დავით ქაცარავას მეუღლე: ,,ფეხშიშველი გავარდნილა ორღობეში, ყვირილით შეუკრებია ქალები…”

დავით ქაცარავას მეუღლე: ,,ფეხშიშველი გავარდნილა ორღობეში, ყვირილით შეუკრებია ქალები..."მსახიობის და სპორტსმენის, დავით ქაცარავას მეუღლე სოფია ხაჭაპურიძე  სოციალურ ქსელში წერს:

,,ერთი ისტორია გამახსენდა, კომუნისტების მიერ ეკლესიების დანგრევის პერიოდში მოხდა. ჩემი დედულეთი არის სამტრედიის რაიონში – სოფელი ღანირი. ამ სოფელში ძალიან ლამაზი, ძელის, ანუ ხის ეკლესიაა, რომელსაც კიდობნის ფორმა აქვს. ღანირში მორწმუნე ხალხი მაშინაც ცხოვრობდა და ახლაც.
იმ ავად სახსენებლ დროს ეკლესია დაკეტილი იყო თავისთავად. გარეთ დიდი ზარი ეკიდა ხეზე. მისი რეკვა სოფლის ბოლოში ისმოდა ხოლმე, იმხელა იყო.
ზამთრის პირი იყო, ნოემბერი. სოფელში ხმა გავარდა, ჩეკისტები მოდიან, ეკლესიის ზარი უნდა ჩამოაგდონო. დედაჩემის დიდი ბებია მაია კოხრეიძე ფეხშიშველი გავარდნილა ორღობეში, ყვირილით შეუკრებია ქალები და ყველა დაიძრა ეკლესიის ზარის დასაცავად. ზარი გადარჩა.
ახლა იმ აზრზე ვარ, აი, მთელი საქართველო რომ ფიზიკურად დავდგეთ მავთულხლართებთან დიდი რკინისმჭრელებით და დავიძრათ ასე, დავჭრათ ეს საზიზღრობები, რა მოხდება?’- წერს სოფია ხაჭაპურიძე. ის ასევე წერს, რომ ქარელის რაიონში საოკუპაციო ზოლთან ,,გუგლის რუკაზე” არ იძებნება სოფლები კოდა და აბანო და საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს:

,,კოდაში ამჟამად მიმდინარეობს რუსი ოკუპანტების მიერ უკანონო მავთულხლართების გადმოწევა. ისეა მსოფილოსთვის, თითქოს მანდ დასახლებული პუნქტი საერთოდ არაა. როგორ შეიძლება ეს ამბავი მოვაგვაროთ და ეს სოფლები მოინიშნოს საქართველოს ტერიტორიაზე? ალბათ სხვა სოფლებიცაა მსგავს სიტუაციაში და მოსაგვარებელია.
ყველას გთხოვთ, ვინც იცის, როგორ უნდა მოინიშნოს რუკაზე კონკრეტული დასახლებული პუნქტები, გავაკეთოთ ეს საქმე”.