“გურამ რჩეულიშვილმა ვერტმფრენის თოკის კიბეზე აუშვა სამივე განწირული, ბოლოს თვითონაც ჩაავლო კიბეს ხელი, მაგრამ დამპალმა თოკმა ვერ გაუძლო და ისევ აბობოქრებულ ტალღებში ჩავარდა”

"გურამ რჩეულიშვილმა ვერტმფრენის თოკის კიბეზე აუშვა სამივე განწირული, ბოლოს თვითონაც ჩაავლო კიბეს ხელი, მაგრამ დამპალმა თოკმა ვერ გაუძლო და ისევ აბობოქრებულ ტალღებში ჩავარდა"“მე არასდროს დავბერდები…” – თქვა მწერალმა გურამ რჩეულიშვილმა და ეს წინასწარმეტყველება აუხდა კიდეც. ის ლაშქრავდა მთის მწვერვალებს, ტყეებს, ზღვის ტალღებს აპობდა, სიცოცხლეშივე ქმნიდა ლეგენდებს და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდებოდა საბედისწერო დღეს, 1960 წლის 23 აგვისტოს. ამ დღეს 26 წლის მწერალი ზღვაში დაიღუპა.

“სარკის” 20 წლიან არქივში ინახება ინტერვიუ მწერალ ნუგზარ წერეთელთან, რომელიც გურამ რჩეულიშვილის უახლოესი მეგობარი იყო. გურამის დედას ერთხელ მისთვის უთქვამს, შენ ჩემი შვილისთვის ავთანდილი იყავიო. სიკვდილის წინაც თურმე მის ხელს გულიდან არ იშორებდა.

17 წლის წინ, როცა ინტერვიუს ვწერდით, ბატონი ნგუზარი ცრემლების შეკავებას ცდილობდა…

ნუგზარ წერეთელი:

– გურამის დაღუპვა ღამის 2 სთ-ზე შევიტყვე და მაშინვე გაგრაში გადავფრინდი. 100 კაცი მაინც ყვებოდა მისი დაღუპვის ამბავს.

იმ დღეს ზღვა საშინლად ღელავდა, სახლის სიმაღლე ტალღები ჯებირებს აწყდებოდა, ზღვაში სამი ბიჭი იხრჩობოდა – ერთი ქართველი და ორი რუსი.

გურამი მათ მისაშველებლად გადახტა. სამივეს გადარჩენას ცდილობდა. აბობოქრებულ ზღვაში აფხაზი მშველელიც გადამხტარა, ის პირველად გურამთან მიცურებულა, მას კი უთქვამს, მე არა მიშავს, გავალ, მაგათ მიხედეო. ამ დროს მაშველთა ვერტმფრენიც მიფრინდა.

ნაპირზე მყოფი ადამიანები ხედავდნენ, ვერტმფრენის თოკის კიბეზე ასვლაში როგორ ეხმარებოდა გურამი დასახრჩობად განწირულებს. როცა სამივე ავიდა, ბოლოს თვითონაც ჩაავლო კიბეს ხელი, მგარამ მეორე საფეხურზეც არ იქნებოდა ასული, რომ დამპალმა თოკმა ვერ გაუძლო და ისევ აბობოქრებულ ტალღებში ჩავარდა.

მაინც დიდხანს ებრძოდა თურმე სტიქიას, მაგრამ მერე დაინახეს, როგორ გადაეკრა მისი უსაყვარლესი მაისური წელზე და წავიდა ზღვის ფსკერისკენ…

– ზღვაში მისი სხეული მალე იპოვეს?

– ზღვა რამდენიმე დღე ისევ ღელავდა, გურამის ცხედარი ოთხი დღის შემდეგ იპოვეს. მისი ლამაზი სხეული წყალს შეეცვალა, არაბუნებრივად გაედიდებინა. ეს ყველაფერი კომშარულ სიზმარს ჰგავდა. მისი მეგობრები ტირილით ვიხრჩობოდით. გურამთან ერთად უამრავი ფიქრი და იმედი დასამარდა.

– როგორ დაიწყო თქვენი და გურამ რჩეულიშვილის მეგობრობა?

– პიონერთა სახლში დავდიოდით, გურამი – ისტორიის წრეზე, მე კი – ქართული ლიტერატურის. ხშირად ვხედავდი, შორიდან ვიცნობდი. გურამი ბავშვობიდანვე ყველასგან გამოირჩეოდა და შეუძლებელი იყო, ვინმეს არ შეემჩნია. როცა უნივერსიტეტში ჩავირიცხე, პირველ სექტემბერს აგი აბაშიძე მოვიდა ჩემთან და გურამ რჩეულიშვილი გამაცნო. მაშინვე წავედით სწავლის დაწყების აღსანიშნავად და იმ დღიდან მოყოლებული სულ ერთად ვიყავით.

– მეგობრებთან როგორი ურთიერთობა ჰქონდა?

– გურამს უამრავი მეგობარი ჰყავდა. საოცარია, რომ ვისაც გურამი რამდენჯერმე ჰყავდა ნანახი, ისინიც კი თავს მის მეგობრებად თვლიდნენ. მეგობრისთვის შეეძლო ყველაფერი გაეკეთებინა. ღამით მარტო არ გამომიშვებდა, სახლამდე მომაცილებდა და თვითონ მარტო ბრუნდებოდა.

– გურამ რჩეულიშვილის თაობას რომანტიკულ ფერებში ხატავენ, თქვენ როგორ დაახასიათებდით თქვენს თაობას?

– ჩვენი თაობისთვის რომანტიზმი მართლაც დამახასიათებელი იყო. ვიცოდით ერთმანეთის გატანა. მთელი ღამე რომ გევლო თბილისის ქუჩებში, უბატონოდ ხმას არავინ გაგცემდა, მით უმეტეს, თუ ქალთან ერთად მიდიოდი, ყველა მოწიწებით გესალმებოდა. ადამიანებს ერთმანეთთან რაინდული დამოკიდებულება ჰქონდათ.

ჩვენს დროს ასეთი წესი იყო – ქეიფი 12 სთ-ის შემდეგ იწყებოდა. ჩვენი თაობის წარმომადგენლებს რაღაცების გვჯეროდა, ყველას მიზანი გვქონდა. გურამმა 21 წლისამ დაიწყო წერა.

– როგორი იყო თქვენეული რაინდული ურთიერთობა?

– განსაკუთრებული პატივისცემა გვქონდა ქალებისადმი, ბავშვებისა და მოხუცებისადმი. გვქონდა კეთილი საქმეების კეთების სურვილი. ქეიფიც კი სხვანაირი ვიცოდით. ჩვენი ქეიფები სავსე იყო ლექსებით, სიმღერით, დღეს სუფრასთან ლექსს ვეღარ მოისმენ. აკრძალული მწერლების, პოეტების ლექსებს უბით დავატარებდით და ზეპირად ვიცოდით.

ჩემს სახლთან ახლოს იყო იაფი დუქანი, რომელსაც “ტანც გეორქას” დუქანს ვეძახდით. იქ ხშირად ვიკრიბებოდით. ახლა რომ ვუკვირდები, ეს ქეიფები თითქოს პროტესტი, რეალობიდან გაქცევა, თავდავიწყება იყო.

– რჩეულიშვილი ერთ-ერთ წერილში წერს, კვერცხის ნაჭუჭში გამომწყვდეულ წიწილას ვგავარ, რომელსაც ვერაფრით გამოუმტვრევია გამოსასვლელიო. რას გულისხმობდა?

– როდესაც კომკავშირი, პარტია ძლიერი იყო, გურამი არც კომკავშირელი ყოფილა და არც პიონერი. ჩვენი ცხოვრებიდან თითქოს ამოვარდნილი იყო. მან თავის დროს ბევრად გაუსწრო, ალბათ ამიტომ ხშირად ვერ უგებდნენ. მისი ახლობლები მაშინ ვერ ვგრძნობდით, რომ გურამ რჩეულიშვილი იყო გენიოსი, მოვლენა. ბუნებრივია, იგი იფიქრებდა, რომ ნაჭუჭში იყო მოქცეული.

გურამი სულ სხვა თვალით უცქეროდა გამრუდებული გზით მიმავალ ქვეყანას, თავისი შტამპებგადახაზული დამოკიდებულება ჰქონდა მთელ სამყაროსთან.

– იმ დროსაც კი იყვნენ ადამიანები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობაზე ფიქრს ახერხებდნენ. გურამ რჩეულიშვილის ნაწარმოებებში სამშობლოს უსაზღვრო სიყვარული ჩანს. მის დამოუკიდებლობაზე თუ საუბრობდა?

– რა თქმა უნდა, საუბრობდა. არავინ თქვას, რომ ეროვნული გამოღვიძება 90-იან წლებში დაიწყო, ქართველ კაცში ყოველთვის იყო ეს გრძნობა. გურამს ორგანიზაციის ჩამოყალიბებაც უნდოდა ჩვენი სამშობლოს გასათავისუფლებლად. ჩვენ მის აზრს შიშით შევხვდით, რადგან ასეთ თემებზე ფიქრიც კი ძალიან სახიფათო იყო. გურამმა გვითხრა, მოქმედებას დღეს თუ არ დავიწყებთ, ასე დიდხანს გაგრძელდებაო.

– ფიზიკურად როგორი იყო?

– საოცრად ლამაზი ადამიანი იყო. წვრილი წელი და დაკუნთული, ლამაზი ტანი ჰქონდა. მაღალი იყო, ბუნებით – უწყინარი, თუმცა ვინმე თუ შეურაცხყოფას მიაყენებდა, არ აპატიებდა.

ერთხელ ზემელზე ვიყავით და ოთხ ე.წ. ქურდთან (ისინი შემდეგ ცნობილი ადამიანები გახდნენ) ჩხუბი მოგვივიდა. მეორე დღეს მათ გურამს უნივერსიტეტში მიაკითხეს, ერთ-ერთმა სახეში გაარტყა. არ ვიცი, როგორ მოახერხა გურამმა, მაგრამ ერთ წამში ოთხივეს ცხვირიდან სისხლი სდიოდა. ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო.

ერთხელ თბილისის ზღვაზე წაგვიყვანა და ზღვა სიგრძით გადაცურა. შიშით ველოდებოდით ნაპირზე მის გასვლას. ეს ჩვენთვის საოცნებო იყო.

– გურამ რჩეულიშვილს უყვარდა ზღვა, იყო მთამსვლელი და მთებშიც ხშირად დადიოდა. როგორ ფიქრობთ, ხიფათს თავად ხომ არ ეძებდა?

– შეიძლება ასეც ითქვას, რომ იგი ხიფათს ეძებდა. მთასა და ზღვაზე გიჟდებოდა, ისე უყვარდა. ფიზიკურად საოცრად ამტანი იყო. მეც ამიყვანა სამ მწვერვალზე. როცა მყინვარწვერზე მივდიოდით, ფეხით სიარული ვეღარ შევძელი, სიარულს ისიც ართულებდა, რომ ზურგზე მძიმე ჩანთა მეკიდა. გურამმა მომხსნა ზურგჩანთა, თავის ჩანთასთან ერთად მოიკიდა და 5 კმ თვითონ ატარა.

მყინვარწვერს რომ მივუახლოვდით, მე და გურამ გეგეშიძემ უკან გამობრუნება გადავწყვიტეთ, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ სამი წინდა გვეცვა, ფეხები გაგვეყინა. ასვლა უკვე აღარ შეგვეძლო. გურამმა კი უკან არაფრით გამოგვიშვა. თვითონ გაგვხადა წინდები, გაყინულ ფეხებს გვიზელდა, პირით გვიორთქლავდა. იმდენი ქნა, რომ მყინვარწვერზე მაინც აგვიყვანა.

ასე რომ არ მომხდარიყო, ალბათ მთელი ცხოვრება ვინანებდი. იქ საოცარი სილამაზე დაგვხვდა, თავი ცაში მეგონა. მყინვარწვერიდან დიდი მთებიც კი პატარებად მოჩანდნენ.

თქვენ წარმოიდგინეთ, იქიდან რომ ჩამოვედით, ორწვერის მწვერვალზეც აგვიყვანა მაშინ, როცა მყინვარწვერიდანაც გამობრუნებას ვაპირებდით. საოცრად გადამდები ენერგია ჰქონდა.

– ცნობილია, რომ გურამი არაორდინალურად იცვამდა.

– გურამი ჩაცმითაც გამოირჩეოდა. მუდამ საკინძეშეხსნილი დადიოდა, ფეხზე ბათინკები ეცვა. ჩაცმულობაზე ხშირად აძლევდნენ შენიშვნებს. ერთხელ, მარტში, მოსკოვში ვიყავით, საქართველოს დეკადის დღეები ტარდებოდა, ყველა პიჯაკში იყო გამოწყობილი, გურამს კი საკინძე მკერდამდის ჰქონდა შეხსნილი, ამისთვის ყველა საყვედურობდა.

ჩვენს დროს ჩასაცმელი არ იშოვებოდა. ერთხელ ჩემმა ძმამ რკინებით გაწყობილი ბათინკები იყიდა ჩემთვის. მას ისე მოსწონდა, რას არ მომცემდა, ოღონდ კი ისინი მეთხოვებინა. ძალიან უყვარდა და უხდებოდა მეზღვაურის მაისური, იმ საბედისწერო დღესაც ის მაისური ეცვა…

რამდენიმე თვით სამხედროში სამსახურში ვიყავით გაწვეული. იქ ძალიან მკაცრად გვექცეოდნენ, ერთი ღილის გახსნაც არ შეიძლებოდა, გურამი კი ახერხებდა, რომ არც სამხედრო ფორმა ჩაეცვა და კუბოკრული პერანგითაც ევლო. პიჯაკს იშვიათად იცვამდა.

ერთხელ, ზაფხულის ცხელ დღეს, შეხვედრა გვქონდა ვერის ბაღთან, პიჯაკით მოვიდა. გაოცებულმა შევხედე, მან კი მითხრა, სიცხემ ჯენტლმენობა არ უნდა დაგაკარგვინოსო. აი, ასეთი მოულოდნელობები უყვარდა.

– გურამ რჩეულიშვილი თავის ნაწარმოებებში ხშირად საუბრობს სიკვდილზე, ეს იყო სიკვდილის წინათგრძნობა თუ წინასწარმეტყველება?

– მართლაც ხშირად საუბრობდა სიკვდილზე და ეს იყო წინათგრძნობაც და წინასწარმეტყველებაც. ხშირად გვეტყოდა ხოლმე, მალე მოვკვდები, 30 წლამდე რომ ვიცოცხლო, რამდენ რამეს მოვასწრებო.

ერთხელ ზემელზე რაღაცაზე ვიკამათეთ, გურამმა მითხრა, ბიჭო, გამიფრთხილდი, ხომ იცი, დიდხანს ვერ ვიცოცხლებო. ასეც კი აქვს ნათქვამი: “ვიცი, მალე მოვკვდები, რომ არ მოვკვდე, ალბათ მეწყინება, რომ ჩემმა წინათგრძნობამ მომატყუა”. ერთ წერილში წერს, უნდა ვიჩქარო, დრო ისე ცოტააო… რა ჰქონდა 26 წლის ბიჭს საჩქარო? მაგრამ ეს იყო სიკვდილის წინათგრძნობა.

– გურამ რჩეულიშვილმა მდიდარი შემოქმედებითი მემკვიდრეობა დატოვა. როგორ მოასწრო ამდენის გაკეთება?

– მართლაც საოცარია, რომ კაცმა, რომელსაც არც მეგობრებთან გართობა, არც ზღვისა და მთის სიყვარული დაუკლია, 5 ტომის დაწერა შეძლო. გურამ რჩეულიშვილი არის მოვლენა, რომელმაც დროს გაუძლო. მას ჰქონდა პერიოდები, როცა თავის ოთახში ჩაიკეტებოდა და დღე და ღამე მუშაობდა, არავის მიიღებდა. თავის ნაცნობ მხატვარს ოთახიც მოახატვინა, რომ თავი მყუდრო გარემოში ეგრძნო.

წერდა ყველგან – ტრანსპორტში, ქუჩაში. ერთხელ “ლაღიძის წყლებში” ვიყავით. გურამი ცოტა ხნით მარტო დავტოვეთ. როცა დავბრუნდით, ხელსაწმენდებზე გამალებით წერდა. მაგიდაზე დახვავებული ჰქონდა ხელსაწმენდები. წამოსვლისას ხელი მოავლო და ჩანაწერები ჯიბეში ჩაიდო.

– მოთხრობებს ადვილად უბეჭდავდნენ?

– არა. მისი მოთხრობები ძალიან მოსწონდათ, მაგრამ იმის გამო, რომ მათში კომუნისტური იდეოლოგია არ იყო, არ უბეჭდავდნენ.

რეზო ინანიშვილი იხსენებდა, გურამს მასთან დასაბეჭდად მოთხრობები მიუტანია. რეზოს ძალიან მოსწონდა მისი მოთხრობები და გურამისთვის უთქვამს, ესენი რომ დაიბეჭდოს, ერთი “პარაოზი” გააკეთეო. “პარაოზს” მაშინ იდეურ მოთხრობას უწოდებდნენ, რომელსაც გზა უნდა გაეკვალა და სხვა მოთხრობებიც “წაეყვანა”. გურამმა თურმე რეზოს გაოცებულმა შეხედა, მერე ირონიულად ჩაუსტვინა და წავიდა.

ვახტანგ ჭელიძე, ნოდარ დუმბაძე და სხვა მწერლები დარწმუნებულები იყვნენ, რომ გურამის სახით დიდი მწერალი მოდიოდა. მის სიცოცხლეში შვიდიოდე მოთხრობა დაიბეჭდა. ერთხელ ერთ-ერთ რედაქტორზე გულმოსულმა მითხრა, ლამის არის გავლახო და ჯავრი ისე ამოვიყაროო.

– ალბათ ამიტომაც არის მის მოთხრობებში ბევრი მრავალწერტილი…

– გურამს ქვეტექსტებით საუბარი უყვარდა. არ შეიძლება მწერალმა ყველაფერი გითხრას, მკითხველს ფიქრის საშუალება უნდა მისცე. გურამი ყველაფრის თქმას ვერ ახერხებდა, ამიტომაც მკითხველს ასე ესაუბრებოდა.

– როგორ ფიქრობთ, ის ჰემინგუეის ბაძავდა?

– ჰემინგუეი მაშინ მოდაში იყო. მის გავლენას ბევრი განიცდიდა და მისი წერის მანერასაც ბაძავდნენ. თავიდან თითქოს გურამის ნაწერებშიც ჩანს ჰემინგუეის გავლენა, მაგრამ შემდეგ უკვე აღარავის ჰგავდა. ასეთი გამოცდები ყველა შემოქმედმა უნდა გაიაროს.

– ამბობენ, გურამ რჩეულიშვილს სიკეთის კეთების უდიდესი ნიჭი ჰქონდაო, უამრავ მაგალითს ყვებიან. რაიმეს თქვენც ხომ ვერ გაიხსენებდით?

– უამრავი ასეთი შემთხვევის გახსენება შემიძლია. ერთხელ ლესელიძეზე ვნახეთ, რომ იყიდებოდა ჩეხური მაღალყელიანი ფეხსაცმელი, რაც იმ დროს საქართველოში იშვიათი მოვლენა იყო. დიდი ხვეწნის შემდეგ გურამს მამამისმა ფეხსაცმელების საყიდლად 30 მანეთი მისცა. გახარებული გურამი ჩვენთან მოვარდა, ფული ვიშოვე და საყიდლად წავიდეთო.

ლესელიძეზე ფეხით წავედით – ტრანსპორტის ფულსაც ვიზოგავდით. კავშირგაბმულობის სახლთან იყო უნივერმაღი, მის წინ იჯდა ახალგაზრდა, გამხდარი ქალი, გვერდზე სამი პატარა ბავშვი ედგა და მათხოვრობდა. პატარებს ყელზე ჭუჭყიანი სახვევები ეკეთათ, ეტყობოდათ, რომ ძალიან უჭირდათ.

ჯიბეები მოვიჩხრიკეთ და, რაც გვქონდა, მივეცით. გურამი კი იდგა და მათ დაძაბული შეჰყურებდა. როცა დაძაბული იყო, ცხენივით იწყებდა ფრუტუნს. მაშინაც ასე დაიწყო ფრუტუნი, მერე ამოიღო ეს სიმწრით ნაშოვნი 30 მანეთი და ერთ-ერთ ბავშვს კონსერვის ქილაში ჩაუდო. უხმოდ მოვბრუნდით და წამოვედით სახლებში. ამის შემდეგ ერთი წელი იარა გურამმა დაკერებული ფეხსაცმლით. ასეთი შემთხვევები ხშირი იყო.

– იხსენებენ, როგორ შეუგროვა გურამმა მოხუცებულ ქალს ფული. თქვენც შეესწარით ამ ფაქტს?

– მაშინ იქ არ ვიყავი, მაგრამ გურამ გეგეშიძემ და რეზო ინანიშვილმა მიამბეს. თურმე გზაში მოხუცებული ქალი უნახავთ, რომლისთვისაც ფული მოუპარავთ და ტიროდა. გურამს ქუდი მოუხდია და ხალხისთვის მიუმართავს, დავეხმაროთ მოხუცსო. მართლაც, გურამს ქუდში ჩაუყარეს ფული და ასე უფრო მეტი მოუგროვა მოხუცს, ვიდრე დაკარგული ჰქონდა.

ერთხელ ბიჭებმა ქეიფი გადავწყვიტეთ და 25 მანეთი შევაგროვეთ. ქუჩაში მათხოვარი შეგვხვდა, რომელიც ხალხს დახმარებს ეხვეწებოდა. გურამი მას მეხდაცემულივით შეჰყურებდა. ცოტა ხნის შემდეგ ამოიღო ჩვენი შეგროვილი ფული და კალთაში ჩაუდო ისე, რომ ჩვენთვის არც უკითხავს.

– დღეს ამდენი მათხოვარი რომ ენახა, საინტერესოა, რას გააკეთებდა?

– შეიძლება ყველაფერი მიეცა მათთვის, სახლში წაიყვანდა ან მათ დახმარებას ყველას მოსთხოვდა. ასეთ საქმეებში მოურიდებელი იყო. ერთხელ ახალი, უჯრედებიანი პერანგი ეცვა. ეს პერანგი ძალიან მოეწონა ჩვენს ერთ მეგობარს. გურამი არც დაფიქრებულა, მაშინვე გაიხადა და აჩუქა. სახლში კი შიშველი დაბრუნდა. წარმოუდგენლად კეთილი იყო.

– ერთხელ დაუპატიმრებიათ კიდეც. როგორ მოხდა ეს?

– ზაფხულში მეგობრებთან ერთად წინანდალში წავედით. გურამმა მინდორზე ცხენი ნახა. ჯერ იკითხა, ვისია ეს ცხენიო, მაგრამ პასუხი არავინ გაგვცა. ცხენზე შეჯდა, მეც უკან მომისვა და მატარა. პატრონი მოგვიანებით გამოჩნდა, აღშფოთებული მოგვიახლოვდა და რიყის ქვა გვესროლა. ქვა მე მომხვდა და ცხენიდან ჩამოვვარდი. ამის გამო გლეხებთან ჩხუბი მოგვივიდა.

ჩხუბის დროს ჩვენი უახლოესი მეგობარი, თენგიზ ჯაშიაშვილი, ხმამაღლა იძახდა, წერეთელს ხელი არ ახლოთ, ჩვენი სტუმარიაო. ამიტომ დაამახსოვრდათ ჩემი გვარი და ჩხუბის მერე ყველა ამბობდა, წერეთელმა მცემა, წერეთელმა დამარტყაო.

ერთი სიტყვით, დაგვაპატიმრეს და სასამართლომ გურამ რჩეულიშვილს და 4 ბიჭს წელიწადი და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა, მე, როგორც სტუმარს, “პატივი” მცეს და ერთი თვით მეტი მომისაჯეს – წელიწადი და ოთხი თვე. ბოლოს მშობლები ჩაერივნენ და საქმე უმაღლეს სასამართლოში გადაიტანეს. სასჯელი იძულებითი მუშაობით შეგვიცვალეს.

– როგორი იყო გურამ რჩეულიშვილი ქალებთან ურთიერთობისას?

– ეს იყო პატივისცემით სავსე ურთიერთობა. მათთან ვაჟკაცურად იქცეოდა. მთელი ცხოვრება ერთი ლამაზი, ცისფერთვალება გოგო უყვარდა, მაგრამ ის გათხოვდა, რასაც სიცოცხლის ბოლომდე განიცდიდა.

– მას შვილი დარჩა. მის დედასთან როგორი ურთიერთობა ჰქონდა?

– ერთხელ გვითხრა, შვილი მყავსო, მაგრამ არ დავუჯერეთ. ია ლანა ბეგიაშვილისგან შეეძინა. ლანას ქუთაისიდან იცნობდა, ერთმანეთი შეუყვარდათ, ხელისმოწერასაც აპირებდნენ, მაგრამ ვეღარ მოასწრეს.

გურამის დასაფლავებაზე ია მოიყვანეს. მაშინ იგი 8-9 თვის იქნებოდა. მოტირალ ახლობლებს და მეგობრებს ია იმედად მოგვევლინა. ის მამას საოცრად ჰგავს. ძალიან მიხარია, რომ გურამის გენი გრძელდება, მას ოთხი შვილიშვილი ჰყავს.

ირინე მჭედლიძე, “სარკე”, 2001