ლაშა ტალახაძე: “ანიმ ძალიან მოკლე ხანში შემაყვარა თავი” – როგორ იბრძოლა ოლიმპიურმა ჩემპიონმა საყვარელი ქალის გულის მოსაგებად

ლაშა ტალახაძე: "ანიმ ძალიან მოკლე ხანში შემაყვარა თავი" -  როგორ იბრძოლა ოლიმპიურმა ჩემპიონმა საყვარელი ქალის გულის მოსაგებადქართველმა ძალოსანმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა და რეკორდსმენმა ძალოსნობაში, ლაშა ტალახაძემ, თავისი ცხოვრების მთავარი ბრძოლა ანი დემურიას გულის მოსაგებად გამართა და, როგორც სპორტში, აქაც გაიმარჯვა. რამდენიმე ხნის წინ წყვილი მცხეთაში ეკლესიური წესით დაინიშნა, ანუ დაიწინდა, ქორწილს კი მაშინ გადაიხდიან, როცა ოლიმპიურ ჩემპიონს თავისუფალი დრო გამოუჩნდება.

ლაშა საყვარელი ქალის გამო ერთ კომპრომისზე უკვე წავიდა – მოგზაურობა არ უყვარს, საქართველოში ყოფნა ურჩევნია, ანის ხათრით კი თაფლობისთვის გასატარებლად შორეულ მალდივებზე გაემგზავრა.

– ლაშა, გილოცავთ დაოჯახებას. სანამ ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამდით, “სარკესთან” თქვით, რომ შეყვარებული გყავდათ და ის ბათუმში გაიცანით. საყვარელ გოგონაზე საუბრისას მაშინ სიტყვაძუნწობა გამოიჩინეთ. ახლა მაინც მოგვიყევით შეხვედრის ამბავი. როგორ აღმოაჩინეთ თქვენი გულისსწორი?

– ჩვენს გაცნობას დიდი ისტორია არ აქვს. მისი სურათი სოციალურ ქსელში ვნახე და დავინტერესდი. ანის ჩემი მეგობარი იცნობდა. ჩამივარდა გულში, თუმცა ის პერიოდი ძალიან დატვირთული ვიყავი, ტურნირებიდან ახალი ჩამოსული გახლდით. შემდეგ მცდელობა მქონდა გაცნობის, მაგრამ უშედეგოდ, ანი იგნორირებას მიკეთებდა.

მერე ბათუმში შემთხვევით შევხვდით და ერთმანეთი მოვიკითხეთ. ამის შემდეგ, სიმართლე გითხრათ, ცოტა კიდევ მაწვალა. ალბათ მერე თავადაც ჩავუვარდი გულში და, საბოლოო ჯამში, ჩვენი სიყვარული დაოჯახებით დაგვირგვინდა.

– ამის მერე გითხრათ, რატომ გაწვალებდათ?

– არ ვიცი, მაგრამ ყოველთვის აღვნიშნავ, რომ გოგოს თავის დაფასება ყოველთვის უხდება. რაც უფრო მიუწვდომელია გოგო, მით უფრო მიზიდავს. როცა გოგო თავს იფასებს, ზოგმა იცის თქმა, ერთი მაგისიცო. მე პირიქით ვფიქრობ, თავი უნდა დაიფასოს.

ლაშა ტალახაძე: "ანიმ ძალიან მოკლე ხანში შემაყვარა თავი" -  როგორ იბრძოლა ოლიმპიურმა ჩემპიონმა საყვარელი ქალის გულის მოსაგებად– ანუ ეთანხმებით მოსაზრებას, მიუწვდომელი ხილი უფრო გემრიელიაო, არა?

– კი, რა თქმა უნდა. მივესალმები, გოგო როდესაც თავს იფასებს და მისთვის ბრძოლა გიწევს. იოლი არაფერი მიყვარს, რადგან ყველაფერი სირთულეებთან არის დაკავშირებული. შემდეგ სიყვარულის ქორწინებით დაგვირგვინებაც უფრო სხვანაირი და გემრიელია.

– როდესაც სიყვარულში გამოუტყდით, მაშინაც უარი მიიღეთ?

– ზოგადად სიტყვა “მიყვარხარ” ცხოვრებაში ბევრჯერ არ მითქვამს, რადგან ეს ჩემთვის სიტყვაზე მეტია და ჰაერში არ უნდა ისროლო. რამდენიმე შეხვედრის შემდეგ ჩვენი სიყვარული ჩამოყალიბდა. როდესაც ვუთხარი “მიყვარხარ”, ანისგანაც მალევე მივიღე დადებითი პასუხი.

– რამდენი ხანი იყავით შეყვარებულები და იმ პერიოდს როგორ გაიხსენებდით?

– შეყვარებულები წელიწადზე მეტ ხანს ვიყავით. დაოჯახებას უფრო ადრე ვაპირებდით, მაგრამ დრო არ მქონდა. ძალიან მოკლე ხანში შემაყვარა თავი. სულ მინდოდა, უფრო ადრე მომეყვანა ცოლად, მაგრამ საქმის გამო დავაგვიანე.

– თქვენი სპორტული წარმატება და პოპულარობა ანისთან ურთიერთობაში დაგეხმარათ?

– ალბათ ყველა გოგოს აინტერესებს, ბიჭი რას წარმოადგენს და ყველას კარგი უნდა. სხვათა შორის, ანიმ არც იცოდა, რომ სპორტსმენი ვიყავი, ჩემგან გაიგო. თუმცა ისეთი პერიოდიც დაემთხვა, როცა საზოგადოებამ გამიცნო, ამიტომ დაინტერესდა კიდეც. ხშირად ამბობს, ინტერნეტში მოვიძიე ინფორმაციაო.

– წინა ინტერვიუში “სარკესთან” თქვით, ეჭვიანი შეყვარებული ვარო. ახლა, როდესაც ანი უკვე თქვენად გყავთ დაგულებული, აღარ ეჭვიანობთ?

– ეჭვიანობაზე ცოტა სხვანაირად ვფიქრობ. ვიღაცაში თუ გამცვლის, ან მიღალატებს, ეს ჩემთვის ეჭვიანობა არ არის. უფრო იმაზე ვეჭვიანობდი, რომ ქუჩაში ვინმეს რამე არ ეთქვა, რადგან ეს ქართველებს გვჩვევია. რასაც მე არ ვაკადრებ სხვას, არც სხვისგან მომწონს. ხშირ შემთხვევაში ასეთ რაღაცებს მიმალავდა და კამათი ამაზე მოგვდიოდა. მეუბნებოდა, მეც ადამიანი ვარ და მეც შემიძლია პასუხის გაცემაო. ძირითადად ამაზე ვკამათობდითო.

– შეყვარებულობის პერიოდში განსაკუთრებულად დატვირთული სპორტული რეჟიმი გქონდათ. ახერხებდით საყვარელი ქალის განებივრებას რომანტიკით?

– ჩემზე არ ითქმის, რომ რომანტიკული ვარ. სპორტული შეკრებების გამო ხშირად არ გვიწევდა ნახვა და ყველაზე კარგი მაშინ იყო, მონატრებულები რომ ვხვდებოდით ერთმანეთს.

– მალდივებზე თაფლობისთვის გატარება ვისი იდეა იყო?

– იმაზე ფიქრის დრო არ მქონდა, სად წავიდოდით. ჩემთვის დიდად არ აქვს მნიშვნელობა, სად წავიდოდი, ჩემში აღფრთოვანებას ვერც ერთი ქვეყანა იწვევს. მოგზაურობის მოყვარული არ ვარ. მთავარი იყო, ჩემი საყვარელი ადამიანი გამეხარებინა.

ანის ძალიან უნდოდა მალდივებზე წასვლა. სხვათა შორის, მეც ძალიან მომეწონა, მაგრამ 5 დღის შემდეგ უკვე საქართველო გვენატრებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ახალი მეგობრებიც შევიძინეთ. 5 დღეზე მეტ ხანს ვერსად ვჩერდები. მაქსიმუმი, ერთი კვირა და მერე საქართველოში მინდა ხოლმე.

– დაქორწინების სურვილს ახლდა გარკვეული შიში, თუნდაც პასუხისმგებლობის აღების?

– თავიდან ცოტა მეშინოდა, ანი ჩემს სპორტულ რეჟიმს როგორ გაუძლებდა. ვფიქრობდი, ჩემს სპორტულ კარიერაში ხელი არ შემშლოდა, მაგრამ ანი უფრო დაინტერესებულია ამით, დილით მაღვიძებს, რომ ვარჯიშზე არ დამაგვიანდეს. ყველანაირად ხელს მიწყობს.

– ცალკე ცხოვრობთ?

– ცალკე კი ვცხოვრობთ, მაგრამ ცალკე ცხოვრება არ გამოგვდის – ოჯახის წევრები, მეგობრები სულ ჩვენთან არიან. ძალიან მიხარია, რომ ჩემმა მშობლებმა და ანიმ ერთმანეთს კარგად გაუგეს და მათი შეხედულებები ერთმანეთს ემთხვევა. ხან შეკრებებზე მომიწევს წასვლა, მაგრამ ანი მარტო თავს არასდროს იგრძნობს, ვინაიდან დიდი ოჯახი ვართ და ნებისმიერ პრობლემას გადავლახავთ.

– ანი რას საქმიანობს?

– ამ ეტაპზე არ საქმიანობს. ესეც ჩემი დამსახურებაა. ვეუბნები, დაიწყებ მუშაობას, უბრალოდ ჯერ არ გეჩქარება-მეთქი. იმას არ მივესალმები, “ქალი ვიცი მე “კუხნაშიო”, უბრალოდ ჯერ ოჯახშია ბევრი საქმე. ყველაფერს რომ მოვაგვარებთ, შემდეგ აუცილებლად დაიწყებს მუშაობას.

– დაბოლოს, სულ ახლახან გაღიარეს მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად. ალბათ იბრძოლებთ იმისთვის, რომ ეს ტიტული შეინარჩუნოთ.

– ჩემი ტიტულები რაც უფრო მატულობს, მით უფრო მოტივირებული ვხდები, მეტად მინდება წარმატების მიღწევა. რაც შეეხება დაჯილდოებას, ამ ნომინაციაში საქართველოდან არასდროს არავინ ყოფილა წარდგენილი და ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო.

ისეთი გამოკითხვა ჩაატარეს, რომ მე ვერაფერს გავაკეთებდი, მხოლოდ გულშემატკივრის მხარდაჭერა იყო საჭირო. ჩემი გასაკეთებელი მხოლოდ ის იყო, რომ ტურნირები მომეგო. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი თითოეულ ადამიანს, ვინც გვერდში დამიდგა.

 მარი მგალობლიშვილი, სარკე