“ჩემი შვილი აფხაზეთის ომში გადაურჩა ტყვიას და საბერძნეთში მომიკლეს” – სამშობლოში დაბრუნებული ქართული ოჯახი თავს ლტოლვილად გრძნობს

"ჩემი შვილი აფხაზეთის ომში გადაურჩა ტყვიას და საბერძნეთში მომიკლეს" - სამშობლოში დაბრუნებული ქართული ოჯახი თავს ლტოლვილად გრძნობსჩვენი რესპონდენტი პიროვნულად ძლიერი, ღირსების მქონე ქალია. საქართველოში გამართული ოჯახი ჰქონდა, გასული საუკუნის 90-იანი წლების სიდუხჭირემ აიძულა, უცხო ქვეყანაში, საბერძნეთში, გადახვეწილიყო და შემდგომ ქმარ-შვილიც წაეყვანა.

თავდაუზოგავი შრომის ფასად ცხოვრებას აიწყობდნენ, საშინელი ტრაგედია რომ არ მოსწეოდათ. მათი უფროსი ვაჟი მოკლეს. გაუბედურებული ოჯახი საქართველოს დაუბრუნდა.

ტრაგედიით განადგურებული, უსახსროდ დარჩენილი ოჯახი სამშობლოში ახალი დარტყმის ქვეშ დადგა. ყოფილი ემიგრანტი ქალი (რომლის ვინაობასაც მისივე თხოვნით არ ვასაჯაროებთ) თავის სატკივარზე გვესაუბრება, რომელიც ბევრი ქართველისთვის ალბათ ნაცნობია:

– წარჩინებით დავამთავრე სკოლა და სასწავლებლებიც. რამდენიმე სპეციალობა შევიძინე, ერთ-ერთია საექთნო, რომელიც ემიგრაციაში გამომადგა. წარმოშობით მთიანი რაიონიდან ვარ. მეუღლესთან ერთად ჯერ ქირით ვიყავი თბილისში, მერე ბინა ვიყიდეთ. ნორმალურად ვცხოვრობდით, ვშრომობდით, ცხოვრება გვიხაროდა, ბედს არ ვუჩიოდით.

ორი ვაჟკაცი გავზარდეთ. ჩემი უფროსი ვაჟი, ავთანდილი, სკოლაში სანაქებო მოსწავლე იყო, წარჩინებით დაამთავრა უნივერსიტეტიც. სწავლა, შრომა, სამშობლო, მოყვასი უყვარდა. ერთხანს გია ყარყარაშვილის პირად დაცვაში იდგა, აფხაზეთის ომში იბრძოდა.

– რატომ დატოვეთ საქართველო, რამ გაიძულათ?

– 90-ან წლებში, სხვების მსგავსად, ცხოვრება გაგვიჭირდა, მიუხედავად იმისა, რომ ვმუშაობდით. სალონიკში ნათესავის მიწვევით წავედი.

– უცხო ქვეყანაში რა სიტუაცია დაგხვდათ?

– ზაფხული იყო. სამი ღამე გავათენე არისტოტელეს პარკში. იქ იკრიბებოდნენ სამუშაოს და თავშესაფრის მაძიებელი ემიგრანტები. მოდიოდნენ ქართველები და ოთახებს გვთავაზობდნენ ქირით – სახლი ჰქონდათ ნაქირავები და ცალკეულ ოთახებს აქირავებდნენ ისევ ქართველებზე. ეს, რა თქმა უნდა, პატრონის უჩუმრად ხდებოდა..

ჩასვლიდან სამი დღის შემდეგ ნათესავმა წამიყვანა თავისთან, ქირით ცხოვრობდა. დავიწყე მუშაობა კუნძულზე, უმდიდრეს სასტუმროში – “ანდრინა პიცაში”. სამზარეულოში ვმუშაობდი. იმ კუნძულზე მხოლოდ შეძლებული ხალხი ტრიალებს.

2 წლის შემდეგ ჩემი უფროსი ვაჟი ჩამოვიდა, მერე – ოჯახის სხვა წევრებიც. ცალკე გავედით ქირით. მეუღლე ჩამოვიყვანე, უცხო ქვეყანაში ბიჭებს პატრონი რომ ჰყოლოდათ.

ავთანდილს ბევრი რამ გამოსდიოდა ხელიდან, ძალიან ნიჭიერი, ყოჩაღი გახლდათ. მასზე დიდი მოთხოვნა იყო.

ჩემი ქმარი შვილებთან ერთად მოეწყო მშენებლობაზე. ავთანდილმა 7 წელი იმუშავა იმ კაცთან, ვინც ბოლოს დაგვღუპა. ის კაცი ინჟინერ-მშენებელი იყო, ავთანდილი კი მისი თანაშემწე. იმ კაცმა რომ აურია, საფრთხე ვიგრძენი, შვილი გავაფრთხილე, სიტუაცია არ მომწონს, არ გაბედო და არ გაეკარო-მეთქი. ძალიან ნერვიულობდა, ღამეები არ ეძინა.

– საქმე ფულს ეხებოდა?

– სამუშაოდან მხოლოდ მცირე თანხას იღებდნენ ხელზე, დანარჩენი გროვდებოდა. უფროსმა მრავალწლიანი შრომის შედეგად დაგროვილი ფულის გადახდა ბოლოს აღარ მოინდომა (მსხვილ თანხაზე იყო საუბარი). ჩემს ბიჭს ვუყვავებდი, გული არ დაგწყდეს, შვილო, არ გინდა ეგ ფული, ჩემს ხელფასს ვიმყოფინებთ-მეთქი.

რამდენიმე ადგილას ვმუშაობდი – ბინებს ვალაგებდი, სამზარეულოშიც ვსაქმიანობდი და ექთნის მოვალეობასაც ვასრულებდი. ჩემი შრომით 1.800 ევრომდე ვიღებდი, წლების განმავლობაში შვილისთვის ბინაც შევიძინე თბილისში.

საბერძნეთში არ გვიჭირდა. ჩემს ბიჭებს ცოლ-შვილი ჰყავდათ. ცხადია, ბიჭებს სჭირდებოდათ თავიანთი ფული. თანაც ავთანდილი ისეთი იყო, ცდილობდა, ყველასთვის პატივი ეცა, ხელი გაემართა. ყველას უყვარდა.

– ეს ტრაგედია როგორ მოხდა?

– ვთხოვე, თუ მაინცდამაინც იჩემებ შეხვედრას, არავითარ შემთხვევაში მარტო არ წახვიდე-მეთქი. მაინც მარტო არჩია წასვლა. იმ დღეს ვმუშაობდი ბერძენი ქალის ოჯახში და იქვე დავრჩი. დილით რძალმა დამირეკა, ავთანდილი სახლში არ მოსულაო.

ელდა მეცა, მივხვდი, რომ უბედურება მოხდა. ავთანდილს ცოლ-შვილი ძალიან უყვარდა, შინ ყოველთვის თავის დროზე ბრუნდებოდა. ტირილი დავიწყე. ჩემი ბერძენი ქალბატონი შეწუხდა, მან და მისმა ძმამ მიპატრონეს, პოლიციაში წამიყვანეს შვილის საძებნელად.

პოლიციის თანამშრომელმა მკითხა, შენი შვილი ნარკომანი ხომ არ არისო. რაკი ემიგრანტები ვიყავით, ასე იფიქრა. ჩემმა ქალბატონმა შეუტია – რა ნარკომანი, საუკეთესო ბიჭია, ახლავე მომიძებნეთო. თავისი გვარ-სახელით და მისამართით შეიტანა განაცხადი.

– ეს ბერძენი ქალი ალბათ იცნობდა თქვენს ბიჭს.

– სადაც ვმუშაობდი, ავთანდილი ყველგან მაკითხავდა. ძალიან ყურადღებიანი იყო, უნდოდა, სცოდნოდა, სად ვიყავი, ვისთან… იმ ოჯახშიც მოვიდა ყვავილებით ხელში და გაიცნო. ისინიც სიამოვნებით გაესაუბრნენ – ბერძნებს უხარიათ, შენი ოჯახის წევრებს თუ გაიცნობენ.

– პოლიციამ საქმე გახსნა?

– მეორე დილას ჩემი შვილის ცხედარი მშენებლობის სარდაფში იპოვა მუშამ და პოლიციას შეატყობინა. იმ გარეწარმა გერმანიას შეაფარა თავი, მკვლელობა, სავარაუდოდ, სხვებს დაუკვეთა (ალბანელებს ქირაობდნენ კაცის მოსაკლავად). ინტერპოლი სჭირდებოდა მის ძებნას, ამდენი შესაძლებლობა კი არ გვქონდა.

ჩემმა უმცროსმა ვაჟმა თქვა, ძმის სისხლს არავის შევარჩენო. შურისძიება სწყუროდა, გერმანიაში ფიქრობდა წასვლას. ერთი შვილი ხომ დავკარგე, მეორეს ვეღარ დავკარგავდი! დავიფიცე, თუ წახვალ, მანქანას შევუვარდები, თავს მოვიკლავ-მეთქი. იცოდა, შევასრულებდი და თავი შეიკავა.

მალევე დავბრუნდი საქართველოში ოჯახთან ერთად. ავთანდილის ცოლ-შვილი საბერძნეთში დარჩა. ბავშვი 8 წლის იყო, სკოლაში დადიოდა. თბილისში ბინების გაყიდვა მოგვიწია, მიცვალებული რომ ჩამოგვესვენებინა. არალეგალურად ჩამოვასვენეთ, სხვაგვარად არ გამოგვატანდნენ. მთლიანად ავტობუსი ვიქირავეთ, ამისთვის დიდი ფულის გადახდა დაგვჭირდა. შეძლებისდაგვარად პატივით დავკრძალეთ.

მერე საბერძნეთში დავბრუნდი, რომ მემუშავა და ავთანდილის ცოლ-შვილს მივხმარებოდი. კიდევ 10 წელი დავყავი იქ.

– როგორია ზოგადად ქართველი ემიგრანტების ყოფა სალონიკში, როგორ ცხოვრობენ?

– ვინც ბეჯითად და პატიოსნად შრომობს, ძირითადად უფასდებათ. ბერძნები კეთილსინდისიერებას და ერთგულებას ხედავენ, გიფასებენ. უფროსები მეუბნებოდნენ, შენნაირი კარგი ქართველები მოგვიყვანე სამუშაოდ, სხვა ხალხი არ გვინდაო.

თავდაპირველად, სასტუმროში რომ ვმუშაობდი, უფროსმა შემნიშნა ცრემლები. მიზეზი მკითხა. ბერძნული არ ვიცოდი და ჟესტებით ვანიშნე, შვილი მენატრება-მეთქი. მაშინ ავთანდილის ჩამოყვანა მინდოდა, მაგრამ ვერ ვახერხებდი. უფროსი დამპირდა, მაგ საქმეს მოგიგვარებო.

ერთ საღამოს 40 კილო კალამანია (თევზის ჯიში) მოიტანეს, მეორე დღეს ტურისტების ჯგუფს ელოდნენ. ჩემთვის არავის დაუვალებია, მაგრამ მთელი ღამე გავათენე და 40 კილო თევზი გავარჩიე ისე, რომ არავისთვის მითქვამს. თურმე კამერები იყო დამონტაჟებული. უფროსმა ნახა, გაოცდა, მადლობები მიხადა, უფრო მეტად დამაფასა.

მომსახურე პერსონალი ერთ სართულზე ვცხოვრობდით. რომ მეძინა, უფროსი ყველას აფრთხილებდა, ჩუმად იყავით, არ გააღვიძოთო…

ერთ დღესაც, სამზარეულოში რომ ვსაქმიანობდი, უცებ ჩემი ავთანდილი შემოვიდა. თვალს არ ვუჯერებდი. უფროსმა დაპირება შეასრულა, შვილი ჩამომიყვანა. დაასაქმა კიდეც, მანქანაზე დასვა მძღოლად. ისიც კი მითხრა, შენი შვილი აქ რომ მოვა, ყველაფერი საუკეთესო გამოუტანე და აჭამეო.

– ემიგრანტები საქართველოში ბევრს ეხმარებიან. იქ როგორ უმართავენ ხელს ერთმანეთს?

– იქ ქართველებს ასეთი წესი აქვთ: ყოველ კვირაში ან თვეში ერთხელ რიცხავენ თანხას, რამდენიც შეუძლიათ. ეს თანხა გროვდება და მერე დახმარების სახით აძლევენ მათ, ვისაც განსაკუთრებულად მძიმე შემთხვევისთვის ესაჭიროებათ. ამ საკითხს ოფისი აგვარებს. ქართველები ერთმანეთს ცნობენ, ურთიერთობენ, განსაკუთრებით კაცები.

ჩემი ვაჟი რომ დაიკარგა, მთელი ქართველი ბიჭები ეძებდნენ. ჩემი ავთანდილიც თავის დროზე სიკეთის გაკეთებას ცდილობდა მათთვის: ხან ერთს დაასაქმებდა, ხან მეორეს. თუმცა არის ცალკეული შემთხვევები, როცა ქართველი უკეთურად იქცევა.

ოჯახში რომ იწყებ მუშაობას, მეპატრონე გასაღებს გაძლევს, მთელ სახლს განდობს. იყო შემთხვევა, როცა მომსახურე პერსონალმა გასაღები გადაამრავლა და მერე სხვა შეუშვა ბინის გასაქურდად… გვარცხვენენ, ზოგიერთი მაგისთვისაა იქ.

– თავად ბერძნების ცხოვრების წესში რა მოგეწონათ?

– ახლო ნათესავებს ერთად, ერთ სახლში ცხოვრება სჩვევიათ. შეიძლება არც სიამოვნებთ ერთმანეთი, მაგრამ მაინც ერთად არიან. ერთ დიდ სახლში სხვადასხვა ბინები აქვთ. მხოლოდ ცენტრალური კარი იკეტება ქვემოთ, ბინების კარი ღია აქვთ.

ბერძენი მშობლები შვილებს პატარაობიდანვე აჩვევენ შრომას, იმ საქმიანობას ასწავლიან, რასაც თავადვე ეწევიან.

მარტო რომ ვცხოვრობდი, გამოსასვლელ დღეს არ ვიყენებდი დასასვენებლად, მუშაობას ვამჯობინებდი. მეპატრონე ახალგაზრდა ბერძენი ქალი იყო, უკვირდა, დღეს ყველა სეირნობს, ნუთუ არ გინდა განტვირთვა, სეირნობაო. ვისთან გავიდე-მეთქი, ვუთხარი. ნუთუ არ გინდა, მეგობარი იყოლიო, ამდენი ხანი უქმროდ ხარო. წარმოუდგენლად ეჩვენა, ამას რომ არ გავაკეთებდი. მერე მიხვდა ქართველი ქალის ბუნებას და უფრო დამაფასა.

– თბილისში რომ დაბრუნდით, როგორ გაგრძელდა თქვენი ცხოვრება?

– ქალაქის გარეუბანში მიწა გვქონდა შემოკავებული, ბაღად ვიყენებდით, მოსავალი მოგვყავდა. იქ ჩავდგით პატარა სახლი, ქოხისმაგვარი. აბა, სად წავსულიყავით 7 სული (3 შვილიშვილი მყავს უმცროსი ბიჭისგან), ქუჩაში ხომ ვერ დავრჩებოდით?

ჩემი უფროსი შვილი აფხაზეთის ომში ვაჟკაცურად იბრძოდა, ტყვიას გადაურჩა და საბერძნეთში ვერაგულად მომიკლეს, ჩვენ კი საკუთარ ქვეყანაში ლტოლვილებად ვიქეცით. ისე გამოვიდა, რომ საბერძნეთში ხელისგულზე ვყავდით, ჩვენს ქვეყანაში კი არაფრად გვთვლიან.

ჯარიმა დაგვიწესა საქართველოს მთავრობამ 10.000 ლარი, ჩვენს მიწაზე სახლი უკანონოდ რატომ ააშენეთო. დაქცეულებს, უფულოდ დარჩენილებს როგორ გადაგვეხადა ამხელა ფული! უკვე 60.000 ლარამდე ავიდა. მოვაკოწიწეთ ძირი, როგორც იქნა, და გადავიხადეთ.

სასამართლოშია ჩვენი საქმე, იქნებ დარჩენილი თანხა მოგვიხსნან და სახლი გაგვიფორმონ.

– ეს საშინელი ტრაგედია რომ არა, საბერძნეთში დარჩებოდით ოჯახით?

– ჩვენი მიზანი არ იყო უცხო ქვეყანაში დარჩენა. ხელს მოვიმართავდით და დავბრუნდებოდით საქართველოში. ქართველების უმეტესობა დაუბრუნდებოდა თავის ბუდეს, ნორმალური პირობები რომ ჰქონდეთ.

ნანა კობახიძე, სარკე