ბაადურ წულაძე: “იქ” რომ მივალ, დაოჯახების საკითხს მერე გავარკვევ” – რას ნანობდა სიცოცხლის ბოლოს ეპიზოდების დიდოსტატი

ბაადურ წულაძე: "იქ" რომ მივალ, დაოჯახების საკითხს მერე გავარკვევ" - რას ნანობდა სიცოცხლის ბოლოს ეპიზოდების დიდოსტატიმსახიობი და კინორეჟისორი, ბაადურ წულაძე, რომლის გარეშეც ქართული კინოს ოქროს ხანა წარმოუდგენელია, გარდაიცვალა. ბოლო 3 თვე მძიმე სენს ებრძოდა, ფიქრობდა, რომ მოერეოდა, მაგრამ…

1935 წლის 5 მარტს ბათუმში დაიბადა. დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი დოვჟენკოს და მიხეილ ჭიაურელის ხელმძღვანელობით.

ის ხშირად ჩნდებოდა ეპიზოდურ როლებში, ზოგჯერ უსიტყვოდაც კი, მაგრამ საოცრად ზუსტ სახეს ქმნიდა. პირველად, როგორც მსახიობმა, ითამაშა მიშა კობახიძის ფილმში “ქორწილში”, რასაც მოჰყვა ფილმები “გიორგობისთვე”, “ცისკრის ზარები”, “არ დაიდარდო!”, “ფერისცვალება”, “ვერის უბნის მელოდიები”, “პეპელა”, “პირველი მერცხალი”, “ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი”, “ფესვები” და კიდევ მრავალი. მაგრამ ეს როლები სულაც რომ არ ყოფილიყო, ერთი ფილმი – “ფეოლაც” კი, რომელიც მისი რეჟისორული ნამუშევარი გახლავთ სრულიად ახალგაზრდა ასაკში, საკმარისი იქნებოდა, რომ ქართულ კინოში სამუდამოდ დარჩენილიყო.

1969 წლიდან კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი იყო. 2005 წელს ანაპაში ჟიურის სპეციალური პრიზი აიღო მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში “თბილისი-თბილისი”. 1961 წლიდან მუშაობდა რეჟისორად კინოსტუდია “ქართულ ფილმში”.

“გიორგი შენგელაია და ოთარ იოსელიანი ჩემი თანაკურსელები იყვნენ და მათთან ცხადია, შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა. ამ ადამიანების გარდა, ჩემი აზრით, საქართველოში არ დარჩენილა რეჟისორი, ვისთანაც არ მითანამშრომლია.

მიშა კობახიძე “ქორწილს” რომ იღებდა, მითხრა, არც ფული მაქვს და არც არაფერი, მაგრამ ფილმის გადაღება მინდა და შენ რას იტყვიო. ვითამაშებ, რა პრობლემაა, ფულზე კი არ იფიქრო-მეთქი. საერთოდ, როცა მირეკავდნენ, რა როლიც უნდა მოეცათ, მასში მონაწილეობაზე უარს არასდროს ვამბობდი. ბოლოს და ბოლოს ადამიანმა იფიქრა, მოდი, ამ როლს ბაადურს მივცემო და კაცს, რომელსაც სცენარის წაკითხვის შემდეგ მე გავახსენდი, რატომ უნდა ვაწყენინო?..

ზოგიერთი მსახიობი ერთხელ “კარგ” როლს რომ მიიღებს, მერე ჰგონია, იმაზე ნაკლები როლი არ უნდა მისცენ და ეპიზოდებში მონაწილეობაზე აღარ თანხმდება. მე კი ვფიქრობ: მსახიობმა ყველაფერი უნდა მოირგოს. უნდა ითამაშოს ყველა როლი კარგად და არა – “სხვათა შორის”. არ უნდა დაელოდოს მხოლოდ მთავარ როლს, თორემ წარმატება როგორც მოვიდა, ისე წავა მისგან.

მერწმუნეთ, ეპიზოდური როლის შესრულება არანაკლებ მნიშვნელოვანია. ამითაც შეიძლება ერთი ნაბიჯი წინ გადადგა, ვიღაცას თავი დაამახსოვრო, მაგრამ ასე რომ მოხდეს, მთელი სულითა და გულით უნდა შეასრულო შენი საქმე…

ყველა როლს რომ ვთანხმდებოდი, ალბათ ამიტომაც იყო, რომ არ დავიკარგე. მუშაობის პროცესში ბევრ ადამიანს დავუძმაკაცდი კიდეც, მერე ოჯახებით გავიცანით ერთმანეთი. ერთ რამეზე კი მწყდება გული: ფელინისთან არასდროს მითანამშრომლია, ეს ოცნება ვერ ავიხიდინე”, – ყვებოდა ბაადურ წულაძე ერთ-ერთ ინტერვიუში.

ამ აუსრულებულ ოცნებასთან ერთად იმქვეყნად ერთი სანანებელიც გაჰყვა:

“მხოლოდ საკუთარ თავს ვაბრალებ, რომ არ დავოჯახდი… ოჯახის არშექმნა არ ნიშნავს იმას, რომ დიდი გრძნობა არ ყოფილა. რასაკვირველია, ახლა ვნანობ, მაგრამ “იქ” რომ მივალ, ამ საკითხს მერე გავარკვევ. ბურიდანის ვირივით ვიყავი…

ბურიდანელ გლეხს ერთი ვირი ჰყავდა. პატრონმა მარჯვნივ და მარცხნივ თივა დაუწყო და თავის გზაზე წავიდა. ვირმა აქეთ-იქით იყურა, იყურა და ამ ფიქრში შიმშილით მოკვდა. შეიძლება ასე იყო ჩემს შემთხვევაშიც.

ბურიდანელის ვირივით ვიყავი, ჩემი ბრალი იყო, თუმცა აქ სხვა უამრავი ფაქტორიცაა. არ ვიყავი თბილისში ჩაწერილი, არ მქონდა შტატი და დაოჯახებაზე როგორ მეფიქრა?! ალბათ დიდი პასუხისმგებლობის გრძნობაც მქონდა. თან სულ გადაღებაზე ვიყავი… ამ საკითხს მუდამ სამომავლოდ ვდებდი და რა გამოვიდა?

სტუდენტებსაც სულ ვეუბნები, რომ საქმე ხვალისთვის არასოდეს გადადონ. გააკეთე ახლა და ერთხელ თუ გადადე, მერე ამგვარ ყოფას შეეჩვევი.

ასაკის მატებასთან არავითარი პრობლემა არ მაქვს, თავს ბრწყინვალედ ვგრძნობ, მაგრამ მაწუხებს ის, რომ მიდის ხალხი და ჩემ ირგვლივ წრე სულ უფრო ვიწროვდება. არ იცი უკვე, ვის დაურეკო და ვინ მოიკითხო. და ალბათ ის, რომ ოჯახი ვერ შევქმენი არამხოლოდ ჩემი ყველაზე დიდი პრობლემაა, არამედ ცოდვაც ჩავიდინე. ახალგაზრდობაში ამაზე სულ არ ვფიქრობდი, ამას ახლა ვხვდები”.

.

“სარკემ” ბაადურ წულაძესთან გატარებული წლების გახსენება მის მეგობრებს, მომღერალ ვახტანგ კიკაბიძესა და რეჟისორ ელდარ შენგელაიას სთხოვა.

ვახტანგ კიკაბიძე:

– ბაადურთან 40 წელი ვმეგობრობდი. უნიჭიერესი კაცი და საინტერესო პიროვნება იყო. ყველა როლს, რასაც დაავალებდნენ, საუკეთესოდ ასრულებდა. ყველაფერში გამორჩეული გახლდათ. წიგნი უყვარდა ძალიან და ტკბილეულობა.

ერთხელ მასთან სახლში ტორტი გამოაცხვეს. ჩაიზე უნდა მოსულიყვნენ მეგობრები და მათ ველოდებოდით, თან ფეხბურთს ვუყურებდით. ბაადური ავტომატურად გადაყოფდა ხელს და ტორტს ჭამდა. ნახევარი ტორტი შეჭამა ასე. ძალიან თავისებური კაცი იყო ბავშვური ხასიათით.

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ვეღარ ვურთიერთობდით. ისიც ავად იყო და მეც დღეგამოშვებით საავადმყოფოში ვარ.

ელდარ შენგელაია:

– მე და ბაადური მთელი ცხოვრება მეგობრები ვიყავით. მოსკოვშიც ერთად ვსწავლობდით. ერთმანეთის მიმართაც სულ ყურადღებით ვიყავით. როცა ის ფილმს იღებდა, მუდამ ვეხმარებოდი და პირიქით, როცა მე ვიღებდი, ის მეხმარებოდა.

ბაადური ძალიან ჭკვიანი და მწიგნობარი ადამიანი იყო. საოცარი იუმორი ჰქონდა. მართალი, პრინციპული და ნიჭიერი კაცი გახლდათ. დიდი კულტურის მატარებელი იყო და ძალიან ვწუხვარ მისი გარდაცვალების გამო. არამხოლოდ ჩემთვის, ჩემი თაობიდან დარჩენილებისთვის, ლანა ღოღობერიძისთვის, მერაბ კოკოჩაშვილისთვის და სხვებისთვის ის უზომოდ დიდი დანაკარგია.

– ავად რომ გახდა, მერეც ნახეთ, ბატონო ელდარ?

– კი, როგორ არა, სულ დავდიოდი მასთან. ისეთი შეგრძნება გვქონდა, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა. თვითონაც ასე თვლიდა. საუბედუროდ, ტრაგიკულად დამთავრდა ეს ამბავი. სამი თვე იყო ავად.

სამწუხაროდ, არც ცოლი ჰყოლია და არც შვილები. ერთი და ჰყავდა, რომელიც ასევე არ დაოჯახებულა. მარტო ცხოვრობდნენ ბაადური და მისი და. კულტურული ოჯახი ჰქონდათ და ისე მოხდა, რომ არც ერთი დაოჯახდა. ასე შემორჩნენ ერთმანეთს. სიცოცხლის ბოლოსაც დამ მოუარა.

რუსუდან ადვაძე, სარკე