ექიმი ქარცივაძე: ”ირაკლი ნოზაძე საოპერაციოდ კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანეს, პაციენტს ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობა გულმკერდის მარჯვენა ნახევარში აღენიშნება”

ექიმი ქარცივაძე: ”ირაკლი ნოზაძე საოპერაციოდ კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანეს, პაციენტს ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობა გულმკერდის მარჯვენა ნახევარში აღენიშნება”ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ მომღერალი ირაკლი ნოზაძე ღუდუშაურის კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ღუდუშაურის კლინიკის ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის განყოფილების უფროსმა ნიკა ქარცივაძემ განუცხადა.

მისი თქმით, პაციენტს ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობა გულმკერდის მარჯვენა ნახევარში აღენიშნება, ასევე, ერთ-ერთი მაგისტრალური სისხლძარღვია დაზიანებული, რის შედეგადაც მან დაკარგა დიდი რაოდენობით სისხლი.

“ამჟამად მიმდინარეობს ოპერაცია. მოხერხდა მდგომარეობის სტაბილიზაცია, მაგრამ დასკვნების გაკეთება ნაადრევია. დანარჩენს დრო გვიჩვენებს. სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი მდგომარეობაა. ოპერაციის შემდეგ მოთავსდება რეანიმაციაში“, – აღნიშნა ექიმმა.

ჯგუფ “ქუჩის ბიჭების” წევრი, მომღერალი ირაკლი ნოზაძე დღეს საღამოს, წერეთლის გამზირზე, მესამე კორპუსთან დაჭრეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯგუფის წევრმა ზურა ხაჩიძემ განუცხადა, დაჭრილი ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ნოზაძე სავარაუდოდ ორმა გოგომ დაჭრა. როგორც წერეთლის გამზირზე მცხოვრებლები ყვებიან, მომღერალს საცხოვრებელი სახლიდან ჩამოსვლას ორი გოგო სთხოვდა. მათივე ინფორმაციით, იგი სახლიდან ჩამოვიდა და მანქანაში ჩაუჯდა აღნიშნულ გოგოებს, რამდენიმე წამში კი სისხლიანი გადმოვიდა და შველას ითხოვდა.

„მანქანით მოვიდა ორი გოგო და ელოდებოდა. უყვიროდნენ უხამსი სიტყვებით – ჩამოდი პიკასოო. დავინახე, რომ ირაკლი ჩამოვიდა და ჩაჯდა მანქანაში. მერე წამებში გადმოხტა და გამოიქცა ყვირილით – „სისხლისგან ვიცლები, მიშველეთო“. ირაკლი რომ გადმოვიდა მანქანიდან, ისინი წავიდნენ“, – აცხადებს ირაკლი ნოზაძის მეზობელი.