თამთა ჯანჯღავას პირველი თავს ირაკლი ნოზაძე დაესხა და ქალმა მოგერიების მიზნით, ე.წ. დანაბრელოკი გამოიყენა.

კადრებში ჩანს, როგორ ურტყამს ხელს ნოზაძე მის ეზოში მისულ ქალს, რომელიც მას აგინებდა და ეზოში ჩასვლას სთხოვდა. ნოზაძის მოქნეული ხელის პარალელურად კი, ჯანჯღავა მას დანას ყელში ურტყამს.

ნოზაძის დაჭრის შემდეგ თამთა ჯანჯღავა, მისი მეგობარი ქალი და მათი თანმხლები ბიჭი ეზოში კიდევ ერთ წუთს დარჩნენ, ჯანჯღავამ სისხლიანი ე.წ. დანაბრელოკი გაწმინდა, იგინებოდა და ეზო „მინი კუპერით“ დატოვა.

რუსთავი 2