ბიძინა გუჯაბიძე: ,,ივანიშვილი არ არის ის კაცი, შენგელაიას დონეზე დავიდეს”

ბიძინა გუჯაბიძე: ,,ივანიშვილი არ არის ის კაცი, შენგელაიას დონეზე დავიდეს”გაზეთი ,,ახალი თაობა” დეპუტატ ბიძინა გუჯაბიძეს ესაუბრა.
– ბატობო ბიძინა, მოგეხსენებათ, გიორგი შენგელია, რომელიც ჯერ ბიძინა ივანიშვილს აქებდა, შემდეგ გადაირია, ბიძინა სტიპენდიას მიხსნისო. უმადურობა ხომ არ გამოდის ინტელიგენციის ამ წარმომადგენლის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის ათასგვარი ეპითეტებით შემკობა?
– ინტელიგენტობა სულიერი მდგომარეობაა და სულაც არ ნიშნავს პატრიოტს, ან კინორეჟისორს. შეიძლება ადამიანი არ იყოს კინორეჟისორი, მაგრამ იყოს ინტელიგენტი. რაც 90-იან წლებში ინტელიგენციას დაემართა, კარგზე არაფერზე მეტყველებს.
– რას გულისხმობთ?
– 90-იან წლებში მათ ქცევას. კანონიერ ხელისუფლებას მუშაობა არ აცალეს – ჯერ კიბეებზე ჩამოსხდნენ, შემდეგ ათასგვარ სისულელეს აბრალებდნენ პრეზიდენტს. ფაქტებზე დამყარებული ინფორმაციები არ იყო. მათი ქმედება გამომდინარეობდა პრივილეგიების დაკარგვის შიშიდან, რაც მათ სულიერ მდგომარეობაზე მეტყველებს. ამ ინტელიგენციიდან ზოგი იარაღითაც კი ეხმარებოდა პუტჩისტებს კანონიერი ხელისუფლების დამხობაში და დამოუკიდებლობის გამომცხადებელი ხელისუფლება სისხლში ჩაახშვეს.
– ახლა გამახსენდა შევარდნაძის გამონათქვამი 1992 წლის 6 მარტს, როცა მან თვითმფრინავის ტრაპიდან ფეხი გადმოდგა, თქვა, დიდი მადლობა ინტელიგენციას, რომელმაც იარაღი აიღო ხელში და გამსახურდიას ხელისუფლება დაამხოო.
– გამსახურდიას ხელისუფლების დამხობა მისი მონაწილეობითაც განხორციელდა. ამიტომ მიესალმა ის ინტელიგენციას. შემდეგ ეს მან უარყო, მაგრამ ვიდეოფირები არსებობს, სადაც აშკარად ისმის მისი ხმა.
შეიძლება ადამიანი შეცდა, რაღაც მოტივაცია ჰქონდა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგაც ინტელიგენციის იმ ნაწილიდან, რომლებიც იარაღითაც და იდეოლოგიურადაც უზრუნველყოფდნენ პუტჩისტებს, ქვეყნის ნგრევის მოსურნეებს (ბევრი არ დაღუპულა, ცოცხლია), ერთხელ არ გამოუთქვამთ სინანული.
გიორგი შენგელაიას გამონათქვამზე იწერება, რომ მან ბიძინა ივანიშვილზე კრიტიკული აზრი გამოთქვა. კრიტიკა კი არა, უშვერი ლანძღვა, პიროვნების შეურაცხყოფაა და არავითარი საერთო არ აქვს პოლიტიკურ შეხედულებებთან. პოლიტიკური გამონათქვამი არ არის ადამიანის უწიგნურად და გაუნათლებლად მონათვლა და საქართველოს ერთ-ერთი კუთხის კუთხის განქიქება – თითქოს “იმერელი” სალანძღავი სიტყვა იყოს.
– ხომ არ იცით, ბიძინა ივანიშვილს რა აზრი აქვს გიორგი შენგელაიაზე?
– არა. ბიძინა ივანიშვილი არ არის ის კაცი, შენგელაიას დონეზე დავიდეს, ლანძღვა დაიწყოს და რაიმე პასუხი გასცეს შენგელაიას.
როდესაც გიორგი შენგელაიამ დაიწყო ლანძღვა, იფიქრეს, სტიპენდიის მიღება არ უნდაო და შეატყობინეს, თუ არ გინდათ, დაწერეთ განცხადება და უარი თქვით თანხის მიღებაზეო. გიორგი შენგელაიამ ჩათვალა, სტიპენდიას მიხსნიანო და აჟიოტაჟი ატეხა. მერე რაც იკადრა თავისი ძმის სტიპენდიის საკითხზე, იმაზე უარესია, რაც ბატონი ბიძინას მისამართით თქვა.
– წლების წინ მე ინტერვიუს ვწერდი მაშინ გენპროკურორის მოადგილე რეზო ყიფიანთან. ინტერვიუს შემდეგ რეზო ყიფიანმა მეორე ოთახიდან გამოიტანა თავისი მოხსენებითი ბარათი, რომელიც მან გააკეთა სომხეთიდან დაბრუნების შემდეგ. მოხსენებით ბარათში ეწერა, გადატრიალების მონაწილე ინტელიგენციისა და პროკურატურის წარმომადგენლები, რომელთა შორის შენგელაიებიც იყვნენ, როგორ ჩავიდნენ პრეზიდენტ გამსახურდიას დასაპატიმრებლად სომხეთში და სომხეთის ხელისუფლებას სთხოვდნენ მის გადაცემას. იმ დროს გამსახურდია იჯევანში იმყოფებოდა.
– დიახ, ისინი სომხეთის პრეზიდენტს სთხოვდნენ, გამსახურდია დაეპატიმრებინათ და გადაეცათ მათთვის.
– მოხსენებით ბარათში ეწერა, როგორ სთხოვდნენ ისინი სომხეთის პრეზიდენტს გამსახურდიას იზოლაციას მსოფლიო პრესისა და ლიდერებისაგან.
– დიახ, ასე იყო, რამდენიმე პროკურორი და ინტელიგენციის წარმომადგენელი წავიდა ერევანში და ითხოვდნენ გამსახურდიას გადმოცემას.
იმ მოხსენებით ბარათში რეზო ყიფიანი წერდა, რომ სომხები სამაგიეროდ ჯავახეთთან დაკავშირებით ევაჭრებოდნენ.
– რაზმაძე ხომ გახსოვთ, პუტჩისტების გენპროკურორი რომ იყო, მან ინტერვიუში განაცხადა, სომხებისგან მოვითხოვდით ზვიად გამსახურდია გადმოცემას და სომხებს ვარწმუნებდით, მას ოსი ხალხის გენოციდი აქვს ჩადენილიო…
გულიკო ბალაძე, ახალი თაობა (ინტერვიუ სრულად იხილეთ ახალი თაობა.ჯი-ზე)